სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "ეს მიმართულია ახალგორში ქართული ენის შეზღუდვისკენ და იმისთვის კეთდება, რომ ქართულმა ოჯახებმა დატოვონ ახალგორი"
    ეკატერინე ბასილაია
    13.06.2018

     ოკუპირებულ ახალგორში დაიხურა ორივე ქართული საბავშვო ბაღი და ყველა თანამშრომელი - აღმზრდელი, მზარეული, დამლაგებელი თუ დარაჯი სახლებში გაუშვეს, მიზეზად კი დასახელდა, რომ ისინი ქართველები იყვნენ და არც ერთი "სათანადოდ" არ ფლობდა ოსურ და რუსულ ენებს.

    სანაცვლოდ რამდენიმე დღის წინ დიდი ზეიმით გახსნეს ახალი რუსული საბავშვო ბაღი და ითქვა, რომ იქ ისწავლიან ადგილობრივებისა და რუს სამხედროთა ოჯახების ბავშვები, ოღონდ ყველა თანამშრომელმა ძალიან კარგად უნდა იცოდეს როგორც რუსული, ისე ოსური ენა.

    სამხრეთ ოსეთის ლენინგორის რაიონში ახალი საბავშვო ბაღი 8 ივნისს გაიხსნა. ზეიმს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის "პრეზიდენტი" ანატოლი ბიბილოვი და რუსეთის ე.წ. "ელჩი" მარატ კულახმეტოვიც ესწრებოდნენ.

    ბიბილოვმა განაცხადა, რომ ახალ საბავშვო ბაღს სოციალური დანიშნულება ექნება და ადგილობრივ მოსახლეობასა და რუსი სამხედროების ოჯახებს დიდ დახმარებას გაუწევს. ბაღში 4 ცვლა იქნება და, ჯამში, 100 ბავშვისთვისაა გათვლილი.

    "ღმერთმა ქნას, რომ საბავშვო ბაღი ყოველთვის სავსე იყოს", - აღნიშნა ბიბილოვმა. ახალგორის დე ფაქტო გამგებელმა ფილიპ ხაჩიროვმა მადლობა მოსკოვს გადაუხადა და თქვა, რომ "რუსეთის ფედერაციის დახმარებით აშენდა ეს დიდებული შენობა".

    რუსეთის ე.წ. ელჩმა მარატ კულახმეტოვმა თქვა, რომ, ამ ბაღის გარდა, სხვა მნიშვნელოვანი ობიექტებიც აშენდება, რომ რუსეთის ფედერაცია სამხრეთ ოსეთს ყოველთვის ეხმარებოდა და დახმარებას გააგრძელებს მომავალშიც. ამ ეტაპზე საბავშო ბაღში 60 ბავშვია.

    ოსური მედია წერს, რომ, "როგორც მოსალოდნელი იყო, ადგილობრივმა ქართულენოვანმა მოსახლეობამ ეს მათზე მორიგ წნეხად აღიქვა."

    გარდა ამისა, ოსური მედიის ცნობით, აქამდე ახალგორის სკოლაში მხოლოდ რუსულენოვანი მასწავლებლების მოთხოვნა იყო, რადგან იქ რუსი სამხედროების ცოლებიც მუშაობდნენ, თუმცა, ბიბილოვის ახალი ბრძანების თანახმად, საბავშვო ბაღის თანამშრომლებს, დამლაგებელსაც კი, როგორც რუსული, ასევე ოსური ენის ცოდნას სთხოვენ და ამ მიზეზით გაუშვეს ქართული ბაღების ყველა თანამშრომელი, რომლებიც ქართველები იყვნენ.

    ახალგორელი ნანა ჩქარეული ამბობს, რომ ქართველებმა კი არა, ოსებმაც კი არ იციან ოსური და ახლა ეს ახალი ბაღი და ოსური ენის ცოდნის მოთხოვა იმ მიზნით შემოიღეს, რომ ქართველ ბავშვებს განათლების მიღება შეუზღუდონ.

    "ახალგორში არის რუსული ბაზა, მაგრამ, ზოგადად, რუსებს ადგილობრივებთან არანაირი კონტაქტი არ აქვთ. აქ მათი ჩასახლება შემოღობილშია და რამდენადაც ვიცი, იქ თავისი ეკლესიაც აქვთ, შესაძლოა, ბაგა-ბაღიც, თუმცა ამაში დარწმუნებული არ ვარ.

    "შეიძლება ახლა ამ ახლად გახსნილ რუსულ ბაღში უკვე რუსი სამხედროების შვილებმა იარონ და სწორედ მათთვის აშენდა კიდეც ეს ბაღიც", - ამბობს ჩქარეული.

    მისი თქმით, ახალგორში სულ 2 ბაღი იყო, ორივე ქართული, ჯამში, 40-ზე მეტი ქართველი მუშაობდა და ახლა ყველა ეს ადამიანი უმუშევარია და შემოსავლის გარეშე დარჩა.

    ოსური მედია, ასევე, წერს, რომ ორივე ქართული ბაღის თანამშრომლები ის ადამიანები არიან, რომლებმაც 2008 წლის ომის შემდეგ ახალგორი არ დატოვეს და წეროვანში არ გადასახლდნენ.

    ისინი მინიმალური ანაზღაურებით ცდილობდნენ ქართული ბაღების შენარჩუნებას იმიტომ, რომ მათ ხელფასს მხოლოდ ოსური მხარე უხდიდა იმ დროს, როდესაც ახალგორის ქართული სკოლის პედაგოგებს ხელფასს უხდის ცხინვალიც და ოფიციალური თბილისიც.

    როგორც ოსური მედია წერს, სკოლა სახელმწიფო დაფინანსებითაა, ბაღებს კი მუნიციპალიტეტი აფინანსებს და ბაღის ქართველ თანამშრომლებს ახალგორის გამგეობა, რომელიც თბილისშია, დახმარებას არ აძლევდა, ისინი მხოლოდ ცხინვალიდან იღებდნენ მიზერულ ხელფასებს, ახლა კი ყველა უმუშევარია და ფინანსების გარეშე რჩება.

    ჰქონდათ თუ არა ახალგორის 2 ქართული ბაღის თანამშრომლებს ახალგორის გამგეობიდან რამე დახმარება და ახლა თუ იგეგმება რამე კომპენსაცია მათთვის, ამაზე ახალგორის გამგებელ ნუგზარ თინიკაშვილისგან კომენტარი ვერ მივიღეთ, როგორც გვითხრა, "მოუცლელობის გამო".

    მან პირველ არხთან საუბარში მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ქართული ბაღების დახურვა დე ფაქტო რეჟიმის მხრიდან ქართული ენის შეზღუდვისა და ოკუპირებული ტერიტორიიდან ქართული ოჯახების განდევნის მცდელობაა.

    "სამწუხაროა, რა ნაბიჯებსაც დგამს თვითგამოცხადებული რეჟიმი. ეს მიმართულია ახალგორში ქართული ენის შეზღუდვისკენ და იმისთვის კეთდება, რომ ქართულმა ოჯახებმა დატოვონ ახალგორი. ორი ბაგა-ბაღი იყო იქ და ქართულენოვანი საბავშვო ბაღი რამდენიმე თვის წინ გააუქმეს.

    "ახლა ბაღში სულ 40-მდე აღსაზრდელი იქნება და ამ ბავშვებმა, ქართული ენის გარდა, არ იციან სხვა ენა. უკრძალავენ პედაგოგებს ბავშვებთან ქართულ ენაზე საუბარს. არც პედაგოგები არიან სათანადოდ მომზადებული. სკოლების შემდეგ ქართული ენის ეს უკვე საბავშვო ბაღებში შეზღუდვის მცდელობაა", - განაცხადა თინიკაშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved