თამთა ჩაჩანიძე
13.02.2025

"ნაცმოძრაობის" სამართლებრივი შეფასების საპარლამენტო კომისიას თეა წულუკიანი უხელმძღვანელებს. ამასთან, ახალი დეტალები ხდება ცნობილი, რომლის მიხედვითაც, კომისიას შეუძლია მოქალაქეებისგანაც მიიღოს ინფორმაცია და "არ არის აუცილებელი იყოს მხოლოდ მსხვერპლი, შეიძლება იყოს მოწმე ან პროცესის მონაწილე". ამასთან, 2008 წლის ომის გარდა შესწავლის საგანი 2007 წლის კოდორის სპეცოპარაციაც იქნება.

პარლამენტში დროებითი საგამოძოებო კომისიის პირველის ხდომა 13 თებერვალს გაიმართა, წულუკიანის მდივანი ოპოზიციონერის სტატუსით "ხალხის ძალის" წევრი სოზარ სუბარი იქნება. ფრაქცია "ქართული ოცნებიდან" წულუკიანის გარდა კომისიაში შედიან - ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ალუდა ღუდუშაური და პაატა სალია. საპარლამენტო ოპოზიციის სტატუსით კი სუბარის გარდა "ხალხის ძალიდან" გურამ მაჭარაშვილი იქნება, ხოლო "ევროპელი სოციალისტებიდან" ილია ინჯია. უნდა ითქვას, რომ კომისიაში შემავალი ყველა დეპუტატი "ქართული ოცნების" სიითაა შესული პარლამენტში.

საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა სულ ათი წევრით არის განსაზღვრული. კომისიაში ორი ადგილი ვაკანტური რჩება და ის განკუთვნილია პარტია „გახარია საქართველოსთვის" წევრებისათვის. ყოფილი პრემიერის პარტიამ "ოცნებისგან" ეს შეთავაზება ორი დღის წინ მიიღო. საგამოძიებო კომისია ექვსი თვე იმუშავებს.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ პოლიტიკურ სამართლებრივი პროცესი იმიტომაა საჭირო, რომ "ნაცმოძრაობას" პოლიტიკაში მოღვაწეობა აეკრძალოს.

"პოლიტიკურ-სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს იმ 9-წლიან მმართველობას, რა დროსაც საქართველოში დანაშაულებრივი რეჟიმი მოქმედებდა, რომლის შედეგად, უხეშად ფეხქვეშ ითელებოდა ადამიანის უფლებები, ამავე დროს, გასაქანი ეძლეოდა ადგილობრივ "მეხუთე კოლონის" წარმომადგენლებს, რამაც გამოიწვია ის, რომ ქვეყანამ ტერიტორიული მთლიანობა ფაქტობრივად დაკარგა. წინა ხელისუფლების მიერ ჩაბარებული იქნა ტერიტორიების 20%. მეტიც, ოკუპანტმა ტერიტორიები დამოუკიდებლად აღიარა, რომელშიც ლომის წვლილი თავად ნაცების ხელისუფლებას მიუძღვის, თავად მოაწერეს ევროსაბჭოს რეზოლუციაზე ხელი, რომ ომი დაიწყო საქართველომ. ეს აუცილებლად გამოსაძიებელია და დამნაშავეები სამსჯავროს წინაშე უნდა წარსდგნენ.

"ეს პოლიტიკურ-სამართლებრივი პროცესი იმიტომაა საჭირო, რომ იმ ძალას, რომელსაც "ნაცმოძრაობა" ჰქვია საეროდ პოლიტიკაში მოღვაწეობა აეკრძალოს, როგორც მოხდა ნიურბერგის ცნობილი პროცესის დროს",- განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ კომისიის შექმნა ძირითადად პროპაგანდას უკავშირდება და არა მაინცდამაინც სამართლებრივ პროცესს, რადგან ადგილობრივი არჩევნები მოდის და კამპანიისთვის ეს "ოცნებას" სჭირდება.

"კომისია დაახლოებით 6 თვე აპირებს მუშაობას და სადღაც აგვისტოში დაასრულებს. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ამას არდადეგები ემთხვევა, კომისიის მუშაობის ბოლო ნაწილს უნდა ველოდოთ სექტემბერ-ოქტომბერში, ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ წინ ადგილობრივი არჩევნები გვაქვს, "ოცნებამ" თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბერში დანიშნა და ეს პროცესი, რაზედაც ლაპარაკია, ჩემი აზრით, ძირითადად მაინც უკავშირდება პროპაგანდისტულ ხერხს ისევ წინასაარჩევნოდ. მოიგონეს ეს მექანიზმი, რის მიხედვითაც დაიწყებენ მედიასაშუალებებით იმ ძველი საქმეების და ძველი კადრების ჩვენებას, რაც "ნაცმოძრაობის" დროს იყო. ძირითადი მაინც მგონია, რომ არა სამართლებრივი, არამედ უფრო პროპაგანდისტული მიზნით უნდათ ამ კომისიის გამოყენება, ვნახოთ რა იქნება",- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ "რეზონანსთან".

"ჩვენ უნდა მივიღოთ მოქალაქეებისგან ინფორმაცია, ვისაც ამის სურვილი ექნება. არ არის აუცილებელი, იყოს მხოლოდ მსხვერპლი, შეიძლება, იყოს მოწმე ან მონაწილე იმ პროცესის, რომლის აღწერაც სურს ჩვენს წინაშე", - განაცხადა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის" ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა. წულუკიანმა კომისიის პირველ, საორგანიზაციო სხდომაზე განაცხადა, რომ სასურველია ყველა მოქალაქემ, ვისაც გაუჩნდება სურვილი, კომისიას რაიმე ინფორმაცია მიაწოდოს, წერილობით მიმართოს.

„ძალიან მადლიერი ვიქნები, როგორც კომისიის თავმჯდომარე, თუ ამგვარი მომართვები იქნება კონკრეტული ფაქტებით. ზოგადი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რა დღეში ვიყავით ცხრა წლის განმავლობაში, როგორი იმედებით დაიწყეს და როგორ უიმედოდ დაასრულეს და ა.შ. ეს ინფორმაცია ყველგან მოიპოვება. ჩვენ თუ მოგვმართავენ, უმორჩილესი თხოვნა იქნება, რომ ეს იყოს ფაქტები და შეძლებისდაგვარად მოკლე აღწერილობა, რათა ჩვენ სწრაფად გავერკვეთ, რა ღირებულებისაა მოწოდებული ინფორმაცია, შემდეგ ან წერილობითი სახით გამოვიყენოთ და არ იყოს საჭირო მოსმენა, ან, პირიქით, ვთქვათ, რომ ეს ის განმცხადებელია, რომელიც კომისიამ ზეპირადაც უნდა მოისმინოს", - განაცხადა წულუკიანმა.

დროებით საგამოძიებო კომისიის მდივნის, სოზარ სუბარის განცხადებით კი კომისიის შესწავლისა და შეფასების საგანი 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული საკითხები და ასევე, 2007 წლის კოდორის ხეობის სპეცოპერაცია უნდა გახდეს. სუბარის თქმით, „შეფასება უნდა მიეცეს მთლიანად რეჟიმს - თუ რა იყო და რა ხდებოდა იმ წლებში ქვეყანაში".

„არის საქმეები, რაც დაკავშირებულია 2008 წლის მოვლენებთან - ომთან და იმ ომში სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ ღალატთან. ამ ღალატის მკაფიო მაგალითია თუნდაც ევროსაბჭოს რეზოლუცია - 16/33, რომელიც ყველამ კარგად ვიცით.

"რატომ მოხდა, რომ 2008 წლის ომის წინ ახალგორის მუნიციპალიტეტი, რომელიც მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში შედიოდა, იქიდან გამოყვეს, გაუქმებული სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი დე ფაქტო აღდგენა მოახდინეს და იქ აბსოლუტურად არალეგიტიმური არჩევნები ჩაატარეს - რა იყო ამის მიზანი?

"რა იყო იმის მიზანი, რაც კოდორის ხეობაში მოხდა? - რატომ მოხდა ბატალიონ „მონადირეს" განიარაღება, რომელიც ამ ხეობას ათწლეულის განმავლობაში იცავდა?! ბატალიონის წევრები დაიჭირეს, ზოგიერთი მათგანი ციხეში გარდაიცვალა, ზოგი იძულებული გახდა გაქცეულიყო - ასე ჩააბარეს კოდორის ხეობა. ეს არის ისეთი საკითხები, რომელიც არ შეიძლება შეფასების გარეშე დარჩეს", - განაცხადა სოზარ სუბარმა კომისიის სხდომაზე.

 

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×