სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    სირიის საპარლამენტო დელეგაცია ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტით იმყოფება
    გვანცა ღვედაშვილი
    10.10.2017

     საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე სირიის საპარლამეტო დელეგაცია აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს დაურ კოვეს შეხვდა. აღნიშნული ქმედება საქართველომ რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელებად შეაფასა, ხოლო ექსპერტების აზრით, მოსალოდნელია, რომ სირიის რეჟიმმა ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიაროს.

    აქვე შეგახსენებთ, რომ აგვისტოში, სირიაში “ვიზიტით” აფხაზეთის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. როგორც სააგენტო „აპსნიპრესი“ წერს, აფხაზეთისა და სირიის წარმომადგენელთა შეხვედრაზე ორმრივი ურთიერთობების პერსპექტივები განიხილებოდა.

    „სირიელი ხალხი საერთაშორისო ტერორიზმთან აქტიურ ბრძოლას აწარმოებს. გვიხარია, რომ ამ წელიწადში აფხაზურ-სირიული ურთიერთობები დინამიურად ვითარდება. ჩვენ სხვადასხვა უწყებების დონეზე ვთანამშრომლობთ. სირიაში შექმნილი სიტუაცია აფხაზურ საზოგადოებას ძალიან აღელვებს“, - განაცხადა დაურ კოვემ.

    თავის მხრივ, სირიული დელეგაციის ხელმძღვანელმა სანაა აბო ზაიდმა განაცხადა, რომ აფხაზებისთვის კარგად არის ცნობილი ყველა ის მოვლენა, რაც ახლა სირიაში ხდება. 

    „აფხაზებმა წარსულში იგრძნეს ის ტკივილი, რომელსაც ჩვენი ხალხი ახლა გრძნობს. ჩვენ დავინახეთ, რომ აფხაზური საზოგადოება სირიაში მიმდინარე მოვლენებზე ძალიან კარგად არის ინფორმირებული და სოლიდარობას გვიცხადებს“, - განაცხადა სანაა აბო ზაიდმა.

    აღნიშნული ვიზიტი პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელებად შეაფასეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

    ”რუსეთი ყოველმხრივ ცდილობს, მისი, საოკუპაციო რეჟიმებისა და სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების ძალადობრივი ცვლილების მცდელობის ლეგიტიმაციას და ქართველთა ეთნიკური წმენდის არაერთი ტალღის დაკანონებას. ხსენებული ვიზიტი სწორედ ამ პოლიტიკის ნაწილს წარმოადგენს. 

    “საქართველოს საგარეო უწყების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს არაღიარების პოლიტიკის თანმიმდევრული გატარება წარმოადგენს. საგარეო უწყება დაუყოვნებლივ რეაგირებს საოკუპაციო რეჟიმების მიერ საზღვარგარეთის ქვეყნების წარმომადგენლებთან უკანონო კონტაქტების დამყარების მცდელობაზე და ახორციელებს საქმიანობას აღიარების რისკების პრევენციის მიზნით.

    “როგორც ხსენებული ე.წ. ვიზიტის, ასევე აგვისტოს თვეში აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების სირიაში ”ვიზიტისას” შესაბამისი არხებით შედგა კომუნიკაცია საერთაშორისო პარტნიორებთან”, - აცხადებენ საგარეო უწყების პრესის დეპარტამენტში.

    კავკასიოლოგი მამუკა არეშიძე კი აღნიშავს, რომ სირიისა და აფაზეთის დააახლოების სურვილი რუსეთს უნდა ჰქონდეს და სწორედ მისი ინიციატივით ხდება ეს შეხვედრები. ამასთან, როგორც კავკასიის საკითხების ექსპერტი ”ინტერპრესნიუსთან” საუბრისას ამბობს, დიდია იმის ალბათობაც, რომ სირიამ აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიაროს.

    ”როგორც ჩანს, სირიის დღევანდელი ხელმძღვანელობა რუსეთს ანგარიშს უწევს და ამ ნაბიჯს აქედან გამომდინარე დგამს. მართალია, სირიაში აფხაზები ცხოვრობენ, მაგრამ ეს ის მასა არ არის, რომელიც გავლენის თვალსაზრისით გადამწყვეტი იქნებოდა, რათა სირიას აფხაზეთთან დასაახლოებლად პროცედურები დაეწყო. როგორ ჩანს, ეს რუსეთის მოთხოვნით მოხდა. იმის ალბათობა, რომ სირიამ აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიაროს, საკმაოდ მაღალია,” - აცხადებს არეშიძე და არ გამორიცხავს, რომ ამ ვიზიტზე ეს საკითხიც განხილულიყო, თუმცა დასძენს, რომ როგორც წესი, ეს უფრო მაღალ დონეზე წყდება ხოლმე, ამ შემთხვევაში ოფიციალურ დამასკოსა და მოსკოვს შორის. 

    ”აქ შეიძლება ისე ითქვა, თორემ ამის მთავარი გადამწყვეტი მოსკოვი და დამასკოა. სოხუმს ვინ ჰკითხავს?!” - აცხადებს ექსპერტი.

    იმ შემთხვევაში, თუკი სირია აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს, არეშიძის თქმით, საქართველო სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობას შეწყვეტს და “გვეცოდინება, რომ მან ჩვენი მოწინააღმდეგეებისა და მტრების ბანაკში გადაინაცვლა”. 

    ”სირიის მხრიდან ამ ამბის დაბლოკვა ჩვენს ხელში არაა, ამას უფრო ხშირად ჩვენი დასავლელი პარტნიორები აკეთებენ, ჩვენს მაგივრად მოქმედებენ. თუმცა, სირიის შემთხვევაში, არც დასავლელი პარტნიორების გავლენაა დიდი.

    “თუ სირიამ ეს ნაბიჯი გადადგა, ამ შემთხვევაში ჩვენც გზა გახსნილი გვექნება და თუკი ჩრდილოეთში მყოფი ქურთები დამოუკიდებლობას მოინდომებენ, შეგვეძლება ამას მხარი სავსებით თავისუფლად დავუჭიროთ. მე მგონი, ოფიციალურმა დამასკომ, თუ მას ტვინი აქვს, ეს უნდა გათვალოს”, - აღნიშნავს არეშიძე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    mzirali   (11.10.2017)
    რატომ უნდა აღიაროს სირიამ აფხაზეთი?. რა დამსახურებისთვის? სირიელებს ისედაც დიდ თავსატეხი აქვთ, თუ ქურთა სახელმწიფო შედგა. არა მგონია რომ სირიელები ასეტ ნაბიჯზე წავიდნენ. რა თქმა უნდა საქართელოს მტავრობამ ყველაფერი უნდა მოიმოქმედოს რომ თუ ასეთი საფრთხე არსებობს მოახდინოს მისი ნეიტრალიზაცია დიპლომატიური მოქმედებებით

    მოქ.   (11.10.2017)
    ჩვენ რას ვაკეთებთს ეს, რომ არ მოხდეს, სანამ ჩვენ სახალხო დიპლომატიაზე და პირდაპირ კონტაქტებზე ვლაპარაკობთ, ეგენი კი გავლენ დამკაში...რატომ არ შეიძლება არაღიარებული ლიდერების მიმართ სხვადასხვა სანქციების დაწესება, ამათმა თავისუფლად თუ ინავარდეს მსოფლიოში და აკეთეს ის რასაც ჩვეულებრივი სახელმწიფოები აკეთებენ, მეტი რაღა დარჩა...ტრამპმა ხომ გამოსცა კანონი რომ ვინც აფხაზეთს და ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებდა, მათ აშშ-სანქციებს დაუწესებდა, ჰოდა ხშირად უნდა ვატრიალოთ ეს კანონი სხვადასხვა საერთაშორისო შეხვედრებზე...


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter