სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თიკო ოსმანოვა
    08.12.2017

     ტელეკომპანიებში სარეკლამო და სპონსორებისგან შემოსულმა თანხამ იკლო. "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის - ნიკა გვარამიას თქმით, მიმდინარე წელს ტელეკომპანიის სარეკლამო შემოსავალი დაახლოებით 20%-ით შემცირდა. არხის ხელმძღვანელები, ზოგადად, შემცირების ტენდენციაზე საუბრობენ და ანალოგიურ სურათს მომავალ წელსაც ელოდებიან.

    "არხზე რეკლამები შემცირებულია იმიტომ, რომ ქვეყნის ეკონომიკა დაინგრა. "იმედს" ორჯერ ნაკლები ჰქონდა სარეკლამო შემოსავალი, ცუდად ყიდდა რეკლამებს, ახლა ერთიანი პაკეტი აქვს და მისი მდგომარეობა შეიძლება გაუმჯობესდა. სარეკლამო ბაზარი არის ცუდ დღეში, როგორც 7-8 წლის წინ იყო. თანაც ამას დაემატა 2015 წელს კახა ბექაურის მავნებლური ინიციატივა, რამაც კიდევ უფრო ცუდ დღეში ჩაგვაგდო. რეკლამა დაახლოებით 20%-ით არის შემცირებული, რაც უზარმაზარი რიცხვია", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.

    ანალოგიურ პრობლემაზე საუბრობს ტელეკომპანია "კავკასიის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნინო ჯანგირაშვილი.

    "ბოლო წლების განმავლობაში შეგვიმცირდა სარეკლამო შემოსავალი. ზოგადად, ბაზარზე არ არის კარგი მდგომარეობა. შემცირების ტენდენცია შეინიშნება, ასე რომ, მომავალ წელსაც ცუდი მდგომარეობა გვექნება", - გვითხრა ჯანგირაშვილმა.

    ცნობისთვის, მაუწყებლობის შესახებ კანონში შესული ცვლილებები 2015 წლის პირველ აპრილს ამოქმედდა. ახალი კანონით სარეკლამო და სასპონსორო მომსახურების წესები შეიცვალა. სასპონსორო მომსახურება საათში 4 წუთამდე შეიზღუდა (ახალი წესით, საინფორმაციო და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების სპონსორობა აკრძალულია). მანამდე არსებული რეგულაციით, რეკლამას მთლიანი სამაუწყებლო ბადის 20% ეჭირა, რაც დღე-ღამეში 4 საათი და 48 წუთი იყო, ახალი რეგულაციით კი, სარეკლამო დრო საეთერო საათის 20%-ს არ უნდა აღემატებოდეს, რაც საათში 12-წუთიან შეზღუდვას აწესებს.

    რეგულაცია ე.წ. "პრაიმ ტაიმსაც" ეხება, სადაც რეკლამის განთავსება შედარებით მეტი ღირს, თუმცა გასულ წელს ამასთან დაკავშირებით ანგარიში გამოაქვეყნა ა/ო "საერთაშორისო გამჭვირვალობამ", - სადაც, პირიქით, სარეკლამო შემოსავლის ზრდაზეა საუბარი, თუმცა არხის ხელმძღვანელები ამას საარჩევნო რეკლამას უკავშირებენ, ზოგადად კი, კლების ტენდენციაზე საუბრობენ.

    როგორც "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, 2016 წელს ტელეკომპანიების სარეკლამო და სპონსორობიდან შემოსავალმა 83.7 მლნ.ლარი (35.3 მლნ. აშშ დოლარი) შეადგინა, რაც წინა წელს მიღებულ შემოსავალს დაახლოებით 10 მლნ. ლარით (3 მლნ. აშშ დოლარი) აღემატება. ლარში სარეკლამო შემოსავალი 14.5%-ით გაიზარდა, აშშ დოლარში კი - დაახლოებით 10%-ით.

    ტელეკომპანიების წარმომადგენლების თქმით, სარეკლამო შემოსავლის ზრდა ძირითადად საარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიების მიერ რეკლამაში დახარჯულმა თანხამ განაპირობა, კომერციული რეკლამიდან შემოსავალმა კი იკლო. კვლევაში ნათქვამია, რომ პოლიტიკური რეკლამის ჯამური ოდენობა 9 მილიონი ლარია, ხოლო ამ თანხის გამოკლებით ტელევიზიების მიერ მიღებული კომერციული შემოსავალი დაახლოებით წინა წლის შემოსავლის ტოლია.

    როგორც კვლევიდან ირკვევა, მედიის სარეკლამო ბაზარზე კვლავ "რუსთავი 2" და "იმედი" ლიდერობენ, თუმცა მზარდია ახლად შექმნილი ტელეკომპანიების სარეკლამო წილიც. მკვლევრები, ასევე, ამბობენ, რომ ყველაზე მეტი შემოსავალი პოლიტიკური რეკლამიდან ტელეკომპანია "ობიექტივს" ჰქონდა და რეკლამის ძირითადი განმთავსებელი "პატრიოტთა ალიანსია".

    "რუსთავი 2"-ისა და "იმედის" სარეკლამო გაყიდვის წარმომადგენლებმა "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსთან" შეხვედრის დროს განაცხადეს, რომ ის მცირედი მატება სარეკლამო შემოსავალში ძირითადად პოლიტიკური რეკლამიდან შემოდინებულმა თანხამ და არჩევნებმა განაპირობა. "იმედის" წარმომადგენელ ალექსანდრე სკრებნევის თქმით, შემოსავლის გარკვეული წილი არხებმა პოლიტიკური რეკლამის ხარჯზე მიიღეს, კომერციულმა სარეკლამო შემოსავალმა კი მსხვილ არხებზე, წინა წელთან შედარებით, ეროვნულ ვალუტაში დაახლოებით 14%-ით იკლო. ამ მოსაზრებას იზიარებს "რუსთავი 2"-ის სარეკლამო გაყიდვის წარმომადგენელიც, რომელიც მიუთითებს, რომ თუ შემოსავალში პოლიტიკურ რეკლამას არ გავითვალისწინებთ, მაშინ, წინა წელთან შედარებით, არხზე სარეკლამო შემოსავლის კლებაა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter