სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინო ქეთელაური
    06.12.2017

     ძლიერი ეკონომიკა, ძლიერი მმართველობა, ძლიერი კავშირები და ძლიერი საზოგადოება – ეს ის ოთხი ძირითადი მიმართულებაა, სადაც საქართევლომ 2020 წლისთვის 20 შედეგის მიღწევა უნდა შეძლოს, რათა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი გარდაუვალი გახდეს.

    ამ კონკრეტული მიზნების განხორციელებისთვის საჭირო ნაბიჯებზე ბრიუსელში გამართული აღმოსავლეთ პარტნიორობის მეხუთე სამიტის ფარგლებში 6 ქვეყანასთან (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსია, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა) ერთად იმსჯელეს.

    მიღებული დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული 20 მიზანი მოქალაქეთა კეთილდღეობის გაუმჯობესებასა და მათთვის ხელშესახები სარგებლის მიცემას ემსახურება.

    საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ევროპული ინტეგრაციის გზაზე უმნიშვნელოვანესია თანამშრომლობის როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი ფორმატები.

    ამასთან, აღნიშნავს, რომ დასახული 20 მიზანი სრულ თანხვედრაშია საქართველოს ყოვლისმომცველი რეფორმების გეგმასთან.

    “საქართველო აფასებს პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავების ახალ შესაძლებლობებს და შევეცდებით, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ისინი, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტები; დავხვეწოთ მმართველობა; ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციით, ვუზრუნველვყოთ ცხოვრების უკეთესი სტანდარტების დამკვიდრება ჩვენი მოქალაქეებისათვის; გავაუმჯობესოთ ინფრასტრუქტურა და ხელი შევუწყოთ ხალხთა შორის კონტაქტების გააქტიურებას“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

    საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იანოშ ჰერმანი კი აცხადებს, რომ ევროპა უკვე ეძებს ჩამოყალიბებული ურთიერთობების გაღრმავების მოქნილ და დინამიურ გზებს, რომელიც ხელსაყრელი იქნება ყველასთვის.

    "ერთის მხრივ, ჩვენ გვაქვს ურთიერთობა - ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებობს ასოცირების შესახებ შეთანხმება და ეს ურთიერთობა კიდევ ერთხელ განმტკიცდა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე. მეორეს მხრივ, ამ არსებული და განმტკიცებული ურთიერთობების პირობებში ჩვენ უნდა ვიფიქროთ მომავალზე და იმაზე, თუ როგორ გაღრმავდება ის", - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

     აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე აცხადებს, რომ საქართველოს ამბიციები სცდება ევროკავშირთან ასოცირების პროცესს.

    ”ჩვენ მზად ვართ, ცალმხრივად კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ და მივაღწიოთ ინტეგრაციის მაქსიმალურ დონეს. ჩვენ ამ ნაბიჯების შედეგად გვსურს მივაღწიოთ იმ დონეს, როდესაც პოლიტიკური გადაწყვეტილებები იქნება უფრო თავისუფლად შესაძლებელი",- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

    პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძის შეფასებით, მართალია გარკვეული მიმართულებით საქართველოს პროგრესი აქვს, მაგრამ დასახული 4 მიმართულება არის ის, სადაც პრობლემები ისევ არსებობს.

    “შეიძლება გარკვეული მიმართულებით საქართველო აკმაყოფილებს ევროკავშირის სტანდარტებს და ვთქვათ ჩვენი საგარეო ვაჭრობის სფეროში 26 % მოდის ევროკავშირთან ურთიერთობით, მაგრამ მეორეს მხრივ, არის პრობლემები, იგივე დემოკრატიის განვითარების კუთხით.

    “ფრიდომ ჰაუსის მონაცემებით საქართველო ნაწილობრივ დემოკრატიულ ქვეყნად ითვლება, ამასთან, პრობლემურია სოციალურ-ეკონომიკური განვითარებაც. კარგია, რომ წელს ეკონომიკური ზრდა 5%ს-აჭარბებს, მაგრამ მთელი რიგი საკითხები კვლავ მოსაგვარებელია”, - ამბობს ნიკა ჩიტაძე და აღნიშნავს, რომ თუ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ამოქმედდება, საქართველოს მთელი შიდა პროდუქტის რაოდენობა 4,3%-ით გაიზრდება.

    “მეორეს მხრივ, თუ საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაცია მოხდება, ჩვენთან განმტკიცდება დემოკრატიული ინტიტუტები. გარდა ამისა, ხელი შეეწყობა გარკვეული ინვესტიციების შემოდინებას ევროპული კომპანიებიდან.

    “შესაძლოა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის ფარგლებში საკმაოდ დიდი როლი ითამაშოს ევრაზიული დერეფნის პროექტმა. იმიტომ, რომ თუ ბაქო-თბილისი –ყარსის რკინიგზის მეშვეობით ტრანსპორტის გადატანა საქართველოს გავლით იქნება შესაძლებელი, ევროპის ინტერესი საქართველოს მიმართ კიდევ უფრო გაიზრდება. ეს კი ენერგეტიკულ პროექტებთან ერთად ხელს შეუწყობს საქართველოს კიდევ უფრო მეტად დაახლოვებას ვეროპულ სტანდარტებთან”,-აცხადებს ნიკა ჩირტაძე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter