სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ეკატერინე ბასილაია
    17.05.2017

     პოლიტიკურ პარტიებში ჯერ ისევ არ არის საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული, ვინ იბრძოლებს თბილისის მერობისთვის. ყველაზე დიდი ინტერესია, ვის წარადგენს "ქართული ოცნება" თბილისში პირველობისთვის საბრძოლველად და მმართველ პარტიაში დიდი თავსატეხია, ისევ მოქმედი მერის, დავით ნარმანიას კანდიდატურა დაასახელონ თუ ვიცე-პრემიერ კახა კალაძისა.

    პრობლემაა ის, რომ ნარმანიას მერობით უკმაყოფილოა ყველა, თვით "ოცნების" მხარდამჭერებიც კი და ამიტომ მისი გაყვანა დიდ ძალისხმევას მოითხოვს. თუმცა ნარმანიას სასარგებლოდ მუშაობს ის ფაქტორი, რომ ის პოლიტიკურ ლიდერად ვერ ჩამოყალიბდება. კალაძის კანდიდატურის საწინააღმდეგოდ კი სწორედ ეს, ცალკე ძლიერ პოლიტიკურ ლიდერად ჩამოყალიბების შიში მოქმედებს. მით უმეტეს, რომ მას მმართველი პარტიის დამაარსებელთან პირდაპირი ფინანსური ბმა არ აქვს და საკუთარი, დამოუკიდებელი ფინანსური წყაროები აქვს, თან ლიდერობაზე ამბიციები გააჩნია.

    "ოცნების" დეპუტატები ამბობენ, რომ თბილისში პირველობისთვის ბრძოლის კანდიდატი ჯერ პოლიტსაბჭოზე არ განუხილავთ, თუმცა მხარს ნებისმიერ კანდიდატს დაუჭერენ, ვისაც მმართველობიდან შესთავაზებენ.როგორც საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრ "ფსიქო პროექტის" დამფუძნებელი ზურაბ ბიგვავა "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, "ოცნებაში" კანდიდატის შერჩევამდე სოციოლოგიური კვლევის ჩატარებაა დაგეგმილი და დასახელდება ის, ვინც მეტ ხმას დააგროვებს კვლევაში და ვინც უფრო ღირსეულია.

    ამ ორი პოლიტიკური ფიგურიდან ვის რა რეიტინგი აქვს, ეს კვლევებით ცნობილი არ არის. ორი დღის წინ გამოქვეყნდა ენ-დი-აის სოციოლოგიური კვლევა, სადაც ამ პოლიტიკოსების პირადი რეიტინგი არა, მაგრამ მათი საქმიანობის მიმართ მოსახლეობის მოწონება-არმოწონებაა ნაჩვენები.

    თბილისის მოქმედი მერის საქმიანობას კარგად აფასებს კატასტროფულად მცირე რაოდენობა - მხოლოდ 8%, საშუალოდ - 33% და ცუდად - 52%.

    ენერგეტიკის სამინისტროს საქმიანობას კარგად აფასებს 29%, საშუალოდ - 40% და ცუდად - 23%.

    ზურაბ ბიგვავა, რომლის ორგანიზაცია "ოცნების" დაკვეთით სოციოლოგიურ კვლევებს ატარებს, ამბობს, რომ ენ-დი-აის კვლევით მიღებული პროცენტები უწყებებს ეხება, თუმცა ის ირიბად მიანიშნებს უწყების ხელმძღვანელის პიროვნულ რეიტინგზეც.

    "ეს არ არის პირდაპირი კითხვა იმის თაობაზე, მერად ვინ გირჩევნიათ, ნარმანია თუ კალაძე. როდესაც პირდაპირი კითხვაა, გაცილებით სანდო პასუხი მიიღება. ირიბად შეიძლება იმაზე მსჯელობა, რომ ნარმანიას მერად საქმიანობას უფრო ნაკლები დადებითი შეფასებები აქვს, ვიდრე კალაძეს, როგორც ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელს. თუმცა შანსებზე პირდაპირი პასუხი მაინც არ არის," - აღნიშნავს ბიგვავა.

    მისი თქმით, ყველა პარტია უმეტესად თავის კვლევაზე დაყრდნობით აკეთებს დასკვნას, თუმცა ენ-დი-აის კვლევის ამ ირიბ პასუხებსაც რაღაც დონეზე ალბათ გაითვალისწინებენ.

    "ამ კვლევის გარეშეც ნარმანიას მიმართ კრიტიკული შეფასებები ჩვენ კარგა ხანია, გვესმის. მედიიდან ხშირად აკრიტიკებენ მას, ეს ფაქტია. შეიძლება ენ-დი-აის ამ კვლევამ გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე რაღაც ზეგავლენა მოახდინოს, მაგრამ კანდიდატის შერჩევისას ძირითადად პარტიის მიერ ჩატარებული კვლევა და სხვა არგუმენტები იქნება მთავარი. გადაწყვეტილების მიღებამდე კვლევას ჩაატარებენ," - ამბობს ბიგვავა.

    შეკითხვაზე, მმართველმა პარტიამ იცის, რომ დიდი კონკურენტი არ ჰყავს და ამიტომ თუკი თბილისელებს ისევ ნარმანია შესთავაზა მერად, ეს იქნება მესიჯი - თქვენ არ მოგწონთ, მაგრამ მე ასე მინდა? - ბიგვავა პასუხობს, რომ "ყველა მომენტს გაითვალისწინებენ და ძალიან ღირსეულ კანდიდატს დაასახელებენ."

    "ჯერ არავინ არ იცის, ვის შემოგვთავაზებს "ქართული ოცნება". მე მგონია, ძალიან სერიოზულად განიხილავენ ამ საკითხს და ძალიან ღირსეულ კანდიდატს შესთავაზებენ თბილისს. ვფიქრობ, გაითვალისწინებენ შეფასებებს და მთელ ამ მომენტებს, რაზეც მელაპარაკებით. არ მგონია, ჯიბრით შეთავაზებასთან გვქონდეს საქმე. ეს გამორიცხულია," - დასძენს ბიგვავა.

    მმართველი პარტიის მსგავსად, არც სხვა რომელიმე პარტიას აქვს ჯერ გამჟღავნებული, ვის წარადგენენ თბილისის მერობის კანდიდატებად. ყველა პარტიაში დიდი განხილვაა დაწყებული.

    კანიდატებიდან ყველაზე პირველად ცნობილი "ევროპული საქართველოს" კანდიდატი გახდება. როგორც პარტიის ლიდერი დავით ბაქრაძე აცხადებს, განიხილება ელენე ხოშტარია და ასევე სხვა კანდიდატებიც და გადაწყვეტილებას 27 მაისს პარტიის ყრილობაზე მიიღებენ დემოკრატული გზით - "ის, ვისი ხილვაც უნდათ თბილისელებს და ვისაც მხარს დაუჭერს პარტიის თბილისის ორგანიზაცია".

    "ჩვენი პარტია ამჟამად თბილისში ატარებს "კარდაკარს" და ერთ-ერთი შეკითხვა არის სწორედ ის, ვის ხილვას ისურვებდნენ თბილისელები თბილისის მერის პოსტზე. პარტიის ყრილობის დღეს, 27 მაისს ასევე შედგება კენჭისყრა და თბილისიდან არჩეული დელეგატები მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას," - განუცხადა ბაქრაძემ "ინტერპრესნიუსს".

    "ნაციონალურ მოძრაობაშიც" დიდი ფიქრია, წინა არჩევნებზე წაგების მიუხედავად, ისევ ნიკა მელია ჩააბან მერობისთვის ორთაბრძოლაში თუ ცნობილი, მაგრამ სხვა ახალი ფიგურა წარუდგინონ საკუთარ მხარდამჭერებს. პარტიაში საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას უახლოეს კვირებში აპირებენ.

    ასევე საკუთარი კანდიდატი აუცილებლად ეყოლება კიდევ ერთ საპარლამენტო პარტიას, "პატრიოტთა ალიანსს", თუმცა გადაწყვეტილი აქაც არაფერია.

    როგორც პარტიის წევრი, თბილისის საკრებულოს დეპუტატი გოჩა თევდორაძე "რეზონანსთან" ამბობს, გადაწყვეტილებას მიიღებენ ივნისის დასაწყისში და მაშინ გაასაჯაროებენ კიდეც. მხოლოდ იმას ამბობს, რომ არც ირმა ინაშვილი და არც დავით თარხან-მოურავი თბილისის მერობისთვის ბრძოლაში მონაწილეობას არ მიიღებს.

    არასაპარლამენტო ოპოზიციაში რაიმე მხარდაჭერის მოპოვების შანსები ბევრად უფრო მცირე აქვთ, ვიდრე საპარლამენტო ოპოზიციის კანდიდატებს. თუმცა საუბარია იმაზე, რომ შესაძლოა, თბილისში პირველობისთვის ბრძოლაში დამოუკიდებელ კანდიდატად ალეკო ელისაშვილი წარსდგეს. ელისაშვილს ჯერ ბოლომდე გადაწყვეტილი არ აქვს, თუმცა, თუკი ამ ბრძოლაში ჩართვის გადაწყვეტილებას მიიღებს, მის მხარდაჭერას გეგმავენ "რესპუბლიკელები" და "თავისუფალი დემოკრატები".

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    სერიოზული თბილისელი   (17.05.2017)
    დავით საგანელიძე დედაქალაქის მერად - ნამდვილი თბილისელი !


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter