სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ეკატერინე ბასილაია
    17.05.2018

     ლგბტ უფლებების დამცველებმა უკან დაიხიეს. დღეს, 17 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქცია არ ჩატარდება ნაციონალისტებისა და საპატრიარქოს მხრიდან დაგეგმილი მოსალოდნელი აგრესიის გამო.

    დღეების წინ დაანონსებული აქციის გაუქმების შესახებ განცხადება ლგბტ უფლებების დამცველმა ორგანიზაცია "თანასწორობის მოძრაობამ" გვიან ღამით გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მათდამი "მტრულად განწყობილი საპატრიარქოსა და ფაშისტური დაჯგუფებების" მხრიდან ქალაქში არეულობისა და სამოქალაქო დაპირისპირების მოწყობა იგეგმება და, ამ რეალური საფრთხის გათვალისწინებით, ისინი აქციას აუქმებენ.

    "ცნობილია, რომ მიმდინარე წლის 17 მაისს უპრეცედენტო მობილიზება აქვთ გამოცხადებული ჩვენ მიმართ მტრულად განწყობილ ჯგუფებს, მათ შორის, საქართველოს საპატრიარქოსა და იმ ფაშისტურ დაჯგუფებას, რომელზეც არსებობს ეჭვი, რომ თანამშრომლობს რუსეთის სპეცსამსახურებთან.

    "გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მიმდინარე წლის 17 მაისს ეს ძალები უპრეცედენტო მობილიზაციით ემზადებიან ქალაქში არეულობისა და სამოქალაქო დაპირისპირების მოსაწყობად. მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირად ვეცადეთ, მათი აქტივობები არც დროსა და არც ლოკაციაში არ დაგვემთხვია ჩვენი აქციისთვის, ცნობილი გახდა, რომ მათ აქტივობების დრო და ლოკაციები გადმოსწიეს და ზუსტად დაამთხვიეს ჩვენს აქციას.

    "ჩვენ ერთხელ უკვე ვნახეთ სამოქალაქო ომში ჩართული ჩვენი ქვეყანა. სწორედ ამიტომ, ვაცნობიერებთ რა ყველა არსებულ და რეალურ საფრთხეს, ლგბტ აქტივისტებმა მივიღეთ ჩვენთვის უმძიმესი და კონსოლიდირებული გადაწყვეტილება, ამ ჯერზე დავთმოთ ჩვენი თვითგამოხატვის კონსტიტუციური უფლება და გავაუქმოთ 17 მაისს დაგეგმილი აქცია საქართველოს კანცელარიასთან", - ნათქვამია განცხადებაში.

    მანამდე კი, გუშინ, მთელი დღის განმავლობაში ხმაური იყო ორგანიზაციის ოფისში, სადაც დახურულ კარს მიღმა დიდი დაპირისპირება იყო იმაზე, გამართულიყო თუ არა აქცია. დაპირისპირების გამო ადგილზე პოლიციის გამოძახება ორჯერ გახდა საჭირო. შეხვედრის რამდენიმე მონაწილემ ოფისი მოლაპარაკებების დასრულებამდე პროტესტის ნიშნად დატოვა.

    "თანასწორობის მოძრაობის" აღმასრულებელი დირექტორი ლევან ბერიანიძე აცხადებდა, რომ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ დილით, აქციის გამართვამდე რამდენიმე საათით ადრე.

    მას შემდეგ, რაც 2013 წლის 17 მაისის ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქცია "ქართული ტრადიციების დაცვის მოტივით" სასულიერო პირებმა და მრევლმა დაარბიეს, ლგბტ უფლებების დამცველები აქციის ჩატარების ადგილსა და ზუსტ დროს წინასწარ მუდმივად მალავენ, რომ მათზე თავდასხმა არ მოხდეს.

    ამჯერად, ბოლო წლების განმავლობაში პირველად, ლგბტ უფლებების დაცვის ორგანიზაციამ პირველად დააანონსა საჯაროდ, რომ აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან გაიმართებოდა 19 საათზე. თუმცა, მას შემდეგ, რაც საპატრიარქომაც დააანონსა რუსთაველზე აქცია, ლგბტ უფლებების დამცველებში აქციის ჩატარება-არჩატარებაზე აზრი ორად გაიყო.

    ერთი ნაწილი თვლიდა, რომ აქციაზე უსაფრთხოება შესაძლოა, არ ყოფილიყო დაცული და "ქართული მარშისა" და ნეონაცისტური ორგანიზაციების მიერ თავდასხმა მომხდარიყო, ხოლო მეორე ნაწილი მიიჩნევდა, რომ, მიუხედავად შესაძლო საფრთხისა, აქცია მაინც უნდა ჩატარებულიყო. თანაც, გასულ კვირას "თეთრი ხმაურის" მიერ ორგანიზებული აქციის საპირისპიროდ გამართულ აქციაზე "ქართული მარშისა" და ფაშისტური ორგანიზაციის წევრები ანგარიშსწორებით იმუქრებოდნენ "ტრადიციების დაცვის სახელით", რის გამოც "თეთრი ხმაურის"აქცია დაიშალა. ამ მუქარის ფონზე, ლგბტ უფლებების დასაცავად გამართული აქციის დარბევისა და დაპირისპირების მოლოდინიც დიდი იყო.

    ასევე, საგულისხმოა, რომ 17 მაისს თბილისში ერთდროულად აღინიშნება ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღე და ამასთანავე, პატრიარქის ინიციატივით დაარსებული, ოჯახის სიწმინდის დღე. სასულიერო პირები, მრევლთან ერთად, რუსთაველზე მსვლელობის მოწყობას აპირებენ. თანაც, ეკლესიამ ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები ლგბტ უფლებების დამცველების მიერ დაანონსებულ ადგილს დაამთხვია და მთელი დღის განმავლობაში დააანონსა რუსთაველის გამზირზე მსვლელობები.

    ამას დაემატა ისიც, რომ რამდენიმე სასულიერო პირმა უკვე ისაუბრა კიდეც მოსალოდნელ საფრთხეებზე, რომლებიც შესაძლოა, განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების აქციებმა გამოიწვიოს. მაგალითად, დეკანოზი ანდრია ჯაღნაიძე მიიჩნევს, რომ დაპირისპირება მოსალოდნელია, რის გამოც ეკლესია მრევლსა და სამართალდამცველებს მოუწოდებს, თავიდან აიცილონ რაიმე სახის დაპირისპირება.

    სანამ ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციის გაუქმება გაცხადდებოდა, შს სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ 17 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებზე უსაფრთხოება დაცული იქნებოდა.

    შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, 17 მაისს დაგეგმილი აქციის მონაწილეებს უწყება შეხვდა და აქციებთან დაკავშირებით მოელაპარაკა. რაზე მოილაპარაკეს აქტივისტებმა შსს-თან, უცნობია.

    პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე აცხადებს, რომ ლგბტ უფლებების დამცველების მხრიდან შიში აქციაზე შესაძლო თავდასხმის შესახებ ლეგიტიმურია, რადგან ნაციონალისტების მხრიდან აგრესიის საფრთხე დიდია, მაგრამ, მისი თქმით, პოლიცია ქვეყანაში იმისთვის არსებობს, რომ აქციის თავისუფლად და უსაფრთხოდ ჩატარება უზრუნველყოს.

    "ელემენტარულად, პოლიცია აბა რისთვის არის?! პოლიცია იმისთვის არსებობს, რომ ეს მცდელობები აღკვეთოს. ჩემი აზრით, ხელჩართული ბრძოლა და ექსცესები ისედაც არ იქნებოდა. ამ გლობალიზაციის პირობებში არ შეიძლება, ჩავიკეტოთ და არ ვიცოდეთ, რა ხდება ევროპაში. ვფიქრობ, რომ ამას ნელ-ნელა შეეჩვევა და შემდეგ წლებში მინელდება ეს აგრესიაც.

    "აგრესიული გამოსვლები ევროპაშიც ხდება და იქ პოლიცია ახერხებს ამის აღკვეთას. ჩვენთან აგრესია არის რელიგიურ ნიადაგზე სექსუალური უმცირესობების მიმართ, ევროპაში კი უფრო არის მიგრანტების წინააღმდეგ. "ევროპა-ევროპა"-ს კი ვიძახით, მაგრამ უფრო აღმოსავლური ქვეყანა ვართ. უბრალოდ, პოლიციას მოუწევს, რამდენიმე საათი ნერვულ რეჟიმში გაატაროს, რომ ადამიანების ერთ ნაწილს მეორე ნაწილისთვის ფიზიკური გასწორების საშუალება არ მისცეს," - ამბობს ცინცაძე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    tatoo   (17.05.2018)
    მოკლედ თუ ქალს სვირინგია უხვად ლგბტ პოზიციონირებსს. არადა რომ შეხედავ ბეჩუნი პერტიას გამომეტყველება აქვს.,,,,


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved