„დღეს, როგორც ჩანს, კობახიძე ღარიბაშვილის მთავრობის კურსს ემიჯნება“
თამთა ჩაჩანიძე
07.03.2025

„შეიძლება 19-ე საუკუნის მოდელი ჩამოყალიბდეს, სადაც ერთის მხრივ რუსეთი და ამერიკა მოკავშირეები არა, მაგრამ ერთ მხარეზე იდგნენ და მეორეს მხრივ ჩინეთი და ევროპული კავშირი. როგორც ჩანს, ისტორია მეორდება, ოღინდ მაშინ ჩინეთი არ იყო, როგორც გლობალური მოთამაშე, დღეს ნომერ მეორე გლობალური აქტორია. თანდათან კვადროპოლარული სამყაროს კონტურები იკვეთება",- განაცხადა მაისიამ „რეზონანსთან".

მისივე თქმით, საქართველო-ჩინეთის ურთიერთობები ოდნავ გაცივდა ღარიბაშვილის გადადგომის შემდეგ. „დღეს, როგორც ჩანს, ირაკლი კობახიძის მთავრობა ღარიბაშვილის მთავრობის კურსს ემიჯნება. ახლა ვერ ვიტყოდი, რომ საქართველო-ჩინეთის ურთიერთობას აქვს სტრატეგიული მიმართულება. (თუმცა) პრინციპში პრო-ჩინური ლობისტი ლევან დავითაშვილი კი რჩება ეკონომიკის სამინისტროში," - ამბობს მაისაია.

ჩინეთმა გლობალურ პროცესებთან მიმართებაში დუმილი დაარღვია და ბოლო ორი დღეა აქტიურად აკეთებს ოფიციალურ დონეზე განცხადებებს. პეკინმა ჯერ აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ნაბიჯები გააკრიტიკა რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებაში, შემდეგ კი ჩინეთის საგარეო უწყებამ გამოიჩინა ინიციატივა, რომ მზადაა სამშვიდობო საკითხში თავისი როლი ითამაშოს.

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი, სინოლოგი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ჩინეთმა საკმაოდ კარგ მომენტში მოსინჯა ძალები და საკმაოდ წარმატებულადაც გამოუვიდა გლობალური მოთამაშის კონტექტში, მისი თქმით, ეს შეიძლება გახდეს ოთხპოლუსიანი გლობალური წესრიგის საფუძველი.

„ჩინეთი დროზე ჩაერთო, რადგან ხედავს, რომ ტრამპი პეკინისთვის სახიფათო გეოპოლიტიკურ თამაშს თამაშობს. ტრამპის ადმინისტრაციამ რუსეთთან დაიწყო ე.წ. დეტანტის პოლიტიკა ჩინეთის წინააღმდეგ, ამიტომაც ჩინეთმაც თავისი თამაში დაიწყო, მან ფაქტიურად ევროკავშირსა და უკრაინას დაუჭირა მხარი და ამით ცდილობს, რომ ტრამპის ასეთი ამბიციური მიდგომა დააბალანსოს. ტრამპის ადმინისტრაციის მთავარი მოწინააღმდეგე და მტერი ჩინეთია, ეს კარგად ჩანს იგივე გრენლანდის, პანამისა და თუნდაც უკრაინის თემასთან დაკავშირებით.

„რაც შეეხება ჩინეთ-საქრათველოს სტრატეგიულ მეგობრობას, ეს ღარიბაშვილის წინა მთავრობამ მოაწერა ხელშეკრულებას ხელი. დღეს, როგორც ჩანს, ირაკლი კობახიძის მთავრობა ღარიბაშვილის მთავრობის კურსს ემიჯნება და სულ სხვა გეოპოლიტიკური კურსი აირჩია. ახლა ვერ ვიტყოდი, რომ საქართველო-ჩინეთის ურთიერთიბას აქვს სტრატეგიული მიმართულება. აი, ღარიბაშვილი რომ ყოფილიყო, კი ბატონო.

„პრინციპში პრო-ჩინური ლობისტი ლევან დავითაშვილი კი რჩება ეკონომიკის სამინისტროში, მაგრამ პოლიტიკური პრემიერ-მინისტრის დონეზე მაინც სულ სხვაა და სტრატეგიული მეგობრობისა და თანამშრომლობის საკითხი მაინც პრემიერების - ქვეყნის პირველი პირების დონეზე განიხილება და ვითარდება. აქედან გამომდინარე, არ ვიცი კობახიძის მთავრობის მიდგომა როგორია, ის უფრო მოსკოვზეა ორიენტირებული, ვიდრე პეკინზე. მაგრამ მეორეს მხრივ, როგორც ჩანს, ტრამპის ადმინისტრაცია საკმაოდ სერიოზულად ეკიდება იმას, რომ საქართველომ ჩინეთს დაუთმო ანაკლიის პორტი და ჩემი აზრით, „ოცნების" პოლიტიკურ გუნდზე სანქციები წამოვა დაახლოებით მაისი-ივნისისთვის, როცა უკვე ტრამპის ადმინისტრაცია მიხედავს სხვა მათთვის უფრო სენსიტიურ გეოპოლიტიკურ საკითხებს.

„ჩინეთის გააქტიურება - ჯერ ეს არის მხოლოდ პოზიციების ერთგვარი მოსინჯვა-ტესტირება. ოფიციალურ დონეზე ასეთი განცხადებები ნიშნავს, რომ შეიძლება ჩინეთმა ევროკავშირთან დაიწყოს საკმაოდ სერიოზული ურთიერთობა. ამისთვის მას აქვს „ერთი სარტყელი - ერთი გზის" ინიციატივა, რომელიც სწორედ ევროკავშირის ბაზრისკენაა მიმართული და ეს მისი მთავარი ამოსავალი წერტილია. თუ ევროკავშირსა და აშშ-ს შორის ტრანსატლანტიკური სოლიდარობა დაირღვა და ტრამპის ადმინისტრაციის მმართველობის პერიოდში, სამწუხაროდ, ამის დიდი ალბათობაა, არაა გამორიცხული, რომ შეიქმნას ევროპულ-აზიური კავშირი, საუბარია ჩინეთი-ევროკავშირი, ცალკე აშშ-სა და ცალკე რუსეთის საპირწონედ. მეორეს მხრივ ჩინეთი რუსეთს თავს მაინც არ დაანებებს, რადგან ჩინელებმა რუსეთში ფარული ექსპენსია განახორციელეს, თან პუტინი სი ძინპინზე საკმაოდ მიჯაჭვულია და ჩინელები ამ ფაქტორსაც გამოიყენებენ.

„ჩინეთი ელოდა და საკმაოდ კარგ დროს და კარგ მომენტში მოახდინა წარმატებული ზონდირება, რასაც მოჰყვება საკმაოდ სერიოზული გეოპოლიტიკური თამაშები მათი მხრიდან. უკვე ოთხპოლუსიანი საერთაშორისო წესრიგი იკვეთება - აშშ, ჩინეთი, რუსეთი და ევროკავშირი (ევროგაერთიანების სახით). თუ ევროკავშირმა მაკრონის ბირთვული ინიციატივის წარმატებით განხორციელება და ბრიტანეთთან ერთიანი თავდაცვის ბირთვის შეკვრა შეძლო, ევროკავშირი უკვე გლობალური მოთამაშე ხდება. შეიძლება 19-ე საუკუნის მოდელი ჩამოყალიბდეს, სადაც ერთის მხრივ რუსეთი და ამერიკა მოკავშირეები არა, მაგრამ ერთ მხარეზე იდგნენ და მეორეს მხრივ ჩინეთი და ევროპული კავშირი. როგორც ჩანს, ისტორია მეორდება, ოღინდ მაშინ ჩინეთი არ იყო, როგორც გლობალური მოთამაშე, დღეს ნომერ მეორე გლობალური აქტორია. თანდათან კვადროპოლარული სამყაროს კონტურები იკვეთება",- განაცხადა მაისიამ „რეზონანსთან".

„პეკინი მტკიცედ დაუპირისპირდება აშშ-ის ზეწოლას ტარიფებსა და ფენტანილის საკითხზე", - აცხადებს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვან იმი. მისი თქმით, დიდმა სახელმწიფოებმა არ უნდა „დააბულინგონ" სუსტები.

„თუ ერთი მხარე ბრმად განახორციელებს ზეწოლას, ჩინეთი მტკიცედ დაუპირისპირდება ამას", - განაცხადა ვან იმ.

მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა სიკეთეს უკმაყოფილებით და, მითუმეტეს, ტარიფების უმიზეზოდ დაწესებით არ უნდა უპასუხოს.

„ვერც ერთი ქვეყანა ვერ შეძლებს, თან ზეწოლა განახორციელოს ჩინეთზე და თან კარგი ურთიერთობების განავითაროს მასთან. ასეთი „ორპირული" მიდგომა ხელს არ უწყობს სტაბილურ კავშირებს ", - აღნიშნა ვან იმ, როდესაც უპასუხა შეკითხვას, როგორი ურთიერთობა ექნება ჩინეთს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან.

მან რუსეთ-უკრაინის საკითხზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ჩინეთს სურს "სამართლიანი, ხანგრძლივი და შესასრულებლად აუცილებელი სამშვიდობო შეთანხმება", რომელიც მისაღები იქნება ყველა მხარისთვის.

„ჩინეთი მზადაა, განაგრძოს კონსტრუქციული როლის შესრულება კრიზისის საბოლოო გადაწყვეტასა და ხანგრძლივი მშვიდობის განხორციელებაში, დაინტერესებული მხარეების სურვილის შესაბამისად, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად", - აღნიშნა ვან იმ.

6 მარტს კი, ევროპულ საქმეებში ჩინეთის სპეციალურმა წარმომადგენელმა ლუ შეიმ განაცხადა, რომ "ტრამპის ადმინისტრაციის თავხედური და დომინანტური პოლიტიკის რეალიზება ევროპის მიმართ, საშინელებაა", მისი თქმით, უკრაინაში მშვიდობას მხოლოდ აშშ და რუსეთი არ უნდა საზღვრავდნენ. ის "შოკირებულია" იმით, თუ როგორ ეპყრობა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ევროპაში ამერიკის მოკავშირეებს და აღნიშნა, რომ მხოლოდ აშშ და რუსეთი არ უნდა განსაზღვრავდნენ უკრაინისთვის სამშვიდობო შეთანხმებას.

„როდესაც უყურებთ იმას, თუ როგორ ახდენს ტრამპის ადმინისტრაცია ევროპის მიმართ თავხედური და დომინანტური პოლიტიკის რეალიზებას, როდესაც ასე იქცევა თავის მოკავშირეებთან, სიმართლე გითხრათ, ევროპული გადმოსახედიდან ეს უბრალოდ საშინელებაა. ვთვლი, რომ ევროპელი მეგობრები ამაზე უნდა დაფიქრდნენ და ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა შეადარონ ჩინეთის მთავრობის პოლიტიკასთან.

ამგვარად, ისინი დაინახავენ, რომ ჩინეთის დიპლომატიური მიდგომა აქცენტს აკეთებს მშვიდობაზე, მეგობრობაზე, კეთილ ნებასა და ურთიერთმომგებიან თანამშრომლობაზე", - განაცხადა შეიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინისთვის სამშვიდობო პროცესი უნდა ითვალისწინებდეს ყველა დაინტერესებული მხარის აღიარებასა და მონაწილეობას, მათ შორის ევროპული ქვეყნების.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×