სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    16.05.2018

     შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას მიერ მოხდილმა ბოდიშმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. გარკვეული ნაწილი თვლის, რომ მან კრიზისების წარმატებული პრევენციის პირველი პრეცენდენტი შექმნა. გარკვეული ნაწილი კი თვლის, რომ ეს იყო დროის მოგება და ყველაზე მარტივი გზა პროტესტის დაშლის.

    მაინც რა სიტუაციაში მოუხდა შინაგან საქმეთა მინისტრს ბოდიშის მოხდა, ამის შესახებ "რეზონანსი" პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

    "რეზონანსი": როგორც თქვენი კოლეგები ამბობენ, გახარიას ქმედებით დასტურდება, რომ ხელისუფლებაში გამოჩნდნენ ადამიანები, რომელებსაც შეუძლიათ კრიზისების პრევენცია, რაც ამ ხელისუფლების მთავარი სისუსტეა. ეთანხმებით მათ მოსაზრებას?

    რამაზ საყვარელიძე: კრიზისების პრევენციის რა მოგახსენოთ, რადგან კრიზისი უკვე იყო, რახან ხალხი ქუჩაში გამოვიდა. კრიზისი რომ არ შექმნილიყო, ეს ოპერაციამდე ან ოპერაციის დროს მაინც უნდა ყოფილიყო გააზრებული, ფაქტია, რომ ისინი არ ელოდნენ ასეთ კრიზისს. რაც შეეხება იმას, რაც შემდეგ მოხდა, კრიზისის პირველი რაუნდი შსს და ხელისუფლების სასარგებლოდ დასრულდა. უფრო და უფრო გართულდებოდა სიტუაცია მინისტრები კაბინეტში რომ დარჩენილიყვნენ და მხოლოდ მშვიდობის მოწოდებით დაკმაყოფილებულიყვნენ. ეს კიდევ უფრო მეტ უკმაყოფილებას გამოიწვევდა. აი, ამ უკმაყოფილების პრევენცია გააკეთა მან; უპასუხა მომიტინგეთა მოთხოვნებს, ანუ სიტუაციის მეხამრიდად გადაიქცა. ამ თვალსაზრისით მოსალოდნელი დიდი კრიზისის პრევენცია მოახდინა.

    რაც შეეხება ბოდიშს, ეს პოლიტიკური სვლა გამართლებულია იმით, რომ ამას ითხოვდნენ აქციის მონაწილეები და მათი მხარდამჭერები. შს მინისტრმა კარგად ააწყო თავის სათქმელი, რისი თქმაც უნდოდა, მან თქვა - ბოდიში თუ ვინმეს რაიმე დაუშავდაო, ანუ ეს იყო "თუ"-თი ნათქვამი ბოდიში; ამ კონტექსტში ნათქვამი ბოდიში, ვფიქრობ არის ის, რომ ამ ადამიანს შეუძლია სიტუაციის მიხედვით თავისი სათქმელი თქვას და მაქსიმალურად მეტი ქულა აიღოს ამ სიტუაციაში.

    "რ": ანუ, პიარ-ტექნოლოგიის თვალსაზრისით შს მინიტრიდან წონიან პოლიტიკური ფიგურად იქცა? ამბობენ, რომ 13 მაისის აქციამ შეიძლება მმართველი გუნდის საკადრო პოლიტიკაში ცვლილებები მოახდინოს და გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრიც კი გახდეს?

    რ.ს: თუ პრემიერ-მინისტრის ვაკანსია გაჩნდა, რატომაც არა, რადგან შთაბეჭდილება საზოგადოებაში ძალიან დიდი იყო. აქციისა და კონტრაქციის მონაწილეებთან უშუალო კონტაქტი, ერთთანაც მივიდა და მეორსთანაც. ეს უშიშროება თავის შთაბეჭდილებას ახდენს, თანაც სიტყვაც არ შეშლია, ზომიერად აწყობილი გამოსვლა ჰქონდა. სხვა ფიგურები თუ დასახელდა ამ თანამდებობაზე, ეს ფიგურა უფრო მომგებიანი გამოჩნდება.

    "რ": ამ თემას არ უკავშირდება, მაგრამ "ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებაზე მინდა გკითხოთ, ბიძინა ივანიშვილის მმართველი პარტიის სათავეში დაბრუნებით რეფორმების ახალი ტალღა დაიწყოო; თუმცა აქამდე არავის დაუკონკრეტებია, რა მიმართულებით იქნება რეფორმები და რომელ ინსტიტუტებს შეეხება, მხოლოდ პარტია "ქართულ ოცნებას", მთავრობას თუ პარლამენტსაც...

    რ.ს: ალბათ ლოგიკურია, როცა სადმე გამგზავრებას აპირებ ჯერ მანქანა უნდა ამყოფო ფორმაში. თუ პარტიის ლიდერს, პარტიის საშუალებით უნდა რეფორმების გაკეთება, მაშინ ჯერ პარტია უნდა მოიყვანოს ფორმაში. პარტია "ქართული ოცნება" ფორმაში რომ არ არის, ამაზე თავად ბიძინა ივანიშვილმა თქვა. პარტიის რეფორმებში იგულისხმება უპირველესად პარტიული შიდა წესრიგი თავისი საკადრო ცვლილებებით, მერე უკვე სხვა სფეროებზე გადასვლა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved