სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამარ შუკვანი
    09.08.2018

     2018 წლის ბოლოს სამი თვის მონაცემები პირველი სამი თვის მონაცემებთან შედარებით გაზრდილია. მეორე კვარტალში საქართველოს გზებზე მომხდარი ავტოავარიების შედეგად 122 ადამიანი გარდაიცვალა. სულ, ექვსი თვის განმავლობაში 229 ადამიანი დაიღუპა.

    ქვეყნის მასშტაბით სულ 3 090 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა და აქედან 2 662 შემთხვევა, აპრილიდან ივნისის თვის ჩათვლით დაფიქსირდა. ნახევარი წლის განმავლობაში 4 389 ადამიანი დაზარალდა; აქედან პირველ კვარტალში - 1 986, ხოლო მეორე კვარტალში - 2 403 ადამიანი. სტატისტიკურ მონაცემებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

    ამ საკითხთან დაკავშირებით "რეზონანსი" ექსპერტს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხებში შალვა ოგბაიძეს გაესაუბრა. მან განაცხადა, რომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს, რომლებიც გასათვალისწინებელია.

    "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კუთხით ყოველი კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა არის ერთგვარი სახე ქვეყანაში არსებული მდგომარეობისა. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას განაპირობებს რამდენიმე კონპონენტი:

    "პირველი არის გზები, ანუ ინფრასტრუქტურა; მეორე კომპონენტს მძღოლის ფაქტორი და მისი განსწავლულობის ხარისხი წარმოადგენს; მესამე, ქვეითი და მისი განსწავლულობის ფაქტორი გახლავთ; მეოთხე, ეს არის ავტოპარკის მდგომარეობა, თუ როგორ არის ორგანიზებული მოძრაობა; მნიშვნელოვანია, მეხუთე კომპონენტი, ეს არის ადმინისტრირება. მასობრივად მიმდინარეობს ჭკვიანი კამერების მონტაჟის, ინსტალაციისა და მისი ამოქმედების პროცესი", - აღნიშნა მან.

    მისი განცხადებით, ხდება გზების რეაბილიტაცია და ამ ფაქტორის გათვალისწინებით ავარიების ალბათობა მინიმუმამდეა დაყვანილი. რაც შეეხება ადამინიების ცოდნის ხარისხს, მისი თქმით, იგი გამოსასწორებელია და შემოსაღებია თანამედროვე ავტოსკოლები, რომლებიც დამწყებ მძღოლებს შესაბამის ცოდნას მისცემთ.

    "ასეთი მასშტაბით გზების განახლება და რეაბილიტაცია არ მომხდარა. ცუდი გზის გამო ავარიის მოხდენა ამ ბოლო დროს მინიმუმამდეა დაყვანილი. რაც შეეხება ადამიანების ცოდნის დონეს, ეს ნამდვილად მოსაწესრიგებელია.

    "ძალიან ბევრ მართვისმოწმობააღებულ ადამიანს, ახალბედა მძღოლს, არ აქვს უნარი, თუნდაც უწყინარ, ნებადართულ 60 კილომეტრ-საათის სიჩქარით სიარულის დროს მოულოდნელად წარმოშობილი დაბრკოლების თავიდან აცილებისა, რადგან ეს ცოდნა შეიძლება, მხოლოდ ავტოსკოლაში და მაღალკვალიფიციურ პედაგოგ-ინსტრუქტორთა აღმზრდელობითი ურთიერთობის დროს მოხდეს. სამწუხაროდ, ჩვენ ამ კომპონენტში გვაქვს ჩავარდნა", - აცხადებს ის.

    ოგბაიძის თქმით, კანონის გამკაცრება ამ შემთხვევაში გამოსავალი არ არის და ავარიების ზრდის პრობლემას ვერ მოაგვარებს. მთავარ გამოსავალს იგი ავტოსკოლების შემოღებაში ხედავს.

    "ჩვენი კანონმდებლობა საკმაოდ მკაცრია ამ კუთხით და მისი გამკაცრება არ არის გამოსავალი. ადმინისტრირების გამკაცრებამ შეიძლება, მოგვცეს 10-15%-ით გაუმჯობესება და ამის ნათელი დასტური იყო შარშანდელი წელიწადი, როდესაც შემოღებულმა სიახლეებმა დადებითი ტენდენცია გააჩინა იმისა, რომ ავარიების ზრდის პრობლემას დავძლევდით.

    "სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა და ჩვენ ძალიან ვაგვიანებთ თანამედროვე ავტოსკოლების შექმნას. გამოცდა არ უნდა ტარდებოდეს დახურულ მოედანზე, როგორც ახლა ხორციელდება, არამედ - რეალურ საგზაო პირობებში.

    "ჩვენ ამის შესახებ ბევრი ვილაპარაკეთ, მაგრამ ტემპი ძალიან დაბალი გვაქვს და მიმაჩნია, რომ საჭიროა საგანმანათლებლო იმ სექტორის განვითარება, რომელიც მაღალი კვალიფიკაციიის, უსაფრთხო მოძრაობის უნარების მქონე მძღოლების გამოშვებას უზრუნველყოფს და ეს შეიძლება მხოლოდ მაღალკვალიფიციურ ავტოსკოლებში", - განაცხადა შალვა ოგბაიძემ

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved