სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    06.12.2017

     "ეუბნებიან მოზარდს - ხომ ხედავ, საკონსტიტუციო სასამართლომაც კი დაადგინა, რომ მხოლოდ "დასვენება და გართობაა" მარიხუანის მოხმარებაო და მასაც მეტი რა უნდა," - ამბობს სოსო ცინცაძე სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელიც მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაციას ითვალისწინებს.

    "რეზონანსი": როგორ შეაფასებდით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას?

    სოსო ცინცაძე: მოხმარებისათვის ადამიანი ციხეში არ უნდა იჯდეს, ეს აქსიომაა, დანარჩენზე დისკუსია შესაძლებელიცაა და აუცილებელიც. აი, აქ იჩენს თავს პრობლემის "ცისარტყელა"; მისი მრავალსახოვანი ბუნება საფუძველშივე გამორიცხავს მარტივ და კონკრეტულ პასუხს უამრავ თანმხვედრ კითხვაზე...

    "რ": უფრო კონკრეტულად?

    ს.ც: დავიწყოთ დეკრიმინალიზაციის ინიციატორთა მთავარი არგუმნეტით, ე.წ. "ჩადების" პრობლემით. შედეგზე ეფექტურად გათვლილი ეს "ტაქტიკა" ქართველ პოლიციელთა "ნოუ-ჰაუ" არ არის. საერთაშორისო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ დემოკრატიული ქვეყნების პოლიციელებიც დროდადრო არ თაკილობენ ამ ბინძური მეთოდის გამოყენებას. ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში, რატომღაც მხოლოდ მარიხუანაა აბსოლიტიზირებული. რა, იარაღი უფრო ძნელი ჩასადებია ან "საჭირო შემთხვევაში", სხვა ნარკოტიკის შოვნა გაუჭირდებათ ჩამდებლებს? ასე რომ, მთავარი პრობლემა სხვაგან უნდა ვეძებოთ, რაზეც მორცხვად დუმს, პირველ რიგში, ხელისუფლება.

    მინისტრ მღებრიშვილის გადაყენების (თუ სავარძლის შეცვლის) შემდეგ, ერთი საინფორმაციო სააგენტოს საიტზე მისი მინისტრობის შემფასებელი გულაჩუყებული პანეგერიკა წავიკითხე; რა ზებუნებრივ თვისებებს არ მიაწერდა უკვე ყოფილ მინისტრს თანამშრომელი, ძალზე ლამაზი ახალგაზრდა ქალი (მისი ფოტოც იქვე იყო გამოქვეყნებული) თავის ყოფილ შეფს. და ეს მაშინ, როდესაც, წინამორბედების მსგავსად, ბატონი მღებრიშვილის მინისტრობის პერიოდიც არ გამოირჩეოდა "ჩადებების" ბრალდებების დეფიციტით. მინისტრი მაშინვე უნდა გადამდგარიყო, როგორც კი სასამართლომ დაადასტურა თავისი განაჩენით "ჩადების" პირველივე ფაქტი.

    გარდა ამისა, ალოგიკურად პიკანტური სამართლებრივი კაზუსი იქმნება: გაყიდვა ისჯება, ყიდვა-მოხმარება - არა. ხომ არ სჯობს, ხელისუფლებამ უტენდეროდ გადასცეს იმავე "გირჩს" მარიხუანის მოყვანა-დარიგების ექსკლუზიური უფლება? მით უმეტეს, რომ პარტიამ წარმატებით განახორციელა ამ მცენარის საცდელი სელექციის კამპანია. მოგჭამა ჭირი "ბარიგების" ინსტიტუტმა. თავაზიანობითა და ინტელექტით ცნობილი "გირჩელები" უფასოდ დაურიგებენ ყველა მსურველს ნაყოფს, რომლის საშიშროება თუ მავნებლობა თვით ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომაც კი "ვერ დაადგინა".

    "რ": მთელ ამ პროცესში რა იწვევს თქვენ შეშფოთებას?

    ს.ც: მოყვანა ისჯება, დამზადება ისჯება, შენახვა ისჯება, გადაცემა ისჯება, აი, მოხმარება კი არ ისჯება. ამ ჯაჭვში მხოლოდ ერთი რგოლი - მოხმარებაა ლეგალიზებული. ვთქვათ, პოლიციელი წაესწრო მომხმარებლისა და "ბარიგის" პრივატულ ბიზნესგარიგების ფაქტს. "ბარიგას" იჭერს და ციხეში უშვებს, მომხმარებელი კი სხვა, უფრო იღბლიანი "ბარიგის" ძებნას იწყებს? არ ვიცი, რატომ ხდება, რომ პრინციპში საჭირო გადაწყვეტილებებსაც კი ამდენი უპასუხო კითხვა მოჰყვება ხოლმე ჩვენში?

    საერთოდ, მთელ ამ პროცესში, ერთი მომენტი იწვევს ჩემში შეშფოთებას; შევძლებთ კი ლოგიკური ზღვარის, "წითელი ხაზის" დადგნას? ერთ სატალევიზიო დისკუსიაში ისიც კი მოვისმინე, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მხოლოდ პროცესის დასაწყისიაო. რომელი პროცესის, არსებული ნარკოტიკების "სრული პაკეტის?" ჩემთვის დამაეჭვებელია, თუ რა მოტივაცია ამოძრავებს თუნდაც რომელიმე ღამის კლუბის მესაკუთრეს, თუ ის პროცესის "ლოგიკურ დასასრულამდე" მიყვანას ითხოვს.

    ვთქვათ სიმართლე ბოლომდე - მთელ მსოფლიოში ხომ სწორედ ღამის კლუბებში ხდება ნებისმიერი "ჩამოსხმის" ნარკოტიკის გასაღებაცა და მით უმეტეს - მოხმარებაც. არ დავიღლები იმის გამეორებით, რომ ნებისმიერი ნარკოტიკის მომხმარებელი ციხეში არ უნდა იჯდეს. ეს არ არის გამოსავალი, მაგრამ ნაბან წყალს ბავშვსაც ნუ გადავაყოლებთ; ნარკომანიაზეც, "ჩადებებზეც", რუსეთის აგრესიაზეც, ნატო-ევროკავშირზეც, სამართლიან არჩევნებზეც და ყველა სხვა პრობლემაზე მწვავედ და დაუნდობლად დღეს ქართული გენოფონდის გადარჩენის გიგანტური პრობლემა დგას სახელმწიფოსა და საზოგადოების (თუ კიდევ არსებობს ჩვენში ასეთი) წინაშე.

    "რ": ხომ არ ფიქრობთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რაღაც ფორმით, ორთქლის გამოშვებაზეა გათვლილი?

    ს.ც: არ გამოვრიცხავ, რომ თუ ხელისუფლება მართლაც იმედოვნებს, ჩვენი ახალგაზრდობის ყველაზე "ხმაურიანი" (ტყუილად ხომ არ დაირქვეს მათ "თეთრი ხმაური", ისე კი რატომ თეთრი? მგონი, თეთრი ფერის არ უნდა იყოს მარიხუანა) დაჯგუფება დიდი ხნით მოიმადლიერა, ის ნამდვილად შეცდა. გარდა იმისა, რომ სასამართლოს (თუნდაც საკონსტიტუციოსი) ერთი გადაწყვეტილებით, ჯერ არსად არ გადაჭრილა კაცობრიობის ურთულესი პრობლემა, არც ის უნდა გაგვიკვირდეს, თუ ხვალ და ზეგ ე.წ. "მძიმე ნარკოტიკების" ლეგალიზაციის მოთხოვნით ატყდება "ხმაური".

    დასასრული

    რაც შეეხება პრობლემის არსს, ნარკომანთა მკურნალობას, რეაბილიტაციას, ახალგაზრდა თაობის მასობრივ გაჯანსაღებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის რეალურ პოპულარიზაციას - ყველაფერ ამაზე საზრუნავად დრო არ ჰყოფნის ხელისუფლებას. ამიტომაც თამამად შეგიძლიათ, პესიმისტად ჩამთვალოთ. "ჩადებები" როგორც იყო, ისევ გაგრძელდება, სანამ რამდენიმე მკაცრად დასჯილ "ჩამდებს" არ გვიჩვენებენ; ნარკომანთა რაოდენობა კვლავაც გაიზრდება, სანამ ახალგაზრდობას ოპტიმისტურად საინტერესო სტიმულები და მოტივაციები არ გაუჩნდება.

    "რ": იგივე იმედგაცრუება, იდეალთა დევალვაცია და სხვა ასეთი პერიოდები ხომ თუნდაც ამერიკის ახალგაზრდობამაც გამოსცადა საკუთარ თავზე და დაძლია კიდეც. ჩვენთვის რატომ მიგაჩნიათ ეს შეუძლებლად?

    ს.ც: თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენს ახალგაზრდებს საქართველოში უწევთ ცხოვრება და არა - ამერიკაში. რატომ დაძლიეს ამერიკელებმა "ვიეტნამის სინდრომი" შედარებით მოკლე დროში? ჩემი ახალგაზრდობის პერიოდს დაემთხვა ის პერიოდი, როდესაც "უესტ პოინტის" სამხედრო სასწავლებელში კვლავ გაჩნდა აბიტურიენტთა კონკურსი და ფაქტი ქვეყნის ფსიქოლოგიურ გამოჯანსაღებად ჩათვალა ადგილობრივმა პრესამ. ცხადი იყო რეიგანის ფაქტორიც, მაგრამ გადამწყვეტი როლი ქვეყნის "მამების" მიერ ასი წლის წინ დაპროექტებულ-ამუშავებულმა სახელმწიფო ინსტიტუტებმა შეასრულა. ამ დროისათვის, ათი წლის წინანდელი "ჰიპები" უკვე წვერგაპარსული, მოდურ კოსტიუმებში გამოწყობილი სოლიდური ახალგაზრდა ჯენლტმენები იყვნენ საკუთარი წარმატებული ბიზნესებით. რეალური ცხოვრების პერსპექტივამ მოახდევინა მათ მარიხუანის "სასჯელი".

    ჩვენში ბურუსითაა მოსილი დღევანდელი ახალგაზრდობის ხვალინდელი დღე. როდესაც წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში ბილ კლინტონს შეეკითხნენ, თუ ეწეოდი ახალგაზრდობაშიო, რთული დილემის წინაშე აღმოჩნდა მომავალი პრეზიდენტი - ეცრუა და ეთქვა არაო, ახალგაზრდები არ დაუჯერებდნენ და ხმას არ მისცემდნენ, სიმართლე ეთქვა, უფროსი თაობის ხმებს დაკარგავდა. ჰოდა, დიპლომატიურად იცუღლუტა - ვეწეოდი, თუმცა კვამლს არ ვყლაპავდიო. რასაკვირველია, ბევრი რამ შეიცვალა მას შემდეგ ამერიკაში; ბევრ შტატში მოახდინეს მარიხუანის ლეგალიზება სხვადასხვა დოზით, მაგრამ ერთი რამ უცვლელი რჩება: ნაკლებად უნდა ჰქონდეს ხალხის ნდობის იმედი თუნდაც მარიხუანასთან გაშინაურებულ საჯარო პიროვნებას.

    "რ": როგორი უნდა იყოს ხელისუფლების სწორი პოლიტიკა ნარკომანიასთან ბრძოლის თვალსაზრისით?

    ს.ც: ამაზე წიგნებს წერენ პროფესიონალები. დილეტანტის კვალობაზე მოკლედ ვიტყვი: პირველ რიგში, ხელისუფლებამ საკუთარი რეალობებისა და მატერიალური შესაძლებლობების სფეროში უნდა გაატაროს ყოველი გადაწყვეტილება. ამოსავალ წერტილად უნდა იქცეს მომხმარებელთა მიმართ ნებისმიერი დამსჯელი ღონისძიებების (ფულადი ჯარიმების ჩათვლით) კატეგორიული უარყოფა და პარალელურ რეჟიმში - ნარკოტიკების იმპორტიორ-გამსაღებლებზე კონტროლისა და სასჯელის გამკაცრება.

    პრინციპშივე მცდარია სიმძიმის ცენტრის გადატანა "ბარიგებზე", აქამდე მხოლოდ "ლიფისტებზე" ნადირობის მოწმენი ვიყავით. ნუთუ ამხელა "საბაზრო პოტენციალის" მქონე ქვეყანას ერთი, მსოფლიოში თუ არა, რეგიონული დონის "ნარკობარონიც" არ ჰყავს? გარდა ამისა, ნარკომანიისა და მისი "ტყუპისცალი" შიდსის შესახებ, ეტყობა, სკოლიდან უნდა იწყებოდეს პროფესიულად კვალიფიციური საგანმანათლებლო მუშაობა. ეუბნებიან მოზარდს - ხომ ხედავ, საკონსტიტუციო სასამართლომაც კი დაადგინა, მხოლოდ "დასვენება და გართობაა" მარიხუანის მოხმარებაო და მასაც მეტი რა უნდა.

    არც სკოლაში და არც სახლში არ უხსნიან, თუ რა კონკრეტულ ქმედებასთანაა კავშირში ამ ფორმულირების ამუშავება და არ შეიძლება მისი აბსოლუტიზირება. დასვენებისა და გართობის საბოლოო ფუძემდებელი მიზანი სიცოცხლის გახანგრძლივებაა. აბა, სხვა რისთვის გამოიგონეს შვებულებები და კურორტ-პანსიონატები? სასამართლოს ეს "ხორკლიანი" ფორმულირება დაჩქარებულ ტემპში, როგორც ნამერალი ნარმანია იტყოდა, "ფაცი-ფუცში" მიღებული გადაწყვეტილებაა. კიდევ სხვა უამრავი რამის გაკეთება ევალება ხელისუფლებას. მოდით, ამჯერად ეს ვალდებულებები ვაკმაროთ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter