სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რუსა მაჩაიძე
    15.06.2015

     თბილისში შაბათ ღამით მოსულმა დიდმა წვიმამ ქალაქის ცენტრში წყალდიდობა გამოიწვია, რასაც ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. მოვარდნილი წყლის მასა პირდაპირ ავტომაგასტრალიდან იტაცებდა მანქანებს შიგ მსხდომი ადამიანებითურთ. პრაქტიკულად, მთლიანად განადგურებულია ზოოპარკი და რამდენიმე სასაფლაო ვერასა და საბურთალოზე. დაინგრა შენობები, განადგურდა გზები, ასობით ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა.

    მაგრამ ჯერ ზარალსა და ზიანზე არავინ საუბრობს. ამაზე ლაპარაკი ალბათ ხვალიდან დაიწყება. დღეს ჯერ დაკარგულებს ეძებენ და კიდევ იმ ცხოველებს, რომლებიც ზოოპარკიდან გაიქცნენ და ახლა მთელ თბილისში არიან გაფანტული.

    კვირა დილით უკვე გავრცელდა ინფორმაცია 10-მდე გარდაცვლილი და 10-ზე მეტი დაკარგული ადამიანის შესახებ. თუმცა, ეს არ არის დადასტურებული საბოლოო მონაცემები და მსხვერპლის გაზრდას არ გამორიცხავენ. ზიანისა და დაკარგული ადამიანების შესახებ ინფორმაცია მუდმივად იცვლება.

     ძლიერი წვიმა, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში არ შენელებულა, თბილისში შაბათს, გვიან ღამით დაიწყო.

    წყლის დიდმა ნაკადმა პრობლემები მთელ ქალაქში შექმნა, რადგან სანიაღვრე სისტემების პრობლემა დედაქალაქში დღემდე არსებობს.

    თუმცა, ყველაზე მძიმე ვითარება ქალაქის ცენტრში შეიქმნა, სადაც მიედინება ძალიან პატარა მდინარე ვერე. ეს მდინარე ძალიან პატარაა, მაგრამ პერიოდულად, განსაკუთრებით დიდი წვიმების დროს, დიდდება და პრობლემებს ქმნის.

    ამ ტერიტორიაზე რამდენიმე წლის წინ ქალაქის განტვირთვის მიზნით ესტაკადა აშენდა და მდინარე გვირაბში მოაქციეს. მაშინ სპეციალისტები ამბობდნენ, რომ ამ პროექტის განხორციელება საშიში იყო პატარა მდინარის არაპროგნოზირებადი ადიდების გამო.

     "კონკრეტულად რა მოხდა გუშინ, ახლა ამაზე საუბარი არ შემიძლია, რადგან ეს საკითხი საფუძვლიანად არის შესასწავლი. ძველ დოკუმენტებშიც უნდა ჩავიხედოთ და არსებული რეალობაც უნდა შევისწავლოთ და შეფასება ისე უნდა გავაკეთოთ. მაგრამ მინდა, ხელისუფლებას ერთი რამ ვთხოვო, რომ ამ საყოველთაო მწუხარების და დაბნეულობის ფონზე იქნებ ყურადღება მიაქციონ იმ საკითხს, ხომ არ არსებობს ამ დღეებში სტიქიის გამეორების საშიშროება - როგორია ამინდის პროგნოზი, როგორია გეოლოგიური საშიშროების განვითარების რისკი და ხომ არ არის საჭირო, რომ გაწმენდითი სამუშაოების ნაცვლად რაიმე პრევენციული ღონისძიება გატარდეს.

     "სულ რამდენიმე დღის წინ იყო სტიქიის პირველი შემოტევა, როდესაც დაზარალდა სვანეთის ქუჩა, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი და ამის შემდეგ პრევენციული ღონისძიებები არ ჩატარებულა. ახლა უარესი მივიღეთ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ კუთხით არის ნაბიჯები გადასადგმელი," - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას არასამთავრობო ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივას" წარმომადგენელი, ირაკლი მაჭარაშვილი.

    გუშინდელი წვიმის შდეგად კი მდინარე ისე ადიდდა, რომ დატბორა გზები, მიმდებარე ტერიტორია, სადაც საფრთხე შეექმნა საცხოვრებელ სახლებს და აქ მდებარე ზოოპარკსა და კერძო ძაღლების თავშესაფარს, სადაც თითქმის ყველა ძაღლი დაიღუპა.

     ასევე მსხვერპლია ზოოპარკშიც. თუმცა, იმის გამო, რომ ზოოპარკი ამ დრომდე დატბორილია, მსხვერპლის ზუსტი დათვლა ვერ ხერხდება.

    ზოოპარკის სამი თანამშრომლის ცხედარი უკვე იპოვეს, მათგან ერთი ის ქალია, რომელიც ზოოპარკში მომვლელად მუშაობდა და დაახლოებით ერთი თვის წინ ვეფხვმა დატორა.

    ზოოპარკში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი აღმოჩნდა, თუმცა, მისი ვინაობა ჯეჯერობით უცნობია, ზოოპარკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ეს ადამიანი მათი თანამშრომელი არ ყოფილა და უცნობია, ამ ტერიტორიაზე როგორ აღმოჩნდა.

     ბოლო ინფორმაციით, თბილისში სტიქიის შედეგად 18 ადამიანია დაშავებული, მათ შორის 2 მცირეწლოვანია.

    დაშავებულები ტრავმული შოკით საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ექიმები ამბობენ, რომ პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

    ზოოპარკიდან რამდენიმე მტაცებელმა ცხოველმა - 6 ლომმა, 6 ვეფხვმა, 7 დათვმა, 13 მგელმა და ბეჰემოტმა, გაქცევა მოახერხა და ისინი ამ დროისთვის დედაქალაქში არიან გაფანტული. მათგან რამდენიმეს ლიკვიდირება გახდა საჭირო, რადგან ძალიან აგრესიულები იყვნენ. ბეჰემოტის დაძინება კი მოხერხდა.

     კვირა დილიდან მაშველების ნაწილი დაკარგულ ადამიანებს ეძებს, ნაწილი კი - ზოოპარკიდან გაქცეულ ცხოველებს. სამაშველო ოპერაციაში ჩართული არიან სამხედრო ნაწილებიც.

    თავდაცვის სამინისტროს ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის სპეციალური ტექნიკა სტიქიის ზონაში გავიდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მობილიზებულია სპეც-ტექნიკის სხვადასხვა სახეობები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში დაკისრებული ამოცანების შესრულებისთვის მზად არიან.

    სამუშაოებში ჩართულია საინჟინრო ბრიგადის პირადი შემადგენლობა. საგანგებო ვითარების გამო სამინისტროს დანაყოფები გვიან ღამიდან მობილიზებულნი არიან. საინჟინრო ბრიგადის პირადი შემადგენლობის ერთი ნაწილი ზოოპარკის გაწმენდით სამუშაოებში მონაწილეობს.

     ხელისუფლება თბილისის მოქალაქეებს ქუჩაში გასვლისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

    ვერეს ტერიტორიაზე არსებული პატარა სახლების უმეტესობა დანგრეულია. გავრცელდა კადრები, როგორ დაფარა ეს სახლები წყალმა და როგორ წაიღო ისინი. აქ მდებარე მრავალსართულიანი სახლების ევაკუცია კი დაუყოვნებლივ დაიწყო, რადგან არსებობდა იმის საშიშროება, რომ ამ სახლებს ადიდებული მდინარე საძირკველს გამოაცლიდა და დაინგრეოდა.

    დაღუპული და დაკარგულია ადამიანების უმეტესობა სწორედ ამ ადგილას. თუმცა, პრობლემებია შექმნილი თბილისის გარეუბანში, წყნეთში, სადაც რამდენიმე ზვავი ჩამოწვა და მანქანები მოიყოლა. ერთი ადამიანი აქ უკვე გარდაცვლილი იპოვნეს. ამ დრომდე უცნობია, ზვავში რამდენი მანქანაა მოყოლილი.

    ადიდებულმა მდინარემ ასევე წაიღო მანქანები, თუმცა, მათი რაოდენობა ამ დრომდე არ არის დაზუსტებული.

    ასევე ჯეჯერობით არ არის დათვლილი არც ზარალი, რომელმაც წინასწარი ვარაუდოთ, ათობით მილიონ ლარს გადააჭარბა.

     მთლიანად პარალიზებულია მტკვირს მარჯვენა სანაპირო, რომელიც ამ დრომდე ჩახერგულია. ასევე პარალიზებულია გმირთა მოედანი.

    ყველაზე რთული მდგომარეობა ე.წ. ახალ გზაზეა, სადაც მდინარე ვერე მიედინება. გზები ჩანგრეულია და ნაწილი საერთოდ არარ არსებობს. ეს გზა გადაკეტილია და ამ მიმართულებით არავის უშვებენ. ჯერჯერობით აქაც მხოლოდ სამაშველო მუშაობა მიმდინარეობს და არავინ იცის, აქ გზების რეაბილიტაცია როდის დაიწყება.

    ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ნოდარ ჯავახიშვილმა თქვა, რომ "ამ გზას სერიოზული შესწავლა სჭირდება, თუ სად რა სახის დაზიანებაა და ამის გარეშე აქ სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება შეუძლებელია". ის ვერ აკონკრეტებს, როდის შეიძლება ეს პროცესი დაიწყოს.

     სტიქიის ზონაშია მოყოლილი ვერის სასაფლაოც, სადაც საფლავები განადგურდა. იმის გამო, რომ აქ წყალმა უკვე დაიწია, ადამიანების ნაწილი საკუთარი მიცვალებულების საფლავებს ეძებს.

    მთავრობამ უკვე დაიწყო კრიზისის მოგვარებისთვის მუშაობა. თუმცა, ამ ეტაპზე ჯერ მხოლოდ სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

    მთელი ღამის განმავლობაში მთავრობის წევრები თბილისის ქუჩებში იყვნენ. გამთენიისას დაინიშნა კრიზისების მართვის პირველი სხდომა, სადაც ითქვა, რომ პირველ ეტაპზე სწორედ სამაშველო სამუშაოები შესრულდება. ასევე ითქვა, რომ ხელისუფლება იმ ადამიანების თავშესაფარზე იზრუნებს, რომელთა საცხოვრებელი ან დაინგრა ან ისეა  დაზიანებული, რომ ცხოვრება შეუძლებელია. ასეთი სახლების რაოდენობა კი სულ უფრო მატულობს.

    დილით ადრე სტიქიის ზონა პრეზიდენტმაც მოინახულა და დედაქალაქის მთავრობას პრეზიდენტის ფონდიდან დახმარებას დაჰპირდა.

    "ამ პრობლემას ერთად დავძლევთ. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს. ეს ძალიან დიდი ტრაგედიაა. ჩვენ მერიას ამ პრობლემის ფინანსურ დაძლევაში დავეხმარებით. ამ დაკარგულ სიცოცხლეებს ვერ დავაბრუნებთ, რაზეც ძალიან მწყდება გული, გზები კი გაიწმინდება და პრობლემა მოგვარდება," - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×