სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამარ შუკვანი
    17.05.2018

     პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება. მან "რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა, რომ პრეზიდენტის განცხადება გაუგებარი შინაარსისაა, გიორგი მარგველაშვილის პოზიციას კი მან ბავშვური შეხედულება უწოდა.

    "პრეზიდენტის გამოსვლის ტექსტის შინაარსი ცოტა გაუგებარია ჩემთვის. ბავშვური განცხადება მგონია", - განაცხადა გია ვოლსკიმ, - უცნაური გამოთქმაა: ჩვენ და ამერიკა გაჯობებთ, თუ რაღაც... რატომ ჟღერს უცნაურად, ამასაც ზუსტად ვერ გეტყვით, იმდენად გაურკვეველი განცხადებაა".

    ცნობისათვის, გუშინ საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ის ნატრობს იმ დროს, როდესაც რუსეთის ლიდერს დაელაპარაკება.

    რუსეთთან მოლაპარაკებების წარმართვის შესახებ გია ვოლსკსიმ აღნიშნა, რომ ხელისუფლებას ამ თემასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გაუკეთებია.

    "იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთთან საუბარი და მოლაპარაკებაა საჭირო, ხელისუფლებას არათუ უკეთებია განცხადება, არამედ კონკრეტული ფორმა აქვს შექმნილი. ამასთან დაკავშირებით განცხადება საინტერესო იქნებოდა - ზოგადად რას ფიქრობს პრეზიდენტი ამ თემაზე.

    "წინაპირობა იმისა, რომ ასეთი განცხადებები გააჟღეროს პრეზიდენტმა, თან პრეზიდენტის სტატუსს თუ გავითვალისწინებთ, ამის აუცილებლობა ნამდვილად არ არსებობს. ცოტა არასერიოზულად მეჩვენება მის მიერ ჩამოყალიბებული მოსაზრებები ამ თემასთან დაკავშირებით", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

    ექსპერტმა ნიკა ჩიტაძემ "რეზონანსთან" საუბრის დროს განაცხადა, რომ მიუღებელია პრეზიდენტის მხრიდან ასეთი განცხადება, რომელიც პრეზიდენტთა შესაძლო შეხვედრას გულისხმობს.

    "ამ შემთხვევაში მიუღებელია ასეთი განცხადება პუტინთან შეხვედრის შესახებ, რადგან ეს ყველაფერი არ გამოიტანს შედეგს. არ უნდა გვქონდეს იმის ილუზია, რომ რუსეთი უარს იტყვის აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარებაზე და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ამ შეხვედრას აზრი არ ექნება", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

    მისივე თქმით, მიუღებელია საქართველოს პრეზიდენტის შესაძლო შეხვედრა საერთაშორისო დამნაშავესთან, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებული აქვს.

    "რაც შეეხება სხვა ცვლილებებს, გარკვეულ ნაწილში პუტინს უნდა აწყობდეს დღეს შეხვედრა მარგველაშვილთან. ალბათ პუტინი მზად არის, შეხვდეს საქართველოს პრეზიდენტს, მაგრამ, მეორე მხრივ, მარგველაშვილი არის, ასე ვთქვათ, იმ დაჩაგრული ქვეყნის პრეზიდენტი, რომლის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია და ამ შემთხვევაში შეხვედრას აზრი არ ექნება. სანამ რუსეთი არ აღიარებს თავის სამართლებრივ დანაშაულს, რაც ახლო მომავალში არ არის მოსალოდნელი, შეხვედრას არ აქვს აზრი", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

    იგი საპარლამენტო უმრავლესობის კრიტიკას პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით ეხმიანება და მიაჩნია, რომ ამ შეხვედრას აზრი არ ექნება.

    "საპარლამენტო უმრავლესობას ვეთანხმები, ვინც პრეზიდენტის განცხადებას აკრიტიკებს. რა თქმა უნდა, არსებობს მოლაპარაკებები, ვგულისხმობ ჟენევის ფორმატსა და აბაშიძე-კარასინის ფორმატს. შესაძლებელია, მინისტრთა დონეზე მოლაპარაკება მოხდეს, მაგრამ ეს არ მოიტანს რეალურ შედეგს.

    "არსებობს ფორმატი აბაშიძე-კარასინის. თუ ამ ფორმატის ფარგლებში ორ მხარეს შორის იქნება პროგრესი მიღწეული - შესაძლებელია, მაგრამ უკვე მრავალი წელია, ვერ განხორციელდა რადიკალური გარღვევა. გამომდინარე აქედან, შეხვედრას აზრი არ ექნება", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

    რუსეთთან დაკავშირებით განცხადებები პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გუშინ სამედიცინო უნივერსიტეტში სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა. მისი თქმით, რუსეთი ცდილობს, მორალურად გატეხოს საქართველო და რეალობას შეაგუოს.

    "შევხედოთ რუსული სახელმწიფოს პროპაგანდას ჩვენ წინააღმდეგ. ისინი ამბობენ, რომ მაინც დაგამარცხებთ, მოდით, შეეჩვიეთ რეალობას, უარს თქვენს მიწაზე და მერე დავლაგდეთ. ცდილობენ მორალურ გატეხვას მათ მიერ დანახული რეალობით.

    "დღეს ჩვენ მხარეს არის ეკონომიკურად და სამხედრო თვალსაზრისით ყველაზე ძლიერი ამერიკა და ევროპა და აბა ვნახოთ, ვინ გაიმარჯვებს. რუსეთთან რა პოლიტიკაც ჩამოვაყალიბეთ ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლის დროს, ჩემი აზრით, არის სწორი. ჩვენ ვთავაზობთ რაციონალურ დიალოგს", - განაცხადა მარგველაშვილმა.

    პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის ნატრობს იმ დროს, როდესაც რუსეთის ლიდერს დაელაპარაკება იმ ინტერესებიდან გამომდინარე, რომელიც აქვს რიგით რუსულ ოჯახს.

    "მე ვნატრობ იმ დროს, როდესაც რუსეთის ლიდერს დაველაპარაკები არა მისი იმიჯიდან, არამედ იმ ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც აქვს რომელიმე რუსულ ოჯახს მოსკოვში იქნება თუ პეტერბურგში. თუ მე აქედან გამომდინარე დამელაპარაკება რუსი ლიდერი, ჩვენ დავლაგდებით, იმიტომ, რომ სწორედ ასე მელაპარაკება, მაგალითად, პოლონეთის პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი თუ საფრანგეთის პრეზიდენტი.

    "ჩვენ სულ ვსაუბრობთ რუსული სახელმწიფოს "ძერჟავას" ინტერესებიდან გამომდინარე და არ ითარგმნება ეს "ძერჟავას" ინტერესები ოჯახის ინტერესებამდე. არ მიდის "ძერჟავას" გაძლიერება მაცივრის ავსებამდე. ასე რომ, ჩვენ რუსეთს ვთავაზობთ ამ დიალოგს - რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს და რანაირად აისახება ეს ინტერესი რუსეთის მოქალაქეებზე და ჩვენ კეთილმეზობლობას ვთავაზობთ იმ წუთიდან, რა წუთშიც დაბრუნდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები", - განაცხადა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved