სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ეკატერინე ბასილაია
    13.01.2018

     "უდანაშაულო ადამიანის გაწირვის შემდეგ, არ მგონია, მსგავსი ქმედება კიდევ მოხდეს. ალბათ მომავალში მაინც ცივილიზებულ მეთოდებს გამოიყენებენ. ჩვენი პროტესტი არის არა იმასთან მიმართებით, ვინმე რატომ დაიჭირეს, არამედ ფორმებზე და მეთოდებზე.

    "ცივილიზებული ფორმით უნდა მომხდარიყო და არ უნდა გაეწირათ ადამიანის სიცოცხლე. თუ დამნაშავეა, უნდა დაისაჯოს, თუმცა ხეობაში ყველა დარწმუნებულია, რომ მაჩალიკაშვილი დამნაშავე არ იყო. გამოსავალი იქნება დამნაშავის დასჯა, ვინც საკონტროლო გასროლა მოახდინა. მთელი ხეობის ერთსულოვანი მოთხოვნა ესაა," - აცხადებს ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი მექა ხანგოშვილი.

    "რეზონანსი": თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების შემდეგ ოჯახი ითხოვს, რომ დაისაჯოს ის, ვინც ესროლა 19 წლის ახალგაზრდას და ვინც დაგეგმა ეს სპეცოპერაცია. მამის თქმით, ამ ეტაპზე ის გამოძიებას ენდობა. რას ამბობენ პანკისში, რა ვერსიები აქვთ ამ სპეცოპერაციაზე და თუ არის ნდობა გამოძიების მიმართ?

    მექა ხანგოშვილი: გამოძიების დასრულებამდე დეტალებზე საუბარი არ იქნება ჩვენი მხრიდან სწორი, თუმცა მთელი პანკისის ხეობის მოსახლეობა ერთსულოვნად მოითხოვს, რომ დაისაჯოს ის ადამიანი, ვინც გაწირა ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლე, რომელიც ეჭვმიტანილადაც კი სულ ტყუილად იყო მიჩნეული.

    როგორც პანკისის ხეობის მოსახლეობა ფიქრობს, როგორც ადვოკატებიც ადასტურებენ და საერთოდ ფაქტიდანაც ჩანს, ეს ახალგაზრდა ნამდვილად არ იყო არაფერში დამნაშავე და უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლის ასე გაწირვის გამო უნდა დადგეს ამის ჩამდენის პასუხისმგებლობა. თუნდაც დამნაშავე ყოფილიყო ეს ახალგაზრდა, მისი დაკავება ცივილიზებული მეთოდით უნდა მომხდარიყო.

    სრულიად საქართველოს მოსახლეობამ მოისმინა ამ დღეების განმავლობაში დაღუპულის მამის განცხადებები - მის შვილს საქართველოს ღალატი გულში რომ გაევლო, არ აპატიებდა და საკუთარი ხელით ჩააბარებდა სამართალდამცველებს. ეჭვიც არ გვეპარება, რომ ასეც იქნებოდა. მით უმეტეს, მისი დაკავება ცივილიზებული მეთოდით არავითარი პრობლემა არ იყო. ასეთი სასტიკი მეთოდებით ასეთი მკვლელობის ჩადენა ნამდვილად მიუღებელია და ამის ასე დატოვება არ შეიძლება, რათა ისევ არ განმეორდეს ასეთი შემთხვევა.

    "რ": ხეობაში არის მოლოდინი, რომ გამოძიება ობიექტური იქნება?

    მ.ხ.: მოლოდინის რა გითხრათ, თუმცა გვინდა, რომ იყოს და დაველოდებით. თუნდაც საქმეში ხელყუმბარის ჩადება ძალიან დიდ ეჭვსა და ბევრ კითხვას ბადებს, თუმცა სანამ არ დასრულდება გამოძიება, ამაზე საუბარი წინასწარ არასწორი იქნება.

    "რ": თუკი ხელისუფლებამ არ აღიარა, რომ სპეცოპერაციის დროს იყო შეცდომა და არავინ არ დაისჯება, რა მოჰყვება ამას პანკისში? შესაძლოა, რაიმე გართულება იყოს?

    მ.ხ.: ხეობის მოსახლეობა სპეცრაზმელებზე და ძალიან ბევრ საჯარო მოხელეზე მეტად ფიქრობს ამ ქვეყნის ბედზე და სახელმწიფოებრივად აზროვნებს, ამიტომ ყოველთვის ვცდილობთ, ყველაფერი მშვიდობიანად მოგვარდეს. ჩვენ ყველა სამართლებრივ გზას, მათ შორის ევროსასამართლოსაც მივმართავთ და იმედი გვაქვს, რომ იქ მაინც მოხდება ამ საქმის ობიექტური გამოძიება.

    "რ": თქვენ აცხადებთ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი უდანაშაულო იყო. უსაფრთხოების სამსახური საპირისპიროს ამბობს და ვიდეოჩანაწერიც გაავრცელეს საკუთარი ვერსიის გასამყარებლად, სადაც იგი ტერორიზმში ბრალდებულებთან ერთად არის. გამოძიება ჯერ არ დასრულებულა და ხეობაში რატომ არიან ასე დარწმუნებული, რომ დაღუპულ ახალგაზრდას ტერორისტებთან ურთიერთობა არ ჰქონდა?

    მ.ხ.: ყოველ შემთხვევაში, ის მტკიცებულება, რაც ბრალდების მხარემ წარმოადგინა, დამაჯერებელი არ არის. ისეთი ურთიერთობა, რაც ამ ახალგაზრდას ჰქონდა მათთან, ნებისმიერ ჩვენგანს, მათ შორის მეც, შეიძლება მქონოდა.

    თუ ეს ადამიანები 2 თვის განმავლობაში ხეობაში იმყოფებოდნენ, სტადიონზე ფეხბურთს თამაშობდნენ, მეჩეთში შედიოდნენ და ლოცულობდნენ, თუკი ნებისმიერ ოჯახში მიდიოდნენ და ნებისმიერი ოჯახი მათი მასპინძელი იყო, თავისთავად ეს მტკიცებულებად არ გამოდგება. მით უმეტეს, ეს კადრი გადაღებულია წელიწადნახევრის წინ და ამ მტკიცებულებაზე დაყრდნობა არარეალური და სასაცილოა.

    "რ": სუს-ის მიერ გავრცელებული ვიდეოჩანაწერი არ არის ახალი?

    მ.ხ.: არა, იმიტომ, რომ ამ ვიდეოში ბავშვს თვალის ოპერაცია არ აქვს გაკეთებული, რაც აშკარად ჩანს. ოპერაცია 2016 წლის ნოემბრის თვეში გაუკეთდა.

    "რ": თქვენ ალბათ ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებს მიადევნეთ თვალყური. ირაკლი სესიაშვილმა თქვა, რომ საქმე ტერორიზმს ეხება და პოლიტიკური სპეკულაციები მიუღებელია; სოზარ სუბარმა კი თქვა, რომ სპეცოპერაცია იყო აუცილებელი და ის მაღალ დონეზე ჩატარდა. ამგვარ განცხადებებზე რა რეაგირებაა პანკისში?

    მ.ხ.: ნებისმიერი პოლიტიკოსი ეცდება, მათი საქციელი გაამართლოს, მაგრამ ჩვენ გამოძიებას ველოდებით. რიგით მოქალაქეს შეიძლება არც ევალება თავშეკავება, მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენლებს ევალებათ პირველ რიგში, რომ ნებისმიერი მოქალაქის უდანაშაულობის პრეზუმფცია დაიცვან, რასაც, როგორც ჩვენ ვუყურებთ, ბევრი თანამდებობის პირი არ აკეთებს.

    რიგით ადამიანს რა უნდა მოსთხოვო, როდესაც ისინი არღვევენ ადამიანის უფლებებს. წარმოგიდგენიათ, ამ ბავშვის მამის როლში ისინი რომ აღმოჩენილიყვნენ, როგორი იქნებოდა მათი განცხადებები? მე ვამაყობ, რომ ვარ ის მხარე, რომელიც ამ ქვეყნის ინტერესებს ღირსეულად იცავს.

    "რ": პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ განაცხადა, რომ როდესაც ავსტრიის შს მინისტრი კონკრეტული ადამიანისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენაზეც კი უარს ამბობს, ეს არის იმის საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ გარდაცვლილი ახალგაზრდა ნამდვილად იყო ტერორისტულ საქმიანობაში ჩართული. თქვენი აზრით, უცხოური კლინიკების უარი რამ გამოიწვია?

    მ.ხ.: კილაძე არის თუ ვინც არის, სათავისოდ იტყვიან ყველაფერს. მე ბევრი რამის თქმა შემიძლია კილაძეზეც, სესიაშვილზე თუ ბევრ სხვაზე. მეტიც შემიძლია ვთქვა, მაგრამ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რომ არ დავაზიანო ჩემი სახელმწიფო, სანამ გამოძიება არ დადებს თავის ობიექტურ ვერდიქტს, არაფერს ვიტყვი. შემდეგ უკვე განცხადებები ჩვენც არ შეგვეშლება.

    რატომ თქვეს კლინიკებმა უარი, ამაზე ჩემი მხრიდან კომენტარი არასწორი იქნება.

    "რ": თუ არის ხეობაში ის განწყობა, რომ ხელისუფლებას არ სურდა, დაჭრილი უცხოურ კლინიკებს მიეღოთ?

    მ.ხ.: 11-12 დღის განმავლობაში იყო ახალგაზრდა საავადმყოფოში და თავისთავად ოჯახს ეჭვი ჰქონდა. გამწარებული დედა რას იტყვის, ამაზე ამბის შექმნა ძალიან არასწორია. დედა ცდილობდა, რამენაირად შვილი გადაერჩინა და მილიონი ეჭვი ჰქონდა.

    თუმცა ვფიქრობ, რომ სახელმწიფო ცდილობდა, დაჭრილი გადაერჩინა. აქ ნამდვილად ვერ ვიქნები იმის მთქმელი, რომ ბავშვის გადარჩენა არ უნდოდათ. თუმცა მშობლებში და ბევრ ადამიანში არის კითხვა, ამდენი ხნის განმავლობაში რატომ არ მოხდა მისი ტრანსპორტირება.

    "რ": ხეობაში არის მოლოდინი, რომ მომავალში კიდევ სხვა პანკისელიც შეიძლება აღმოჩნდეს ბრალდებულებს შორის?

    მ.ხ.: არ ვიცი. თუმცა უდანაშაულო ადამიანის გაწირვის შემდეგ, არ მგონია, მსგავსი ქმედება კიდევ მოხდეს, ალბათ მომავალში მაინც ცივილიზებულ მეთოდებს გამოიყენებენ. ჩვენი პროტესტი არის არა იმასთან მიმართებით, ვინმე რატომ დაიჭირეს, არამედ ფორმებზე და მეთოდებზე. ცივილიზებული ფორმით უნდა მომხდარიყო და არ უნდა გაეწირათ ადამიანის სიცოცხლე.

    თუ დამნაშავეა, უნდა დაისაჯოს, თუმცა ხეობაში ყველა დარწმუნებულია, რომ მაჩალიკაშვილი დამნაშავე არ იყო. გამოსავალი იქნება დამნაშავის დასჯა, ვინც საკონტროლო გასროლა მოახდინა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter