სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინი ქეთელაური
    17.05.2018

     ქალის მკვლელობა შესაძლოა, დამამძიმებელ გარემოებად ჩაითვალოს და სასჯელის ვადა გაიზარდოს - ნაცვლად 7-დან 15 წლამდე პატიმრობისა, 13-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთით განისაზღვროს. აღნიშნულ ინიციატივას იურისტები დისკრიმინაციულად არ მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ სახელმწიფომ მოწყვლადი ჯგუფების სასარგებლოდ მსგავსი პოზიტიური ნაბიჯები უნდა გადადგას.

    ფემიციდის შესახებ პეტიცია, რომელიც გენდერული ნიშნით მკვლელობისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესაბამისი მუხლის ან დამამძიმებელი გარემოების შეტანას გულისხმობს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განსახილველად დასაშვებად მიიჩნია. კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას თქმით, პრობლემა სერიოზულია და მხარს უჭერს, კომიტეტმა იმუშაოს ამ წინადადებაზე.

    პეტიცია შეეხება ფემიციდის დასჯადობის საკითხს. პეტიციის ავტორები მიუთითებენ, რომ ფემიციდის აკრძალვის მიზნით, აუცილებელია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შევიდეს ცვლილებები სპეციალური მუხლის ან გენდერულად მოტივირებული მკვლელობისათვის დამამძიმებელი გარემოების სახით.

    ამასთან, ავტორების მოსაზრებით, ფემიციდისათვის სასჯელის სახედ უნდა განისაზღვროს 13-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სხვა დამამძიმებელი გარემოებების შემთხვევაში - უვადო თავისუფლების აღკვეთა.

    აღნიშნულ წინადადებას იურისტი ლია მუხაშავრია დისკრიმინაციულად არ მიიჩნევს და აცხადებს, რომ კანონის ამ მიმართულებით გამკაცრების მიზეზი გენდერული ნიშნით მკვლელობის შემაშფოთებელი სტატისტიკა გახდა.

    "ამის მიზეზია ის, რომ ჩვენ გვაქვს შემაშფოთებელი სტატისტიკა. მარტო 2014 წელს 42 ქალი მოკლა ყოფილმა ქმარმა ან პარტნიორმა.

    "ქალთა მიმართ ძალადობა არის აშკარად მზარდი. ამას ემატება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული შემაკავებელი ორდერების ასევე ძალიან მზარდი სტატისტიკა. ამიტომ, ვფიქრობ, სასჯელის გამკაცრებამ და ქალის მკვლელობის დამამძიმებელ გარემოებად აღიარებამ შესაძლოა, გარკვეულწილად, შემაკავებელი როლი ითამაშოს.

    "მიმაჩნია, რომ ეს არ არის დისკრიმინაციული საკითხი, პირიქით, პოზიტიური ნაბიჯები უნდა გადაიდგას ხოლმე მოწყვლადი ჯგუფების სასარგებლოდ. ეს არის სწორედ ამ დამოკიდებულების გამოხატვის ფორმა. ამიტომ, მე მხარს ვუჭერ და მოხარული ვიქნები, თუ პარლამენტიც გაიზიარებს", - აცხადებს იურისტი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved