სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თიკო ოსმანოვა
    13.11.2017

     "კალაძის გუნდი აღმასრულებელი ხელისუფლებიდან ფაქტობრივად გაქრა - ეს ლოგიკურია, იმიტომ, რომ კალაძე საჭირო პოლიტიკის მიმართულებით გადანაწილდა. გრძელვადიან პოლიტიკურ თამაშში მას შეიძლება აწყობს კიდეც არ აიღოს პასუხისმგებლობა აღმასრულებელი ხელისუფლების მოქმედებებზე", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი.

    სამთავრობო და სტრუქტურულ ცვლილებებზე და კალაძის ახალ პოსტზე `რეზონანსი~ გია ხუხაშვილს ესაუბრა.

    გია ხუხაშვილი: ვფიქრობ, ნორმალურია, პრაქტიკულად პირველი შემთხვევაა, არსებული ხელისუფლების პირობებში, როცა სერიოზული სისტემური ორგანიზაციული გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ასე რომ, ამას დადებითად შევაფასებდი.

    რაც მთავარია "ოცნება" ჯერ სწორი გზით მიდის, იმიტომ, რომ ბევრი სამინისტრო არსებობდა გაუგებარი მოტივებით. მაგალითად, სპორტისა და ახალგაზრდობის, პოსტსაბჭოთა უბედურება იყო. კარგია, რომ ეს ფუქნციები გადანაწილდა და გადანაწილდა საკმაოდ ლოგიკურად.

    ენერგეტიკა, მეტ-ნაკლებად უკვე საკმაოდ განვითარებული კერძო მიმართულებაა და პოლიტიკის განმსაზღვრელად ეკონომიკის მინისტრი სავსებით საკმარისია.

    ერთადერთი კითხვის ნიშნები მაქვს გარემოს დაცვის სამინისტროსთან დაკავშირებით, იქიდან გამომდინარე, რომ დღეს გლობალური პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულებაა ეკოლოგიური კანონდაცვითი პრობლემების მოგვარება.

    ეს ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია. აქედან გამომდინარე, არ ვიცი, რამდენად სწორია. დრამატული არ არის, თუმცა, ასევე ინტერესტთა კონფლიქტია, ეს მომენტი როგორ იქნება გადალახული, საკითხავია. მოგეხსენებათ, გარემოსადცვითი ინტერესები და სოფლის მეურნეობის სამინსიტროს ინტერესები ურთიერთდაპირისპირებულია.

    ასე რომ, ამასთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები არსებობს. ვისურვებდი, რომ გარემოს დაცვის სამინისტრო მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი დარჩენილიყო. მაგრამ ეს არ არის ტრაგედია, შეიძლება ამ სახით მოსინჯვა და მომავალში კიდევ გამოჩნდება როგორ შეიძლება ამ ყველაფრის დახვეწა.

    სხვა მიმართულებით ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილებებია და შეიძლება ეს ნაბიჯები ჩაითვალოს გარკვეულ ოპტიმიზაციად და თეორიულად ტოვებს შანსებს, რომ მთავრობის მუშაობა უფრო ეფექტური გახდეს.

    "რეზონანსი": და ამით თქვენი აზრით აღმოფხვრილი იქნება ის სისტემური პრობლემები, რომელიც არსებობდა?

    გ.ხ: ძნელი სათქმელია, მთლიანად აღმოიფხვრება თუ არა. ერთია, შექმნა სწორი სისტემა, მეორეა სწორია მართვა. შენ როცა კარგი მანქანა გყავს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენ მას კარგად მართავ.

    დროის ამბავია, შევხედოთ როგორ შეძლებს არსებული შემადგენლობა რეალური დინამიკის აღებას მართვაში.

    "რ": ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ კვირიკაშვილმა გარშემო საკუთარი კადრები შემოიკრიბა?

    გ.ხ: არა, ეს არ იგრძნობა. სიმართლე გითხრათ, არ ჩანს, რომ მასთან ასოცირებული კადრები გაჩნდნენ. ძირითადი მოთამაშეები, რომელიც შემოიყვანეს თამაშში - ფინანსები და ძალოვნები მთავარი ცენტრები, ეს ადამიანები გამოირჩევიან ზუსტად იმით, რომ ისინი არცერთ პოლიტიკურ ჯგუფს არ მიეკუთნებიან. დამოუკიდებლები არიან, შესაბამისად ეს პოზიტიურ ჭრილში შეიძლება იყოს განხილული. საინტერესო გადაწყვეტილებებია.

    "რ": კალაძის გუნს რაც შეეხება?

    გ.ხ: კალაძის გუნდი აღმასრულებელი ხელისუფლებიდან ფაქტობრივად გაქრა. ეს ლოგიკურია, იმიტომ, რომ კალაძე საჭირო პოლიტიკის მიმართულებით გადანაწილდა.

    პრიციპში, გრძელვადიან პოლიტიკურ თამაშში მას შეიძლება აწყობს კიდეც არ აიღოს პასუხისმგებლობა აღმასრულებელი ხელისუფლების მოქმედებებზე. პრინციპში ყველაფერი კანონზომიერად და ლოგიკურად ლაგდება.

    "რ": ამ ცვლილებით, ერთგვარად, ხომ არ დადასტურდა, რომ კალაძესა და კვირიკაშვილს შორის უთანხმოება ნამდვილად არსებობდა?

    გ.ხ: დაპირსპირებად ამას ჯერჯერობით არ განვიხილავდი. გრძელვადიანი პოლიტიკის თვალსაზრისით ეს შეიძლება საუკეთესო იყოს, მაგრამ არა მგონია, რომ დღეს ამაზე ყურადღების გამახვილება ღირდეს. ამ ეტაპზე კალაძე დემონსტრაციულად გაემიჯნა აღმასრულებელ ხელისუფლებას.

    "რ": რას იტყვით თავად კალაძის დასაწყისზე?

    გ.ხ: არ ვიცი. ახლა მისი რიტორიკა და განცხადებები აბსოლუტურად მისაღებია, მაგრამ აქაც იგივე პრობლემას ვაწყდებიათ. ერთია რიტორიკა და სწორი გზავნილი და მეორეა საქმე.

    გადაჭარბებით არც ოპოტიმისტი ვიქნებოდი, მაგრამ არც ზედმეტი პესიმიზმია კარგი. ადამიანს უნდა ვაცადოთ, რომ ეს გზავნილები, რასაც აცხადებს, განახორციელოს. თუ ვერ მოახერხა, მერე უნდა ვილაპარკოთ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter