სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თიკო ოსმანოვა
    12.01.2018

     სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობითი გადამეტების ფაქტზე პროკურატურამ ორი პოლიციელი დააკავა. საქმე გასული წლის ნოემბერში რუსთავში მომხდარ ინციდენტს ეხება, რა დროსაც ადგილობრივ მოქალაქესა და პოლიციელებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით მათ პატიმრობა უკვე შეუფარდა.

    გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 12 ნოემბერს, საღამოს საათებში, რ.ღ. მეგობრებთან ერთად რუსთავში, მაიაკოვსკის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა, როცა მათთან მივიდნენ შსს-ს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს მეორე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები ირაკლი დარჩიაშვილი და ბესიკ ბეგაშვილი და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს.

    საუბრისას რ.ღ.-ს მოთხოვნამ, განემარტათ, თუ რა მიზეზით უნდა დაეტოვებინათ ტერიტორია, პოლიციელები გააღიზიანა, მას მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და მოსთხოვეს პოლიციის განყოფილებაში გაყოლა. შეშინებული რ.ღ. გაიქცა, პოლიციელები დაედევნენ, ბეგაშვილმა კი სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღიდან სამჯერ გაისროლა, შემდეგ კი მათ წაქცეულ რ.ღ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

    გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან რვა წლამდე, ასევე, თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევას სამ წლამდე ვადით.

    დაკავებულების ადვოკატი სასამართლოზე მათ გათავისუფლებას გირაოს სანაცვლოდ ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ მისი არგუმენტები არ გაითვალისწინა და პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. პროკურორ ლევან ჯალაღანიას განცხადებით, არსებობდა საფრთხე, რომ ბრალდებულებს ზემოქმედება მოეხდინათ მოწმეებზე და სწორედ ამიტომ აღკვეთის შეფარდების შუამდგომლობა გაითვალისწინა.

    დასასრული

    სასამართლო ხმაურისა და შელაპარაკების ფონზე მიმდინარეობდა, რის გამოც მოსამართლემ დარბაზიდან ერთი პირი გააძევა. პროცესს არ ესწრებოდა დაზარალებული.

    "როდესაც დგინდება პოლიციელის ბრალეულობა, მისი შესაბამისი პასუხისმგებლობის საკითხი დგება", - ასე გამოეხმაურა შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი ბექა დოჭვირი პროკურატურის მიერ ორი პოლიციელის დაკავების ფაქტს. მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია სიმართლის დასადგენად აქტიურად თანამშრომლობს პროკურატურასთან.

    "საქართველოს პროკურატურამ, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან თანამშრომლობით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე ქ. რუსთავის 2 უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავა. აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია აქტიურად თანამშრომლობს პროკურატურასთან, რადგან ჩვენი მიზანია სიმართლის დადგენა, რომ არც ერთ შემთხვევაზე არ დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვები.

    "ზოგადად, პოლიციელების უპირობო დადანაშაულება გაუმართლებელია, თუმცა აღნიშნული ფაქტი ცხადყოფს, რომ როდესაც დგინდება პოლიციელის ბრალეულობა, მისი შესაბამისი პასუხისმგებლობის საკითხი დგება", - განაცხადა ბექა დოჭვირმა.

    აღსანიშნავია, რომ პოლიციელების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე პროკურატურაში არაერთი საჩივარია შესული, მათ შორის, ნუცუბიძის ფერდობზე საპატრულო პოლიციის მიერ დაკავებისას დაღუპული პაატა პავლიაშვილის საქმე, რომელზეც გამოძიება გუშინ შეწყდა. ოჯახს კი პრეტენზია კვლავ აქვს.

    ექსპერტი დავით გულუა მიიჩნევს, რომ რუსთავში მომხდარ ინციდენტზე რეაგირება და პროკურატურისა და შსს-ს თანამშრომლობა დადებით ტენდენციაზე მიანიშნებს.

    "აქ იყო ფაქტი, პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო დააფარებდნენ პოლიციელებს ხელს თუ გამოძიება კანონის ფარგლებში იმოქმედებდა. ყველაფერი კანონის ფარგლებში მოხდა, რაც კარგია. თუ არის დანაშაული, უნდა იყოს სასჯელი. მაგრამ ერთია, როდესაც დანაშაულს სჩადის პოლიცია, მას ვსჯით და უნდა იცოდეს, რომ უნდა იმოქმედოს კანონის ფარგლებში; მეორე მხრივ, პოლიციელებს საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა სჭირდებათ. როცა ისინი კანონის ფარგლებში მოქმედებენ, უნდა გრძნობდნენ, რომ მათ უკან დგას სახელმწიფო და საზოგადოება. შესაბამისად, ისინი იმოქმედებენ გაბედულად და ძლიერად.

    "ასე რომ, ორი მომენტია, თუ დანაშაულს სჩადიან, პასუხი უნდა აგონ, მაგრამ როცა კანონის ფარგლებში მოქმედებენ, მხარდაჭერას უნდა გრძნობდნენ. მსგავს ფაქტებზე უნდა იყოს ისეთი რეაგირება, რომ ყველა თანამშრომელი გრძნობდეს - თუ ის დანაშაულს ჩაიდენს, მას მოეთხოვება პასუხი კანონის მიხედვით. ეს ყველაფერი მოიტანს წესრიგს და კარგია ასეთი დამოკიდებულება, როცა ყველა გაიგებს, თუ ის არ მოქმედებს კანონის ფარგლებში, დაისჯება" - განაცხადა გულუამ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved