თამთა ჩაჩანიძე
12.02.2025

ევროპარლამენტი 13 თებერვალს საქართველოს შესახებ რეზოლუციას უყრის კენჭს, მანამდე ვრცელდება რეზოლუციის ტექსტის სამუშაო ვერსიები, სადაც საუბარია "ოცნების" წევრი მაღალჩინოსნებსა, თუ მასთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ სანქციებზე, პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე, საქართველოს პრეზიდენტის ლეგიტიმაციის საკითხზე. როგორი იქნება რეზოლუცია და რა გავლენა ექნება ქვეყანაში მიმდინაზე მოვლენებზე?

"ეს რეზოლუცია ალბათ იქნება ყველაზე მკაცრი იმ რეზოლუციებს შორის, რომელიც აქამდე მიუღიათ. ყველაფერი ის, რასაც აქამდე ცოტა ბუნდოვნად ლაპარაკობდნენ, ახლა ძალიან ღიად იქნება საუბარი",- განაცხადა რეზონანსთან" რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ხელმძღვანელმა კახა გოგოლაშვილმა .

"რეზოლუციას საქართველოს შიდა პროცესებზე არავითარი გავლენა არ ექნება, რას წარმოადგენს და რატომ უნდა ჰქონდეს?!ამისთანა არერთი რეზოლუცია მიუღიათ, მაგრამ რეზოლუცია დარჩენილა "ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა",- განაცხადა "რეზონანსთან" ანალიტიკოსმა ედიშერ გვენეტაძემ.

რა წერია რეზოლუციის სამუშაო ვერსიებში

"რადიოთავისუფლების" ევროპული ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი წერს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტი, რომელსაც კენჭს 13 თებერვალს უყრიან, "აგრძელებს სალომე ზურაბიშვილის აღიარებას საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად და ქართველი ხალხის წარმომადგენლად".

მისი თქმით, რეზოლუცია ევროპულ საბჭოს მოუწოდებს, სალომე ზურაბიშვილი მომავალ სამიტზე მიიწვიოს.

„რეზოლუციის პროექტი მოუწოდებს ევროკავშირის საბჭოს, მოიწვიოს იგი მომავალ სამიტზე და წარმოადგინოს საქართველო ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მომავალ სამიტზე", - წერს რიკარდ იოზვიაკი.

ტელეკომპანია „ფორმულას" ინფორმაციით, ევროპარლამენტის რეზოლუციის სამუშაო ვერსიაში "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნების სანქცირებაა მოთხოვნილი. მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დოკუმენტში საუბარია - ბიძინა ივანიშვილის, კახა კალაძის, შალვა პაპუაშვილისა და ირაკლი კობახიძის სანქცირებაზე, ასევე "საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლასა და მედიაგარემოს გაუარესებაზე".

ინფორმაციის თანახმად, დოკუმენტში, ასევე საუბარია "პოლიტპატიმრებზე, მათ შორის "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" ხელმძღვანელის, მზია ამაღლობელის პატიმრობაზეც".

ამასთან, „ტვ პირველის" ინფორმაციით, რეზოლუციაში საქართველოში მოქმედი ბიზნესმენის დასანქცირების საკითხიც დგას. მათი ინფორმაციით, ეს პირები არიან ტელეკომპანია "იმედის" მფლობელი, ირაკლი რუხაძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი, თინა ბერძენიშვილი, ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი, ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე, კომპანია "არქის" დამფუძნებელი, ილია წულაია, ასევე ბიზნესმენი, ვანო ჩხარტიშვილი. გარდა ამისა, მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბიზნესმენების გარდა სიაში ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებიც არიან.

უნდა აღინიშნოს, რომ 12 თებერვალს ევროპარლამენტში გაიმართა პრესკონფერენციაც, სადაც "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერები ნიკა გვარამია და ზურაბ ჯაფარიძეც მონაწილეოებდნენ. გვარამიამ პრესკონფერენციისას დაასახელა სრულად იმ პირების სახელები და გვარები, რომლებიც პროტესტის დროს სხვადასხვა ბრალდებით დააკავეს.გარდა ამისა, გვარამიამ უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანსაც და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რობერტ ფიცოსაც მიმართა.

„ეს ადამიანები არიან ციხეში და წარმომადგენენ საქართველოს და არა პროკურორები, მოსამართლეები და პოლიციელები, რომლებიც მათ აწამებენ და რომლებმაც ამ ახალგაზრდებს წაართვეს თავისუფლება და თქვენ მხარს უჭერთ ბატონო ორბანო, ფიცო, ამ კანიბალებს. ეს არ არის საქართველო, ისინი არ არიან ქართველები და თქვენ მხარი უნდა დაუჭიროთ ქართველს და ქრისტიანულ ფასეულობებს", - აღნიშნა გვარამიამ.

უნდა აღინიშნოს, რომ ფინანსური და სხვა სახის სანქციებზე ევროკავშირში კონსენსუსი ვერ დგება უნგრეთისა და ლოვაკეთის წინააღმდეგობის გამო. ესტონელმა ევროპარლამენტარმა, ურმას პაეტმა გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკავშირის 25 წევრ სახელმწიფოს, უნგრეთისა და სლოვაკეთის გამოკლებით, შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება, ორმხრივად, კოორდინირებულად - იქნება ეს სანქციები, თუ სხვა შეთავაზებები ევროპარლამენტის რეზოლუციიდან.

"25-ვე წევრ სახელმწიფოს შეუძლია მიიღოს იგივე გადაწყვეტილება, ორმხრივად, კოორდინირებულად. იქნება ეს სანქციები, თუ სხვა შეთავაზებები ევროპარლამენტის რეზოლუციიდან, რომელსაც ხვალ მივიღებთ. რა თქმა უნდა, დრო მნიშვნელოვანია. ასე რომ, იმედი მაქვს რომ ევროპული საბჭო და კომისია აჩქარდებიან, არსებობს პოლიტიკური გამოსავალი, როგორ უნდა აიცილოს ბლოკმა თავიდან უნგრეთი და სლოვაკეთი, რომ რეალური გადაწყვეტილებები მიიღოს", - აღნიშა ურმას პაეტმა.

რა გავლენა ექნება ევროპარლამენტის რეზოლუციას მიმდინარე პროცესებზე

ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ეს რეზოლუცია ყველაზე მკაცრი იქნება ყველა წინასთან შედარებოთ, რომელიც აქამდე მიუღია ევროპარლამენტს საქართველოზე,

"ეს რეზოლუცია ალბათ იქნება ყველაზე მკაცრი იმ რეზოლუციებს შორის, რომელიც აქამდე მიუღიათ. ყველაფერი ის, რასაც აქამდე ცოტა ბუნდოვნად ლაპარაკობდნენ, ახლა ძალიან ღიად იქნება საუბარი, მაგალითად არჩევნებთან დაკავშირებით რომ აუცილებლად უნდა ჩატარდეს და რომ ისინი ამ არჩევნების ლეგიტიმაციას არანაირად არ ცნობენ. იქნება საუბარი სანქციებთან და პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით. იქნება პირდაპირ სახელებით და გვარებით დასახელებული პოლიტპატიმრები, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის საქმე.

"მოთხოვნები ძალიან მკაცრი იქნება და თვისთავად ისევ გაჟღერდება მოწოდება, რომ კონსენსუსის გარეშე ცალმხრივად დაუწესონ სანქციები, რომ წევრი ქვეყნები აქტიურ მოქმედებაზე გადავიდნენ. შეიძლება ასევე მოწოდება იყოს ამერიკის ადმინისტრაციის მიმართ, რომ მანაც აქტიურად გაატაროს სანქციები და სამოქალაქო საზოგადოებას დახმარება გაუგრძელოს.

"ძნელია იმის თქმა რა გავა და რა არა საბოლოოდ, მაგრამ სამუშაო ვერსიაში რაცაა, უამრავი ძალიან საყურადღებო სიტყვებია და მგონია პოლიტიკური ძალები წევრი ქვეყნების მთავრობებზე ზეწოლას გააძლიერებენ, რომ მათ მიიღონ შესაბამისი ზომები, ბევრად უფრო მკაცრი, ვიდრე აქამდე იყო. რამდენიმე კანონროექტშია ნათქვამი, რომ ლეგიტიმაციას არ ცნობენ არც "ოცნების" მთავრობის, არც პარლამეტს და არც პრეზიდენტს და მარტო სალომე ზურაბიშვილს თვლაინ ლეგიტიმურად, ევროპარლამენტის მხრიდან ასეთი განცხადებები უკვე ძალიან სერიოზულია.

"ამ რეზოლუციაში იქნება ყველაფერი, რაც შეუძლია ევროკავშირმა გააკეთოს. იქ იქნება ყველაფერი და მერე იქნება საჭირო მუშაობა კონკრეტულად აღმასრულებლებთან, რადგან შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღონ. ",- განაცხადა გოგოლაშვილმა.

გოგოლაშვილმა ისაუბრა ევროკავშირის პოზიციაზე უნგრეთისა და სლოვაკეთის შესახებ.

"ევროპარლამენტში თავის დროზე ასეთი წინადადება უკვე იყო წამოყენებული და საკმაოდ ბევრმა დაუჭირა მაშინ მხარი, საკმარისია ამ რეზოლუციას ევროპარლამენტარების ერთმა მესამედმა დაუჭიროს, რომელიც უნგრეთს ევროკავშირში ხმის უფლების ჩამორთმევას მოითხოვს, მერე დაიწყება პროცედურა რომელიც არის ევროპული შეთანხმების მეშვიდე მუხლით გათვალისწინებული და იქ უკვე რამდენიმე საკითხია გასავლელი და მათ შორის არსად არაა აუცილებელი კონსენსუსი, საკმარისი იქნება 17-18 ქვეყნის თანხმობა იმისთვს, რომ საბოლოოდ უნგრეთს ხმის უფლება ჩამოერთვას.

"უნგრეთის გარდა ასევე სლოვაკეთია, რომლეიც სანქციებს ეწინააღმდეგება, მაგრამ სლოვაკეთში ვნახოთ რა იქნება, იქ შეიძლება მთავრობა საერთოდ გადადგეს, რადგან აღმოჩნდა, რომ ფიცოს პარტია გადაწყვეტილებას ვეღარ იღებს, უმრავლესობა დაკარგა, შესაძებელია იქ ახალი არჩევნები ჩატარდეს და ეს თემა ასე გადაწყდეს",- განაცხადა გოგოლაშვილმა "რეზონანსთან".

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ რეზოლუციას იურიდიული ძალა არ აქვს და არც შიდა პროცესებზე ექნება რაიმე გავლენა.

"ამისთანა არერთი რეზოლუცია მიუღიათ, მაგრამ რეზოლუცია დარჩენილა "ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა". ქართულად სიტუაცია ასეთია - ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის. ამავე დროს, მე დღევანდელ ევრობიუროკრატების სიტუაციას 1453 წლის 29 მაისს შევადარებდი, როდესაც კაცობრიობის ერთ-ერთი უძველესი ცივილიზაციის ცენტრი - კონსტანტინოპოლი დაეცა. როდესაც ოსმალები კონსტანტინოპოლში შედიოდნენ, იმდენად დეგრადირებული იყო ბიზანტიის არარსებული იმოერიის დედაქალაქის მმართველი ელიტა, რომ აია-სოფიას ტაძარში შეიკრიბნენ და მსჯელობდნენ ერთ ნემსის წვერზე რამდენი ანგელოზი დაეტევაო. ამასობაში ოსმალები აია-სოფიას ტაძარს გარშემოერტყნენ და კონსტანტინოპოლი დაეცა.

"ანალოგიური სიტუაციაშია ევროკავშირის დღევანდელი ბრიუსელის ბიუროკრატია. ისინი არარსებულზე ბჭობენ, ქართული ანდაზის არ იყოს, "კაცი ცხენს ვერ მოერია და უნაგირს დაუწყო მტვრევაო". რეზოლუციას საქართველოს შიდა პროცესებზე არავითარი გავლენა არ ექნება, რას წარმოადგენს და რატომ უნდა ჰქონდეს?! ოპოზიცია საქართველოში არ არსებობს, თითოოროლა ვიღაცეები ჯერ კიდევ რუსთაველზე დარბიან, დანარჩენი ოპოზიცია საქართველოში საუბედუროდ არ არსებობს",- განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ "რეზონანსთან".

პოლიტიკური შეფასებები

"აბსოლუტურად არასერიოზულია ის განცხადებები, რასაც ვისმენთ კონკრეტული ქვეყნების მხრიდან. იცით ასევე, რომ ესტონეთმა და ლიეტუვამ დააწესეს სანქციები უმაღლესი თანამდებობის პირების მიმართ ჩვენს ქვეყანაში, ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული და ეს ყველაფერი ადასტურებს ერთადერთ რამეს, რომ ეს ქვეყნები არ იმართება სუვერენულად", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს დუბაიში, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, სადაც მარკუს ცაჰკნამ განაცხადა, რომ მზადაა სანქციები გაამკაცროს.

პრემიერის თქმით, საქართველოს ხელისუფლების პრინციპული გადაწყვეტილებაა, დარჩეს ესტონეთთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, მრავალწლიანი მეგობრობის გათვალისწინებით.

„აბსოლუტურად არასერიოზულია ის განცხადებები, რასაც ვისმენთ კონკრეტული ქვეყნების მხრიდან. იცით ასევე, რომ ესტონეთმა და ლიეტუვამ დააწესეს სანქციები უმაღლესი თანამდებობის პირების მიმართ ჩვენს ქვეყანაში. ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული და ეს ყველაფერი ადასტურებს ერთადერთ რამეს, რომ ეს ქვეყნები არ იმართება სუვერენულად.

ამ სახელმწიფოებს არ ჰყავთ სუვერენული ხელისუფლებები და ისინი მოქმედებენ დაკვეთებით ზუსტად ისე, როგორც მოქმედებს რადიკალური ოპოზიცია, თუმცა ჩვენ მრავალწლიანი მეგობრობის გათვალისწინებით, რაც გვაკავშირებს ესტონელ ხალხთან, დავრჩებით ამ ქვეყანასთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, ეს არის ჩვენი პრინციპული გადაწყვეტილება", - განაცხადა პრემიერმა.

"ევროპარლამენტის რეზოლუციას ვერანაირ ძალას ვერ მოაკლებს „ქართული ოცნების" ვერანაირი რიტორიკა - პირიქით, ეს გახდება ძალიან სერიოზული, ახალი იმპულსის მიმცემი პერსონალური სანქციების პოლიტიკისა ეროვნულ დონეზე", - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროპარლამენტში დაგეგმილ რეზოლუციას. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ის პირებიც დასანქცირდნენ, ვინც „ქართულ ოცნებას" ფინანსურ მხარდაჭერას უწევენ.

„ევროპარლამენტის რეზოლუცია ეს არის ევროპის მასშტაბით არსებული პოლიტიკური პოზიციის და შეჩერებული აზრის დემონსტრირების ფორმა.

ამიტომ ის, რაც აისახება რეზოლუციაზე, გამოხატავს განწყობებს, რომელიც არის წევრი სახელმწიფოების გადაწყვეტილების მიმღებ წრეებში. ამიტომ ამ დოკუმენტის ძალა და გავლენა არის სწორედ ის, რომ ის გარკვეულწილად შემდგომ გზამკვლევს წარმოადგენს აღმასრულებელი ხელისუფლებებისთვის ეროვნულ დონეზე, როგორ უნდა იმოქმედონ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, განსაკუთრებით, როცა საქმე კანდიდატ ქვეყანას ეხება. შესაბამისად, ძალიან სერიოზულია ის წონა და გავლენა, რომელიც აუცილებლად აისახება პრაქტიკაში.

"ჩვენ გვახსოვს, [როცა „ქართული ოცნების" წარმომადგენლები] დაბეჯითებით ირწმუნებოდნენ, რომ არანაირი პერსონალური სანქციები არ იქნებოდა და დღეს უკვე სათვალავი შეიძლება აგვერიოს, იმდენი „ქართული ოცნების" წარმომადგენელი გახდა, არაერთი სახელმწიფოს მხრიდან სხვადასხვა ტიპის სანქციის ობიექტი. ამიტომ ევროპარლამენტის რეზოლუციას ვერანაირ ძალას ვერ მოაკლებს „ქართული ოცნების" ვერანაირი რიტორიკა, პირიქით, ეს გახდება ძალიან სერიოზული, ახალი იმპულსის მიმცემი პერსონალური სანქციების პოლიტიკისა ეროვნულ დონეზე.

"მივესალმები, რომ დასანქცირდნენ ის ადამიანები, რომლებიც ფინანსურ მხარდაჭერას მოძალადე რეჟიმს აძლევენ და ასევე, პროპაგანდისტებს, რომლებიც თავისი პროპაგანდის მეშვეობით საზოგადოებას წამლავენ. მათი დასანქცირება პერსონალურად ასევე იქნება ძალიან მნიშვნელოვანი", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×