სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა ღვედაშვილი
    11.10.2017

     რუსეთის ბრალდებას, რომ საქართველო, 6 წლის წინ, ტვირთების მონიტორინგის შესახებ მიღწეული შეთანხმების პირობების შესრულებას მხოლოდ რუსეთისგან მოითხოვს, ქართული მხარე სიცრუეს უწოდებს და აღნიშნავს, რომ მათ ყველა ვალდებულება შესრულებული აქვთ და კარასინის განცხადება გაურკვეველია. 

    აღნიშნული სიტუაციიდან გამომდინარე კვლავ გარუკვეველი რჩება, როდის მოხდება ხელშეკრულების ამოქმედება, მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის თებერვალში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორ კარასინის შეხვედრის შემდგომ ორივე მხარე აცხადებდა, რომ მოპალარაკებები დასასრულს უახლოვდებოდა და მხოლოდ მცირე ტექნიკური საკითხებიღა რჩებოდა მოსაგვარებელი.

    რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გრიგორი კარასინი სააგენტო „რია ნოვოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ საქართველოს სურს, რომ რუსეთმა ტვირთების მონიტორინგის შესახებ შეთანხმების პირობები ცალმხრივ ფორმატში შეასრულოს, ხოლო საკუთარ ვალდებულებზე არც საუბრობს. 

    „დოკუმენტი რუსეთსა და საქართველოს ავალდებულებს შვეიცარული კომპანიის მონაწილეობით, სავაჭრო ნაკადების სპეციალური საბაჟო ადმინისტრირების წესი გამოიყენონ. სამწუხაროდ, როგორც გაირკვა, თბილისის პოზიცია არ შეცვლილა. იქ დღემდე სურთ, რომ რუსეთმა შეთანხმება ცალმხრივად შეასრულოს, ხოლო საკუთარ ვალდებულებებზე საუბარიც კი არ სურთ. ასე არ გამოვა. თბილისს მოვუწოდებთ განაცხადოს მზაობა საერთაშორისო ვალდებულებების კეთილსინდისიერ შესრულებაზე“, - აღნიშნა კარასინმა. 

    რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებას საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ქართულ მხარეს ყველა ვალდებულება აქვს შესრულებული და კარასინის განცხადების შინაარსი მისთვის გაურკვეველია. 

    მისივე თქმით, ახლა შემხვედრი ნაბიჯების გადადგმა სწორედ რუსეთის ფედერაციის მხრიდან არის საჭირო.

    “ჩემთვის გაუგებარია ამ განცხადების შინაარსი ან კონტექსტი რაიმე რაციონალურ მიზეზთან იყოს დაკავშირებული. ცალსახად გიდასტურებთ, რომ ქართულ მხარეს თავისი ვალდებულებები შესრულებული აქვს და პროცესის დაჩქარებისთვის საჭიროა რუსული მხარის შემხვედრი ნაბიჯები გაფორმებული მემორანდუმის შეთანხმების ფარგლებში და იმ პირობების დაცვით, რომელიც 2011 წელს იქნა მიღებული მხარეების მიერ“, - განაცხადა ციხელაშვილმა.

    მისივე თქმით, თუკი საუბარია, რატომ არ ხდება შეთანხმების იმპლემენტაცია დღეს, ამის პასუხია ცალსახაა, რომ ქართულ მხარეს შესრულებული აქვს ყველა ვალდებულება, რომელიც მას უნდა შეესრულებინა.

    კითხვაზე, რა პრობლემები იქმნება ამ პროცესში, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ეს ქმნის პრობლემას იმ კონტექსტში, რომ შეთანხმება პრაქტიკაში დღემდე არ სრულდება.

    ციხელაშვილის განცხადებით, ის დღეს ვერ შევა იმ განხილვაში, თუ რა იქნებოდა სარგებელი, მოგება, ან რისკი ეს შეთანხება, რომ შესრულებულიყო. 

    „სწორია შეფასება, რომ ახლა ბურთი სწორედ რუსულ მხარესთანაა. ახლა ნაბიჯები უნდა გადაიდგას რუსეთის ფედერაციის მხრიდან იმისთვის, რომ ეს შეთანხმება ამოქმედებულ იქნას და ჩვენი პარტნიორები - შვეიცარიელები ამის თაობაზე ძალიან დეტალურად არიან ინფორმირებულები“, - განაცხდა ციხელაშვილმა.

    აღნიშნულთან დაკავშირებით, კომენტარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმააც გააკეთა. მიხეილ ჯანელიძემ განაცხადებით, ისინი ელიან, რომ რუსეთის ფერედაცია გადადგამს შესაბამის ნაბიჯებს ტვირთების მონიტორინგის შესახებ შეთანხმების სრულყოფილად შესასრულებლად,

    „ჩვენ ასევე მზად ვართ, ხელი მოვაწეროთ კონტრაქტს შუამავალ შვეიცარულ კომპანიასთან, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ამ შეთანხმების იმპლემენტაცია. მოველით, რომ ეს ძირითადი შეთანხმებაც და შესაბამისი კონტრაქტიც შესრულდება ყველა მხარის მიერ. ცალმხრივად, ამ ვალდებულებების შესრულება არის შეუძლებელი და უნდა იყოს ყველა მხარის სრული თავსებადობა იმ შეთანხმებასთან, რომელიც 2011 წელს გაფორმდა“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ ტელეკომპანია ”იმედის” ეთერში.

    ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ვიქტორ დოლიძისთვის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადება ტვირთბრუნვის მონიტორინგის შესახებ გაუგებარია

    “გეოგრაფიიდან გამომდინარე, მას შემდეგ, როდესაც მათ ოკუპაციის შემდგომ ადგილზე რეალური ვითარება შეცვალეს, ბუნებრივია, რომ შვეიცარულ კომპანიასთან ერთად მათ უნდა აკონტროლონ ეს ტვირთბრუნვა. ამას სჭირდება ერთი, რამ რომ დაიწყოს პროცესი. პროცესი უნდა დაიწყოს. პროცესი რომ დაიწყოს, რუსეთი უნდა დათანხმდეს და გადადგას შესაბამისი ნაბიჯები“, - განაცხადა დოლიძემ.

    მისივე თქმით, 2011 წლის შემდგომ, როდესაც ტექნიკური პარამეტრები დაკმაყოფილდა და შვეიცარული კომპანია განისაზღვრა, როგორც მედიატორი და მონიტორი, ქართულ მხარეს არაფერი შეუცვლია.

    „არანაირი პრობლემა არ გვაქვს და არც გვქონია აქამდე. ახლა ბურთი დიდი ხანია რუსეთის მოედანზეა. ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია ბატონი კარასინის ამგვარი განცხადება“, - აღნიშნავს დოლიძემ.

    შეგახსენებთ, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის 6 წლის წინ, მიღწეული შეთანხმება ტვირთების გადაადგილებაზე დაკვირვებისა და აუდიტის კომპლექსური, თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს, რომლითაც კერძო კომპანიის მიერ ვაჭრობაზე საერთაშორისო მონიტორინგი განხორციელდება. 

    2011 წლის 9 ნოემბერს შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით, შვეიცარიის კონფედერაციის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის მთავრობებმა დოკუმენტების პაკეტს მოაწერეს ხელი. 

    პირველი საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ბრუნვის მონიტორინგის მექანიზმის ძირითადი პრინციპების შესახებ ორმხრივი შეთანხმებაა, მეორე - ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც შვეიცარიის, როგორც ნეიტრალური მესამე მხარის როლს განამტკიცებს. მესამე: სამივე მხარემ - საქართველომ, რუსეთმა და შვეიცარიამ გაცვალეს დოკუმენტები იმ საერთაშორისოდ აღიარებული ნეიტრალური კერძო კომპანიის მოქმედების პირობების განსაზღვრის მიზნით, რომელსაც მონიტორინგის განხორციელების მანდატს შვეიცარიის მთავრობა მიანიჭებს.

    აღსანიშნავია, რომ ქართული მხარე ჯერ კიდევ გასული წლის თებერვალში აცხადებდა, რომ მათ ყველა დეტალი მზად ჰქონდათ და საბოლოო პასუხს რუსეთისგან ელოდებოდნენ.

    ამ საკითხზე საუბარი, თებერვლის დასაწყისში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორ კარასინს შორისაც შედგა. და როგორც მაშინ აბაშიძემ განაცხადა მოლაპარაკებები დასასრულს მიუახლოვდა და მხოლოდ მცირე ტექნიკური საკითხებიღა დარჩა მოსაგვარებელი. 

    “მესაზღვრები იდგებიან საქართველო-რუსეთის საზღვარზე, ფსოუზე, როკის იქით, ყაზბეგის მიმართულებით საზღვრის ორივე მხარეს. ასევე ჩვენთან ზუგდიდის რაიონში. ეს ყველაფერი გაწერილია ხელშკერულებაში. თუმცა ძალიან ბევრი ნიუანსია და გამიჭირდება ამაზე საუბარი”, - გვითხრა აბაშიძემ. 

     სავაჭრო დერეფნის ამოქმედების შესახებ დეტალებზე უფრო ვრცლად რუსმა დიპლომატმა ისაუბრა. როგორც კარასინმა მაშინ აღნიშნა, საუბარია, 3 დერეფნის ამოქმედებაზე; უფრო კონკრეტულად კი კარასინის თქმით, სოჭთან ახლოს გაკეთდება ერთი დერეფანი, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთს გაივლის და ზუგდიდთან გაჩერდება; მეორე დერეფანი სტარტს ჩრდილოეთ ოსეთში სოფელ ნართან აიღებს გაივლის ოკუპირებულ ცხინვალს და გორში დასრულდება. მესამე “საბაჟო პუნქტის” ამოქმედებას კი რუსული მხარე ყაზბეგში ზემო ლარსთან გეგმავს. 

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter