სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამთა ქარჩავა
    (29.07.2010)

    საქართველოს პრეზიდენტი ახალი ინიციატივით გამოვიდა. მისი თქმით, ყველა სოფელს უნდა ჰყავდეს თავისი დაცვა, საქართველოს ყველა დასახლებულ ადგილში უნდა იყოს შესაბამისი მომზადების პატარ-პატარა ჯგუფები, მინიმალური იარაღით. პრეზიდენტის განცხადებით, თავისი სოფლის, ქუჩის, ქალაქის და რაიონის დაცვა ყველას უნდა შეეძლოს.
      პრეზიდენტმა სამოქალაქო თავდაცვის სისტემის გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით რეზერვისტთა სისტემამ ვერ გაამართლა, რადგან საქართველოს არმიას საკმარისი ოფიცრები არ აღმოაჩნდა.
      "ამასთან, აუცილებელია სამოქალაქო თავდაცვის სიცოცხლისუნარიანი სისტემის ჩამოყალიბება. აქაც კონცეფცია არის გადასახედი. ჩვენ გვყავდა რეზერვისტთა ბატალიონები და მათთვის არ გვეყო ოფიცრები. მათ უნდა ჰქონდეთ სხვა ამოცანა. ყველა სოფელს უნდა ჰყავდეს თავის დაცვა, საქართველოს ყველა დასახლებულ ადგილებში უნდა იყოს შესაბამის მომზადების პატარ-პატარა ჯგუფები, მინიმალური იარაღით, რომ ყველამ შეძლოს თავისი სოფლის, თავისი ქუჩის, ქალქის, რაიონის დაცვა.
      "ცხადია, რომ აბსოლუტურად არც ერთ ნორმაში არ ჯდება ის ძალა, რომელთანაც საქმე გვაქვს. თუ მოინდომებს ის უკვე დაკავებული რაიონებიდან ნაბიჯის წინ გადმოდგმას, ყველა კვადრატული მიწის ნაკვეთი ფეხქვეშ უნდა ეწვებოდეს. ქვეყნის დაცვა საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლის ამოცანაა," - განაცხადა პრეზიდენტმა.
      სააკაშვილის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ მოწინააღმდეგე უკვე დაკავებული და ეთნიკურად გაწმენდილი რეგიონებიდან წინ გადმოწევას მოინდომებს, იგი წინააღმდეგობას ყოველ კვადრატულ მეტრზე უნდა წააწყდეს. 
      ამისათვის კი, პრეზიდენტის აზრით, სამოქალაქო თავდაცვის სისტემის განვითარებაა აუცილებელი.
      "ამგვარად, თუ მოწინააღმდეგე გადაწყვეტს უკვე დაკავებული და ეთნიკურადი გაწმენდილი რეგიონებიდან წინ გადმოწევას, ყოველი კვადრატული მეტრი მის ფახქვეშ უნდა იწვოდეს, ეს არის ძირითადი ამოცანა. 
      ამას უნდა სათანადო დონეზე სამოქალაქო თავდაცვის განვითარება და საბოლოო ჯამში საქართველოს დაცვა ეს არ არის რამდენიმე ათასი პროფესიონალის დაცვა, ეს არის მრავალეთნიკური საქართველოს წარმომადგენლის მთავარი ამოცანა, რადგან ჩვენ ყველა ერთად შევადგენთ ქართველ ერს და საქართველოს ხალხს", - განაცხადა სააკაშვილმა.
      რამდენად განხორციელებადია ეს საკითხი, ამის პროგნოზირება უჭირს სამხედრო ექსპერტს კახა კაციტაძეს, რომლის თქმით, ამის გაკეთება შვეიცარიაშიც კი შეუძლებელია.
      "ვერ გეტყვით, როგორ უნდა დაითვალოს, რამდენი პუნქტისთვის რამდენი სამხედროა საჭირო. უბრალოდ, ეჭვი მაქვს, რომ პრეზიდენტი აგრძელებს "ზანგები ხომ არა ვართ"-ის კამპანიას. ასეთი რამ არც ერთ ქვეყანაში არაა. 
      "დავუშვათ, ერთ რაიონულ ცენტრში იყოს ერთი ასეული, ამისთვის მინიმუმ ჩვენ დაგვჭირდება 80 ასეული, მაგრამ ყველას ერთდროულად ხომ არ დავაყენებთ მწყობრში, 8 - საათიანი გრაფიკით რომ დავთვალოთ, 240 ასეული გვჭირდება.
      "თავის დროზე, როდესაც რეზერვისტების 100 - ათასიანი "დიადი სისტემა" შექმნეს და ვკითხულობდი, რატომ 100 ათასი და 95, ვერ მპასუხობდნენ და მერე როგორ გაამართლა ამან, ვნახეთ. ასეთი რამ შვეიცარიაშიც კი არაა. საიდან გამოიგონებს ხოლმე ასეთ რაღაცას ეს ხელისუფლება, ვერ გავიგე.
      "საერთოდ, ოპერატიული მიმართულება რა არის, დარტყმა საიდან ხდება და ა.შ. ეს არაფერი არ იციან. 
      ეჭვი მაქვს, რომ რა სისულელეებსაც ეს დღეები აბრეხვებდნენ, ამის გადაფარვა მოინდომეს. არა მგონია, რომ რამე სერიოზული იყოს. 
      ამ თემებზე სერიოზული ლაპარაკი უბრალოდ არ შეიძლება," - აცხადებს კახა კაციტაძე.
      სამხედრო ექსპერტის, გიორგი თავდგირიძის განცხადებით, სააკაშვილი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობასთან დაკავშირებით სწორ შეფასებას აკეთებს, თუმცა სამხედრო პოლიტიკის საკითხებში ცუდი მრჩეველი ჰყავს.
      "საფრთხეები ნამდვილად არის და არცთუ შორეული. თუმცა მიდგომა, რომლის თანახმად ყველა სოფელში გარკვეული სამხედრო დაჯგუფებები უნდა იყოს, არაფერს მოგვცემს, ვინაიდან ერთიანი და მტკიცე მმართველობის სისტემაა საჭირო.
      "ჯერ კიდევ მე-20 საუკუნეში გამოჩნდა, რომ იგებს ის, ვინც მტკიცე, ერთიან მმართველობას ექვემდებარება. 
      კარგია, რომ მთავარსარდალი პრობლემებს ხედავს და საფრთხეებთან დაკავშირებით სწორ შეფასებას აკეთებს. თუმცა ცუდი მრჩეველი ჰყავს სამხედრო პოლიტიკის საკითხებში.
    "საჭიროა, თავდაცვის სამინისტროში არსებითი რეორგანიზაცია. საჭიროა პროფესიონალი ჯარის შექმნა, რომელიც მუდმივად იქნება მზად ქვეყანაში შემოსულ მტრებზე რეაგირებისთვის. ამავდროულად უნდა შეიქმნას კომპონენტი, რომელიც დანაყოფების დაუყოვნებლივ მობილიზაციას შეძლებს," - აცხადებს გიორგი თავდგირიძე.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    კომენტარის დატოვებისათვის უნდა გაიაროთ ავტორიზაცია(თუ ხართ "რეზონანსის web–კლუბის წევრი), ან გაიაროთ რეგისტრაციის უმარტივესი პროცედურა და შემდეგ –– ავტორიზაცია.
          შესაბამის ველები საიტის ზედა ზოლშია

    Copyright © 2006-2010 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter