სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    პოლიტოლოგის თქმით, ხელისუფლებას ხშირად უჭირს გადაწყვეტა, თუ რომელი ნაბიჯი სჯობს პრობლემების პრევენციისთვის
    ეკატერინე ბასილაია
    12.01.2018

     "ყველა რგოლში კითხვები მაქვს, გარდა იმისა, იყო თუ არა სპეცოპერაცია საჭირო. სპეცოპერაცია თავად საზოგადოებამ მოითხოვა თბილისში მომხდარი მოვლენების შემდეგ და რაღაც ნაბიჯი გადასადგმელი იყო. იყო თუ არა ეს ნაბიჯი სწორედ პანკისის ხეობისკენ გადასადგმელი, იყვნენ თუ არა ეს ადამიანები ჩატაევის გუნდის გადმოყვანაში ჩართულები, ეს ყველაფერი უცნობია," - პანკისის სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილ თემირლან მაჩალიკაშვილზე საუბრობს პოლიტოლოგი რამაზ საყარელიძე.

    "რეზონანსი": პანკისის სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი უკვე დაკრძალეს. ოჯახის წევრები და ხეობის მცხოვრებლები გამოძიებას არ ენდობიან და კითხვები აქვთ, მაგალითად, რატომ გახდა საჭირო 19 წლის ახალგაზრდის სასიკვდილოდ დაჭრა. ძალის გადამეტებაზე ბრალდებები ისმის ოპოზიციიდანაც. რა შეიძლება მოჰყვეს ამას? გამოიწვევს თუ არა მაჩალიკაშვილის გარდაცვალება ხეობაში სიტუაციის დაძაბვას?

    რამაზ საყვარელიძე: ოჯახის ჩვენება დასაწყისში ცოტა სხვა იყო - რომ ამ ახალგაზრდას ეძინა; შემდეგ ითქვა, რომ ტელეფონი ეჭირა ხელში და არა ხელყუმბარა. ჩვენამდე მოღწეული ჩვენებების ნაფლეთები, ბუნებრივია, აჩენს იმ პოზიციას, რომ ოჯახი იბრძვის ამ ადამიანის მიმართ იმ დამოკიდებულების შენარჩუნებისთვის, რომ ის დამნაშავე არ იყო და სხვა თუ არაფერი, იბრძვის შურისძიებისთვის.

    შვილი მოუკვდათ და ეს უდიდესი ტრაგედიაა მათ ცხოვრებაში, მაგრამ სანამ ძიება არ იტყვის, იქამდე დიდი ეჭვი რომელიმე მხარის მიმართ ძნელია. მეორე მხრივ, ძალის გადამეტება იმდენად ხშირია ქართულ სინამდვილეში, თავს ვერავინ დადებს, რომ ეს ვერსია გამორიცხულია. ასე რომ, იქით არის გულშემატკივრებისა და ახლობლების ინტერესი და აქეთ - შეცდომების ტრადიცია ძალოვან სტრუქტურებში, ძალიან რბილად რომ ვთქვათ.

    როცა ლაპარაკია ახლობლების პოზიციაზე, რომ მიზანმიმართული მკვლელობა იყო, მაშინ მოტივიც უნდა ჩანდეს - რატომ იყო მიზანმიმართული ამ ახალგაზრდის მკვლელობა და დანარჩენების - არა. რა მოხდა - ეს სურათი ბუნდოვანია. ალბათ ექსპერტიზის დასკვნაც დაეხმარება, რომ აღდგეს იმ დრამატული მომენტის სრული სურათი და შემდეგ შეიძლება განსჯა.

    რა შეიძლება მოჰყვეს ამ ამბავს, მე მგონი, არაფერი განსაკუთრებული არ მოჰყვება, თუ დამაჯერებელი იქნება მომხდარის ის სურათი, რომელიც დაიდება. თუ არ იქნა დამაჯერებელი, მაშინ შეიძლება ხეობაში დაიწყოს საპროტესტო გამოსვლები. არ მეჩვენება წინდახედულ ნაბიჯად ახლობლების მხრიდან სიჩქარე. მათი მოთხოვნა და ოპოზიციის მოთხოვნა ერთნაირი ხდება, რამაც შეიძლება იმოქმედოს იმ გუნდზე, რომელიც ხელისუფლებაშია იმ მხრივ, რომ უფრო ძნელად წავიდნენ საკუთარი სტრუქტურების დადანაშაულებაზე. თუ ოპოზიცია არ იქნებოდა, შეიძლება უფრი ადვილად წასულიყვნენ ამაზე, თუკი ასეთი დანაშაული სტრუქტურამ ჩაიდინა. მგონია, რომ ზედმეტად ადრე მოხდა პოლიტიზება საიმისოდ, რომ ნეიტრალური სურათის დადებას მივაღწიოთ.

    "რ": აცხადებთ, რომ დამაჯერებელი სურათი თუ დაიდო, არაფერი არ მოჰყვება, დამაჯერებელი კი ოჯახისთვის ალბათ მხოლოდ სპეცრაზმელის გამტყუნება იქნება. დაღუპულის მამაც ამას ამბობს, რომ სანამ სპეცრაზმელი არ დაისჯება, ის არ გაჩერდება და შურს იძიებს.

    რ.ს.: შურისძიებაზე არაფერს ვიტყვი, მიუხედავად იმისა, რომ ეს ფენომენი არის პანკისელებში. ვერსიაა, რომ ოთახში შესვლისთანავე ესროლეს ამ ახალგაზრდას და არ ვიცით, სპეცრაზმელმა რატომ გაისროლა, რამე მოხდა თუ არა იქ, რაიმე წინააღმდეგობის ტენდენცია იყო თუ არა.

    თუ ამგვარი ტენდენცია არ იყო, მაშინ, რა თქმა უნდა, ძალის გადამეტებაცაა და კადრის არაკვალიფიციურობაც, რასაც ტრაგიკული შედეგი მოაქვს. მაგრამ თუ ძალის გამოყენების საფრთხე იყო, არ გამოდის ძალის გადამეტება სამართალდამცველის მხრიდან.

    "რ": თქვენი გადმოსახედიდან, ამ სპეცოპერაციაში კითხვები არსებობს?

    რ.ს.: ყველა რგოლში კითხვები მაქვს, გარდა იმისა, იყო თუ არა სპეცოპერაცია საჭირო. სპეცოპერაცია თავად საზოგადოებამ მოითხოვა თბილისში მომხდარი მოვლენების შემდეგ და რაღაც ნაბიჯი გადასადგმელი იყო. იყო თუ არა ეს ნაბიჯი სწორედ პანკისის ხეობისკენ გადასადგმელი, იყვნენ თუ არა ეს ადამიანები ჩატაევის გუნდის გადმოყვანაში ჩართულები, ეს ყველაფერი უცნობია. თუ სასამართლო ორივე მხარეს არ მოუსმენს, ისე გადაწყვეტილება ვერ გამოვა.

    "რ": გამოსავალი რა არის, უნდა ჩართონ თუ არ გამოძიებაში უხუცესები?

    რ.ს.: თუ ჩვენი კანონმდებლობა იძლევა ამის საშუალებას, რომ უხუცესებმა უფრო ღრმად ჩაიხედონ საქმის მასალებში, ვიდრე საზოგადოებამ, ეს გაცილებით საღი მიდგომა იქნება.

    "რ": უცხოეთის კლინიკაში დაჭრილი მაჩალიკაშვილის გადაყვანასაც მოჰყვა ბრალდებები. ოჯახი ირწმუნება, რომ ხელისუფლებას არ სურდა, დაჭრილს ეცოცხლა და იმიტომაც გაწელეს ეს საკითხი. შეეძლო თუ არა ხელისუფლებას, ამ კუთხით მაინც არ გაეჩინა ეჭვი და ამ 2 კვირის განმავლობაში გადაეგზავნა უცხოეთში დაჭრილი? რატომ ვერ მოახერხა ამ სპეკულაციების თავიდან აცილება მაინც?

    რ.ს.: გავიგეთ, რომ ავსტრიამ არ მიიღო, რადგან ტერორიზმთან კავშირში იყო ეჭვმიტანილი. ავსტრიაში ისლამოფობიასთან დაკავშირებით დემონსტრაციებიც კი გაიმართა და ხაზგასმული იყო, რომ ავსტრია ყველაზე ისლამოფობიური ქვეყანაა. ამდენად, არ არის გასაკვირი, თავი აერიდებინათ მისი მიღებისთვის. სამაგიეროდ, თურქეთში, რომელიც თავად ისლამურია, პრობლემა არ იყო, დაჭრილი მიეღოთ.

    ხელისუფლებამ რომ ვერ მოახერხა დროულად გადაგზავნა, ეს გასაკვირი არ არის. დღევანდელი ხელისუფლება ხშირად ვერ ფიქრობს-ხოლმე, რომელი ნაბიჯი სჯობს პრობლემების პრევენციისთვის და ამის გამოც საყვედურობენ მას ოპოზიციაც და მედიაც. აშკარაა, რომ, ერთი მხრივ, სამედიცინო ჯგუფის დასკვნა იყო ამ პაუზის მიზეზი. დასკვნაში არ იყო მკაფიოდ აღნიშნული, ჩიხში იყო თუ არა სიტუაცია შესული და, მეორე მხრივ, როდესაც ახლობლებმა მოითხოვეს, მხოლოდ მაშინ დაიწყო გადაყვანაზე ფიქრი. თუმცა შეიძლებოდა ამ მოთხოვნამდე ეფიქრა ხელისუფლებას.

    "რ": არის თუ არა საშიშროება, რომ პანკისის მოვლენები რუსეთმა გამოიყენოს და საფრთხე შეგვიქმნას?

    რ.ს.: სიმართლე გითხრათ, ხიფათისმაგვარი მოლოდინი მქონდა უფრო ადრე, როცა თბილისში გაჩაღდა ბრძოლა და ჩატაევის გვარი გამოჩნდა. გამიჩნდა მოლოდინი, რომ რუსეთს შეეძლო, გაეხსენებინა ადრინდელი ბრალდებები, ეთქვა, რომ საქართველოში ტერორისტები არიან და ამ მოტივით საქართველოს ფრონტზე გამწვავება გაეგრძელებინა.

    რუსეთმა ეს არ გააკეთა, რაც ალბათ ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე საქართველოს მიმართულებით გამწვავებას მიზნად არ ისახავს, რადგანაც მწვავე სიტუაციები მას მსოფლიოს სხვა ქვეყნებში აქვს. ის, რომ დღეს არ აამუშავა ტერორისტების თემა, არ ნიშნავს, რომ დროის გასვლის შემდეგ უარს იტყვის ამაზე. თუკი დასჭირდება რაიმე თემის გადასაფარად, ნუ გამოვრიცხავთ, რომ გაიხსენოს. ანუ ამ ინციდენტს, შესაძლოა, მოჰყვეს გარკვეული სირთულეები, ოღონდ შორეულ პერსპექტივაში.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved