სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ეკატერინე ბასილაია
    08.12.2017

     "თუ ევროკავშირი "ევროპულ პერსპექტივას", ამ ორ მაგიურ სიტყვას რომელიმე დოკუმენტში არ ჩაგვიწერს, მაშინ დიახაც, ევროკავშირის პროცედურებიდან გამომდინარე, შესაძლებელია, განაცხადი მაინც შევიდეს," - აცხადებს საქართველოს რეფორმების ასოციაციის დირექტორი პაატა გაფრინდაშვილი.

    პაატა გაფრინდაშვილი: არსებული საერთაშორისო პრაქტიკაა, როდესაც ევროკავშირს გადაწყვეტილი აქვს, რომ ესა თუ ის ქვეყანა რაღაც ეტაპზე ევროკავშირის წევრი გახდება, აძლევს "ევროპულ პერსპექტივას". ეს ნიშნავს, რომ, ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის თანახმად, თუკი რომელიმე ქვეყანას ევროპული პერსპექტივა აქვს და იგი სხვადასხვა კრიტერიუმს აკმაყოფილებს, რაც კოპენჰაგენის კრიტერიუმების სახელითაა ცნობილი და დემოკრატიის განვითარებას, კანონის უზენაესობასა და ა.შ. გულისხმობს, მაშინ ეს ქვეყანა მას შემდეგ, რაც კანდიდატის სტატუსს მიიღებს, მასთან მოლაპარაკება გაიხსნება, ადრე თუ გვიან ევროკავშირში გაწევრიანდება. საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა, მაგალითად, რაც დღეს ბალკანეთის ქვეყნებს აქვთ, ჯერ კიდევ არ მიუღია.

    "რეზონანსი": რატომ?

    პ.გ: ევროკავშირში არიან ე.წ. სკეპტიკური ქვეყნები, რომლებიც ნაადრევად მიიჩნევენ საქართველოსთან ამგვარი დიალოგის დაწყებას და კიდევ ბევრი სხვა მიზეზია, იგივე შიდა კრიზისი ევროკავშირში, რაც ბევრ რამეს უკავშირდება და ამ სხვადასხვა მიზეზით ისინი ჯერ კიდევ თავს იკავებენ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მიცემისაგან. ეს გზა სხვა ქვეყნებმაც გაიარეს, როდესაც სხვადასხვა მიზეზით ევროკავშირი მათთან დაკავშირებითაც თავს იკავებდა ხოლმე.

    მთავარი გზავნილი ევროკავშირისადმი უნდა იყოს შემდეგი: ჩვენ შევასრულებთ ყველა აღებულ ვალდებულებას, ეფექტიანად განვახორციელებთ ყველა რეფორმას, რაც გათვალისწინებული გვაქვს ასოცირების შეთანხმებით, თავისუფალი ვაჭრობით, ასოცირების დღის წესრიგით და ა.შ. თუ ჩვენ ამ ყველაფერს ვაკეთებთ, მაშინ ჩვენი შემდეგი ნაბიჯი გაწევრიანება უნდა იყოს. ოღონდ ეს ერთ დღეში არ ხდება, ეს მრავალწლიანი მოლაპარაკების შედეგია.

    ჩვენ არ უნდა "მოგვერიდოს" ევროკავშირისათვის იმის თქმა, რომ დიახ, ჩვენი სურვილია გაწევრიანება და ამ გზაზე ჩვენ კონკრეტულ მოქმედებებს ვიწყებთ... ამ მიზანს მიეხმარება საგზაო რუკაზე მუშაობის დაწყება. ეს მოემსახურება სხვადასხვა უწყებას შორის კოორდინაციის ამაღლებასაც. ამ საგზაო რუკაში თავი უნდა მოიყაროს ყველა შესაძლო ნაბიჯმა, მაგალითად, ასოცირების შეთანხმების შესრულებამ და ეს უნდა იყოს ერთიანი უწყებათაშორისი ხედვა, სტრატეგია და კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რამაც თავის დროზე, რამდენიმე წლის შემდეგ შეიძლება მიგვიყვანოს იმ მიზნამდე, რასაც ევროკავშირის წევრობა ჰქვია.

    "რ": საშუალოდ, რამდენი წელია საჭირო? რამდენად შორს ან ახლოს ვართ გაწევრიანებასთან?

    პ.გ: ამ თემაზე სპეკულირება შეუძლებელია. ეს დამოკიდებულია როგორც შენს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების წარმატებაზე, ასევე ევროკავშირის შიგნით არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობაზეც. ჯერ ჩვენ კანდიდატის სტატუსი უნდა მივიღოთ.

    "რ": ბოლო წელს ოპოზიციისა და ექსპერტების ნაწილისაგან გვესმის, რომ ხელისუფლებამ წევრობის მოთხოვნაზე განაცხადი უნდა შეიტანოს და ამით აჩვენოს ევროპას რეალური მისწრაფება. არის მეორე მოსაზრებაც, რომ ამან შეიძლება ევროკავშირის გაღიზიანება გამოიწვიოს. თქვენ რომელ მოსაზრებას ემხრობით?

    პ.გ: დღეს ან ხვალ არა, მაგრამ ევროპელ პარტნიორებს გასაგებად უნდა ავუხსნათ, რომ განაცხადს შევიტანთ. როდის? ეს დამოკიდებულია ეფექტურ მუშაობაზე ქვეყნის შიგნით და დროის სწორად შერჩევაზე. ექსპერტული გადმოსახედიდან ვიტყვი, რომ ასეთი ხელსაყრელი დრო შეიძლება დადგეს 2019-2021 წლებში.

    თუ ევროკავშირი "ევროპულ პერსპექტივას", ამ ორ მაგიურ სიტყვას რომელიმე დოკუმენტში არ ჩაგვიწერს, მაშინ დიახაც, ევროკავშირის პროცედურებიდან გამომდინარე, შესაძლებელია, განაცხადი მაინც შევიდეს. ოღონდ, ამას მანამდე სჭირდება ქვეყნის შიგნით რეფორმების გატარება, დემოკრატიის განმტკიცება და ა.შ. და, მეორე მხრივ, აქტიურად დახვეწილი დიპლომატიური მუშაობა არა მარტო ბრიუსელში, არამედ ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებში, რათა ევროპელი პარტნიორების ყური გავაჩვიოთ, რომ ჩვენ შესაძლებელია, განაცხადი შევიტანოთ არა დღეს, არამედ, როგორც პასუხისმგებლობის მქონე ქვეყანამ, მაშინ, როდესაც თქვენი მხრიდან ჩვენი რეფორმების წარმატება იქნება შეფასებული, მაგალითად, 2020 წელს, როდესაც "ასოცირების შეთანხმებით" აღებული ვალდებულებების 50%-ზე მეტი უნდა გვქონდეს შესრულებული.

    "რ": ხელისუფლება თუ იზიარებს, მაგალითად, თქვენი ორგანიზაციის შეხედულებებს?

    პ.გ: სულ ახლახან ჩავატარეთ კონფერენცია, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრი და სხვა ოფიციალური პირებიც იყვნენ და კმაყოფილებით მინდა ვთქვა, გაცხადდა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო აპირებს, დაიწყოს ევროკავშირში გაწევრიანების საგზაო რუკაზე მუშაობა პარლამენტთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter