სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარიამ კუპატაძე
    09.08.2018

     საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ამ ეტაპზე გუნდს სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის მხარდაჭერასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია.

    ჟურნალისტი დაინტერესდა, ეთანხმებოდა თუ არა პრემიერ-მინისტრი სალომე ზურაბიშვილის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ 2008 წლის აგვისტოში ომი რუსეთთან საქართველომ დაიწყო.

    „როგორც აღვნიშნეთ, ამ ეტაპზე სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის მხარდაჭერასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიგვიღია, ამიტომ, მე მის პოლიტიკურ განცხადებას ვერ შევაფასებ. ჩემი პირადი აზრი ამ საკითხზე კი არის ის, რომ რუსეთი არის აგრესორი, მან მოახდინა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია და ეს არის ერთმნიშვნელოვანი", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

    მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე ბახტაძემ უპასუხოდ დატოვა კითხვა, რამდენად შესაძლებელია „ქართულმა ოცნებამ" საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილს მხარი არ დაუჭიროს და მხოლოდ იმ გადაწყვეტილების მიზეზებზე ისაუბრა, რომლითაც „ქართულ ოცნებას" საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატი არ ეყოლება.

    „პარტია „ქართულმა ოცნებამ" ერთმნიშვნელოვნად დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ ჩვენ, ჩვენი პარტიული კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებზე არ გვეყოლება. მე წინა ბრიფინგზე განვმარტე და ისიც გითხარით, რომ საკმაოდ ინტენსიური დიალოგი და კონსულტაციები მიმდინარეობდა გუნდის შიგნით ამ საკითხზე და მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო - რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში არის ორი მიდგომა. პირველი არის ის, რომ ნებისმიერმა პარტიამ, პოლიტიკურმა ძალამ უნდა მიიღოს პოლიტიკურ არჩევნებში მონაწილეობა და სწორედ ეს არის მისი დანიშნულება, მაგრამ ამასთან ერთად არსებობდა ძალიან ბევრი არგუმენტი და მთავარი არგუმენტი გახლავთ ის, რომ „ქართული ოცნების" პოლიტიკური ფილოსოფია გახლავთ საქართველოში საპარლამენტო დემოკრატიის და საპარლამენტო რესპუბლიკის ჩამოყალიბება. შესაბამისად, საქართველოში ჩვენ გვაქვს სწორედ ასეთი კონსტიტუცია. ამასთან ერთად, „ქართულ ოცნებას" აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში, ძალიან მნიშვნელოვანი უპირატესობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში და მაშინ, როცა ჩვენი კონსტიტუციის მიხედვით პრეზიდენტი შესაძლებელია იყოს არაპარტიული მოქალაქე, ნეიტრალური, ხშირ შემთხვევაში დამბალანსებელი, აქედან გამომდინარე არსებობდა მეორე მიდგომა, რომ ხომ არ იქნებოდა უკეთესი ქართული დემოკრატიისთვის, ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებისთვის, დომინანტ პოლიტიკურ ძალას არ მიეღო არჩევნებში მონაწილეობა. ამაზე გვქონდა შიდა კონსულტაციები და მივიღეთ გადაწყვეტილება. ჩავთვალეთ, რომ ეს მიდგომა, რომელიც აღვნიშნე, იქნება უკეთესი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება, რომელიც კიდევ ერთხელ ნათლად უსვამს ხაზს ჩვენს მთავარ ფასეულობას და მთავარ პრინციპს, რომ საქართველოში უნდა ავაშენოთ ევროპული ტიპის დემოკრატია", - განაცხადა ბახტაძემ.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    პეტრე   (09.08.2018)
    საქართველოსთვის- რუსეთთან მიმართებაში, საბაზისო დოკუმენტია 2012-12-აგვისტოს სარკოზი-მედვედევის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარები საქართველოდან, რაც არის აგვისტოს ომის შედეგი... მაშ რომელ შეცდომებზეა ლაპარაკი, რომ არა ეს ომი, რუსეთის ე.წ. სამშვიდობო ძალების გაყვანა, ვერაფრით ვერ მოხერხდებოდა, როგორც ეს ხდება მოლდოვაში...


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved