სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თიკო ოსმანოვა
    12.08.2017

     აშშ-საქართველოს ურთიერთობა კიდევ უფრო აქტიური ხდება. ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ მაიკლ პენსის ვიზიტის შემდეგ საქართველოს აშშ-ის არმიის შტაბის უფროსი, გენერალი მარკ მილი ესტუმრა, რომელიც საქართველოში გერმანიის "ჰოჰენფელსის" ბაზის ანალოგიური საბრძოლო მომზადების ცენტრის მშენებლობას ჩაუყრის საფუძველს.

    როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ქართულ-ამერიკული ერთობლივი საბრძოლო მომზადების ცენტრის მშენებლობასთან დაკავშირებით ოფიციალური ღონისძიება უახლოეს დღეებში გაიმართება, რასაც ქართველი ექსპერტები დადებითად აფასებენ და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის მოსალოდნელ ზრდაზე საუბრობენ.

    "ჰოჰენფელსის" ბაზის ანალოგიური საბრძოლო მომზადების ცენტრის მშენებლობა უკვე დაწყებულია. ოფიციალურად მშენებლობის დაწყების ცერემონიალი კაფსულის ჩადებით უახლოეს დღეებში ჩატარდება", - განუცხადეს "რეზონანსს" იზორიას უწყებაში.

    აღსანიშნავია, რომ 2009 წლის 9 იანვარს ვაშინგტონში ხელი მოეწერა სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას საქართველოსა და აშშ-ს შორის, რომელიც ითვალისწინებს პარტნიორული კავშირისა და თანამშრომლობის გაფართოებას თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკის, ენერგეტიკის, დემოკრატიული რეფორმების, დიპლომატიისა და კულტურის სფეროებში.ასევე, მიმდინარე წლის თებერვალში ცნობილი გახდა, რომ აშშ საქართველოში გერმანიის "ჰოჰენფელსის" ბაზის ანალოგიურ საბრძოლო მომზადების ცენტრს ააშენებს. ცენტრი ვაზიანში განთავსდება.

    აღსანიშნავია, რომ აშშ-ის არმიის შტაბის უფროსი, გენერალი მარკ მილი ვაზიანს გუშინვე ესტუმრა, სადაც საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან გამართა შეხვედრა. საუბარი საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სტრუქტურების ორმხრივ თანამშრომლობას შეეხო.

    ჟურნალ "არსენალის" მთავარ რედაქტორ ირაკლი ალადაშვილის თქმით, ქართულ-ამერიკული ერთობლივი საბრძოლო მომზადების ცენტრის მთავარი მიზანია ქართული ბატალიონების მომზადება იმ საფრთხეებთან დაკავშირებით, რაც საქართველოს რეალურად ემუქრება.

    "როგორც ვიცი, ვაზიანში ქართულ-ამერიკული ერთობლივი საბრძოლო მომზადების ცენტრის გახსნის წინასწარი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, მომავალ წელს კი ნელ-ნლენა დაიწყება მისი ამოქმედება. ეს ადგილი უნიკალური იმიტომაა და თავის დროზე საბჭოთა კავშირსაც იმიტომ ჰქონდა მანდ სერიოზული სამხედრო ინფრასტრუქტურა, რომ ის აერთიანებს როგორც აეროდრომს, ისე პოლიგონს. როდესაც დანაყოფების მომზადება მოხდება, შესაძლებელი იქნება როგორც ჯავშანტექნიკის, ისე ავიაციის გამოყენება. ამ მხრივ უნიკალურია ვაზიანის სამხედრო ინფრასტრუქტურა.

    "რაც შეეხება თვითონ ამ ცენტრს, მისი ძირითადი მოვალეობა იქნება ქართული ქვეითი ბატალიონის გაწვრთნა ისეთი საფრთხეების მოგერიებაზე, რომელიც რეალურად ემუქრება საქართველოს. ანუ, თუ წლების განმავლობაში ძირითადად სამშვიდობო მისიების შესრულებისთვის ამზადებდნენ ქართველ სამხედროებს, ახლა მეტი ყურადღება დაეთმობა სავარუდო მოწინააღმდეგის ჯავშანტექნიკის მოგერიებას და მისი არტილერიის წინააღმდეგ ბრძოლას.

    "მთავარი შედეგი იქნება ის, რომ უკეთესად გაიწვრთნებიან ქართველი სამხედროები. პირველ ეტაპზე 9 ქართული ბატალიონის გაწვრთნაა დაგეგმილი. ეს იდეა, რომ კარგად იყვნენ ქართველი სამხედროები მომზადებულები, აგვისტოს ომმა გვიჩვენა, როცა ერაყისთვის გაწვრთნილი ბატალიონის ცოდნა ჯარისკაცებს თითქმის ვერაფერში გამოადგათ.

    "რუსეთი, რა თქმა უნდა, ამაზეც გაღიზიანდება, ეს მისი "მოვალეობაა", მაგრამ საქართველომ წინსვლა უნდა გააგრძელოს", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ალადაშვილი.

    ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე კი ქართულ-ამერიკული ერთობლივი საბრძოლო მომზადების ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით ვადის დარღვევაზე საუბრობს და შესაბამისი ადამიანების პასუხისგებაში მიცემას ითხოვს.

    "ვისარგებლებ შემთხვევით და საზოგადოებას განვუმარტავ, რომ ამ ბაზის მშენებლობა, როგორც ცნობილი გახდა, ჩამორჩება გრაფიკს და ეს ძალიან ცუდია. ეს გამოძიებული უნდა იქნეს და პასუხისმგებელმა პირმა შესაბამისი სასჯელი უნდა მიიღოს.

    "ეს არაა სოფლის მეურნეობის ობიექტი. თავდაცვის სისტემის ნებისმიერი ობიექტის მშენებლობა, ყაზარმა იქნება თუ სასწავლო ცენტრი, უკავშირდება სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობას და უსაფრთხოებას. შესაბამისად, ყოველ გადაცდენილ დღეზე უმკაცრესი ზომები უნდა გატარდეს. ეს არ ეხება მხოლოდ ამ შემთხვევას, ეს უნდა იყოს წესი და ნორმა", - გვითხრა სალუქვაძემ.

    მისივე თქმით, ამ ცენტრის გახსნის შემდეგ საერთაშორისო მისიებში ქართველი სამხედროების მომზადება მოხდება არა გერმანიაში, არამედ საქართველოში.

    "შედეგად მოჰყვება ალბათ ის, რომ საერთაშორისო მისიებში ჩვენი სამხედროების მომზადება მოხდება არა გერმანიაში, არამედ საქართველოში. თუმცა თუ 2 წლის შემდეგ ჩვენი მონაწილეობის მასშტაბი გადაიხედა, კარგი იქნება, თუ ამ ბაზის ინფრასტრუქტურასა და დანიშნულებასაც გადავხედავთ და ის იყოს არა კონკრეტულ დავალებაზე გათვლილი, არამედ უნიფიცირებული. სამწუხაროდ, ამ საკითხებზე სპეციალისტებს ხელი ვერ მიგვიწვდება და ამაზე მეტი განმარტება რთულია.

    "ასევე, მეორე შედეგი იქნება ის, რომ რუსეთის მხრიდან ამას უარყოფითი რეაქცია მოჰყვება, თუმცა ჩვენ მკაფიოდ უნდა განვმარტოთ, რომ ესაა საქართველოს ბაზა და სასწავლო ცენტრი", - აღნიშნა სალუქვაძემ.

    შეგახსენებთ, რომ გასული წლის ბოლოს საქართველოსა და აშშ-ს შორის 2016-2019 წლებში უსაფრთხოების სფეროში ხელმოწერილი იქნა ჩარჩო-ხელშეკრულება. შეთანხმება მემორანდუმის - "საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ" გაგრძელებაა. თუმცა, ამ ბაზის გარდა, კონკრეტულად კიდევ რა პროექტების განხორციელება იგეგმება, ჯერჯერობით უცნობია. თავდაცვის სამინისტროში ამ კითხვაზე პასუხი არ გაგვცეს. ამასთან დაკავშირებით ინფორმირებულები არ არიან არც ექსპერტები.

    "სხვა ბაზების მშენებლობასთან და პროექტებთან დაკავშირებით ჯერ ინფორმაცია არ გავრცელებულა, შესაბამისად, ვერაფერს გეტყვით", - განუცხადა "რეზონანსს" სალუქვაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    პეტრე   (13.08.2017)
    "აღსანიშნავია, რომ 2009 წლის 9 იანვარს ვაშინგტონში ხელი მოეწერა სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას საქართველოსა და აშშ-ს შორის, რომელიც ითვალისწინებს პარტნიორული კავშირისა და თანამშრომლობის გაფართოებას თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკის, ენერგეტიკის, დემოკრატიული რეფორმების, დიპლომატიისა და კულტურის სფეროებში.ასევე, მიმდინარე წლის თებერვალში ცნობილი გახდა, რომ აშშ საქართველოში გერმანიის "ჰოჰენფელსის" ბაზის ანალოგიურ საბრძოლო მომზადების ცენტრს ააშენებს. ცენტრი ვაზიანში განთავსდება". ოხ-ეს ოხერი, მოღალატე, სააკაშვილი, როგორ ჩაუბარებია საქართველო რუსეთისთვის, უყურე შენ, ახია მაგაზე,ხომ დავსვით ლაფათქაზე, დავტოვეთ მოქალაქეობის გარეშე, იბომჟაოს ეხლა მთელს მსოფლიოში... ან ის რა ქნა 2008-წლის აგვისტოს 6-პუნქტიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომელიც არის საბაზისო დოკუმენტი, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში და რომლის მიხედვითაც რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოდან, ეს ხომ ღალატია, როგორ ვაკადრეთ რუსეთს ასეთ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა, ან როგორ მოაწერა ამ რუსეთმაც, ამ ხეშეკრულებას ხელი, მაშინ როდესაც ომი, ივანიშვილ-ინაშვილ-ბურჯანაძის მტკიცებით გალსტუკღეჭია, მიწაზე მხოხავმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაიწყო...ბოლოს რა იქნებოდა, რომ არ ყოფილიყო 2008-რუსეთი თავისი "სამშვიდობო" მისიით გვეყოლებოდა სამუდამოდ, სანამ კონლიქტები საქართველოში არ მოწესრიგდებოდა და რუსეთი ამის მოგვარებას არ დაუშვებდა, ეხლა ვინ, ვის ანკესზე წამოეგო და რატომ წაერთვა რუსეთის ჯარებს საქართველოს ტერიტორიაზე იურიდიული ყოფნის საფუძველი, ვინც აზროვნებს კი უნდა მიხვდეს...


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter