ნატალია ჯვარიძე
06.06.2025

ანა დოლიძემ კოალიცია „ძლიერი საქართველო" დატოვა. როგორც თვითონ წერს, დამოუკიდებელ საქმიანობას უბრუნდება. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ კოალიცია ალეკო ელისაშვილის პარტია „მოქალაქეებმაც" დატოვოს. ისინი არც იმას გამორიცხავენ, რომ სხვა გაერთიანებებსაც იგივე ბედი ეწიოთ.

„თავის დროზე ეს კოალიციები გარკვეული მიზნებით, საპარლამენტო არჩევნებსითვის შექიმნა. თუმცა რადგან მიზანს ვერ მიაღწიეს, გამორიცხული არ არის ცალკეულმა პარტიებმა ცალკე გააგრძელონ მუშაობა", - განაცხადა ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

ანა დოლიძის განცხადებით, მისი პარტია „ხალხისთვის" აქტიურად თანამშრომლობს ევროპის სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან და ეს თანამშრომლობა გადის ახალ ეტაპზე. დოლიძის თქმით, პარტიას აქვს ამბიცია გახდეს ევროპის სოციალ-დემოკრატიული პარტიის დამკვირვებელი წევრი.

,,მეგობრებო, მივიღეთ გადაწყვეტილება გავიდეთ კოალიცია ,,ძლიერი საქართველოდან" და დავუბრუნდეთ დამოუკიდებელ საქმიანობას. დიდი მადლობა ნდობისთვის ყველა ადამიანს, ვინც არჩევნებში ხმა მისცა პარტიას ,,ხალხისთვის" და ამავე დროს ენდო „ძლიერ საქართველოს." ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, რომ არ მიგვეცა საშუალება ბიძინა ივანიშვილისთვის მოეპარა თქვენი ხმები და დაეზიანებინა საქართველოს ევროპული კურსი. ამ მიზნით გვერდით გადავდეთ ჩვენი ამბიციები და ჩვენი მიზნები. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო საქართველოს ინტერესები და სიყვარული. ამავე დროს, ჩვენ შევქმენით კოალიციური თანამშრომლობის მშვენიერი ტრადიცია, რასაც აუცილებლად დავნერგავთ და გავაგრძელებთ მომავალშიც, რაც ასე ჭირს ქართულ პოლიტიკურ კულტურაში.

„თუმცა, ახლა დრო არის, რომ პარტია ,,ხალხისთვის" დაუბრუნდეს საკუთარ მიზნებს და ამოცანებს. ჩვენ გვაქვს აქტიური თანამშრომლობა ევროპის სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან და ეს თანამშრომლობა გადის ახალ ეტაპზე, ვინაიდან გვაქვს ამბიცია გავხდეთ ევროპის სოციალ-დემოკრატიული პარტიის დამკვირვებელი წევრი. ვფიქრობთ, რომ ეს თანამშრომლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რომ დამოუკიდებლად განვითარდეს პარტია ,,ხალხისთვის", განაგრძოს საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვა და მნიშვნელოვნად დაუჭიროს მხარი ჩვენს ევროპულ არჩევანს", - წერს ანა დოლიძე ,,ფეისბუქზე".

დაიშლება თუ არა კოალიციები

ზაალ ანჯაფარიძე ფიქრობს, რომ „ძლიერი საქართველოდან" ალეკო ელისაშვილიც გავა.

„მე ვფიქრობ, რომ ეს კოალიცია თავის დროზე უშუალოდ საპარლამენტო არჩევნებისთვის შეიქმნა და როგორც ჩანს, მასში შემავალ ახალ პარტიებს იმედი ჰქონდათ, „ლელოს" ზურგზე მომსხდარები პარლამენტში შევიდოდნენ და მერე იქ საპარლამენტო მუშაობას გააჩაღებდნენ. შესაბამისად, მათ ის ბერკეტები ექნებოდათ, რასაც პარლამენტარობა აძლევდა. რადგანაც ახლა მათი გეგმები და მიზნები ვერ ასრულდა მთელი რიგი გარემოებების გამო, ვფიქრობ, უბრალოდ მათთვის კოალიციაში ყოფნა არამომგებიანი და უინტერესო გახდა. ჩემი აზრით, ანა დოლიძის მიერ კოალიციის დატოვების მიზეზი სწორედ ეს არის. როგორც ჩანს, მისთვის და მისი პოლიტიკური პარტიისთვის რაღაც ახალი ნიშა იპოვა და ამ მიმართულებით იმუშავებს. იგივე შეიძლება ითქვას კოლაიციიდან ადრე გასულ „თავისუფლების მოედანზე". ალეკო ელისაშვილი დარჩა და გამორიცხული არაა მანაც დატოვოს", - აღნიშნავს ანჯაფარიძე.

მისი შეფასებით, მოსალოდნელია სხვა ოპოზიციური გაერიანებების ნელ-ნელა დაშლა.

„მე როგორც ვაკვირდები, „კოალიცია ცვლილებებისთვის" უკვე ისეთი კონსოლიდირებული არ ჩანს, როგორც ადრე იყო, გარკვეული ბზარები გაჩნდა. შიგნით ისეთი ერთიანობა აღარ არის. ეს უკავშირდება თვითმართველობის არჩევნებს და ასევე, პოზიციების სხვადასხვაობას მომავალ სტრატეგიასა და ტაქტიკასთან დაკავშირებით, ასევე სალომე ზურაბიშვილის ფაქტორს. „ნაცმოძრაობას" რაც შეეხება, ვხედავთ, რომ გიორგი ვაშაძე უკვე ნაკლებად ჩნდება „ნაცმოძრაობის" ლიდერების გვერდით და ცდილობს რაღაცნაირად ცალკე თამაშის დაწყებას. აქაც იგივე სიტუაციაა - ისინი საპარლამენტო არჩევნებისთვის გაერთიანდნენ. ეს იყო მოკლევადიანი კონკრეტულ მიზანსა და გეგმაზე ორიენტირებული გაერთიანება. როდესაც ეს გეგმა ვერ შესრულდა, როგორც ჩანს, ნელ-ნელა ერთმანეთთან ცივილური დაშორება დაიწყეს", - თქვა ანჯაფარიძემ.

ზაალ ანჯაფარიძის აზრით, უმჯობესია ოპოზიციურმა პარტიებმა ცალკე იმუშაონ, ვიდრე ვინმესთან გაერთიანდნენ.

„მე თუ მკითხავთ, ჯობია კონკრეტულმა პარტიებმა თავად ჩამოაყალიბონ თავიანთი დღის წესრიგი, დაიწყონ საკუთარ ელექტორატთან უფრო აქტიური მუშაობა, თვითონ გააძლიერონ თავიანთი პოტენციალი და აღარ იყვნენ დამოკიდებული გარეშე ფაქტორზე დამოკიდებული - ვისთან გაერთიანდებიან და ა.შ. თვითკმარი პოლიტიკური პარტია როგორც ასეთი, წესით, არ უნდა საჭიროებდეს სხვა კოალიციასთან გაერთიანებას. ეს უნდა მოხდეს უკიდურეს შემთხვევაში, როცა კონკრეტული პოლიტიკური გარემოებები ყალიბდება. ვხედავთ უკვე, რომ ქართული პოლიტიკური სინამდვილე აჩვენებს, ეს გაერთიანებები დიდხანს არ ძლებს. ერთ-ერთი უფრო სიცოცხლისუნარიანი კოალიცია იყო „ქართული ოცნების" წიაღში შექმნილი გაერთიანება, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დაარსა და გაიმარჯვა კიდევაც. თუმცა ვნახეთ, რომ ეს კოალიცია ძალიან მალე დაიშალა, რადგან იქ შემავალმა პარტიებმა ერთმანეთში საერთო ენა ვერ იპოვეს იმ ძირეული განსხვავების გამო, რაც მათ შორის არსებობდა. შესაბამისად, იგივე სიტუაცია იყო სხვა გაერთიანებებში, უფრო ადრე შექმნილში. ამიტომაც ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების პრაქტიკა და კულტურა აჩვენებს, კოალიციები დიდხანს ვერ ცოცხლობენ. ამას მივყავართ კიდევ ერთ დასკვნამდე, რომ როდესაც საუბრობენ კოალიციური მთავრობის შექმნაზე, მე პირადად რთულად წარმომიდგენია, ერთმანეთთან დაპირისპირებაში მყოფმა პოლიტკურმა პარტიებმა შეძლონ ეფექტური კოალიციური მთავრობის შექმნა", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსის დავით ზურაბიშვილის შეფასებით კი, ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან კოალიციები უშუალოდ საპარლამენტო არჩევნებისთვის შეიქმნა.

„ძლიერი საქართველო ისედაც საარჩევნო გაერთიანება იყო და ანა დოლიძის წასვლაში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ. შესაძლოა ახლა თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე ვიღაცა თანახმა იყოს თვითონ ამ პარტიიდან, ვიღაც არა, ან ვიღაცას ცალკე უნდოდეს. ეს ჩვეულებრივი პროცესია და აქ რაღაც ისეთს მე ნამდვილად ვერ ვხედავ.

არ ვიცი სხვა კოალიციების შემთხვევაში როგორ მოხდება, ვნახოთ, მარადიული პოლიტიკურ ცხოვრებაში არაფერი არ არის და მითუმეტს ალიანსი", - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×