სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თიკო ოსმანოვა
    12.03.2018

     პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მზადაა ჟენევის მოლაპარაკებში პირადად ჩაერთოს. ანალოგიური ნაბიჯისკენ მან რუსეთის ხელისუფლებასაც მოუწოდა, თუმცა მოსკოვს ამ დრომდე განცხადება არ გაუკთებია, რაც, პოლიტოლგთა აზრით, მოსალოდნელიც იყო. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამ ნაბიჯზე არ წამოვა. ამიტომ ქვეყნის მეთაურის განცხადებას ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის შეცვლასთან დაკავშირებით მკვეთრად უარყოფითად აფასებენ.

    აღსანიშნავია, რომ ჟენევის მოლაპარაკებები გაეროს, ევროსაბჭოსა და ეუთოს შუამავლობით ტარდება. პირველი მოლაპარაკება 2008 წლის 15 ოქტომბერს, 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად ჩატარდა, რომელშიც საქართველოს, რუსეთის, აშშ-ისსა და ორი ოკუპირებული რეგიონის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

    მოლაპარაკებები წელიწადში ოთხჯერ იმართება და საქართველოს მასში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე წარმოადგენს. ახლა კი, როგორც პრემიერის განცხადებიდან ირკვევა, კვირიკაშვილი მზადაა უშუალოდ ჩაერთოს ამ მოლაპარაკებებში, რასაც უკვე მოჰყვა პოლიტოლოგთა და ოპოზიციის მხრიდან უარყოფითი შეფასება.

    "არ ვიცი, რა დგას კვირიკაშვილის ამ განცხადების უკან. თუ ამ განცხადებას წინ არ უძღოდა სერიოზული მუშაობა, მაშინ მას არაფერი არ მოჰყვება და არც მოჰყვა გარდა იმისა, რომ ცხინვალში დაგვცინეს. ჟენევის ფორმატის ცვლილება რას გულოსხმობს, ვერ გავიგე, თავის ჭკუაზე შეცვლიან რამეს თუ რა იქნება?!

    "ამას უნდოდა სერიოზული მუშაობა მანამ, სანამ განცხადება გაკეთდებოდა. მარტო განცხადებებით საგარეო პოლიტიკა არ კეთდება.

    "არა მგონია პუტინი წამოვიდეს ამ შემოთავაზებაზე. ამ ფორმატს რისთვის ცვლიან, არ მესმის. კვირიკაშვილს თუ ეგონა მისი განცხადებით მთელი მსოფლიო აღფრთოვანდებოდა, ძალიან ცდება და ვინ შეიყავანა ამ შეცდომაში, არ ვიცი", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას საერთაშორისო ურთიერთობათა დოქტორი თორნიკე შარაშენიძე.

    ჟენევის ფორმატის შეცვლას და მასში მთავრობის მეთაურის ჩართვას ასევე უარყოფითად აფასებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძეც. მისი თქმით, ქვეყნის პირველი პირი რომ ყოველ 3-4 თვეში ჩაერთოს რაღაც მოლაპარაკებებში, ასეთი რამ დიპლომატიის ისტორიას არ ახსოვს.

    "ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის შეცვლა ვერ წარმომიდგენია. ეს არ არის ერთჯერადი პროცესი. ქვეყნის პირველი პირების ჩართვა ასე პერმანენტულად წარმოუდგენელია. დიპლომატიის ისტორიაში ასეთი რამ არ მომხდარა. მე-19 საუკუნეში იყო ევროპის კონგრესი, სადაც ხელმძღვანელი პირები ირკიბებოდნენ, მაგრამ სხვადსხვა საკითხებს ჭრიდნენ და მერე იშლებოდნენ. სხვა დანარჩენებისთვის გაერო არსებობს, ამიტომ ეს არარეალურია", - გვითხრა ცინცაძემ.

    მისივე თქმით, პუტინი ამ ნაბიჯზე არავითარ შემთხვევაში არ წამოვა.

    "თუ ჩაერთო პრემიერი, რუსეთიდან ვინ იქნება? პუტინი გამორიცხულია, ის ამაზე არ წამოვა. პუტინი წამოვიდეს და იქ უმცირესობაში იყოს? ეს ბავშვობაა. ჭკუაში გვინდა რომ მოვატყუოთ რუსეთი?! ეს სისულელეა. გამოდის, ჩვენ არ გვცოდნია, ვინ არის პუტინი და რაზეა ის წამოსვლელი.

    "საერთოდ ეს ინიციატივა თავიდავე მოუმზადებელი იყო. საბოლო მიზნის და კონკრეტიკის გარეშე. იმიტომაც არის, რომ კონკრეტიკის დონეზე არაფერი არ არის და ცხინვალის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის დაცინვის ობიექტი გავხდით. ეს იყო დილეტანტური ნაბიჯი, დილეტანტიზმს კი ვერცერთი სფერო ვერ იტანს, განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკა. არ ვიცი, ვინ დაწერა ეს წერილი, მაგრამ ერთის თქმა შემიძლია - ამ წერილის ავტორს წარმოდგენა არ აქვს დიპლომატიაზე", - უთხრა "რეზონანსს" ცინცაძემ.

    ექსპერტებისგან განსხავებით, პრემიერის ეს განცხადება მოიწონა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა და რუსეთს შესაბამისი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.

    „გიორგი კვირიკაშვილის 9 მარტის განცხადება, რომელიც რთულ მომენტში გაკეთდა, მოითხოვს რუსეთის მხრიდან გონივრულ ნაბიჯებს და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მეტ ჩართულობას. ჩვენ ვაკვირდებით საქართველოში შემდგომ კომპლექსურ დიალოგს. ევროკავშირის არაღიარების და ჩართულობის პოლიტიკა გრძელდება", - დაწერა იანოშ ჰერმანმა „ტვიტერის" საკუთარ გვერდზე.

    შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჟენევის დისკუსიების ფორმატის შეცვლის ინიციატივით ჯერ კიდევ გასულ წელს გამოვიდა. 9 მარტს გააკეთებული განცხადებით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მზადაა პირადად ჩაერთოს აღნიშნულ დისკუსიებში. კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება მზად არის პირდაპირი დიალოგისთვის აფხაზეთთან და ოსებთან და ამ კუთხით რუსეთის კონსტრუქციული მიდგომა "მისასალმებელი იქნებოდა

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved