სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ეკატერინე ბასილაია
    11.01.2018

     უახლოეს დღეებში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება ახალგორთან ე.წ. საბაჟო პუნქტს ხსნის. საოკუპაციო ხაზთან, სოფელ მოსაბრუნთან, ე.წ. სასაზღვრო პუნქტის გვერდით უკვე მიტანილია ვაგონები, სადაც ოსი "მებაჟეები" უნდა განთავსდნენ და შეამოწმონ ყველა ტვირთი, რაც დანარჩენი საქართველოდან მათ "რესპუბლიკაში" შევა. უკვე დაწესდა აკრძალვაც.

    ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ბრძანებით, ახალგორის რაიონის მცხოვრებლებს უფლება აქვთ, ე.წ. საზღვარზე ერთ ადამიანზე მხოლოდ 50 კგ-მდე ტვირთი გადაიტანონ. ამასთანავე, ახალგორის რაიონში საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან იკრძალება ხორცის, კვერცხის, მეცხოველეობის ყველანაირი პროდუქტის შეტანა, მათ შორის, შინაური ცხოველების შეყვანა.

    "საბაჟოს" გახსნისა და ახალი აკრძალვის შესახებ განცხადებით დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარე მურატ ცხოვრებოვი სამშაბათს გაფართოებულ ე.წ. მთავრობის სხდომაზე გამოვიდა.

    მისი თქმით, "საზღვარზე" მოწყობილია ვაგონები, რომელშიც "საბაჟოს" თანამშრომლები დაბინავდებიან და ტვირთს გააკონტროლებენ, მათ შორის საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან მეცხოველეობის პროდუქციის შემოტანაზე დაწესებული აკრძალვაც მკაცრად გაკონტროლდება.ე.წ. საბაჟოს გახსნის იდეა ცხინვალში გასული წლის ნოემბერში გაჩნდა. მაშინ მურატ ცხოვრებოვმა განაცხადა, რომ "საბაჟოს" გახსნის იდეა მას შემდეგ დაიბადა, რაც მათი მონიტორინგის შედეგად აღმოჩნდა, რომ ე.წ. რესპუბლიკაში თბილისიდან საკმაოდ დიდი რაოდენობის ტვირთი შედის და წლებია, ამ ტვირთს არანაირი გადასახადი არ ემატებოდა, რაც ბიუჯეტს აკლდებოდა.

    ოსური მედიის ინფორმაციით, "საბაჟოს" გახსნის შემდეგ დე ფაქტო მთავრობა იმ შეზღუდვის მოხსნის საკითხს განიხილავს, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ერთ ადამიანზე 50 კგ-ზე მეტი წონის ტვირთის შეტანას კრძალავს და ვარაუდია, რომ გადასახადი 50 კილოგრამამდე ტვირთზე არ დაწესდება. თუმცა ცხინვალის რეჟიმის წარმომადგენლების მხრიდან ჯერ არ გაცხადებულა, რა რაოდენობაზე დაწესდება გადასახადი და რამდენი იქნება იგი.

    "ექსპერტთა კლუბის" წევრის, კონფლიქტოლოგ ირაკლი ცქიტიშვილის შეფასებით, ოსები პოზიციონირებენ იმით, რომ მათ "დამოუკიდებელი სახელმწიფო" აქვთ, ამიტომაც სახელმწიფოს ყველა ატრიბუტიკა უნდა ჰქონდეთ. ეს "დამოუკიდებლობანა" კი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ქართველებს ცხოვრებას ურთულებს და უძვირებს, რადგან თუკი დღეს ახალგორში შესატან ტვირთზე ქრთამს სთხოვენ, ამ ქრთამს მალე ე.წ. ოფიციალური გადასახადიც დაემატება.

    ადგილობრივების თქმით, ახალგორში, ასევე ცხინვალსა და ვლადიკავკაზშიც კი თბილისიდან შედის, მწვანილიდან დაწყებული, ხილით და ბოსტნეულით დამთავრებული, ყველანაირი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი და დანარჩენ საქართველოსთან შედარებით ფასი ისედაც მაღალია, რადგან ე.წ. საზღვარზე პროდუქტების შეტანის სანაცვლოდ ქრთამს ითხოვენ, ახლა კი ამ შავ ფულს "ოფიციალური" გადასახადიც თუ დაემატება, კიდევ უფრო გაძვირდება პროდუქტი, რაც მათ ისედაც მძიმე ცხოვრებას კიდევ უფრო დაამძიმებს.

    აღსანიშნავია ისიც, რომ ცხინვალის რეჟიმის კვალდაკვალ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებაც აანონსებს, რომ ენგურის ხიდიდან მათ "რესპუბლიკაში" შეტანილ ნებისმიერ პროდუქტზე უნდა დაწესდეს გადასახადი და ამისთვის ე.წ. საბაჟო პუნქტი უნდა გაიხსნას.

    ცხინვალის მსგავსად, შესატანად აკრძალული საქონლის ჩამონათვალი აქვთ სოხუმშიც. აფხაზეთის ე.წ. საბაჟო კომიტეტის ხელმძღვანელ ბესლან წვინარიას თქმით, აუცილებელია, განისაზღვროს იმ საქონლის ჩამონათვალი, რომლის შემოტანაც საერთოდ უნდა აიკრძალოს ზუგდიდიდან. როგორც მან განმარტა, დღესდღეობით აკრძალულია ციტრუსის, ალკოჰოლის, თამბაქოს შეტანა და განაცხადა, რომ მკაცრად უნდა გაკონტროლდეს ეს სიაც და გადასახადის აკრეფაც.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    xxx   (11.01.2018)
    ვაი, ვაი და ვუი...


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter