სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ვინ იქნებიან საქართველოს ახალი პრემიერი და მისი გუნდი
    ია აბულაშვილი
    14.06.2018

     გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის შემდეგ მთელი მთავრობა გადამდგარია, მთავრობის ახალი შემადგენლობის ფორმირებამდე კი ძველ შემადგენლობას აკისრია მოვალეობის შესრულება. ახალი პრემიერ-მინისტრის ვინაობას საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დღეში დაასახელებს.

    სავარაუდოდ, განიხილება სამი კანდიდატურა: შს მინისტრი გიორგი გახარია, ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე.

    სამთავრობო ცვლილებასა და იმაზე, ვინ შეიძლება დაიკავოს პრემიერ-მინისტრის სავარძელი, "რეზონანსი" ექსპერტებსა და პოლიტოლოგებს ესაუბრა.

    პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის თქმით, საკადრო ცვლილება გარდაუვალი იყო, ახლა კი ყველაფერი დამოკიდებულია სელექციაზე.

    "თავისთავად ეს ძიება და მასთან დაკავშირებული კაზუსები სულაც არ ყოფილა მოწმენდილ ცაზე გავარდნილი მეხი - ცა საქართველოს თავზე, დიდი ხანია, მოღრუბლულია. ასე რომ არ ყოფილიყო, ბიძინა ივანიშვილს ვერავინ აიძულებდა და ვერ დააჯერებდა დიდ პოლიტიკაში მისი დაბრუნების აუცილებლობაზე.

    "ჩვენ უნდა ამოვიდეთ იმ ფაქტიდან, რომ მიუხედავად პოლიტიკიდან დისტანცირებისა, ბატონ ბიძინას სისტემატურად ედო თითი ქვეყნის მაჯისცემაზე. მე ადრეც აღვნიშნე, რომ ივანიშვილის დაბრუნება მართლაც "მეორედ მოსვლის" ტოლფასი იქნებოდა.

    "ცხადია, მას არც პარტიის თავმჯდომარეობა მოენატრა, არც ხელისუფლების ხიბლი. მაგრამ ივანიშვილმა ყველაზე უკეთ იცის, რომ გამოსაშვები ორთქლის გამოშვება აუცილებელია, თანაც მმართველი პარტიისა და მისი ლიდერის პირადი პრესტიჟის ბარომეტრად იქცა მოსახლეობის მძიმე ყოფის შედარებით გაუმჯობესების საკითხი, რასაც ცვლილება და რეფორმები სჭირდება.

    "ეს პროცესი იწყება ახალი კადრებით, ანუ სამთავრობო ცვლილებით. გენერალური პროკურორის გადადგომა, პრაქტიკულად, არაფრის შემცველი რიტუალური ხარკი იყო. ქვეყანა ბიძინა ივანიშვილისგან ელოდა სერიოზულ საკადრო ცვლილებას. ასე რომ, სამთავრობო ცვლილება გადაუვალი იყო", - განაცხადა "რეზონანსთან" სოსო ცინცაძემ.

    ექსპერტი ვახტანგ მაისაია: "ის, რომ მთელი საპარლამენტო უმრავლესობა, პრემიერი და თავად პარტიის თავმჯდომარე შეიკრიბნენ და სამი საათის განმავლობაში მსჯელობდნენ "იუნისეფის" კვლევაზე, აბსურდი და სასაცილო იყო იმ ფონზე, როცა ყველამ იცოდა, რომ სამთავრობო ცვლილება მოხდებოდა.

    მაგრამ ჩვენ ვიხილეთ, რომ კვირიკაშვილს წასვლა არ უნდოდა და მისი გუნდი ამ ცვლილებას ეწინააღმდეგებოდა. ეს იყო წინააღმდეგობის გაწევის კლასიკური ნიმუში. პრემიერს თავისი დაჯგუფება ჰყავდა რამდენიმე მინისტრის სახით, სხვებიც გადაიბირა და შეიკრა ბირთვი.

    პარლამენტშიც არის გაერთიანებული რამდენიმე ფრაქცია, რომელთაც პოზიციები გამყარებული აქვთ და სადავეების ხელში აღება სურთ. კულმინაციური სიტუაცია იყო შექმნილი, მცდელობა სასახლის გადატრიალებისა.

    მოხდა ის, რომ კვირიკაშვილი გადადგა. მოდის ახალი სამთავრობო გუნდი, რომელსაც, სავარაუდოდ, გიორგი გახარია უხელმძღვანელებს.

    რატომ ვფიქრობ, რომ მისი კანდიდატურა დასახელდება. მან შეძლო პირველივე საპროტესტო ტალღის, ანუ კრიზისული სიტუაციის განმუხტვა, რომელიც სამოქალაქო დაპირისპირებამდე შეიძლება მისულიყო. მას შეუძლია აზრის ცივილურად ჩამოყალიბება და გარკვეული ძალების მართვა, რაც გამოჩნდა იმ აქციაზეც, რომელმაც მიიღო გახარია. ნებისმიერი ლიდერის ჩასვლა საპროტესტო აქციაზე გამოწვევის წინაშე დგომაა და ეს მას გამარჯვებად უნდა ჩავუთვალოთ.

    მეორე ტალღა იყო რუსთაველზე შვილმოკლული მამების მხარდასაჭერად გამართული აქცია, რომელიც შემდეგ მიხეილ სააკაშვილისა და მისი მოძრაობის მიერ იმართებოდა. მათ სურდათ, უკრაინის სცენარი გადმოეტანათ, მაგრამ როგორც უკრაინაში ჩაფლავდა, ისე ჩაფლავდა თბილისშიც.

    შს სამინისტრომ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის ხელახალი გამოძიება ეფექტურად დაიწყო. მან შემოიღო მართვის ახალი სტილი, მეტი ტრანსფარანტულობითა და ნაკლები ბიუროკრატიული გადაწყვეტილებით და აშკრად ჩანს, რომ გადაწყვეტილებას იღებს ეფექტურად და ოპტიმისტურად, რაც "ოცნების" გუნდის ჩავარდნა იყო ყოველთვის.

    მისი კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ალბათ საპროტესო აქციებამდეც განიხილებოდა, რადგან იგი ჯერ შს მინისტრად დაინიშნა, როგორც ეს ღარიბაშვილის შემთხვევაში მოხდა, რომელიც შემდეგ პრემიერ-მინისტრად დაინიშნა. ალბათ აქაც ეს მოდელი იქნება. ჯერ არის სელექცია და შემდეგ დანიშვნა.

    გიორგი გახარიას გუნდი, სადაც შეიძლება ვიხილოთ კახი კახიშვილი, მაია ცქიტიშვილი და სხვა პროფესიონალი კადრები, იქნება ძალიან წარმატებული გუნდი საქართველოს უახლოეს ისტორიაში", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved