
„ძლიერი საქართველოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ინიციატივა, რომ უნდა შეიქმნას ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი, სადაც წამყვან როლს სალომე ზურაბიშვილი შეასრულებს, ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ვინ რა პირობით დათანხმდება შეთავაზებას, ან მოხერხდება თუ არა ხაზარაძის იდეის გარშემო ოპოზიციის გაერთიანება, ჯერ უცნობია. თუმცა ვიცით, რომ პარტია „გახარია საქართველოსთვის" ამაში მონაწილეობას არ აპირებს.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, ისინი არც ერთ პოლიტიკურ გაერთიანებაში შესვლას არ ფიქრობენ. მისივე შეფასებით, ასეთი „პოლიტიკური აჯაფსანდალი" მოქალაქეებს არც შეუკვეთავ ოპოზიციისათვის.
„ადამიანები სადღეგრძელოებით გვესაუბრებოდნენ ერთობაზე და მეორე მხრივ რომელიღაც კოალიციის წევრები, რაღაც „გავრილოვის ღამის" პარტიას ეძახდნენ ჩვენს პარტიას... ეს ადამიანები ერთობისკენ არიან მოწოდებულები? ჩვენ არცერთ პოლიტიკურ პარტიაში არ გავერთიანდებით. ჩვენ ჩვენი პოლიტიკური იდენტობა გვაქვს. არ ვართ ადამიანები, რომლებიც მოხეტიალე სულივით სამოთხესა და ჯოჯოხეთს შორის არიან გაჭედილები და დადიან ერთი პარტიიდან მეორეში, მეორიდან მესამეში. მოგზაურობაა ზოგიერთი მათგანის მთელი პოლიტიკური ისტორია. ჩვენ ჩვენი იდენტობა, ჩვენი ხედვა და ფასეულობები გვაქვს.
„ერთიანობა რას ნიშნავს? მაინცდამაინც ერთი სიის გარშემო ერთიანობას? აჯაფსანდალი ძალიან კარგი კერძია, მაგრამ პოლიტიკური აჯაფსანდალი პოლიტიკურ მენიუში არ არის კარგი კერძი, რომელიც მოქალაქეებმა შეიძლება შეუკვეთონ რესტორანში. ამიტომ, კოორდინაციაში ვიქნებით ყველასთან. საერთო ბრძოლა გვაქვს, ახალი არჩევნებია მოსატანი და ადამიანები, რომლებიც ციხის საკნიდან გვიყურებენ, გასათავისუფლებლები არიან. ამ ამბავში ყველას გვერდით ვიქნებით და ყველაფერს გვერდით გადავდებთ. მაგრამ ერთი სია და ის, რომ ერთიანობის პრობლემაა, არ არის სწორი ფორმულირება. ეს არ არის დაკვეთა",- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
რა პერსპექტივა აქვს ხაზარაძის ინიციატივას
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ აუცილებელია განსაზღვრული იყოს ამ ცენტრში ვინ იქნება, რას სთავაზობენ საზოგადოებას და ა.შ.
„შესაძლებელია ხაზარაძის ინიციატივას პერსპექტივა ჰქონდეს. ეს საკითხი მანამდეც განიხილებოდა, მაგრამ იმ შეხვედრების მიუხედევად, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა გარამართა ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, მაინც ისეთი სერიოზული ცდა არ ყოფილა. სალომე ზურაბიშვილმა აქციაზე ხალხს მიმართა, რომ რაღაც ახალი პოლიტიკური გაზაფხული იწყება და გავაქტიურდებითო. ყოველ შემთხვევაში რაღაც თანხმობა შესაძლებელია იქნეს მიღწეული სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებს შორის.
„აქ ლაპარაკია სამ ბარიერგადალახულ ოპოზციურ პარტიაზე. რატომღაც მგონია, რომ გახარიას პარტია ამ პოლიტიკურ ცენტრთან ითანამშრომლებს, თუმცა ცენტრის შიგნით არ იქნება. ამ საკორდინაციო ცენტრშიც უნდა იყოს განსაზღვრული ვინ იქნება, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებიდან, რას სთავაზობენ საზოგადოებას და ა.შ.
„თუნდაც ახლა დე ფაქტო ხელისუფლება თუ დათანხმდა და ნიშნავს საპარლამენტო არჩევნებს, რამდენად არიან მზად, რომ გაიმარჯვონ? კი, ბატონო, ოპოზიცია მოგებას იმსახურებს, ხოლო „ქართული ოცნება" წაგებას, თუმცა დღეს არსებობს წინაპირობა, რომ ოპოზიცია აუცილებლად გაიმარჯვებს? იმიტომ, რომ ბევრი სხვადასხვა საკითხია განსახილველი - როგორ დაკომპლექტდება საარჩევნო ადმინისტრაცია, რა პროგრამა ექნებათ და ა.შ.", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.
ანალიტიკოს გია აბაშიძეს კი მიაჩნია, რომ ოპოზიციის ეს გაერთიანება სერიოზულად არ აღიქმება.
„რას ნიშნავს ხაზარაძის, სალომე ზურაბიშილის და სხვების იდეა, რომ რაღაც ალტერნატიული ცენტრი უნდა შეიქმნას? ამით აღიარებენ, რომ აქამდე დაქსაქულები იყვნენ? თუ ერთანეთში თანხმობა არ აქვთ? უბრალოდ ეს ყველაფერი ურთიერთგამომრიცხავია და მართლაც თავი დასაცინად გაიხადეს. თავის დროზე სალომე ზურაბიშვილმა შესთავაზა ის ე.წ. ქართული ქარტია, რომელსაც ვითომ რაღაც დათქმები და ვალდებულებები ჰქონდა. ეს შესრულდა თუ არა, თავადაც არ იციან.
„ეს ძალიან არასერიოზულია და შეუძლებელია ამაზე კომპეტენტური კომენტარი გაუკეთდეს ჩემი მხრიდან და შეიძლება გარკვეული კოლეგების მხრიდანაც, იმის მიუხედავად, რომ ეს მედიაში ტრიალებს. ისინი ვერანაირ სიახლეს ვერ სთავაზობენ თავიანთ მხარდამჭერებს. აშკარაა, რომ გამოკვეთილი ქარიზმატული ლიდერების სერიოზული დეფიციტია რადიკალურ ოპოზიციაში. ვერც ე.წ. დემონტაჟი მოახდინეს ლეგიტიმური ხელისუფლების და თავიანთ საგარეო პატრონებს ვერც ის დაუმტკიცეს, რომ ეს ხელისუფლება არალეგიტიმურია. უმჯობესია მოემზადონ ადგილობრივი არჩევნებისთვის და იქ გაზომონ საკუთარი რეიტინგები", - აცხადებს აბაშიძე.
რატომ ვერ ერთიანდება ოპოზიცია
ნიკა ჩიტაძე ფიქრობს, რომ ოპოზიციის გაერთიანების მცდელობების ჩავარდნა სხვადასხვა მიზეზებითა განპირობებული.
„ცოტა რთულია იმაზე საუბარი, თუ რატომ ვერ ხერხდება ოპოზიციის გაერთიანება, მაგრამ მე ასე მგონია - ვიღაც ფიქრობს, რომ გაერთიანებით პარტიებმა დამოუკიდებლობა არ უნდა დაკარგონ; ასევე შეიძლება ლაპარაკობენ არჩევნების სტრატეგიასა და ტაქტიკაზე, რაზეც ვერ თანხმდებიან. ანუ აზრთა სხვადასხვაობაა. საბოლოო ჯამში, მე ასე მგონია, საერთო ინტერესები და ღირებულებები ოპოზიციას უფრო მჭიდროდ გააერთიანებს.
„ჩემი აზრით, ახლანდელი ფორმით ოპოზიცია ძლიერი იქნება, ოღონდ ცენტრი უნდა იყოს და რაღაც კოალიციასავით უნდა შეიქმნას. ოპოზიციისთვის ეს უფრო უკეთესი იქნება", - აღნიშნა ჩიტაძემ.
გია აბაშიძე კი ამბობს, რომ ოპოზიციონერები ზედმეტად ამბიციურები არიან და ამიტომაც ვერ ერთიანდებიან.
„აქ არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რატომაც ვერ ერთიანდება ოპოზიცია - ზედმეტად აბიციურები არიან. მათ მიაჩნიათ, რომ ისინი ინდივიდუალურად წარმოადგენენ პოპულალურ ლიდერებს. ერთმანეთის ატანა არ აქვთ და რაღაც-რაღაცებში უკვე ღიად უპირისპირდებიან ერთმანეთს. აღარ ვლაპარაკობ იმაზე, თუ როგორ იხსენიებენ ერთმანეთს კულისებში.
„ერთ-ერთი მთავარი მიზეზი უკიდურესი ამპარტავნებაა, რაც იწვევს იმას, რომ საქმეზე ორიენტირებული არ არიან. ის უნარ-ჩვევა და ღირებულებები, რომ ძალა ერთობაშია, მათში საერთოდ არ არსებობს. ამიტომ რაღაც ხელოვნური ახალი, თუ ძველი ტერმინოლოგიებით ერთობით. ალიანსებზე მუდმივი ფირფიტის ჭრაჭუნი უკვე აუტანელი და ამაზრზენი გახდა, უწინარესად მათი მხარადჭერებისთვის", - თქვა აბაშიძემ.
გაახარიას უარის მიზეზი
ნიკა ჩიტაძის აზრით, ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტია გაერთიანებაზე უარის თქმით უპირველესად იმის დემონსტრირებას ცდილობს, რომ ის დამოუკიდებელი მოთამაშეა.
„გახარიას პოზიცია, რომ ის გარეთიანებაზე სულ უარზეა, არაა გამართლებული. ამით იმის დემონტრირებას ცდილობს, რომ თითქოს დამოუკიდებელი მოთამაშეა. ვითომ ის არის რაღაც მესამე ცენტრი - პირველი „ქართული ოცნება", მეორე ე.წ. კოლექტიური ნაცმოძრაობა და მესამე თვითონ არიან. თან ეს გარკვეული ელექტორატის მოსაზიდად ხდება - ვინც „ქართულ ოცნებას" მხარს არ უჭერს და ამავე დროს მათთვის კატეგორიულად მიუღებელია „ნაცმოძრაობა". პრინპიცში, ამით მოიპოვა ამომჩეველთა 10%-ის ნდობა", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".
გია აბაშიძის აზრით, გახარაიას ჰგონია მესამე პოლიტიკური ცენტრია და არ უნდა „რადიკალურ ოპოზიციაში" გარევა.
„გახარია და მისი თანაგუნდელები ვერ ჩამოყალიბდნენ ბოლოს და ბოლოს რა უნდათ. შევლენ პარლამენტში მაისამდე, როცა უკვე ყველანაირი ვადით უნდა გაუუქმდეთ ეს მანდატები, თუ არ შევლენ? ეს მაგონებს ელენე ხოშტარიას შემთხვევას, რომელიც რუსულ დაფინანსებას იღებდა. როგორც მამამისმა თქვა, ის რუსულ ბიუჯეტს და სამხედრო დაფინანსებას აკლებსო. ეს ხომ ისევე სასაცილოა, როგორც გახარიას მტკიცება, რომ ის არის არა „ნაცოპოზიციური" განშტოება, არამედ რაღაც ცალკე ოპოზიციური წარმონაქმნი. ამ დროს კი ვერც გაურკვევია პარლამენტის გარეთ არიან თუ შიგნით, რა პოლიტიკურ თამაშს თამაშობენ და ა.შ.
„მოკლედ, ამ ოპოზიციონერების კიდევ ერთი პრობლემა არის არათანმიმდევრულობა. ციფრული არქივები არსად იკარგება, ყველაფრის ნახვა შეიძლება და კარგად ჩანს, რას იძახდა გუშინ და რას ამბობს დღეს. ამომრჩევლებს ვერაფერს მოატყუებენ", - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".