სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ეკატერინე ბასილაია
    16.04.2018

     გედევან ფოფხაძემ, ვის მიერაც საპარლამენტო უმრავლესობიდან წასვლის განცხადებას "ქართულ ოცნებაში" დიდი ურთიერთდაპირისპირება და ბრალდებების მთელი კასკადი მოჰყვა, გუნდიდან წასვლა გადაიფიქრა.

    პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში სიტუაცია დარეგულირდა, ყველა თავის პოზიციაზე დარჩა და არ გამორიცხავს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყოს გადაჯგუფება და კიდევ ახალი განხეთქილება გამოვა საზოგადოების სამსჯავროზე.

    "მიუხედავად განცხადებებისა ყველა მხრიდან, პოზიციები დღეს იგივე დარჩა. უბრალოდ, პოზიციური ბრძოლა დაიწყო, რომელიც გარეთ არ გამოვა და არ იქნება განცხადებები, მაგრამ ეს გაგრძელდება აუცილებლად.

    "ჯერ არც ერთი მხარე მზად არ არის იმისათვის, რომ რადიკალური ნაბიჯები გადადგას, მაგრამ პროცესი დაწყებულია. დღეს არც ერთს არ აქვს იმის პოტენციალი, რომ შემდგომი ნაბიჯი გადადგას, ცდილობენ, სიტუაცია დააკონსერვონ და ასე გაგრძელდება ცოტა ხანს და კონფლიქტმა შესაძლოა, თავი იჩინოს ან საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელების პროცესში, თუმცა უფრო რეალური საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ისევ წამოვიდეს დაპირისპირების ახალი ტალღა.

    "ვთვლი, რომ საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევა მნიშვნელოვანი იქნება. შეირჩევა ნეიტრალური კანდიდატი, რომელიც არც ერთი ჯგუფის წევრი არ იქნება, თუ რომელიმე გუნდის პროტეჟე გავა - ეს იქნება მნიშვნელოვანი.

    "თუ ნეიტრალური შეირჩევა, რასაც არ გამოვრიცხავ, მაშინ ეს სტაბილურობა კიდევ ერთხანს გაგრძელდება. თუ კანდიდატი რომელიმე გუნდის წარდგინებით გავიდა, მაშინ არ გამოვრიცხავ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყოს გადაჯგუფება და კიდევ ახალი განხეთქილება გამოვა საზოგადოების სამსჯავროზე," - ამბობს ძაბირაძე.

    დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ წასვლა გადაიფიქრა და აცხადებს, რომ მისი ამოცანა არ არის არავის გახლეჩა, არც მტყუანისა და მართლის გარჩევა. ამიტომაც განცხადებას უმრავლესობიდან გასვლის თაობაზე აღარ წერს, ხოლო თუკი ვინმეს გუნდში ამაზე პრეტენზია ექნება, საკითხის განხილვა შემდეგ მოხდება.

    "განცხადებას უმრავლესობიდან გასვლის თაობაზე არ ვწერ. ასე რომ, ტექნიკურად ამ პროცესს არ ვიწყებ. თუ უმრავლესობაში აქვს ვიღაცას ჩემ მიმართ პრეტენზია და უნდა, ეს პრეტენზია სამართლებრივ შედეგებში გადასახოს, ეს უკვე იქნება იმ ადამიანების ინიციატივა და ისინი დააყენებენ ასეთ საკითხს.

    "მე მგონია, რომ ის კი არ უნდა ვარჩიოთ, ვინ იყო ჩვენ შორის მტყუანი, არსებული პრობლემების გადალახვასა და უმრავლესობის განვითარებაზე ერთად უნდა ვიფიქროთ და მე მზად ვარ, ისევე, როგორც ხუთი წელი შემქონდა ჩემი წვლილი გუნდის საქმიანობაში, ამაშიც შევიტანო.

    "ჩემი ამოცანა და მიზანი არავის გახლეჩა და არავის დაზარალება არ არის, პირიქით, მინდა გუნდმა სწორი გადაწყვეტილება მიიღოს სწორი გზით", - აცხადებს "პირველ არხთან" საუბარში ფოფხაძე.

    დეპუტატის თქმით, მას სწორად მიაჩნია, რომ შეწყდეს საჯარო სივრცეში ერთმანეთის გაკრიტიკება და კითხვებზე პასუხი და საერთო ენის გამონახვა მოხდეს უმრავლესობის სხდომაზე. მისივე თქმით, თუ ეს შეთანხმებები ვერ მოხერხდა და ვინმეს წასვლა მოუხდა, ეს ტრაგედია არ იქნება.

    უმრავლესობის სხდომა უახლოეს დღეებში უნდა შედგეს და, დიდი ალბათობით, იქ ბევრი რამ გადაწყდება. ირაკლი კობახიძის მიერ დაწერილი პარტიული დისციპლინის წესების წარდგენა და გაცნობა მოხდება და გაირკვევა, რა ჩაიწერება შიდაპარტიული დისციპლინის ახალ წესებში, რა რეაგირება მოჰყვება წესების დარღვევას და გაირიცხებიან თუ არა კოლეგების კრიტიკის გამო ე.წ. ურჩი დეპუტატები.

    ასევე გაირკვევა, ე.წ. ბანაკებად - "ახლებად" და "ძველ სახეებად" დაყოფილი "ოცნების" დეპუტატებში ვის რა ძალაუფლება ერგო და ვინ მიიღებს "საყვედურს".

    ცნობისათვის, შაბათს "კურიერმა" გაავრცელა პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის მიმოწერა, რომელიც "ქართულ ოცნებაში" არსებულ კონფლიქტს ადასტურებს. რამდენიმე მესიჯიდან ირკვევა, რომ გიორგი კვირიკაშვილსა და ირაკლი კობახიძეს შორისაც დიდი დაპირისპირებაა.

    პრემიერის პერსონალური გზავნილი, რომლის ადრესატიც პარლამენტის თავმჯდომარე იყო, მმართველი პარტიის დეპუტატების საერთო ჩათში გამიზნულად თუ შემთხვევით გაიგზავნა. პრემიერი მესიჯში კობახიძეს სწერს, რომ მისი არც ერთი მოსაზრება არ იყო გაზიარებული, რაც მისთვის სამწუხაროა.

    ასევე წერილში კვირიკაშვილი წერს, რომ მამუკა მდინარაძემ მისი განცხადება ცალმხრივად გაასაჯაროვა, რაც მიუღებელია.

    მიმოწერიდან ირკვევა, რომ გუნდში კობახიძის იმპიჩმენტის მოთხოვნა მართლაც არსებობდა და კვირიკაშვილი ამბობს, რომ ამას არანაირი გამართლება არ აქვს. "კურიერის" ინფორმაციით, მიმოწერამდე საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ შეკრებაზე დაპირისპირება მოხდა, როდესაც კობახიძემ პრემიერის თანდასწრებით შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთ დეპუტატს და კვირიკაშვილმა მას ამ დეპუტატისადმი ბოდიშის მოხდა მოსთხოვა.

    პრემიერის გზავნილის შემდეგ ირაკლი კობახიძე კვირიკაშვილს პასუხობს, თუმცა წერილს უგზავნის უშუალოდ მაკო ბიგვავას, ვინც პრემიერის პრესსამსახურის უფროსია. კობახიძეს სწერს, რომ ძალიან ცუდია, როცა პრემიერი პარლამენტის თავმჯდომარეს პერსონალურ მესიჯს სწერს არა პირადად, არამედ - საერთო ჩათში; კარგი იქნებოდა, ჩათში ჩაგდებამდე საქმის კურსში ყოფილიყო და ეს უხერხულობა თავიდან ყოფილიყო აცილებული.

    ამ დაპირისპირებაში ვინ რომელ გუნდშია, თითქმის უკვე გარკვეულიცაა. კობახიძის გუნდში მოიაზრებიან მამუკა მდინარაძე, არჩილ თალაკვაძე, ვანო ზარდიაშვილი, თამარ ჩუგოშვილი. შაბათს "ქრონიკასთან" ინტერვიუში არჩილ თალაკვაძემ რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ის უპირობო მხარდაჭერას უცხადებს პარლამენტის სპიკერს და ამით საჯაროდ დააფიქსირა, ვის მხარეს დგას.

    ე.წ. ძველი სახეების გუნდში კი ყველაზე ხმაურიანი დავით ჭიჭინაძე, ნუკრი ქანთარია და გედევან ფოფხაძე აღმოჩნდნენ. ვარაუდია, რომ ამ გუნდს უჭერს სწორედ მხარს გიორგი კვირიკაშვილი ეს საჯარო დაპირისპირებაც შესაძლოა, სწორედ კვირიკაშვილის ერთგვარი ნებართვით დაიწყო.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved