სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რუსიკო მაჩაიძე
    (29.07.2010)

      საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვა საკმაოდ პომპეზურად, მაგრამ საჯარო განხილვისთვის შექმნილი კომისიის ხელმძღვანელობის გარეშე დაიწყო. არადა, პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც ამ კომისიის ხელმძღვანელია, განაცხადა, რომ დღეს ეს საკითხი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს. ამ მნიშვნელოვან სხდომას კი არც დავით ბაქრაძე და არც ამ კომისიაში მისი მოადგილე, ავთანდილ დემეტრაშვილი არ ესწრებოდნენ. პირველი შეხვედრა კი სამეცნიერო წრეებთან გაიმართა, მაგრამ შეხვედრას მეცნიერების მაინცდამაინც დიდი სპექტრი არ დასწრებია.
      ძნელი სათქმელია, სამეცნიერო წრეების მხრიდან საკონსტიტუციო პროექტით დაუინტერესებლობა რამ განაპირობა, მაგრამ ფაქტია, რომ გუშინ პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე ძირითადად სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლები, რამდენიმე იურისტი და ძირითადად ის ხალხი ესწრებოდა, ვინც ამ პროექტის შემუშავებაში მონაწილეობდა.
      ერთი კვირის წინ, როდესაც საკონსტიტუციო პროექტის საჯარო განხილვისთვის საორგანიზაციო ჯგუფი შეიქმნა, გაკეთდა განცხადებები, რომ გამოქვეყნდებოდა მეილის მისამართი, რისი მეშვეობითაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს პროექტის განხილვაში ჩართვის საშუალება ექნებოდა. ეს მისამართი კი, ჯერჯერობით, არც პარლამენტის და არც საკონსტიტუციო კომისიის ვებგვერდებზე არ გამოქვეყნებულა. ამიტომაც, ცოტა არ იყოს, გაუგებარია, ფართო საზოგადოება კონსტიტუციის განხილვის პროცესში მონაწილეობას როგორ მიიღებს და შეხვედრების მონაწილეთა შერჩევა რა პრინციპით ხდება.
      მაგრამ, ასეა თუ ისე, პირველი შეხვედრა გაიმართა, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ არსებითი განხილვის გარეშე.
      საკონსტიტუციო პროექტი, როგორც უკვე გაცხადებულია, ითვალისწინებს ხელისუფლების შტოებს შორის ძალთა დაბალანსებას.
      ეს კი პროექტში მოცემულია იმ პრინციპით, რომ პრეზიდენტს ძირითადი აღმასრულებელი ფუნქციები ჩამოშორდა. ანუ, მიუხედავად იმისა, რომ დღეს მოქმედ კონსტიტუციაში არ სწერია, რომ პრეზიდენტი არის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი, რეალურად მას ის უფლებამოსილებები აქვს, რომელიც პირდაპირ მიუთითებს, რომ იგი ხელმძღვანელობს აღმასრულებელ ხელისუფლებას. მთავრობის დაკომპლექტებაში მას გადამწყვეტი როლი ჰქონდა, რადგან იგი წარადგენდა პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას, რომელიც მთავრობის ფორმირების წყაროა. თუ პარლამენტი მას არ დაეთანხმებოდა, გარკვეული პროცედურების შემდეგ პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვის უფლებაც ჰქონდა. ამასთან, მთავრობას არ ჰქონდა უფლება, რომ პარლამენტში ბიუჯეტის პროექტი პრეზიდენტის თანხმობის გარეშე შეეტანა.
      პროექტის თანახმად კი, პრეზიდენტს ბიუჯეტის პროექტთან არანაირი შეხება აღარ აქვს. ის აღარ იღებს მთავრობის დაკომპლექტებაში მონაწილეობას. პროცედურა მთლიანად პარლამენტზეა დამოკიდებული.
      პარლამენტის მთავარი მახასიათებელი არის ის, რომ აქამდე მთავრობის ფორმირებაში მას ჰქონდა ნომინალური უფლებები. პარლამენტს მხოლოდ ის შეეძლო, რომ დათანხმებოდა ან არა პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატურას. პროექტის თანახმად კი თავად ახდენს მთავრობის ფორმირებას.
      თუკი პარლამენტი ვერ ახდენს მთავრობის ფორმირებას და ვერ ამტკიცებს ბიუჯეტს, პროექტის თანახმად, განსხვავებულად დარეგულირდება.
      იმ შემთხვევაში, როდესაც პარლამენტი ვერ ახდენს მთავრობის ფორმირებას, პრეზიდენტი ითხოვს პარლამენტს. აქ არის მთავრობის ფორმირების ორი ეტაპი და, თუკი ვერ ახერხებს, ითვლება უუნაროდ და პრეზიდენტი ითხოვს პარლამენტს და ნიშნავს რიგგარეშე არჩევნებს.
      რაც შეეხება ბიუჯეტს, თუ ვერ ახერხებს პარლამენტი ბიუჯეტის მიღებას, მაშინ ქვეყანაში მოქმედებს წინა წლის ბიუჯეტის პარამეტრები მანამდე, ვიდრე არ მოხდება შეთანხმება და ახლის მიღება.
      მთავრობას და პარლამენტს ამტკიცებს და გადააყენებს პარლამენტი. უფრო სწორად, პარლამენტი ირჩევს პრემიერს და შემდეგ პრემიერი პარლამენტთან შეთანხმებით ნიშნავს ყველა მინისტრს, მათ შორის ძალოვანებს.
      პრეზიდენტს კი აქვს ძირითადად არბიტრის როლი პარლამენტს და მთავრობას შორის. პრეზიდენტს ირჩევს მოსახლეობა და მისი გათავისუფლება ხდება იმპიჩმენტის წესით. პრეზიდენტი არის ქვეყნის მთავარსარდალი და იგი გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელს და მიმართულებების გენერლებს ნიშნავს.
      იგი არის ქვეყნის პირველი პირი, მაგრამ გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად ვერ იღებს. აწარმოებს მოლაპარაკებებს და დებს ხელშეკრულებებს მთავრობასთან შეთანხმებით. თუმცა, გამონაკლისს წარმოადგენს სამი სახის დოკუმენტი. ეს დოკუმენტებია: ხელშეკრულება საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანებისათვის, დოკუმენტი რომელიც ითვალისწინებს სამხედრო საკითხებს, დოკუმენტი რომელიც ეხება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
       
    პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა მარტივდება
      პრეზიდენტის უფლებამოსილების კონტექსტზე საუბრისას მნიშვნელოვანია მისი იმპიჩმენტის საკითხიც. როგორც წესი, არჩეული პირის გადაყენება ხდება მხოლოდ იმპიჩმენტის წესით თუკი მან ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული და დაარღვია კონსტიტუცია. დღეს ეს პროცედურა კონსტიტუციაშია გაწერილი. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის თანახმად კი ეს პროცედურა გარკვეულწილად გამარტივდება.
      საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის მიხედვით, პარლამენტს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის ჩაგდების შემდეგ, მისი ხელმეორედ დაყენების უფლება აღარ ექნება.
      აღნიშნული ცვლილებით და დღეს მოქმედი ნორმითაც, საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება შესაძლებელია მაშინ, თუ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია ან მის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის ნიშნები არსებობს.
      რაც შეეხება პროცედურას, პროექტის თანახმად, პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის არა ნაკლებ 1/3-ს. საკითხი კი, შემდეგ დასკვნისთვის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაეცემა. თუ საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი დასკვნით დაადასტურა პრეზიდენტის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების არსებობა ან კონსტიტუციის დარღვევა, დასკვნის წარდგენიდან არა უგვიანეს 15 დღისა, პარლამენტი განიხილავს და კენჭს უყრის პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხს. პრეზიდენტი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის არა ნაკლებ 2/3-მა.
      არსებული ნორმით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს პარლამენტმა კენჭი ორჯერ უნდა უყაროს - პირველად საკითხის მიზანშეწონილობას და შემდეგ უშუალოდ იმპიჩმენტის საკითხს. ამას გარდა, დღეს მოქმედი ნორმით, თუ 30 დღის ვადაში პარლამენტმა არ მიიღო გადაწყვეტილება, საკითხი მოხსნილად ითვლება და მომდევნო ერთი წლის განმავლობაში დაუშვებელია იმავე ბრალდების წარდგენა.
      საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის მიხედვით კი, თუ დადგენილ ვადაში პარლამენტმა არ მიიღო გადაწყვეტილება პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, იმავე საკითხზე იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება დაუშვებელია.
      ამ გადაწყვეტილებას საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი უაღრესად მნიშვნელოვნად მიიჩნევს, ვინაიდან მისი თქმით, "პრეზიდენტი პარლამენტის მძევალი არ უნდა იყოს".
      გარდა ამისა, კონსტიტუციის ახალი პროექტი ითვალისწინებს იმასაც, რომ პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების პროცედურიდან ამოვარდნილია უზენაესი სასამართლოს წინასწარი დასკვნის აუცილებლობა. დღეს მოქმედი ნორმით, პარლამენტი პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს სწორედ უზენაესი სასამართლოს წინასწარი დასკვნის საფუძველზე. რაც კუბლაშვილის თქმით, გაუმართლებელია, ვინაიდან სასამართლო ასეთ შემთხვევაში საკითხის განხილვისას უკვე აღარ იხილავს არსებითად საკითხს და ვიდრე დაიწყება საქმის განხილვა სასამართლოს პოზიცია დაფიქსირებული აქვს და ეს მიზანშეწონილი არ არის. შესაბამისად, ეს მოთხოვნა ახალ კონსტიტუციაში აღარ იქნება.
       
    რა საჭიროა "ორგანული კანონი"?
      ეს ის კითხვაა, რომელზეც საერთო პოზიციის ჩამოყალიბება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. დღეს მოქმედი კონსტიტუციით იერარქიაში პირველ ადგილზეა კონსტიტუცია, მეორეზე საკონსტიტუციო შეთანხმება, მესამეზე ორგანული კანონი, შემდეგ კანონი და ა.შ. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი კი ამ იერარქიიდან "ორგანული კანონის" ცნების ამოღებას ითვალისწინებს. აზრთა სხვადასხვაობას კი სწორედ ეს საკითხი იწვევს.
      ორგანული კანონის კანონთა იერარქიიდან ამოღების მოწინააღმდეგენი საკუთარ მოსაზრებას იმ არგუმენტით ასაბუთებენ, რომ არსებობს გარკვეული პრიორიტეტული საკითხები და მასთან დაკავშირებული კანონები პრივილეგირებულ მდგომარეობაში უნდა არსებობდეს.
      აღსანიშნავია, რომ ამ მოსაზრებას საკონსტიტუციო კომისიის წევრთა უმეტესობა და ასევე საპარლამენტო უმრავლესობა ეწინააღმდეგება.
      როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა განმარტა, კანონთა იერარქიაში უზენაეს კანონს წარმოადგენს კონსტიტუცია. ყველა კანონი უნდა გამომდინარეობდეს კონსტიტუციიდან და იყოს თანაბარი უფლების მქონე. მისი თქმით, არ შეიძლება კანონთა შორის გარკვეული საკითხების პრივილეგიად მიჩნევა.
      გარდა ამისა, საპარლამენტო უმრავლესობა აქცენტს აკეთებს იმაზეც რომ დეპუტატთა ხელში ორგანული კანონი ხშირად მანიპულაციის საგანია, ვინაიდან ორგანული კანონის მიღებას ან ამ კანონში ცვლილების შეტანას სჭირდება მეტი ხმა და შესაბამისად დაინტერესების შემთხვევაში დეპუტატები ამით მანიპულირებენ. სწორედ ამიტომ დეპუტატებს მიაცნიათ რომ აღნიშნული პრობლემები მოიხსნება თუკი იერარქიაში აღარ იქნება ორგანული კანონი.
      კუბლაშვილის თქმით, ევროპის ძალიან ბევრი ქვეყნის კანონმდებლბაში ორგანული კანონის მცნება არ არსებობს და ეს მათ არც სამართლებრივი და არც დემოკრატის თვალსაზრისით არანაირ პრობლემას არ უქმნის.
       
    ჩავარდნილი ინიციატივა
      ეს კი საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელობის იმ იდეას ეხება, რომელიც საქართველოში ე.წ. "სტრასბურგის სასამართლოს" მოწყობას ითვალისწინებდა. კერძოდ, ინიციატივა მოქალაქეებისთვის სასამართლო გადაწყვეტილებების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრების უფლების მიცემას ეხებოდა და მას კომისიის ხელმძღვანელობაც იზიარებდა.
      ავთანდილ დემეტრაშვილს და თენგიზ შარმანაშვილს მიაჩნდათ, რომ ამ ინიციატივის განხორციელება მნიშვნელოვნად შეამცირებდა სარჩელების სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნის შემთხვევებს.
      თუმცა, როგორც გუშინდელ შეხვედრაზე გაირკვა, ეს ინიციატივა პროექტში ასახული არ არის. ამის არგუმენტად პავლე კუბლაშვილი იმ ფაქტორს ასახელებს, რომ ამით საკონსტიტუციო სასამართლოს გადატვირთვა მოხდება. ამის გამო ვეღარ მოხდება სარჩელების საფუძვლიანი და არსებითი განხილვა და შესაბამისად ეს გამოიწვევს საკონსტიტუციო სასამართლოს დისკრედიტაციას. გარდა ამისა, კუბლაშვილი იმასაც აცხადებს, რომ ამ საკითხზე ბერლინის კონფერენციაზე მსჯელობა საერთოდ არ ყოფილა და დასძენს, რომ ამ საკითხზე გერმანიაში ცალკე შეხვედრა გაიმართა. მისი თქმით, უცხოელი სპეციალისტების რჩევაც იყო, რომ ამ იდეის განხორციელებისაგან ჯერჯერობით თავი შეეკავებინათ.
      საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი კი იმედოვნებს, რომ "იქნება, როდესმე მივაღწიოთ ამას". როგორც შარმანაშვილი აცხადებს, პირადად იგი და საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილი მომხრე იყვნენ მოქალაქეებისათვის ამ უფლების მინიჭებისა, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ ეს პრინციპი ბევრ ევროპულ ქვეყანაშიც კი არ არის გავრცელებული და მაგალითისათვის ასახელებს პოლონეთს. შარმანაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ ამ პრინციპის მიხედვით არ ხდება იმის განსაზღვრა, ქვეყანა არის თუ არა დემოკრატიული.
      "ეს არის ასაწონ-დასაწონი საკითხები და წმინდა გემოვნების საკითხია. აქ არ არის საუბარი ქვეყნის დემოკრატიულობაზე, აქ არის საუბარი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებაზე. შეგახსენებთ, სტრასბურგის სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებას, რომელსაც შეგნებულად არ დავაკონკრეტებ და ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ ამ დასკვნაში წერია, რომ საქართველოში სამართლებრივი დაცვის მექანიზმები ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული და გარკვეულწილად ამ დასკვნას ამ საკითხსაც ვაკავშირებ. ვიმედოვნებ, იქნებ როდესმე მივაღწიოთ კიდეც ამ პრინციპის დანერგვას," - აცხადებს შარმანაშვილი.
       
    გადაწყვეტილება საკონსტიტუციო კომისიის სასარგებლოდ
      ეს კი უკვე საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის იმ საკითხს ეხება, რომელიც მოსამართლის მინიმალურ ასაკად 30 წელის განსაზღვრას ითვალისწინებს.
      შეგახსენებთ, რომ დღეს მოქმედი ნორმა მოსამართლის მინიმალურ ასაკად 28 წელს ითვალისწინებს. მოსამართლეთა ასაკის შემცირება "ვარდების რევოლუციის" შემდეგ მოხდა და წლების განმავლობაში ეს საკამათო თემად რჩებოდა.
      ამ ასაკის 30 წლამდე აწევას კი თავდაპირველად სახელისუფლო გუნდი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა და მიაჩნდათ, რომ საკონსტიტუციო პროექტში მოსამართლის მინიმალურ ასაკად კვლავ 28 წელი უნდა დარჩენილიყო. სხვათა შორის, რამდენიმე თვის წინ, როდესაც საკონსტიტუციო კომსიაში აღნიშნული იდეა გაჟღერდა, მაშინ "რეზონანსთან" საუბრისას ხელისუფლების წარმომადგენლები იმასაც აცხადებდნენ, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა და საკონსტიტუციო კომისიაში მსგავსი რამ არც კი იხილებოდა.
      მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ეს იდეა ნამდვილად იხლებოდა კიდეც და პროექტში ჩანაწერიც ასეთია, რომ "მოსამართლე შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, 30 წლის ასაკიდან, თუ მას აქვს შესაბამისი უმაღლესი იურიდიული განათლება და სპეციალობით მუშაობის სულ ცოტა 5 წლის გამოცდილება." ამასთან, ამავე პროექტის მიხედვით, ყველა მოსამართლის თანამდებობაზე გამწესება უვადო ხდება.
      თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ეს არის პროექტი და მისი დამტკიცებისთვის პარლამენტის თანხმობაა საჭირო. პროექტის საპარლამენტო განხილვა საშემოდგომო სესიაზე დაიწყება და არც ის არის გამორიცხული, რომ არსებული პროექტის გარკვეული კორექტირება მოხდეს. თუმცა, როგორც გუშინ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, პროექტში პრინციპების შეცვლა არ მოხდება და შესაძლოა, მხოლოდ ტექნიკური ხასიათის ცვლილებები შევიდეს.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    კომენტარის დატოვებისათვის უნდა გაიაროთ ავტორიზაცია(თუ ხართ "რეზონანსის web–კლუბის წევრი), ან გაიაროთ რეგისტრაციის უმარტივესი პროცედურა და შემდეგ –– ავტორიზაცია.
          შესაბამის ველები საიტის ზედა ზოლშია

    Copyright © 2006-2010 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter