სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინო ქეთელაური
    11.10.2017

     სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე წარიმართა თბილისის საკრებულოს გუშინდელი სხდომა, რომელიც პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიისა და თაბორის მთის ნაწილის 1 ლარად გასხვისებას შეეხებოდა.

    სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ცნობილი გახდა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, სხდომას მხოლოდ საკრებულოს წევრები, აპარატის თანამშრომლები და მედიის წარმომადგენლები დაესწრებოდნენ.

    საკრებულოსთან მისულ "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" წევრებს შენობის შესასვლელთან აღმართული დახვდათ რკინის კორდონი, რომლის უკან საპატრულო პოლიციის რამდენიმე ათეული წარმომადგენელი იყო მობილიზებულისაკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილის თქმით, ასეთი გადაწყვეტილება მათ ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების გამო მიიღეს, კერძოდ, საკრებულოს ბოლო სხდომის ჩაშლის მცდელობისა და მერიასთან "ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე განვითარებული მოვლენების გამო.

    "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები, მათ შორის პარტიის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი და აქციის მონაწილეები პოლიციის კორდონის გარღვევასა და შენობაში შესვლას ცდილობდნენ, თუმცა ამის საშუალება მათ პოლიციამ არ მისცა.

    არსებული ინფორმაციით, დაპირისპირების გამო დააკავეს "ნაციონალური მოძრაობის" ერთი წევრი კოტე იოსელიანი და აქციის კიდევ 8 მონაწილე.

    რაც შეეხება "ევროპულ საქართველოს", შენობის ძირითად შესასვლელთან მყოფ სერგო რატიანს საკრებულოს უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა მიმართეს, გადასულიყო რკინის ჯებირის მეორე მხარეს, რასაც შეკამათება მოჰყვა. რატიანი ითხოვდა განემარტათ, რატომ ეკრძალებოდა პარლამენტის დეპუტატს საკრებულოს შესასვლელთან ყოფნა.

     "თქვენ ასრულებთ უკანონო ბრძანებას. ბიძინას სამზარეულო დაიცავით, მისი შიდა ეზო. უბედურ დღეში ხართ," - მიმართა სერგო რატიანმა პოლიციელებს.

    მიუხედავად იმისა, რომ "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" პროტესტი ერთ საკითხს ეხებოდა, ორივე პარტიში აცხადებდნენ, რომ ერთმანეთის აქციას არ შეუერთდებოდნენ.

    მას შემდეგ კი, რაც საკრებულოში შესვლის მოთხოვნა მხოლოდ დეპუტატებმა დააყენეს, საკრებულოსთან სიტუაცია განიმუხტა.

    მოგვიანებით "ნაციონალურ მოძრაობაში" განაცხადეს, რომ პარტია 14 ოქტომბერს, თბილისში საპროტესტო აქციას ისევ გამართავს.

    აღსანიშნავია, რომ საკრებულოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას ორივე პარტია აპირებს.

    როგორც ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანმა განაცხადა, "ეს არის ბოლო ხარკი, რომელსაც თბილისის საკრებულოს უმრავლესობა "ქართული ოცნების" სახით ბიძინა ივანიშვილს უხდის, მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად საკრებულოს სპიკერატი უხეშად არღვევს საქართველოს კანონმდებლობას."

    "მოგეხსენებათ, "ევროპული საქართველოს" საპარლამენტო ფრაქციის დეპუტატებმა საქართველოს პარლამენტისგან ოფიციალური წერილით მიმართეს თბილისის საკრებულოს ხელმძღვანელობას, რათა კანონით გათვალისწინებული მათი უფლებების დაცვა მომხდარიყო და მიეღოთ საკრებულოს მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობა. ეს კანონის მოთხოვნაა, საკრებულოს სპიკერატმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომლის მსგავსი, რაც თბილისის საკრებულო არსებობს, ჯერ არ მიუღიათ," - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.

    მისივე თქმით, საკრებულოს გუშინდელ სხდომაზე მიღებული ყველა გადაწყვეტილება იქნება უკანონო და უნდა გასაჩივრდეს სასამართლოში, რათა მას არ ჰქონდეს შემდეგი მსვლელობა.

    გუშინდელ მოვლენებს გამოეხმაურნენ უმრავლესობის დეპუტატებიც. მათი თქმით, ეს იყო მიზანმიმართული ქმედება, რომლითაც ოპოზიციას აქციის დარბევის პროვოცირება სურდა.

     ამასთან, საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის შეფასებით, დეპუტატების მიერ საკრებულოს სხდომის ჩაშლის წინასწარ დაანონსების ფონზე, საკრებულოს გადაწყვეტილება მათი სხდომაზე არდაშვების თაობაზე ლეგიტიმურია.

    "რასაც ისინი ერთ ლარად ქონების გადაცემას არქმევენ, რეალურად, არის მილიარდიანი ინვესტირება, რასაც ხელს უშლიან. შესაბამისად, ისინი ხელს უშლიან ეკოლოგიას, სამუშაო ადგილებს, თბილისის ახალ სავიზიტო ბარათს. თუ ასე აპირებენ ამომრჩევლის გულის მოგებას, ბუნებრივია, ამას სწორ სვლად ნამდვილად ვერ შევაფასებ. მე ვფიქრობ, ნებისმიერი აქცია, ნებისმიერი ღონისძიება, რომელიც პროგრესის ჩაშლისკენ არის მიმართული - საკრებულოს სხდომა იქნება ეს თუ ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება - უნდა აღიკვეთოს," - განაცხადა მდინარაძემ და აღნიშნა, რომ საკრებულოს თავმჯდომარის განცხადება, ეს მისი დისკრეციაა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter