სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეგიონულ საკრებულოებში ხელფასის გასაზრდელად მასობრივად ქმნიან ახალ ფრაქციებს
    ეკატერინე ბასილაია
    10.02.2018

     "ოცნების" საკრებულოს ჩინოსნები, საკუთარ კეთილდღეობაზე ხელფასების მასობრივი ზრდის პარალელურად, ფრაქციების გამრავლებაზეც ზრუნავენ. ყველა საკრებულოში მმართველ პარტიას მინიმუმ 3 ფრაქცია აქვს, თუმცა არის საკრებულოები, სადაც მმართველ პარტიას აქვს 4 ფრაქცია, 5 ფრაქცია. რეალურად, ფრაქციების რაოდენობის ასე ხელოვნურად ზრდა არანაირად არ აისახება საკრებულოების მუშაობის ეფექტურობაზე და ამით მხოლოდ ერთი რამ იცვლება - რაც უფრო მეტია ფრაქციების რაოდენობა, მით უფრო მეტი ფული იხარჯება ბიუჯეტიდან საკრებულოს შენახვაზე, რადგანაც თითოეული ფრაქციის თავმჯდომარესა და მის მოადგილეს დამატებითი ხელფასები ეკუთვნით.

    ფრაქციების რაოდენობით რეკორდსმენი სამტრედიის საკრებულო იყო, სადაც "ქართულმა ოცნებამ" 8 ფრაქციაც კი შექმნა, თუმცა "ზემოდან" მითითების გამო, "ოცნებას" 3 ფრაქციის გაუქმება მოუწია.

    სამტრედიის საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ ჯამბურია ამბობს, რომ მთავრობისგან ფრაქციების რაოდენობასთან დაკავშირებით "რაღაც შენიშვნები" მიიღეს, რის შემდეგაც 3 ფრაქცია გაუქმდა და დარჩა მხოლოდ 5. ამის შესახებ ჯამბურიამ "ქუთაისიპოსტს" განუცხადა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, თუ ვისგან მიიღეს "რეკომენდაცია".

    ფრაქციების შექმნის ჟინის მიზეზი მხოლოდ დამატებითი შემოსავლებია. ფრაქციის შექმნას მინიმუმ 3 დეპუტატი სჭირდება. ყოველი ფრაქციის თავმჯდომარეს ენიშნება ბევრად მაღალი ხელფასი, ვიდრე რიგით დეპუტატს. ასევე მაღალი ხელფასი აქვთ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეებს. პლუს, ისინი სხვა დამატებით შეღავათებსაც იღებენ - ბენზინის თანხა, სატელეფონო ხარჯები და ა. შ.

    არის კიდევ ერთი სიახლე - თუკი ადრე თითოეულ ფრაქციას თითო თავმჯდომარის მოადგილე ჰყავდა, ახლა კანონი იძლევა საშუალებას, 2 მოადგილე დაინიშნოს, თუკი ფრაქციის წევრთა რაოდენობა 9 დეპუტატზე ზევითაა და ამ შესაძლებლობას არც ერთი საკრებულოს უმრავლესობა არ უშვებს ხელიდან.

    კანონით ასევე დაუშვებელია, ერთ პარტიას 2 ან მეტი ფრაქცია გააჩნდეს, თუმცა პარტიები მაღალი ხელფასების მისაღებად "გამოსავალს" მაინც პოულობენ. მაგალითად, "ქართული ოცნება" ფრაქციების შექმნისას იშველიებს იმას, რომ "ოცნებაში" სხვა პარტიებიც შედიან - "კონსერვატორები", "მრეწველები", "მწვანეები" და ამდენად, დამატებით 3-3-კაციან ფრაქციებსაც მათი სახელით არეგისტრირებს, რომ ბიუჯეტიდან რაც შეიძლება მეტი ხელფასი და პრივილეგია მიიღონ.

    ასე მარტო მმართველი პარტია არ იქცევა. ბლოკის სახელწოდებითაა არჩევნებში გასული "ნაციონალური მოძრაობაც" და, მაგალითად, მარტვილის საკრებულოში "ნაციონალებს" 3 ფრაქცია აქვთ შექმნილი.

    როგორც მარტვილის მუნიციპალიტეტში "რეზონანსს" განუცხადეს, "ქართული ოცნებას" ჯერჯერობით მხოლოდ 2 ფრაქცია აქვს შექმნილი, თუმცა კიდევ ერთი, დამატებითი ფრაქციის შექმნას აუცილებლად გეგმავს.

    მარტვილის საკრებულო ფრაქციების რაოდენობის მხრივ დღეს რეკორდსმენია - სულ 8 ფრაქციაა: 2 - "ოცნების", 3 - "ნაციონალების", თითო-თითო - "ევროპული საქართველოს", "პატრიოტთა ალიანსისა" და "მოძრაობა თავისუფლების", რომელიც ზვიად გამსახურდიას მომხრეებისაგან შედგება. მას შემდეგ, რაც "ოცნება" მესამე ფრაქციასაც დაარეგისტრირებს, მარტვილის საკრებულოში 9 ფრაქცია იქნება.

    9 ფრაქცია ჰქონდა სამტრედიის მუნიციპალიტეტს და ფრაქციების რაოდენობით პირველ ადგილზე იყო მთელი საქართველოს მასშტაბით. მათგან 8 მმართველ გუნდს წარმოადგენდა "ქართული ოცნება", "კონსერვატორები", "მთიანი სოფელი", "ახალგაზრდები", "მაჟორიტარები", "მრეწველები", "ერთობა", "სამტრედიელები". პლუს ერთი იყო ოპოზიციური ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა". შენიშვნის მიღების შემდეგ "ოცნებაში" მხოლოდ 5 ფრაქცია დარჩა. ჯამში დღეს სამტრედიის საკრებულოში 6 ფრაქციაა.

    იმის მიუხედავად, რომ იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტის საკრებულოში უფრო მეტი წევრია, ვიდრე სამტრედიაში, შეკვეცილი რაოდენობითაც კი, აქ ყველაზე მეტი ფრაქციაა.

    სამტრედიის საკრებულოში ფრაქციის თავმჯდომარის ხელფასი თვეში 2 000 ლარია, ხოლო მათი მოადგილეების შრომითი ანაზღაურება 1 200 ლარს შეადგენს. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ფრაქციების თავმჯდომარეებისა და მოადგილეების შრომითი ანაზღაურება წელიწადში 230 400 ლარს შეადგენს. სამტრედიის საკრებულოში 33 წევრია, 29 - "ოცნებიდან", როგორც მაჟორიტარები, ისე პროპორციული სიით და 4 - "ნაციონალებიდან".

    საგულისხმოა ისიც, რომ ახალი წლიდან რეგიონების ახლად არჩეულ მუნიციპალიტეტებში ხელფასების ზრდა მასობრივად ყველგან დაიწყეს. მიზეზად დასახელდა ის, რომ პრემია-დანამატები უქმდება (თუმცა, რეალურად მხოლოდ დანამატი გაუქმდა, პრემიას კი რჩება, მას, უბრალოდ, სახელწოდება შეეცვალა და "ჯიდლო" დაერქვა). პრემიების გაუქმების არგუმენტით კი ყველგან მერიისა და საკრებულოების მაღალჩინოსნებმა 2018 წლის ბიუჯეტში სახელფასო ფონდები გაზარდეს და ამ ხრიკით დანამატით გამოწვეული "დანაკლისი" ისევ შეივსეს, რიგ შემთხვევაში - გადაჭარბებითაც.

    ხელფასების ზრდის პარალელურად კი მრავლდება ფრაქციებიც. მაგალითად, დედოფლისწყაროს საკრებულოში 5 ფრაქციაა და 5-ვე - "ოცნების".

    ქუთაისის საკრებულოში "ოცნებამ" სულ ახლახან დაიმატა 2 ახალი ფრაქცია - "კონსერვატორები" და "მრეწველები".

    ახალციხეში ფრაქციების რაოდენობის გამო არა, მაგრამ ფრაქციის თავმჯდომარის მიერ მოადგილეების დანიშვნას მოჰყვა კრიტიკა.

    ახალციხის საკრებულოში 5 ფრაქციაა. აქედან 4 - "ოცნების" და ერთი - "ევროპული საქართველოსი". "მწვანეების" ფრაქცია გასული წლის დეკემბრის ბოლოს დაემატა "ოცნებას". ახლად შექმნილი "მწვანეების" გარდა, ყველა ფრაქციის თავმჯდომარემ მოადგილეებიც დაინიშნა. მათგან "ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარეს, რადგან მასში 16 დეპუტატია, ორი მოადგილე ეყოლება, "კონსერვატორებს" და "მრეწველებს" - თითო-თითო. მათი ხელფასი 1 000 ლარი იქნება.

    ბორჯომის საკრებულოში, პარტია "ქართული ოცნების" დეპუტატებმა 2 ახალი ფრაქციის შექმნის მიზნით საკუთარი პარტია დატოვეს და "მრეწველებსა" და "კონსერვატორებში" გადავიდნენ, თუმცა, ოპოზიციონერი დეპუტატები მათ ფრაქციების შექმნის შესაძლებლობას არ აძლევენ და ამის გამო დიდი დაპირისპირებაა.

    ბორჯომში უმრავლესობა ოპოზიციას აქვს და ამიტომაც ვერა და ვერ შეძლო "ოცნებამ" ერთ ფრაქციაზე მეტის დარეგისტრირება.

    "საკრებულომ იმსჯელა, თვითმმართველობის კოდექსის 30-ე მუხლის მიხედვით, არ აკმაყოფილებს მოთხოვნას ეს ფრაქციები, ეს ემსახურება დაფინანსების ხელში ჩაგდებას. დაახლოებით 300 000 ლარი დაუჯდებოდა ამ ფრაქციების შენახვა 4 წლის განმავლობაში ბიუჯეტს და ამიტომ საკრებულოდან უარი მიიღეს", - ამბობს ბორჯომის საკრებულოს წევრი "ლეიბორისტული პარტიიდან" გიორგი გიუაშვილი.

    "ქართული ოცნების" წევრ ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, საკრებულოებში ფრაქციები იქმნება იმავე ლოგიკით, რა ლოგიკითაც არის პარლამენტში და კანონი ასე ითვალისწინებს.

    "მოგეხსენებათ, პარლამენტში შეიქმნა პარტიული ნიშნით ფრაქციები და ეს შეუძლებელია, დარჩენილიყო რეაგირების გარეშე მუნიციპალიტეტებში. ჩვენთან პოლიტიკური სისტემა ერთია, ვგულისხმობ იმას, რომ შერეული საარჩევნო სისტემით ირჩევა პარლამენტიც და თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოებიც და რაც მოხდა პარლამენტში, იგივე მოხდა თვთმმართველობებშიც. ასე ითვალისწინებს კონსტიტუცია," - ამბობს ქუცნაშვილი.

    არის თუ არა 3-კაციანი ფრაქციების შექმნის მოტივი ბიუჯეტიდან მეტი თანხის მიღება - ქუცნაშვილი ამ კითხვაზე პასუხობს, რომ "სუბიექტური მოტივაციაც ემატება".

    "რა თქმა უნდა, სუბიექტური მოტივაციაც ემატება, იმიტომ, რომ იმ ფრაქციის ლიდერი, გარდა პარტიული კუთვნილებისა, დამატებით ანაზღაურებასაც იღებს. მაგრამ, ძირითადად, მაინც საპარლამენტო ფრაქციების გაგრძელების გამოძახილია," - დასძენს ქუცნაშვილი.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    იპოლიტე   (10.02.2018)
    დღეს ქართველი ხალხის უპირველესი ამოცანაა ეფექტური მთავრობის არჩევა, მთავრობისა რომლის წევრებიც სახელმწიფოებრივად აზროვნებენ და არა მხოლოდ საკუთარი კომფორტის მოსაწყობად...მაგრამ ამას სჭირდება საზოგადოებრივი შეგნების მაღალი დონე და არა შიშნარევი და მოწყალების შემყურე საზოგადოება, რომელიც დახმარების მიღების და მისი არ მოხსნის კომპლექსდება, აქეთ კიდევ 10-15-ლარიანი ამომრჩევლების რიგია, იქ კიდევ მეგობარ, მეზობლის, ნაცნობობის ინსტიტუტებია და ამ პირობებში ძნელია იპოვო სამართლიანი, მებრძოლი საზოგადოება, რომელიც გააკეთებს გონივრულ-სახელმწიფოებრივ არჩევანს...ყველაფერ ამას უნდა დიდი მუშა ხალხთან, რომ მათ გაიგონ , რომ მათი ცხოვრების დონის ამაღლება მათსავე ხელშია და თუ ამ რესურს გონივრულად განკარგავენ მათი ცხოვრება გაუმჯობესდება, თუ არადა დიდხანს მოგვიწევს ამ ქაქში ყოფნა...


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved