სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თიკო ოსმანოვა
    16.04.2018

     "მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში "ქართული ოცნების" დაშლას ან გაყოფას არ ვპროგნოზირებ. თუმცა, არ არის გამორიცხული, თუ პარტიის შიგნით ვერ დალაგდა სიტუაცია, ერთი და ორი დეპუტატი, რომლებიც ბოლო პერიოდში მწვავე განცხადებებით გამოირჩევიან, გავიდნენ უმრავლესობიდან და შესაძლოა - პარტიიდანაც", - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას პოლიტოლოგი ზაალ ანჯაფარიძე.

    სირიაში მიმდინარე პროცესებსა და "ქართულ ოცნებაში" არსებულ დაპირისპირებაზე "მთელი კვირა" ზაალ ანჯაფარიძეს გაესაუბრა.

    ზაალ ანჯაფარიძე: ვფიქრობ, სირიაში ეს დაძაბულობა დიდხანს არ გაგრძელდება, რადგან კოალიციის დარტყმები, რომლებიც დაიწყო, არის შეზღუდული მასშტაბის. ისინი არ არის ისეთი ფართომასშტაბიანი, რომლის მოლოდინიც ტრამპის ცნობილი განცხადებების კვალობაზე არსებობდა.

    ეს მიუთითებს, რომ არც ერთი მხარე არ არის დაინტერესებული კონფლიქტის იმ მასშტაბის ესკალაციაზე, რომელიც შემდეგ გადაიზრდებოდა აშშ-ისა და რუსეთის სამხედრო დაპირისპირებაში, სადაც, ბუნებრივია, ნატო-ს ალიანსს მოუწევდა ჩართვა, რის შემდეგადაც ფაქტობრივად დავდგებოდით ახალი მსოფლიო ომის წინაშე.

    არც ერთი და არც მეორე ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში გიჟები არ სხედან, რომ ეს დაუშვან. ამიტომაც, ვფიქრობ, ეს დარტყმები შეასრულებს თავის მისიას, როგორც პოლიტიკურს, ისე სამხედროს - მოახდენენ სირიის ქიმიური იარაღის წარმოების პოტენციალის განადგურებას და ალბათ ამით შემოიფარგლება ეს ოპერაცია.

    ამასთანავე, ეს იქნება ერთგვარი მესიჯი ბაშარ ასადისა და რუსეთისთვის, რომ გადახედონ თავიანთ პოლიტიკას. კერძოდ, რუსეთმა შეწყვიტოს ბაშარ ასადის მხარდაჭერა და თანდათანობით გავიდეს ახლო აღმოსავლეთიდან. ამერიკელები კი სავარაუდოდ გააგრძელებენ ზომიერი ოპოზიციის მხარდაჭერის პოლიტიკას კოალიციის ფარგლებში, რომ თანდათანობით მოხდეს ბაშარ ასადის რეჟიმის ჩანაცვლება.

    "მთელი კვირა": თქვენი აზრით, რუსეთი დატოვებს ახლო აღმოსავლეთს ასე მარტივად?

    ზ.ა.: ასე მარტივად არ დატოვებს, მაგრამ დროთა განმავლობაში შეიძლება, მოუწიოს. დღეს რუსეთი არ განახორციელებს საპასუხო დარტყმას, თუკი კოალიციის ავიადარტყმებმა არ დაზიანეს მისი სამხედრო ტექნიკა და არ იმსხვერპლეს რუსეთის მოსამსახურეები, რომლებიც იქ არიან. ჩვენ ვნახეთ რუსეთის გენერალური შტაბის წარმომადგენლის განცხადება, რომ ისინი ჯერჯერობით აკვირდებიან სიტუაციას.

    "მ.კ.": თუმცა, რუსეთმა ასევე განცხადა, რაკეტების ჩამოყრა ვერ მოვასწარითო...

    ზ.ა.: რუსების ეს განცხადება მათსავე საზიანოდ მეტყველებს და ირიბად იმის აღიარებაა, რომ სირიაში არსებული რუსეთის ანტისარაკეტო სისტემები ვერ ასწრებენ, როგორც დონალდ ტრამპმა თქვა, "ჭკვიანი" ამერიკული რაკეტების გადაჭერასა და ჩამოგდებას.

    "მ.კ.": საშინაო მოვლენებს რომ შევეხოთ, "ქართულ ოცნებაში" არსებულ დაპირისპირებას, თქვენი აზრით, როგორ განვითარდება მმართველი პარტიის შიგნით პროცესები?

    ზ.ა.: "ქართული ოცნების" შიგნით პროცესები დამოკიდებულია იმაზე, თუ ვის რა აქვს დასაკარგი. თუ "ოცნების", ასე ვთქვათ, დისიდენტი დეპუტატები, რომლებიც გამოდიან მწვავე განცხადებებით, ჩათვლიან, რომ უმრავლესობიდან გასვლით უფრო მეტს დაკარგავენ, ვიდრე მიიღებენ, ამ შემთხვევაში შეიძლება, უამრავი მიზეზი მოიყვანონ ამის სასარგებლოდ, თუ რატომ არ გადიან უმრავლესობიდან და პარტიიდან. მაგალითად ის, რომ პარტიის ერთიანობის შენარჩუნების გამო გადაწყვიტეს უკან დახევა და ა.შ.

    ჩემი აზრით, ამ ადამიანებს დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაშის დაწყების რესურსი არ გაჩნიათ. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე არ იჩქარებენ. ისინი გამოვლენ და იტყვიან - "პარტიაში საქმეები გავარჩიეთ, მივაღწიეთ ურთიერთგაგებას" და სახის შენარჩუნების ფორმულით დარჩებიან "ოცნებაში".

    "მ.კ.": და, თქვენი აზრით, გედევან ფოფხაძემ ამ ნაბიჯით შეძლო სახის შენარჩუნება?

    ზ.ა.: გედევან ფოფხაძე ცალკე შემთხვევაა, იმიტომ, რომ იმ მწვავე განცხადების შემდეგ, რაც მან გააკეთა თავდაპირველად, ახლა 180 გრადუსით პოზიციის შეცვლა მისთვის სახის შენარჩუნება კი არა, სახის დაკარგვა უფრო იქნება.

    რაც შეეხება სხვა დეპუტატებს, რომლებმაც არ გააკეთეს განცხადება უმრავლესობიდან გასვლის შესახებ, მაგრამ გამოთქვეს კრიტიკული მოსაზრებები, მათ ჯერჯერობით ასეთი რეპუტაციული დანაკარგები არ ემუქრებათ. პირიქით, საზოგადოების საკმაოდ ანგარიშგასაწევი ნაწილის სიმპათიები შეიძლება, მათკენ იხრებოდეს.

    "მ.კ.": ე.ი. "ოცნების" გაყოფის საფრთხე არ არის?

    ზ.ა.: მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში "ქართული ოცნების" დაშლას ან გაყოფას არ ვპროგნოზირებ. თუმცა, არ არის გამორიცხული, თუ პარტიის შიგნით ვერ დალაგდა სიტუაცია, ერთი და ორი დეპუტატი, რომლებიც ბოლო პერიოდში მწვავე განცხადებებით გამოირჩევიან, გავიდნენ უმრავლესობიდან და შესაძლოა - პარტიიდანაც.

    "მ.კ.": ბიძინა ივანიშვილის ჩარევის აუცილებლობას რამდენად ხედავთ?

    ზ.ა.: ჩემი აზრით, ივანიშვილი არ უნდა ჩაერიოს, იმიტომ, რომ ეს იქნებოდა კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ იგი არაფორმალურ მმართველობას ახორციელებს. მას შემდეგ, რაც ის ოფიციალურად პოლიტიკიდან და პარტიული საქმიანობიდან განზე გადგა, მისი მხრიდან ხილული ჩარევა და პარტიის კონფერენციაზე მისვლა სწორი არ იქნებოდა და შინ თუ გარეთ აღქმული იქნება, როგორც არაფორმალური მმართველობის გაგრძელება. ეს ივანიშვილის ინტერესში არ უნდა შედიოდეს, განსაკუთრებით - "ფრიდომ ჰაუსის" ბოლო ანგარიშის ფონზე, სადაც მის პერსონას საკმაოდ დიდი ადგილი დაეთმო.

    "მ.კ.": ოპოზიციის ნაწილი საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთიან კანდიდატად გიორგი მარგველაშვილის კანდიდატურის წამოყენებას აპირებს. თქვენი აზრით, მას აქვს სერიოზული რესურსი, რომ კონკურენცია გაუწიოს მმართველი პარტიის კანდიდატს?

    ზ.ა.: ჯერ ერთი, "ახალი მემარჯვენები" და "თავისუფალი დემოკრატები" არ არის მთელი ოპოზიცია, ეს არის პატარა სეგმენტი, რომელსაც არცთუ ისე დიდი ელექტორატი ჰყავს. მათ მარგველაშვილს მხარდაჭერა იმიტომ გამოუცხადეს, რომ საკუთარ რიგებში არ ჰყავთ შესაფერისი კანდიდატი. სხვა ოპოზიციურ პარტიებს კი ჯერ არ დაუფიქსირებიათ თავიანთი დამოკიდებულება მარგველაშვილთან დაკავშირებით.

    ასე რომ, ამ ეტაპზე შორს მიმავალ პროგნოზს ვერ გავაკეთებ. თუმცა, ვფიქრობ, მარგველაშვილი ახლოს არის გადაწყვეტილებასთან, რომ ის იყრის კენჭს ამ არჩევნებში.

    "მ.კ.": მაგრამ მარგველაშვილი შეძლებს "ოცნების" კანდიდატის დამარცხებას?

    ზ.ა.: ეს ყავაზე მარჩიელობა გამოგვივა, იქიდან გამომდინარე, რომ "ოცნებას" ჯერ თავისი კანდიდატი არ წამოუყენებია და ვარაუდის დონეზეც კი არ ვიცით, ვის წამოყენებას აპირებენ.

    "მ.კ.": მაგრამ კანდიდატის რეიტინგი ხომ, პირველ რიგში, ძირითადად პარტიის რეიტინგით განისაზღვრება და იშვიათ შემთხვევაში - პირადი რეიტინგით...

    ზ.ა.: ვიმეორებ, ჩვენ ჯერ არ ვიცით, ვინ იქნება ეს პიროვნება. შეიძლება იყოს პოლიტიკისგან შორს მდგომი, მაგრამ დიდი სოციალური კაპიტალის მქონე ადამიანი. არ ვიცით, ვისზე ფიქრობს მმართველი პარტია, ამიტომაც ნაადრევია ამაზე საუბარი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved