სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ბუკა შუბლაძე
    (28.07.2010)

    "მოსაჭრელად რომ მივადექი, მუხლებზე დავიჩოქე და უფალს პატიება ვთხოვე, ამ უღმერთო საქციელისთვის," - ასე იწყებს საუბარს ტყიბულის მახლობლად ტყეში "წითელი" წაბლის ჭრით დაკავებული, ცოტათი ნასვამი ტყის მჭრელი... ასე, 45 წლის, გამხდარი, მზისაგან დამწვარი და შრომისაგან დაღლილი. " - რა ვიცი, აბა, დამავალეს... სანიტარიული ჭრა არის და სადაც წაბლის ხეს ნახავ, კარგია თუ ცუდია, მოყევი და ყველგან პირწმინდად მოჭერიო."
      არ უნდა, მაგრამ დაავალეს და რა ქნას? ისიც ჭრის. აღშფოთებას გამოხატავს, მაგრამ კატეგორიულად მოითხოვს მისი სახელი არ ვახსენოთ სტატიაში: "მოვლენ მერე და...", მეც უმუშევარი დავრჩები და ჩემი ოჯახის წევრებსაც გამოყრიან სამსახურიდანო.
      წაბლი მუხასთან, კაკალთან და სხვა გადაშენების პირას მყოფ სახეობებთან ერთად "წითელ ნუსხაშია" შესული და კანონით მისი მოჭრა აკრძალულია. იმ გამონაკლისის გარდა, თუ კონკრეტული ხე დაავადებულია. ასეთ შემთხვევაში მისი მოჭრა არა მარტო დაშვებულია, არამედ სასურველიც კი, რათა დაავადება სხვა, ჯანმრთელ ხეებზე არ გადავიდეს.
      წითელ ნუსხაში შეტანილი წაბლის ხეების მასობრივად და განურჩევლად ჭრა ტყიბულის რაიონის დღევანდელი რეალობაა. თუ ტყიბულში ჩახვალთ, ნებისმიერი ადგილობრივი მკვიდრი რომ გააჩეროთ და ჩაეკითხოთ, რას ფიქრობენ ისინი წაბლის ჭრაზე, თავიანთ გულისტკივილს, უფრო სწორად, აღშფოთებას, ყველგან მოისმენთ.
      ყოველივე ეს კი მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს მთავრობის #858 განკარგულებით "ტყიბულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე დაავადებული წაბლნარი კორომების აღდგენა-გაჯანსაღების შესახებ", 2009 წლის 13 ნოემბრიდან შპს "ვუდიმპექსს" მიეცა ნებართვა, წინასწარი გადახდის საფუძველზე მოჭრას დაზიანებული ხეები - ყველა წესის დაცვით, არსებულ კორომებში დარგვა-განაშენიანებისა და აღდგენითი სამუშაოების შესრულებით. განკარგულებას ხელს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური აწერს.
      განკარგულების ტექსტი ასე იწყება: "საქართველოს ტყეებში სოკოვანი დაავადების ენდოტეას (წაბლის ქერქის კიბო) მასობრივად გავრცელების შედეგად საგრძნობლად დაზიანდა წაბლნარი კორომები", ამიტომაც ტყიბულში უნდა განხორციელებულიყო დაავადებული "ზეხმელი და ხმობადი ხეების" ამოღება, ჭრის ნარჩენებისაგან ტერიტორიის გაწმენდა და ჯანსაღი წაბლის კორომების აღდგენა. ეს მოთხოვნები ხელშეკრულების პირობების მე-3 მუხლშია მითითებული.
      ე.წ. სანიტარიული ჭრები საქართველოს რამდენიმე რეგიონში, მათ შორის ტყიბულში, ერთდროულად დაიწყო. ჭრების დაწყებისთანავე მოსახლეობაში გაჩნდა ეჭვი, რომ არანაირ სანიტარიულ ჭრას ადგილი არ ჰქონდა, ენდოტეა მხოლოდ გამოგონილი მიზეზი იყო, რათა მოეჭრათ საქართველოს ტყეების ერთ-ერთი უძვირფასესი მერქანი, შემდეგ საზღვარგარეთ ან შიდა ბაზარზე საკმაოდ შთამბეჭდავ ფასად გაეყიდათ, სადაც ერთი კუბური მეტრი წაბლის დამუშავებული მასალის ფასი 2 ათას ევროს აღემატება.
      ტყიბულის მოსახლეობა იმაზეც საუბრობს, რომ წაბლის ასეთი მაღალი ღირებულების გამო ფირმის წარმომადგენლები, მიზეზით - აქაოდა დაავადება ჯანმრთელ წაბლსაც არ გადაედოსო, ლამის სახლებში უვარდებიან ხალხს და ჭრიან ხეებს.
       
    "აბა, ეს საქმეა?"
      ტყე ტყიბულის მახლობლად. ქალაქამდე დაახლოებით კილომეტრია, შეიძლება უფრო ნაკლებიც. უზარმაზარი მოჭრილი მორების გროვებთან, ათასი ნახერხისა თუ ნაჩეხი ხის ნაფოტების მახლობლად რამდენიმე მუშას მოეყარა თავი. რთული სამუშაო დღის შემდეგ ისვენებდენენ. იქვე პატარა სუფრაც გაეშალათ. ეს ადამიანები საქართველოში ერთ ერთი უიშვიათესი და უძვირფასესი, წითელ ნუსხაში შეტანილი, ქართული წაბლის ხეების ჭრით არიან დაკავებულები. მათ იციან, რომ თავიანთი მხარის საგანძურს ანადგურებენ, თუმცა ამბობენ, რომ არ ძალუძთ რაიმე შეცვალონ.
      "ჩვენ რა ვქნათ? ჩვენ საქმეს ვაკეთებთ. დაგვავალეს, მარტო კარგი ხეები მოიტანეთო. რა ვიცი, სანიტარიული ჭრა არისო და რაც გაფუჭებული ხეები მოვჭერით, აგერ ყრია, ხელი არავის უხლია. თუ სანიტარიული ჭრა არის, მაშინ რატომ არავის მიაქვს ეს ხეები არსად?" - ამბობს ერთი შუა ხნის ასაკის ტყის მჭრელი. მთავარი გაფრთხილება საუბრის დასაწყისშივე მომცეს - არც ერთის სახელი და გვარი, არც ერთი ფოტო...
      "მე დამავალეს, კარგია თუ ცუდია მოყევი და სადაც წაბლის ხეს ნახავ, მოჭერით ყველგანო. აგერ, ვეებერთელა ხე მომაჭრევინეს და არავის მიაქვს, გდია აქ. საცოდაობა არ არის? თუ არ გჭირდება, შე დალოცვილო, ამხელა ხეს რაღას მაჭრევინებ? ან, თუ დაავადებულია და საშიშია სხვასაც გადაედოს, გაიტანე რა დროზე? პირველ ჯანმრთელ ხეს რომ მივადექი მოსაჭრელად, მუხლებზე დავიჩოქე და უფალს პატიება ვთხოვე ამ უღმერთო საქციელისთვის," - ამბობს მეორე.
      "თავად უღმერთოდ ჩეხავენ ამ ხეებს და უბრალო სოფლის მკვიდრს რომ ფიცარი დასჭირდეს, თუნდაც საკუბოვედ, იმას ვერ იშოვის - არ შეიძლებაო, გეტყვიან... გაგონილა?" - თან სასმელს მთავაზობს და თან ჰყვება ისტორიებს პირველი ტყის მჭრელი (როცა მივაკითხეთ, ეს ხალხი ისვენებდა და სადილობდა.) " - ჩვენს სოფელში მოკვდა კაცი და მოვიდა ჩვენთან ჭირისუფალი, საკუბოვედ ერთი მორი გვთხოვა. ვერავინ მისცა, ყველას შეეშინდა. ვინმეს რომ ჩავეშვით, უბედურ დღეში ჩაგვყრიდნენ - მე ფული მაქვს გადახდილი და შენ ვის მიეციო. აბა, ეს ცხოვრებაა? მთელი ტყიბული ხეს მიაქვს და აქაური თავისი ოჯახის წევრის დასამარხად, კუბოს საფიცრედ, ხეს ვერ იშოვის. აბა, ეს საქმეა?
      "მეორე შემთხვევაც იყო მსგავსი. მოუკვდა ადამიანს ოჯახის წევრი, წავიდა და მოჭრა - კუბოს გასაკეთებლად. მეორე დღეს გარემოს დაცვის ინსპექცია დაადგა პანაშვიდზე და უკანონოდ ხე რატო მოჭერიო. გაბრაზდა ეს კაცი და ასე უთხრა - ახლა სანამ არ ამოვიღე ეს მკვდარი და შენ არ ჩაგაწვინე მაგის ადგილას, გამასწარი აქედანო. არ იყო მართალი?
      "აგერ რომ გდია, ეს გაფუჭებული მოჭრილი ამხელა ხეები და არავის რომ არ მიაქვს, ხალხს მაინც მისცენ, საკუბოვედ მაინც გამოადგებათ, მაგრამ - არა. აკრძალვის მიუხედავად, რომელმა ტყის მჭრელმაც მსგავსი რამ გააკეთა, ან დაიჭირეს ან უსაშველო ჯარიმები დააკისრეს. ჯანმრთელი ტყის უკანონო გაჩეხვაზე იმხელა ფირმას არაფერს ეუბნები, თვალს ხუჭავ და მარტო ჩვენთვის რატომ არის მკაცრი კანონი? ასეთი რამე როგორ შეიძლება?"
      
    მოჭრილი წაბლის კვალზე
      ტყიბულის წითელი წაბლის ბედზე ინფორმაცია "ეროვნულ ფორუმს" სატყეო სექტორის სპეციალისტმა ენვერ აბჟანდაძემ მიაწოდა, რომელიც ამჟამად ამ მოძრაობის აქტივისტია.
      "ფორუმის" პრესსამსახურის უფროსი მაგდა პოპიაშვილი "რეზონანსთან" საუბარში ამბობს, რომ ამ თემით დაინტერესდნენ და კომისიაც შექმნეს.
      მაგდა პოპიაშვილი: "განკარგულების თანახმად, ფირმა "ვუდიმპექსმა" უნდა მოჭრას და გაიტანოს დაავადებული ხეები და მის ნაცვლად ახალი დარგოს. კომისიამ აღმოაჩინა, რომ მოჭრილი იყო ჯანსაღი სამასალე ხეები, ხოლო დაზიანებული, ენდოტეათი დაავადებული მოუჭრელია და ადგილზეა დატოვებული. ტყეკაფი საერთოდ არ არის გაწმენდილი, რაც დიდ საშიშროებას ქმნის, რომ დაავადება უფრო გავრცელდეს."
      არადა, სატყეო დეპარტამენტსა და შპს "ვუდიმპექსს" შორის გაფორმებული ხელშერულების მე-5 მუხლის მიხედვით, ხის ქერქი წარმოადგენს პათოგენის ფავრცელების წყაროს, ტერიტორიების ჭრის ნარჩენებისაგან გაწმენდა ხორციელდება მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში, ჭრის პარალელურად.
      ტყე კი სავსე იყო ნარჩენებით და მოჭრილი საღი თუ დაავადებული ხეებით, უფრო მეტად დაავადებულით, რადგანაც, როგორც მეტყევეები იძახდნენ, დაავადებული ხე არაფერში არ გამოიყენება, ვერც საზღვარგარეთ გაყიდი, არ შეიძლებაო და ვერც ავეჯს დაამზადებ.
      "აბა სოკოთი დაავადებულ ავეჯს ვინ იყიდის?" - გვიხსნის ერთ-ერთი ტყის მჭრელი.
      "თავის დროზე წაბლს მართლაც ჰქონდა დაავადება, რომელსაც ენდოტეა ჰქვია, თუმცა ეს იყო წარსულში და ამჟამად ტყემ ეს დაავადება გადალახა. შეიძლება აქა-იქ იყოს კიდევ დარჩენილი, მაგრამ ძალიან ცოტა რაოდენობით," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას "ეროვნული ფორუმის" ტყიბულის რაიონის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი ენვერ აბჟენდაძე. " - რაც შეეხება მთავრობის განკარგულებას, მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ განკარგულების ყველა პუნქტი დარღვეულია - ავადმყოფი ხე ადგილზე რჩება და მოჭრით იჭრება მხოლოდ ჯანმრთელი, საღი ხეები. ხდება შერჩევა და არავითარი სანიტარული ჭრა აქ არ მიმდინარეობს. არც არანაირი ხე ტყის გაშენება არ ხდება."
      მისივე თქმით, "ერთხელ, ხალხის დასანახად, სპეციალურად ტელევიზიისთვის, ჭიათურიდან 500 ძირი წაბლის ნერგი ჩამოიტანეს, რომელიც ერთი ჩემი ნაცნობისგან იყიდეს და ტელევიზიით გააშუქეს, თითქოსდა 5 ათასი ძირი დარგეს. რაღაც ერთი კვარტალი შემოღობეს და ეს ნერგები დარგეს პირდაპირ იქ, სადაც ყველაზე დიდი კერა იყო ამ ხის დაავადების. არც იქაურობა დაუმუშავებიათ და არც არაფერი. ასეთი ქმედება კატეგორიულად აკრძალულია.
      იმის მაგივრად, რომ ეს ავადმყოფი ხეები მოეჭრათ, დაეწვათ და ტერიტორიის დასუფთავების შემდგომ დაერგოთ ახალი ნერგები, მათ პირდაპირ ავადმყოფ ხეებს გვერდში მიურგეს ახალი, ჯანსაღი ნერგები. ეს კი პირდაპირ ეწინააღმდეგება მთავრობის განკარგულებას და იმ ხელშეკრულებას, რომლიც მათ აქვთ გაფორმებული."
      აბჟანდაძე განმარტავს, რომ აშკარა დარღვევები არის ჭრის პროცესშიც, რადგანაც ხეების დანომრვა ჭრის პროცესთან ერთად ხდება: "საერთოდ, წესების მიხედვით, დანომრვა უნდა ხდებოდეს ჭრის დაწყებამდე ერთი წლით ადრე. ამჟამად კი, ამათ რომელი ხეც მოეწონებათ, მოვლენ, დანომრავენ და იმწუთასვე აჭრევინებენ.
      "ვუდიმპექსს" 15-წლიანი ხელშეკრულება აქვს დადებული, რომლის მიხედვით, ერთ კვარტალში რაც მოიჭრება, ის ტერიტორია უნდა შემოიღობოს, განადგურდეს კერა, მოხდეს ტერიტორიის გასუფთავება და შემდეგ, ასეთ ტერიტორიაზე დაირგოს ახალი ნერგები. მხოლოდ ამ პროცესის ჩატარების შემდეგ აქვთ უფლება სხვა კვარტალში გადასვლის და იქ ხეების მოჭრის.
      "15-წლიანი იმიტომ არის ეს პროგრამა, რომ ამ 15 წლის განმავლობაში ტყე იზრდება და ეს ტყე თავის შედეგს აღწევს. ესენი კი მიდგნენ და დაიწყეს ხეების ჭრა ერთდროულად ყველა კვარტალსა თუ რაიონში. დაახლოებით 35 ბრიგადა მუშაობს ამ დროისთვის, შესეულები არიან და პირწმინდად ანადგურებენ წაბლის ყველა ხეს, რომელსაც კი წააწყდებიან. მარტო ფული შოვნაზე არიან გადასულები."
      აბჟანდაძის თვალსაზრისით, საკმაოდ საინტერესო ვითარება არის წაბლის ფასთან დაკავშირებით: "ტყიბულში შემოსული კომპანია "ვუდიმპექსისთვის" სპეციალურად გაკეთდა ფასდაკლება და ისინი ერთ კუბამეტრ წაბლში 36 ლარს იხდიან."
      ოფიციალურად, მოსაკრებელის ოდენობა ერთი კუბური მეტრისათვის სამასალედ ლარებში, ასეთია: წიფელი, რცხილა, აკაცია - 47 ლარი; წაბლი, მუხა - 60 ლარი. აღმოჩნდა, რომ რადგანაც წაბლი დაავადებულია, "ვუდიმპექსს" მხოლოდ 36-ლარის გადახდა აქვს დაკისრებული.
      აბჟანდაძის თქმით, უკვე გადამუშავებული ერთი კუბური მეტრი წაბლის მასალის (დახერხილი ფიცრის) საზღვარგარეთ გასაყიდი ფასი 2 000 ევროა.
      "ეროვნული ფორუმის" წარმომადგენელის გამოთვლით, ფირმა ძალიან დიდ მოგებას იღებს. ერთი კუბამეტრი სამასალე წაბლის მოჭრა და გადამუშავება 90 ლარი ჯდება. ამას პლუს მოსაკრებლის 36 ლარი - საერთო ჯამში ხარჯი 126 ლარია. 1 კუბური მეტრი წაბლის მასალა კი ძალიან ძვირად ფასობს, აბჟანდაძის მტკიცებით, საზღვარგარეთ გასაყიდი ფასი 2 ათასი ევროა, მაგრამ მიუხედავად ამხელა მოგებისა, ადგილობრივ ბიუჯეტში ერთი თეთრიც კი არ შემოსულა."
      მაგდა პოპიაშვილის თქმით, შპს "ვუდიმპექსის" წარმომადგენელს, ვახუშტი ბაგრატიონს ესაუბრნენ და ბაგრატიონმა უპასუხა, რომ დაავადებული წაბლიდან ავეჯი საქართველოში კეთდება და მათ ეს ფიცრები საზღვარგარეთ არ გააქვთ.
      აბჟანდაძე ამბობს, რომ იმდენად ბევრი წაბლი იჭრება, წარმოუდგენელია ის მხოლოდ შიდა ბაზრისათვის იყოს განკუთვნილი - "სამასალე წაბლიც და თუნდაც მისგან დამზადებული ავეჯი ისევ ექსპორტირებისათვის სჭირდებათ."
      სატყეო დეპარტამენტის ყოფილი თავჯდომარე, ბიძინა გიორგობიანი, რომელიც ამჟამად გერმანიაში ცხოვრობს, სადაც დევნილის სტატუსი აქვს, ამბობს, რომ "კიბოთი დაავადებული მერქნით დამზადებული ავეჯის ლეგალური ექსპორტი ვერ მოხდება, ვინაიდან ექსპორტისთვის საჭიროა სერტიფიკატი, რომელიც მასალის ჯანმრთელობას დაადასტურებს. სხვა ქვეყანაში დაავადებული მერქნის და ასეთი მერქნით დამზადებული ნაკეთობების გატანა პრინციპში კრიმინალია და იმპორტიორი ქვეყნის მხრიდან დაექვემდებარება სამართლებრივ დევნას."
      გიორგობიანი აცხადებს, რომ ამ საქმიანობით დაკავებულია ის ფირმები, რომლებსაც ხელისუფლება ლობირებს: "მე, წაბლის ტყის მასივებში მასობრივი ჭრების ჩატარების უფლებას არ ვიძლეოდი. უნგრეთში მქონდა მოლაპარაკებები, სადაც წაბლის ტყის მასივების სოკოვან დაავადებას ბიოლოგიური მეთოდით წარმატებით უმკურნალეს. მაგრამ, ჩვენთან ეს არავის აინტერესებდა. ჩემი ემიგრაციის შემდეგ ტყეების ხელაღებით პრივატიზაციამ და სხვა ანტისახელმწიფო ქმედებებმა მასობრივი ხასიათი შეიძინა, მათ შორის იმერეთის წაბლნარებშიც. ამ საქმიანობით დაკავებულია რამდენიმე ფირმა, რომლებიც გარიგებაში იმყოფებიან ხელისუფლების უმაღლეს წრეებთან. ეს ფირმები იტყუებოდნენ და ახლაც იტყუებიან, რომ თითქოს ენდოტეათი დაავადებულ ხეებს ჭრიან და შემდგომ ამონაგები ფულის ნაწილით დაავადებული ტყის მასივების აღდგენას ახორციელებენ. არავითარი ამგვარი რამ არ ხდება.
      "წაბლის მასალა საზღვარგარეთ, კუბამეტრობით კი არა ცალობით იყიდება. მაგალითად ცალი ფიცარი, 6 მეტრი სიგრძის და 15 სანტიმეტრი ნაკვეთი ზომით, ღირს 110 ევრო. თუ მაინც კუბამეტრობით გასაყიდი ფასები გინდათ, ასეთია: ნეტო (საგადასახადო დანარიცხების გარეშე) - 2 445 ევრო, ბრუტო (დანარიცხებით) - 2 909 ევრო. ეს უკვე გადამუშავებული 65 მილიმეტრის სისქის ფიცარია და ფასებიც ხით მასალით ბითუმად მოვაჭრეებისაა (წარმოშობის სერტიფიკატი ამ შემთხვევაში, რასაკვირველია, გააჩნია). გადაუმუშავებელი ან ნახევრად დამუშავებული მასალის ფასები ბაზარზე ძალიან მერყეობს - 750 -1100 ევრო. ამ შემთხვევაში ფასები დამოკიდებულია იმაზე თუ რომელი ქვეყნიდანაა მასალა, აქვს თუ არა სათანადო დოკუმენტაცია, რა ხარისხისისაა, რამდენად გამშრალია, რა სიგრძისაა და ა.შ.
      "ასევე მინდა გითხრათ რომ, წაბლის ხის ავეჯის დამზადება მათი მხრიდან ტყუილი მგონია. შეიძლება ყოველ მოჭრილ 10 კუბურ მეტრში ფარსის გულისათვის ერთი სკამი დაამზადონ, დანარჩენი მასალა კი საზღვარგარეთ გადის."
      მეწარმეთა და არასაწარმეო იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერში ვკითხულობთ: შპს "ვედიმპექსის" დამფუძნებლები არიან - "ქროსვეისი", თეიმურაზ უგულავა, შპს მეგაფუდი და ზაალ ჩაჩავა.
      როგორც "ეროვნული ფორუმის" პრეს-სამსახურის უფროსი მაგდა პოპიაშვილი აცხადებს, "თეიმურაზ უგულავა სასტუმრო "აჭარის" მფლობელი და სპორტის სასახლის დირექტორია; შპს მეგაფუდის ერთ-ერთი მფლობელი კი ანდრო გეგენავა მაჟორიტარი არჩილ გეგენავას ძმაა.
      "მეგაფუდი ის კომპანიაა, რომელიც აბსოლუტურად ყველა ტენდერს იგებს ციხეებში. მაგალითად, ორი თვის წინ ერთ-ერთ ციხეში გაიხსნა პურის საცხობი, სააკაშვილიც იყო გახსნაზე და ეს ამ კომპანიამ განახორციელა. შპს მეგაფუდს ტენდერები საკვების მომარაგებასთან დაკავშირებით მოგებული აქვს შსს-შიც. ანუ, გამოდის, რომ მთელ ძალოვან სტრუქტურებს ძირითადად ეს კომპანია ამარაგებს."
      ენვერ აბჟანდაძის თვალსაზრისით, "ბევრი ფიქრი და ცხოვრებისეული გამოცდილება არ არის საჭირო, რომ მიხვდე ამ ყოველივეს უკან ვინც დგას."
      შპს "ვუდიმპექსის" ოფისში დარეკვისას გვიპასუხეს, რომ არანაირი უკანონო ჭრები მათი მხრიდან არ მიმდინარეობს. ხოლო შეკითხვაზე, რაში გამოიყენებს ფირმა მოჭრილ წაბლს, პასუხი ვერ მივიღეთ.
      "ვინ რას ამბობს და რას გეუბნებათ, არ ვიცი. იქ საღ ხეს არავინ არ ჭრის. მოჭრის შემდეგ ნერგი ირგვება. ზუსტი ინფორმაცია მე არ მაქვს. გადაგამისამართებთ იმ ადამიანებთან, ვინც კომპეტენტურია," - გვითხრა ფირმის წარმომადგენელმა, მაგრამ თავისი ვინაობა არ გაამხილა მას შემდეგ, რაც "ვუდიმპექსს" ტელეფონით დავუკავშირდით.
      ამის შემდეგ მრავალჯერ ვცადეთ დარეკვა, თუმცა ტელეფონს არავინ პასუხობდა.
      მოგვიანებით, "ვუდიმპექსის" დირექტორი თავად დაგვიკავშირდა. კახა პაიჭაძე აცხადებს, რომ არანაირი უკანონო ჭრები მათი მხრიდან არ მიმდინარეობს.
      "წაბლი დაავადებულია ხის ქერქის ენდოტეათი. კავკასიური წაბლის გადარჩენაა საჭირო. ჩვენმა კომპანიამ ეს თავის თავზე აიღო და სანიტარული ჭრა დაიწყო. იმდენად მოდებული აღმოჩნდა ეს დაავადება, რომ იშვიათად ჯანსაღი ხე ნახო. ამიტომაც საჭიროა იქაურობა პირწმინდად გაიპარსოს და ახალი ნერგები დაირგოს. ახალი სანარგეების გამოყვანა უკვე დაწყებული გვაქვს. დარგვის პროცესი ჯერ არ დაწყებულა. სანამ ტერიტორია არ გაიწმინდება, მანამ დარგვა არ შეიძლება.
      "მოჭრილი მორები კი გამოგვაქვს, ვატყავებთ, ვხერხავთ და ვცდილობთ იქიდან ამოღებული საღი მერქანი გამოვიყენოთ. ჯერ ეს პროცესი არ დაგვიწყია, მაგრამ გვინდა, რომ გავყიდოთ. უცხოელებთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, რამოდენიმე საცდელი გადატვირთვა გვქონდა იტალიაში. ჩვენ თავადაც გვაქვს ქარხანა ორხევში და გვინდა იქაც დავამზადოთ ნაკეთობები. ეს მომავლის გეგმებია, ყველაფერს ახლა ვიწყებთ. შეიძლება არაფერიც გამოგვივიდეს.
      "რაც შეეხება ხალხის საჩივრებს, მსმენია ის, რომ შეშა უნდათ. ეს საკითხიც მალე მოგვარდება. ნებას დავრთავთ ისე, რომ შემდეგ უკონტროლოდ არ დაიწყონ ჭრა," - განუცხადა კახა პაიჭაძემ "რეზონანსს".
    "მეამბოხე" სოფელი
      "წაბლის დასაცავად ტყიბულის რაიონის სოფელ მუხურაში, მთელი სოფელი გამოვიდა საპროტესტოდ. პოლიცია ქუთაისიდანაც კი ჩამოიყვანეს ფირმის წარმომადგენლებმა, ლამის სისხლისღვრაშიც კი გადაიზარდა პროცესი," - ჰყვება აბჟანდაძე და სოფელში მოსახლეობასთან გასაუბრებას მირჩევს.
      სხვა რა გზა იყო, ჩვენს დროებით გამცილებელ, ენვერ აბჟანდაძესთან ერთად გადავწყვიტეთ პირველივე შემხვედრს გავსაუბრებოდით.
      თუმცა, ჯერ რკინიგზის სადგურზე გავედით, როგორც ტყის მჭრელებმა გვირჩიეს, საკუთარი თვალებით რომ გვენახა გასატანად გამზადებული ჯანსაღი წაბლის მორები. სადგურზე, რკინიგზის ლიანდაგების გასწვრივ რამდენიმე ადგილზე მართლაც წაბლის უზარმაზარი მორებია დახვავებლი. არც ერთ მათგანს ვიზუალურად დაავადების ნიშნები ვერ შევატყვეთ.
      ამის შემდეგ, ავტობუსის გაჩერებასთან სოფელ მუხურასკენ მიმავალი ავტობუსის მომლოდინე რამდენიმე შუა ხნის ასაკის ადამიანსაც გავესაუბრეთ. უფრო სწორად, დავიწყეთ ლაპარაკი - ისევ ჭრიან წაბლის ხეებს-მეთქი? ჰოდა, საუბარიც აეწყო.
      "თუ ჩვენ სოფელში წაბლს მოჭრიან, მაშინ მთელი მცხოვრებლები უნდა გაგვასახლონ იმიტომ, რომ მაგის მეტი სასიცოცხლო წყარო ჩვენ არ გაგვაჩნია. მაგ წაბლით ჩვენი ცხოველები იზრდებიან. ზოგი ადამიანი კი აგროვებს და ბაზარში გააქვს გასაყიდად. ნახევარი სოფელი მაგით ირჩენს თავს," - ამბობს 50 წლამდე გლეხი კაცი. " - ჩვენ, მუხურის მოსახლეობამ, რომ არ მივეცით ჩვენს სოფელში მოჭრის საშუალება, საპასუხოდ პოლიცია მოიყვანეს. ჩვენს დაშინებას ცდილობდნენ. თქვენ ჭრით უკანონოდ ტყეს და თუ არ გაჩერდებით, ამ მიზეზით დაგიჭერთო, მაგრამ ჩვენზე ამ მუქარამაც არ გაჭრა. მერე, ამის გამო დაგვსაჯეს და ორი თვე უშუქოდ დაგვტოვეს. როგორც გავიგეთ, დანებებას მაინც არ აპირებენ და გეგმაში კიდევ აქვთ შემოსვლა."
      "მეამბოხე" გლეხი განმარტავს, რომ არც თავად აპირებენ დანებებას: "ერთი-ორი მომსვლელი რომ მოკვდება, მერე ან ისინი ისწავლიან ჭკუას და ან ჩვენ დაგვიჭერენ.
      "გიჟები კი არ ვართ - გაფუჭებული რომელიც არის, მოჭრან, კი ბატონო, არავინ უშლით. რაც კანონით მოსაჭრელია, იმაზე ჩვენ პრეტენზია არ გვაქვს. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ზუსტადაც გაფუჭებულს არ ჭრიან, კარგი უნდათ. გაიარეთ ტყეებში და სახერხებზე და თქვენი თვალით დარწმუნდებით. მიბრძანდით რკინიგზაზე, სადაც ამ მოჭრილ მორებს აგროვებენ და იქ ერთ გაფუჭებულ ხეს მაინც თუ ნახავთ, აი, მერე რაც უნდათ, ის ქნან," - განმართავს ავტობუსების მომლოდინე მუხურელი მამაკაცი.
      "საქმეც მაგაშია, რომ ზუსტადაც, რომ კარგს ეძებენ, თორე ცუდი რაში ჭირდებათ. ცუდ და გაფუჭებულ მასალას ვინ იყიდის? - ჩვენ დასათმობი არაფერი გვაქვს. წაბლის ხე ერთადერთი ჩვენი სიმდიდრეა და ისინი კი მაგის მასობრივად გადაჭრას აპირებენ. წაბლის ხის მეშვეობით გლეხს წელიწადში 2-3 ათასი ლარი რჩება შემოსავალი და ეს ერთადერთი სარჩოა. ჩემმა შვილიშვილებმა რა ქნან მერე და ჩემმა შვილებმა? რითი ირჩინონ თავი?"
      ნუთუ, არავინ იღო ყურად ეს აღშფოთება, თუკი სამართლიანია? - შეკითხვა დავუსვით.
      "როგორ არა, მაგრამ, ვისაც მივმართეთ არსაიდან პასუხი არ მიგვიღია. გარემოს დაცვის სამინისტრო საერთოდ დუმს. მინისტრი არ ჩნდება, გარემოს დაცვის ინსპექცია კი ფულის კეთების მეტს არაფერს აკეთებს. სატყეო მეურნეობის დირექტორს ვთხოვე - მოდი, აქტს მაინც გაეცანი მეთქი და მიპასუხა, წადი რა, ჩემს მინისტრს ელაპარაკე, ჩემგან რა გინდაო?" - აცხადებს აბჟანდაძე. " - არც ერთი რეინჯერი სალაპარაკოდ არ მოდის. აი, რო ეუბნები, რომ ეს ირღვევა და რატომ არაფერს აკეთებ, გპასუხობენ - ვიცი, ირღვევა, მაგრამ მე რა ვქნა, ვერაფრით ვუშველი, ორი ლუკმა პურის ფულს ვშოულობ და გთხოვ, ნუ დამაკარგინებ სამსახურსო. ყველა ასე ამბობს."
      "ჩვენგან, ჩვეულებრივი მოსახლეობიდან, ვინაც კი ხმა ამოიღო, სულ ყველას მიაკითხეს სახლებში და გააფრთხილეს - არ გაჩერდები და პრობლემები შეგექმნებაო," - გვპასუხობს მუხურელი გლეხი.
      ვინ ემუქრება ხალხს? - დავინტერესდით.
      "ვინ აკითხავს და გამგეობის ხალხი და პოლიცია. აქ საკმარისია რამეზე ამოიღო ხმა და იმწუთასვე ან შენ გაგანთავისუფლებენ, ან ოჯახის რომელიმე წევრი თუ მუშაობს, მოხსნიან სამსახურიდან და დარჩები ასე," - განმარტავს აბჟანდაძე. " - ჩვენთან, ხალხს ფულს დასმენებზეც უხდიან. აი, მაგალითად ვინმემ რამე თუ გააკეთა, სამმართველოში თუ იტყვი, ერთ 50 ლარს გაჩუქებენ.
      "ერთი შემთხვევაც იყო ასეთი - როცა თვითონ ათასობით კუბამეტრს უკანონოდ ჭრიან, ერთმა ბიჭმა ერთი ძირი ხე მოჭრა ზამთარში, სახლის ფანჯრებისთვის უნდოდა და დაიჭირეს. 3 წლით ციხეში გაუშვეს."
      ამ დაშინების გამოა სწორედ, რომ აბსოლუტურად ყველა რესპონდენტი, ერთი ორის გარდა, კატეგორიულად ითხოვს ვინაობის დამალვას და ზოგჯერ მუქარაძეც კი გადადიან.
      ლამის სისხლისღვრამდე მისული პროტესტი ტყიბულში ორი თვეა გრძელდება, საჩივრებითაც მიმართეს გარემოს დაცვის ინსპექციას, მაგრამ რაიონში ჯერ არავინ ჩასულა.
      "კი, მოსახლეობის საჩივრები შემოსულია," - გვიცხადებს გარემოს დაცვის ინსპექტირების სამსახურის უფროსი ნელი კორკოტაძე. " - ამ ტერიტორიების გადამოწმება უახლოეს გეგმაში არის გაწერილი და მალე შევამოწმებთ."
    (გაგრძელება იქნება)
       
    რედაქციისაგან: სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში: "ტყეების უკანონო ჭრის შედეგები", რომელსაც აფინანსებს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში - "საქართველოში მედიის, როგორც მაკონტროლებელი ინსტიტუტის როლის გაძლიერება." სტატიის შინაარსი არ გამოხატავს ევროკავშირისა და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მოსაზრებებს და შეხედულებებს. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია "რეზონანსი"

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2014 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter