სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თიკო ოსმანოვა
    16.04.2018

     28 აპრილს ვანისა და ხონის #54 საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები ჩატარდება. დიდი ალბათობით, მთავარი ბრძოლა "ოცნების" კანდიდატ გივი ჭიჭინაძესა და "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერ გიგი უგულავას შორის გაიმართება.

    პოლიტოლოგთა ნაწილის აზრით, ეს არჩევნები იქნება ერთგვარი ტესტი მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნებისა, სადაც გარკვეულწილად გამოიკვეთება კენჭისყრაში მონაწილე პარტიების რეგიონალური რეიტინგი.

    შეგახსენებთ, რომ ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნების ჩატარება საჭირო მას შემდეგ გახდა, რაც ამ ოლქიდან არჩეულმა დეპუტატმა, გრიგოლ ლილუაშვილმა გასული წლის დეკემბერში პარლამენტი დატოვა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობა დაიკავა.

    28 აპრილის შუალედურ არჩევნებში სულ 9 კანდიდატი მონაწილეობს: გივი ჭიჭინაძე "ქართული ოცნებიდან", გიგი უგულავა "ევროპული საქართველოდან", გერმანე ხურციძე "პატრიოტთა ალიანსიდან", გიორგი ლილუაშვილი პარტია "საქართველოდან", ზურაბ ქართველიშვილი "ტრადიციონალისტებიდან", გია ხალიჩავა "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობიდან", მამუკა ტუსკაძე "ახალი ქრისტიან-დემოკრატებიდან", შოთა მაქაცარია "თავისუფალი საქართველოდან" და დამოუკიდებელი კანდიდატი ვასილ კოპალიანი.

    "ნაციონალურმა მოძრაობამ" არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

    "ამ საყოველთაო უიმედობის ფონზე ხონელებსა და ვანელებს აქვთ შანსი, საქართველოს მდორე პოლიტიკური ცხოვრების ჩარხი შეაბრუნონ და ქვეყანა პროგრესისკენ მიმართონ", - ეს განცხადება საკუთარი კანდიდატურის წარდგენისას გიგი უგულავამ გააკეთა.

    მისი თქმით, თუკი ისინი ხონსა და ვანში გაიმარჯვებენ, ოპოზიცია გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებზეც.

    "თუ ვიქნებით კონსოლიდირებულნი, 2018 წელი დიდი შემობრუნებისა და იმედის წლად შეიძლება, ვაქციოთ", - აღნიშნა უგულავამ.

    პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციას არ აქვს ძალა, მმართველ გუნდს კონკურენცია გაუწიოს. მისივე თქმით, ამ არჩევნებშიც "ოცნების" ადმინისტრაციული რესურსი გაიმარჯვებს.

    ცინცაძე ამბობს, რომ ეს იქნება ერთი ჩვეულებრივი რეგიონის არჩევნები, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით რაიმე სურათს ვერ შექმნის.

    "არანაირი "რეპეტიცია" არ იქნება. ოპოზიციას არ ჰყავს ისეთი კანდიდატი, რომ დაუპირისპირდეს ადმინისტრაციულ რესურსს. ოპოზიცია ვერ გაიმარჯვებს რეგიონში, ეს გამორიცხულია. ასე რომ, ამ არჩევნებს არანაირი მნიშვნელობა არ ენიჭება.

    "ამ არჩევნებით ვერც ერთი პარტიის რეალურ რეიტინგს ვერ დავინახავთ. ელემენტარულად, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ მმართველი პარტიის რეიტინგი უფსკრულშია, თუმცა კარგ მდგომარეობაში არც ოპოზიცია იმყოფება.

    "ამას დიდი კვლევა არ სჭირდება - როდესაც სოციალური ფონი მძიმდება და ხელისუფლება ამას ვერ ხედავს, ბუნებრივია, იზრდება ხალხის უკმაყოფილება. ასე რომ, რეიტინგის გამოკვლევა საჭირო აღარ არის.

    "მაგრამ საქმე ისაა, რომ საქართველოში ოპოზიცია არ არსებობს. არსებობს არაორგანიზებული, უკმაყოფილო და ხელჩაქნეულთა მასა და არსებობს 10-15 საპენსიოდ გამზადებული პოლიტიკოსი, რომლებიც უკვე 20 წელია, ოპოზიციაში არიან", - უთხრა "მთელ კვირას" ცინცაძემ.

    მისივე თქმით, უგულავას ამ რეგიონში არანაირი დამსახურება არ აქვს და თანაც თბილისში მის მმართველობასთან დაკავშირებით ბევრ კითხვაზე აქვს პასუხი გასაცემი. ამიტომ იგი ამ არჩევნებში უგულავას მარცხს პროგნოზირებს.

    "უგულავს ამ რეგიონებისთვის არაფერი გაუკეთებია. თან თბილისში მის მოღვაწეობასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს. ამიტომ არ მგონია, შეძლოს "ოცნების" კანდიდატისთვის კონკურენციის გაწევა.

    "ხალხს აღარ აინტერესებს, ვინ გაიმარჯვებს. იცის, რომ ვინც არ უნდა მოვიდეს, ხალხის საკეთილდღეოდ მაინც არაფერი გაკეთდება", - გვითხრა ცინცაძემ.

    პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის აზრით კი, შუალედური არჩევნები იქნება საპრეზიდენტო არჩევნების ერთგვარი ტესტი, თუმცა პირდაპირი დასკვნების გაკეთება მაინც გაჭირდება.

    "გარკვეული ტესტი იქნება, მაგრამ ამ არჩევნებიდან პირდაპირ დასკვნებს ვერ გავაკეთებთ იმიტომ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების სპეციფიკა განსხვავდება კონკრეტულ რეგიონში ჩატარებული არჩევნებისგან.

    "უნდა გავითვალისწინოთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება არა მხოლოდ რაიონებში, არამედ - მეგაპოლისებშიც. დიდი ქალაქების შედეგი, ხშირ შემთხვევაში, სერიოზულად განსხვავდება რაიონების შედეგებისგან. ამიტომ, აქედან დასკვნის გაკეთება ძნელია, თუმცა გარკვეული მინიშნებები შეიძლება, დავინახოთ.

    "ნაციონალური მასშტაბით ამით რეიტინგის ტესტრირება ვერ მოხდება. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრები არ ჩანს, საზოგადოებას უწევს არჩევანის გაკეთება ცუდსა და უარესს შორის. ამიტომ ვფიქრობ, "ოცნების" კანდიდატი გაიმარჯვებს", - უთხრა "მთელ კვირას" ხუხაშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved