სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს ვეღარ წარადგენს
    გვანცა ღვედაშვილი
    20.03.2017

     პრეზიდენტს კიდევ ერთი უფლებამოსილება ჩამოერთმევა. საკონსტიტუციო კომისიის გადაწყვეტილებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეეჩბის კანდიდატურებს პრეზიდენტის ნაცვლად იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარადგენს. როგორც საკონსტიტუციოს წევრები აცხადებენ, აღნიშნული ცვლილებით მათ ვენეციის კომისიის რეკომენდაცია გაითვალისწინეს.

    კომისიამ არ გაიზიარა იმ წევრთა აზრი, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ პრეზიდენტს ეს ფუნქცია არ უნდა ჩამორთმეოდა, არამედ უნდა დამატებოდა. იუსტიციის უმაღლესი საბჭო და მოსამართლეთა ორწვეროვანი დანიშვნა სამწვეროვანი გამხდარიყო, რაც პრეზიდენტის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პარლამენტის ერთობლივ ჩართულობას გულისხმობდა.

    უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე და სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინა წარმომადგენელი მინდია უგრეხელიძე "მთელ კვირასთან" აცხადებს, რომ კომისიამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ეს დემოკრატიის განვითარებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.

    "მე მომეჩვენა, რომ ამ საქმეზე არსებობდა როგორც ფორმალური, ისე არსებითი საფუძველი საიმისოდ, რომ საბოლოოდ ეს გადაწყვეტილება მიღებულიყო. ორ რამეს მოგახსენებთ. პირველი - ვენეციის კომისიამ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩამოაყალიბა საკუთარი პოზიცია და მან უპირატესობა მიანიჭა იმ მოდელს, რომლის მიხედვითად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა წარადგინოს და არა პრეზიდენტმა. ეს არის ფორმალური საფუძველი, რომელიც რეალურ მოსაზრებებს ემყარება.

    "არსებითი საფუძველი ფართო მკითხველისა და იმ ადამიანებისთვის, ვინც სპეციალისტები არ არიან, მარტივი გასაგები იქნება. ჩვენ ვისწრაფვით დემოკრატიისკენ და თითოეული ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯი სწორედ დემოკრატიის განვითარებისა და გაღრმავებისკენ უნდა იყოს მიმართული. შესაბამისად, რა უფრო დემოკრატიული იქნება - მოსამართლის კანდიდატურის ერთი ადამიანის მიერ არჩევა თუ ჯგუფის მიერ არჩევა, რომელშიც ერთიანდებიან როგორც მოსამართლეები, ისე მეცნიერები და სხვადასხვა სფეროს სპეციალისტები?

    "მიუხედავად იმისა, რომ მიმაჩნია, ამ საკითხზე სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, მე მეშინია, არ იფიქრონ, რომ ეს დაკავშირებულია პრეზიდენტისადმი უარყოფით დამოკიდებულებასთან. პირადად მე მასთან და მის ოჯახთანაც ძალიან ახლო და კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ აქ საკითხი საქართველოს იურიდიული ინსტიტუტის განვითარებას შეეხება და, ამ თვალსაზრისით, სჯობს, ეს გაკეთდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ", - განაცხადა მინდია უგრეხელიძემ.

    საკონსტიტუციო კომისიის გადაწყვეტილებას პრეზიდენტის უფლებების სავარაუდო შეზღუდვასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძეც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აღნიშნული ცვლილებების განხორციელება, სავარაუდოდ, "ქართული ოცნება" სურვილი იქნებოდა.

    "საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული. როგორც ჩანს, ეს არის მმართველი გუნდის პოზიცია. მე ვისურვებდი, რომ სასამართლოების დამოუკიდებლობისთვის უფრო მეტი გარანტიები შექმნილიყო და უფრო მეტად გაღრმავებულიყო, ვიდრე შეკვეცილიყო", - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

    კომისიის გადაწყვეტილებისგან განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდეს, რომლის იდეის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატურის წარდგენის უფლება პრეზიდენტს კი არ უნდა ჩამორთმეოდა, არამედ მასთან ერთად იგი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უნდა შეერჩია. თუმცა, როგორც "მთელ კვირასთან" საუბრისას აღნიშნავს, მისი იდეა უმცირესობაში მოჰყვა და კომისიამ არ გაიზიარა.

    "ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იყო, რომ აღნიშნული ცვლილება კონსტიტუციაში ჩაწერილიყო და ქმედითი უფელებამოსილებით ჩართულიყო იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რაც საკონსტიტუციო კომისიამ გაიზიარა და პრეზიდენტი ჩაანაცვლა იუსიტიციის უმაღლესმა საბჭომ.

    "მე ვფიქრობ, ამ გადაწყვეტილებაზე უკეთესი გამოსავალი იქნებოდა, რომ დღევანდელ მოდელს დამატებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭო და დღეს მოქმედი ორწვეროვანი დანიშვნა - პრეზიდენტი პლუს პარლამენტი - შეცვლილიყო სამწვეროვანით. მგონია, რომ ეს იქნებოდა საუკეთესო გადაწყვეტილება. თუმცა, სამწუხაროდ, ჩემი პოზიცია უმცირესობაში აღმოჩნდა," - ვახუშტი მენაბდე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    xxx   (20.03.2017)
    პრეზიდენტი, საკონსტიტუციოს თავ-რე, სახალხო დამცველი, გენერალური პროკურორი უნდა აირჩიოს ხალხმა... კონსტიტუციის შემუშავება უნდა მოახდინოს საკონსტიტუციო სასამართლომ...


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter