სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, თუნდაც პრეზიდენტი რომ ცხოვრობდეს იმ სასახლეში, სადაც ირმები დარბიან"
    ია აბულაშვილი
    19.07.2018

     საპრეზიდენტო მარათონი სტარტს იღებს. 10-მა ოპოზიციურმა პარტიამ ერთიანი კანდიდატი უკვე წარადგინა - "ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე. "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა არასაპარლამენტო ოპოზიციას ერთიანი კანდიდატის დასახელებისკენ მოუწოდებს, "ევროპული საქართველო" რჩეულის ძიებაშია, "ოცნება" კი საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციებს ივლისის ბოლოს დაიწყებს.

    სათადარიგო სკამზე მსხდომთა ვინაობა მეტ-ნაკლებად გარკვეულია. ექსპერტთა პროგნოზით, ოპოზიცია ამ არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს, "ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი კი გამარჯვებას პირველივე ტურში მოიპოვებს, მაგრამ გაურკვეველი რჩება "პრეზიდენტის სასახლის" ბედი.

    საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევის პარალელურად განიხილება თუ არა "ოცნებაში", რა ბედი ეწევა "პრეზიდენტის სასახლეს"? უმრავლესობის წევრ დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით გუნდის შიგნით მსჯელობა ჯერ არ დაწყებულა, "სასახლესთან" დაკავშირებით კი საუბარი რამდენჯერმე გაიმართა მოქმედ პრეზიდენტთან, თუმცა მან პირობა არ შეასრულა.

    "ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, თუნდაც პრეზიდენტი რომ ცხოვრობდეს იმ სასახლეში, სადაც ირმები დარბიან. ვფიქრობ, თავად პრეზიდენტს არ უნდა ჰქონდეს ამის სურვილი. რაც შეეხება შენობის ბედს, იგი უფუნქციოდ არ დარჩება და მან მეტი სარგებელი უნდა მოიტანოს, ვიდრე წაგება", - განაცხადა "რეზონანსთან" დიმიტრი ხუნდაძემ.

    თუ რა ფუნქციას შეიძენს "პრეზიდენტის სასახლე", რომელიც განხეთქილების ვაშლად იქცა მოქმედ პრეზიდენტსა და მმართველ გუნდს შორის, პოლიტოლოგებს პროგნოზის გაკეთება უჭირთ.

    გია ხუხაშვილის თქმით, სავარაუდოდ, მომავალი პრეზიდენტის რეზიდენცია ახალ შენობაში, ათონელის ქუჩაზე გადაინაცვლებს, რა ფუნქციას შეიძენს "პრეზიდენტის სასახლე", ამასთან დაკავშირებით კონკრეტული ფორმულა არ გააჩნია.

    "მომავალი საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენცია ალბათ ათონელის ქუჩაზე ახლად აშენებულ შენობაში განთავსდება. "პრეზიდენტის სასახლის" შენობა ვიცი და იქ რაიმე სასწავლო ცენტრის ან სხვა ტიპის დაწესებულების განთავსება რამდენად მოხერხდება, ვერ გეტყვით, კონკრეტული ფორმულა ამასთან დაკავშირებით არ მაქვს.

    "ალბათ, ეს საკითხი საფიქრალია და შენობა, რომელიც "ქართული ოცნების" პოლიტიკურ გზავნილად იქცა, ალბათ ისინი გადაწყვეტენ, რა ბედი ეწევა "პრეზიდენტის სასახლეს", - განაცხადა "რეზონანსთან" გია ხუხაშვილმა.

    "როცა ეს შენობა შენდებოდა, მაშინაც ვამბობდი, რომ მილიონობით თანხები არ უნდა იხარჯებოდეს ერთი შენობის ასაშენებლად, გინდაც ეს პრეზიდენტის სასახლე ყოფილიყო.

    "ქვეყანაში, სადაც უამრავი პრობლემაა, თანხები მიზნობრივად უნდა იხარჯებოდეს. ვერ გეტყვით, რაში გამოიყენებს ხელისუფლება ამ შენობას იმ შემთხვევაში, თუ მომავალი პრეზიდენტი არ გახდება მისი ბინადარი?

    "ვფიქრობ, რომ, დიდი ალბათობით, პრეზიდენტის რეზიდენცია ათონელის ქუჩაზე განთავსდება. ჩემი აზრით, "პრეზიდენტის სასახლეში" სასწავლო ცენტრი ან სამუზეუმო კომპლექსი ვერ იფუნქციონირებს, მაშინ მთლიანად უნდა შეიცვალოს, რათა ჩაჯდეს იმ სტანდარტებში, რომლებსაც უმაღლესი სასწავლებლის ან მუზეუმის ფორმატი მოითხოვს", - განაცხადა იგორ კვესელავამ.

    პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის თქმით, ამ სასახლის ბედს ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტს.

    "ინაუგურაცია ალბათ ჩატარდება პარლამენტის შენობასთან და შემდეგ მომავალი პრეზიდენტი ბინას ათონელის ქუჩაზე დაიდებს. რა ფუნქციას შეიძენს "პრეზიდენტის სასახლე", ვერ გეტყვით, საუბარი იყო ამ შენობის გაყიდვაზე, მაგრამ უცხოელმაც რომ იყიდოს, რაში გამოიყენებს, ვერ გეტყვით.

    "მარტო შენობის ზედა ნაწილი ხომ არ არის, ეს შენობა გამიზნული იყო პრეზიდენტისთვის და ალბათ შენობის შიგნით უამრავი კომუნიკაციაა, რომელიც უსაფრთხოებას უკავშირდება. დიდი ალბათობით, ამ შენობის ბედს მაინც ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტს.

    "ისე, თუ ვინმეს ძალიან აღელვებს შენობების ბედი, შემიძლია ვუთხრა, რომ "ნაცმოძრაობისა" და "ქართული ოცნების" სკულპტურულ სახეს წარმოადგენს ის ორი ბოთლი წაქცეული რიყეზე, ერთმა რომ დაიწყო და მეორემ რომ ვერ დაამთავრა. ამაზე მეტი უპასუხისმგებლობა ქვეყანის წინაშე არ არსებობს. სწორედ ამ სკულპტურული სახით მიხვდებით, რა პარტიებია ქვეყანაში", - ამბობს "რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    MZIRALI   (19.07.2018)
    რას ჩაცივდნნეე პრეზიდენტის სასახლეს ეს ხომ ქვეყნის სიმბოლოა. კი ბატანო გადავიდეს პრემიერი მაგრამ მისი გადაკეტება ფაქტოვრივად სამოქალოქო ომის დაწყებას მოასწავედეს იქნება.. ნუ გეცინებათ ქოცებო ეს ასე და თქვენ პირველი მსხვერპლი იქნებით

    პეტრე   (19.07.2018)
    პრეზიდენტის სასახლეში უნდა განთავსდეს საქართველოს მთავრობა, ხოლო ყოფილი ცკ-ს შენობა უნდა გაიყიდოს...ამაზე ხალხმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება...


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved