სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ეკატერინე ბასილაია
    10.08.2017

     2006 წელს რუსეთიდან ქართველების მასობრივი დეპორტაციიდან 11 წლის შემდეგ მოსკოვმა, არაადამიანური მოპყრობის გამო ევროსასამართლოს დადგენილებით, ერთ ოჯახს კომპენსაცია გადაუხადა - 30 ათასი ევრო. 4 მცირეწლოვნისა და მათი დედის ისტორია ძალიან მძიმეა.

    დეპორტაციის დროს რუსებისგან არაადამიანური მოპყრობის, დამცირების მსხვერპლი კიდევ 700-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე გახდა მხოლოდ იმის გამო, რომ იყო ქართველი. რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა კიდეც. თუმცა დაზარალებული სხვა ქართველების კომპენსაციაზე რუსეთისგან ჯერ საუბარი არ არის.

    ევროსასამართლომ ლია შიოშვილის საჩივარი 20 დეკემბერს დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ რუსეთს აპლიკანტისთვის მორალური ზიანის ანაზღაურების თანხა - 30 000 ევრო უნდა გადაეხადა. მათ ინტერესს ევროსასამართლოში კონსტიტუციის "42-ე მუხლი" იცავდა. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" სარჩელის ფარგლებში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის ხელისუფლებამ ევროსასამართლოს დადგენილება აღასრულა და დაზარალებულს კომპენსაცია აუნაზღაურა.

    ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში დაწვრილებით არის აღწერილი, რისი გადატანა მოუხდა 2006 წელს რუსეთიდან გამოძევებისას ოთხი შვილის (11, 9, 6 და 2 წლის ბავშვების) დედას, ლია შიოშვილს, რომელიც ორსულობის მეცხრე თვეში იყო საქართველოში გამოძევებისას. ამ თემაზე "რეზონანსთან" ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ნიკოლოზ ლეგაშვილი საუბრობს.

    ნიკოლოზ ლეგაშვილი: ლია შიოშვილი 4 მცირეწლოვან შვილთან ერთად რუსეთში წლების განმავლობაში ცხოვრობდა არალეგალურად. 2006 წელს, როცა ანტიქართული კამპანია დაიწყო, სახლში მიაკითხეს და სასამართლოში გადაიყვანეს. დეპორტაციის დროს ყველა ქართველი მილიციაში მიჰყავდათ, სადაც არაადამიანური მოპყრობის მძიმე ფაქტები იყო, მაგრამ ეს ქალბატონი 8 თვის ფეხმძიმე იყო და ამიტომაც არ გადაიყვანეს.

    სასამართლოში მას არც თარჯიმანი ჰყავდა, არც ადვოკატი, გამოუწერეს დეპორტაციის საბუთი და სასწრაფოდ ქვეყნის დატოვება მოსთხოვეს. თან საბუთში მისი 4 შვილი არ იყო მითითებული, რაც გახდა იმის მიზეზი, რომ დერბენდში მატარებლიდან ჩამოსვეს, რაც ჰქონდათ, ის ფულიც ჩამოართვეს და 2 კვირა ამოწმებდნენ დოკუმენტს, რის გამოც ეს ოჯახი ძალიან გაწამდა.

    ქალბატონი ასთმით დაავადებულია და რამდენიმეჯერ შეტევაც დაემართა. ეს არის ნოემბერ-დეკემბრის პერიოდი, როდესაც ძალიან ცივა და 2 კვირა ღამეს სარდაფის ტიპის ოთახში, სიბინძურეში, ყინვაში გაუსაძლისად ათევდნენ. იქ ქართველები გაიცნო და ისინიც, როგორც შეეძლოთ, დაეხმარნენ.

    ოჯახმა მხოლოდ დეკემბრის დასაწყისში შეძლო, ფეხით გადმოევლო დაღესტან-აზერბაიჯანის საზღვარი, მაგრამ ამ გადატანილი საშინელების გამო ქალბატონმა გურჯაანში გარდაცვლილი ბავშვი გააჩინა. ამ ყველაფრის შემდეგ 30 ათასი ევროს კომპენსაცია არაფერი არ არის, შეუსაბამო თანხაა. ჩვენ 400 000 გვქონდა მოთხოვნილი, მაგრამ ევროსასამართლომ 30 ათასი დაადგინა.

    "რ": კიდევ რამდენი საქმე გაქვთ გაგზავნილი სტრასბურგში და მათზე რა ხდება?

    ნ.ლ: 7 საქმეა კიდევ გაგზავნილი. სულ 12 მოქალაქის 8 საქმე იყო. სხვა შემთხვევებზე კომპენსაციის ოდენობა მითითებული არაა, მოლაპარაკება მიმდინარეობს.

    გარდა ამისა, საქართველოს სახელმწიფოს აქვს წარდგენილი ევროპული სასამართლოსთვის, რომ რუსეთს დიდი კომპენსაცია დააკისროს, მილიარდზე მეტ ევროზეა მოთხოვნა და 2 000-მდე მოქალაქის საქმეა.

    ერთი საქმე იყო, როდესაც არაადამიანური მოპყრობის გამო ადამიანი გარდაიცვალა. წამების მსხვერპლი იყო და მხოლოდ 40 ათასი ევრო დააკისრა ევროსასამართლომ, მაგრამ არ ვიცი, ეს კომპენსაცია გადახდილია თუ არა. საია-ს ჰქონდა წარგზავნილი და ალბათ აღსრულება არ მომხდარა.

    ჩვენ მიერ წარგზავნილ საქმეზე კი ბავშვების მიმართ არაადამიანურ მოპყრობაზე იყო საუბარი. ბავშვები შემდეგ 2 კვირა ფსიქოლოგიურ მკურნალობას გადიოდნენ და ალბათ ამიტომაც გადაიხადა რუსეთმა კომპენსაცია.

    "რ": დეპორტაციის დროს სხვა მძიმე, არაადამიანური მოპყრობის ფაქტები როგორია?

    ნ.ლ: ძალიან ბევრი მძიმე შემთხვევა იყო. ჩვენ გვაქვს ერთი ასაკოვანი ქალბატონის, ნაჭყებიას, საქმე, რომელსაც საშინლად ეპყრობოდნენ. ასევე, გივიშვილის საქმე, რომელიც დაიჭირეს და პოლიციაში როცა მიჰყავდათ, ავარიაში მოჰყვნენ, ძლივს გადარჩნენ. განყოფილებაშიც, როგორც ყველას, გივიშვილსაც არაადამიანურად და დამამცირებლად ეპყრობოდნენ.

    "რ": საუბარია, რომ საჭმელში უფურთხებდნენ, ოთახში ბევრი ერთად იყო შეყვანილი და ძალიან ციოდა. ეს მართალია?

    ნ.ლ: ეს იმ პერიოდში ჩვეულებრივი მოპყრობა იყო, ტუალეტში არ გაჰყავდათ, პატარა ვედროები დაუდგეს ოთახში, სადაც ყველა ერთად იყო. ოთახში საშინელი სუნი იდგა, კატასტროფულ მდგომარეობაში იყვნენ, მსგავსი ალბათ არსად გვსმენია. ეთნიკურად ქართველის წინააღმდეგ ყველა ასე იქცეოდა, ქართული პასპორტით ბილეთსაც ვერ ყიდულობდნენ წამოსასვლელად. ქალბატონ შიოშვილსაც აზერბაიჯანელმა უყიდა ბილეთი აზერბაიჯანის მიმართულებით, საქართველოს მიმართულებით კი არაფერი მოძრაობდა. ქართველებმა რაც გადაიტანეს, ენით აუწერელია.

    "რ": 700-ზე მეტი ადამიანის დეპორტაცია მოხდა და ყველას საქმეა გაგზავნილი სტრასბურგში?

    ნ.ლ: სამწუხაროდ, არა. როდესაც იუსტიციის სამინისტრომ სახელმწიფოთაშორისო განაცხადი შეიტანა, იქ ინდივიდების თაობაზე კონკრეტული ინფორმაცია არ იყო. შემდეგ ევროსასამართლომ კონკრეტული ინდივიდების ვინაობა მოითხოვა. ჩვენც მივაწოდეთ ჩვენი საქმეები და თავად იუსტიცია მუშაობდა სხვა დეპორტირებულების დადგენაზე, თუმცა ყველას მოძებნა, ეტყობა, ვერ მოახერხეს. ბევრი გაიფანტა. რაღაც გარკვეული რაოდენობა, ალბათ 500 ან 100 ადამიანი, ისევ რუსეთში დაბრუნდა.

    "რ": არის შემთხვევა, როდესაც რუსეთი დაკისრებულ კომპენსაციას არ იხდის?

    ნ.ლ: ძალიან ბევრია. რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ევროპული სასამართლოს დადგენილება სავალდებულო შესასრულებელი არ არის, ჯერ უნდა იმსჯელონ და შემდეგ აღასრულონ. სანქციების დაკისრება არ ხდება, შესაძლოა, რეზოლუციები მიიღონ, მაგრამ ის, რომ გარიცხონ ევროპის საბჭოს წევრობიდან, ეტყობა, ევროპის საბჭოს არ აძლევს ხელს და მხოლოდ მოლაპარაკებაა მუდმივად.

    "რ": 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეების გამოძიებაზე რა ხდება?

    ნ.ლ: ჩვენი ორგანიზაცია 400-მდე მოქალაქის საქმეს აწარმოებს. არის სახელმწიფოთაშორისი განაცხადი, თუმცა არ ვიცი, სახელმწიფოს რამდენი ადამიანი ჰყავს მითითებული და რა ფორმით და რანაირად აწარმოებენ ამ საქმეს. ასევე არის რამდენიმე არასამთავრობოს მიერ გაგზავნილი საქმეები, მაგრამ ჯერ კომუნიკაცია არ დაწყებულა. დეპორტირებულების საქმეა პირველი და ომის საქმეზე ამის შემდეგ დაიწყება ალბათ აქტიურობა.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter