სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "სააკაშვილის ხელისუფლება ბევრად უფრო დისციპლინირებული იყო, პოროშენკოს ხელისუფლება კი შუშის ფეხებზე დგას"
    ეკატერინე ბასილაია
    06.12.2017

     "სააკაშვილი ცდილობდა, უკრაინაში დიდი საპროტესტო ტალღა აეგორებინა და ფაქტია, ვერ მოახერხა, ახლა კი მეორე სუნთქვა გაეხსნა - თუ ძლევამოსილ გმირად ვერ ივარგა, წამებულის მანტიის მოსხმა კიდევ ერთი ტექნოლოგიაა და უკრაინის ხელისუფლებამ მას ეს კომფორტი შეუქმნა. როგორ განვითარდება მოვლენები, ძნელი სათქმელია. ახლა უკრაინაში დიდი ვაჭრობა მიდის, ვინ საით დაგდება და რას გააკეთებს," - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი, რომლის თქმითაც, ჯერჯერობით სააკაშვილი ყველა ბრძოლას იგებს, არა იმიტომ, რომ ძლიერია, არამედ იმიტომ, რომ უკრაინის ხელისუფლებაა ბრიყვი და მყიფე.

    "რეზონანსი": რატომ ვერ უმკლავდება უკრაინა სააკაშვილს? ვხედავთ, რომ საქმე დილით სააკაშვილის დაპატიმრებით დაიწყო და საღამოს მხარდამჭერების მიერ სპეცრაზმის ხელიდან გამოგლეჯილი სააკაშვილი უკვე პოროშენკოს იმპიჩმენტს ითხოვს.

    გია ხუხაშვილი: ეს ერთ რამეზე მეტყველებს - უკრაინის ხელისუფლება დღეს ძალიან მყიფეა. არავისთვის გასაკვირი არ არის, რომ უკრაინის ხელისუფლებას საკუთარი აქტივი აღარ აქვს, ის ძალიან ღრმა კორუფციაშია ჩაფლული, აბსოლუტურად დისკრედიტირებულია და ერთადერთი, რაზეც დგას, ანტირუსული განწყობებია. ხალხი ამ ხელისუფლებას ჯოხით არ რეკავს მხოლოდ იმ მიზეზით, რომ არ უნდა, ამ დესტაბილიზაციით რუსეთის წისქვილზე დაასხას წყალი. შესაბამისად, ეს საქმეც კონცეპტუალურად აგებულია შეთქმულების იმ თეორიაზე, რომ სააკაშვილი რუსეთის გეგმის ნაწილი იყო. ამას დაიჯერებს თუ არა საზოგადოება, ეს მოვლენების მსვლელობაში გამოჩნდება.

    სააკაშვილისთვის ერთი რამაა ჭკუის სასწავლებელი, დღეს უკრაინის ხელისუფლება მის მიმართ ზუსტად იმას აკეთებს, რასაც ის, თავის დროზე, ბადრი პატარკაციშვილის მიმართ აკეთებდა, როდესაც კერავდა სახელმწიფო გადატრიალების საქმეს. მისი მიმართაც ასე იკერება ეს საქმე. მიუხედავად მის მიმართ ჩემი "ტკბილი" დამოკიდებულებისა, არ მჯერა, რომ სააკაშვილი გადატრიალებას აწყობდა და რუსეთი იყო ჩართული, მაგრამ მან ასწავლა პოროშენკოს ეს მეთოდები და ახლა პოროშენკო მის წინააღმდეგ იყენებს იმავეს.

    "რ": სააკაშვილს ეს საქართველოში გამოუვიდა, პოროშენკო კი ნიჭიერად ვერ იყენებს...

    გ.ხ: ხო, აქ ბევრად უფრო ეფექტურები იყვნენ, სააკაშვილის ხელისუფლება ბევრად უფრო დისციპლინირებული იყო და ძალის მფლობელი იყო, პოროშენკოს ხელისუფლება კი შუშის ფეხებზე დგას და ამიტომ ასეთი მეთოდების გამოყენება მისთვის საკმაოდ გართულებულია.

    გარდა ამისა, ჩვენ დიდ სურათს უნდა შევხედოთ, ეს დაკავება დაემთხვა ანტიკორუფციული ბიუროსა და უკრაინის პროკურატურის დაპირისპირებას. ეს დაპირისპირება გუშინ დაიწყო. ანტიკორუფციული ბიურო ამერიკელების მოთხოვნითაა შექმნილი იმიტომ, რომ უკრაინის მთავარი პრობლემა კორუმპირებული სისტემაა. გუშინ ამ დაპირისპირებას მოჰყვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მკაცრი განცხადება, რომ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ანტიკორუფციული მოღვაწეობით იმედგაცრუებული არიან და დღეს ხდება ეს მოვლენები სააკაშვილის ირგვლივ - ჯერ აპატიმრებენ, შემდეგ ვერ აპატიმრებენ და რით დამთავრდება, არავინ იცის.

    ეს ძალიან ბუნდოვან და სარისკო განვითარებას ქმნის. რისკი, რომ უკრაინაში სახელმწიფოებრივი კრიზისი ჩამოყალიბდეს, გაიზარდა. არა იმიტომ, რომ სააკაშვილია ავტორიტეტული, სააკაშვილი მხოლოდ ერთი კომპონენტია, ის შეიძლება, რაღაც დიდი პროცესის კატალიზატორად იქნეს გამოყენებული.

    "რ": რაზე მეტყველებს ის, რომ სპეცრაზმს დაკავებული სააკაშვილი ხელიდან წაგლიჯეს?

    გ.ხ: ეს სრულიად არანორმალურია და მეტყველებს ზუსტად იმაზე, რომ ხელისუფლება არ წარმოადგენს ავტორიტეტს და მისი ლეგიტიმაციის ხარისხი დაბალია. ხშირ შემთხვევაში, მას ან არ ემორჩილებიან, ან არ აქვს იმდენი ძალა, საზოგადოებაში არსებული თუნდაც მცირე წინააღმდეგობა გადალახოს.

    "რ": სააკაშვილი მოიგებს რამეს?

    გ.ხ: ის ნამდვილი პოლიტიკური ცხოველია, ძალიან კარგი ინტუიცია აქვს. ის ცდილობდა, უკრაინაში დიდი საპროტესტო ტალღა აეგორებინა და ფაქტია, ვერ მოახერხა, ახლა კი მეორე სუნთქვა გაეხსნა. თუ ძლევამოსილ გმირად ვერ ივარგა, წამებულის მანტიის მოსხმა კიდევ ერთი ტექნოლოგიაა და უკრაინის ხელისუფლებამ მას ეს კომფორტი შეუქმნა.

    როგორ განვითარდება მოვლენები, ძნელი სათქმელია. ახლა უკრაინაში დიდი ვაჭრობა მიდის, ვინ საით დაგდება და რას გააკეთებს. ზოგი პოროშენკოს ევაჭრება, ცდილობს, მისგან რაღაც მიიღოს, ზოგი - აქეთ ლაპარაკობს და რაზე დალაგდებიან, ძნელი სათქმელია.

    "რ": თქვენ ამერიკა ახსენეთ და სააკაშვილს ექნება ამერიკის მხარდაჭერა?

    გ.ხ: გააჩნია, მოვლენები როგორ განვითარდება. დღეს სააკაშვილი ცდილობს, დაჯდეს იმ ტალღაზე, რაც აშშ-ს აწუხებს - ესაა ანტიკორუფციული თემები. აშშ შეეცდება, ისევ კონტროლის ქვეშ დააბრუნოს ზღვარგადასული პოროშენკო ან არადა, ადეკვატური ხელისუფლება უნდა მოვიდეს. სააკაშვილი ამ თამაშში, როგორც პროცესის კატალიზატორი, საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება. ეს მისი პროფესიაა.

    "რ": დააპატიმრებენ მას?

    გ.ხ: მგონი, ეს მხოლოდ წმინდა ტექნიკური საკითხია, ის წამებულის პოზიციაში გადავიდა.

    "რ": სახელმწიფოს პრესტიჟი?

    გ.ხ: აქ ხელისუფლება პრესტიჟზე აღარ ფიქრობს, არამედ - თვითგადარჩენაზე. სააკაშვილს თუ დღეს დააკავებენ, რაღაც დროის შემდეგ, როგორც კი ეს ხელისუფლება გავა თამაშიდან და ახლო პერიოდში შეიძლება ვიღაცამ ისინი თამაშიდან გაიყვანოს, სააკაშვილი უკვე უკრაინის გმირია, რადგან მან პირველად გააშიშვლა ხმალი ამ კორუმპირებულ ხელისუფლებასთან ბრძოლისთვის.

    "რ": უკრაინის ხელისუფლებაზე ძლიერია?..

    გ.ხ: უკრაინის ხელისუფლებამ ამ ჩიხში თვითონ შეიყვანა თავი. მას კარგი სვლა არ აქვს, დააკავებენ - ცუდია, არ დააკავებენ - ცუდია. ალბათ, შეეცდებიან, დააკავონ, მაგრამ დაკავების პროცესში რა მოხდება, ეს რთული საკითხია. თუ დაკავებისას გამოვლინდა საკრალური მსხვერპლი, ხელისუფლებამ შეიძლება, კიდევ უარესად დაამთავროს. ყველა მაღალი რისკის ზონაშია შესული. ფსონები ძალიან გაზრდილია.

    "რ": ასეთ დროს ექსტრადირების საკითხიც ყოველთვის წამოიჭრება და ეს რამდენად მოსალოდნელია?

    გ.ხ: იმ ბრალდებების ფონზე, რომლებიც უკრაინის ხელისუფლებამ წაუყენა, ალოგიკური იქნება ექსტრადირებაზე ლაპარაკი. უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალების ბრალდება აქვს წაყენებული, რაც ბევრად უფრო მძიმეა, ვიდრე მის მიმართ ჩვენს ხელისუფლებას აქვს პრეტენზია. ამდენად, ექსტრადიციის საკითხი აქტუალობას კარგავს.

    როგორც ჩანს, არის გარემოებები, რომელთა გამოც უკრაინისთვის მძიმედ მისაღები იყო სააკაშვილის საქართველოში ექსტრადიცია. საქართველოს ხელისუფლებაც არ იკლავს თავს ამისთვის და სწორიცაა, სამართლებრივად კი ყოველთვის უნდა მოითხოვოს, მაგრამ მიშა თბილისის ციხეში თავის ტკივილის მეტი არაფერია.

    "რ": ვხედავთ, რომ უკრაინის ხელისუფლება სააკაშვილთან, ჯერჯერობით მაინც, ყველა ბრძოლას აგებს...

    გ.ხ: ასე გამოდის. არა იმიტომ, რომ სააკაშვილია ძლიერი, არამედ იმიტომ, რომ უკრაინის ხელისუფლებაა, ერთი მხრივ, ბრიყვი და, მეორე მხრივ, ძალიან მყიფე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter