სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამარ შუკვანი
    11.08.2018

     სალომე ზურაბიშვილმა წინასაარჩევნო კამპანია პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით დაიწყო. ექნება თუ არა მას მმართველი პარტიის მხარდაჭერა, ეს ჯერ კიდევ არაა გადაწყვეტილი.

    "როგორც დამოუკიდებელ კანდიდატს, მას არანაირი შანსი არ აქვს. პირველ რიგში, მისი დამოუკიდებლობა ეჭვქვეშ დგას, რადგან ჯერ "ქართული ოცნების" რესურსით მაჟორიტარი გახდა და ამ არჩევნებზეც "ოცნების" რესურსის იმედი აქვს. ამ რესურუსის გამოყენების გარეშე არ მგონია, მას ჰქონდეს იმის ამბიცია, რომ თვითონ რაღაცის მიღწევა შეუძლია", - საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით "რეზონანსი" პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს გაესაუბრა.

    გია ხუხაშვილი: ჩვენ ამნეზია არ გვჭირს - ზურაბიშვილი წლების განმავლობაში "ქართული ოცნების" ერთ-ერთი აგრესიული აქტივისტი იყო. ჩვენ არ ვცხოვრობთ ფორმალისტურ საზოგადოებაში, რომ ადამიანებზე ფორმალური პარტიული კუთვნილებით ვიმსჯელოთ. მათზე ვსჯელობთ მათი ქმედებებით, რიტორიკითა და ა.შ.

    მის დამოუკიდებლობაზე საუბარი არადამაჯერებელია. მიუხედავად ამისა, თუკი ის თავის პოზიციონირებას ახდენს დამოუკიდებლად, ემიჯნება "ქართულ ოცნებას" და თვითონ აპირებს თავისი რესურსებით არჩევნებში მონაწილეობას, მაშინ მისი შანსი ნულის ტოლია.

    "რეზონანსი": "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანიდიდატი ჯერ კიდევ უცნობია. თქვენი აზრით, სალომე ზურაბიშვილს "ოცნება" მხარს დაუჭერს?

    გ.ხ.: სალომე ზურაბიშვილისთვის ასეთი პირობა "ქართულ ოცნებში" გაცემულია - ისინი დაუჭერენ ზურაბიშვილს მხარს. თუკი თვის ბოლომდე გაჩნდა რაიმე რისკი, რომ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატობის შემთხვევაში ან მეორე ტური შედგეს, ან უარესი - რაღაც საფრთხე გაჩნდეს იმისა, რომ არჩევნები შესაძლოა, იქნეს წაგებული, ამ შემთხვევაში ისინი ამას გადაათამაშებენ, რადგან ეს არის პირობა და არა - გარანტია.

    ვფიქრობ, რომ "ქართულ ოცნებაში" საკმაოდ წინააღმდეგობრივი დამოკიდებულებაა მის მიმართ, თუმცა, რაღაც გარემოებების გამო, მას პირობას აძლევენ. მაგრამ, გარკვეულ მოცემულობაში, პირობა შეიძლება, გადაიხედოს.

    რა მოცემულობა დაჯდება ამ ორი კვირის განმავლობაში, ეს თვით სალომე ზურაბიშვილზეა დამოკიდებული, თუ როგორ გაივლის ამ ორ კვირას და აგრეთვე დამოკიდებულია, "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭო რა შეფასებას მისცემს სალომე ზურაბიშვილის მდგომარეობას.

    მდგომარეობა უნდა განვიხილოთ დინამიკაში, რომელიც ყოველდღიურად იცვლება: გუშინ ატყდა ერთი ამბავი, ხვალ შეიძლება, ასევე რაღაც მოხდეს - კარგი ან ცუდი. სალომე ზურაბიშვილს, იმისათვის, რომ არჩევნები მოიგოს, სჭირდება "ქართული ოცნების" აქტიური მხარდაჭერა.

    პასიურიც არ არის საკმარისი. მარტო ის ფაქტი, რომ "ოცნება" მხარს უჭერს ზურაბიშვილს, საკმარისი არ იქნება არჩევნების მოსაგებად. აუცილებელია, რომ აქტიური მხარდაჭერა მოხდეს. მთელი თავისი სახელმწიფოებრივი, პარტიული და ორგანიზაციული რესურსის გამოყენება დასჭირდება, რომ არჩევნები მოაგებინონ.

    მის დამოუკიდებელ კანდიდატობაზე საუბარი არის ფარსი და სპექტაკლი. თავი დაანებონ ამ თეთრი ძაფით კერვას. არ გამოიყურება ეს ლამაზად. ქართული საზოგადოება არ არის ბრიყვი, რომ ასეთი მარტივი სპექტაკლები "შეჭამოს".

    "რ": სალომე ზურაბიშვილის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას როგორ შეაფასებთ?

    გ.ხ.: მე არ ვარ განწყობილი ისე, რომ ძალიან დრამატულად შევხედო ამას. ქვა იმან ისროლოს, ვისაც თვითონ აქვს სუფთად ყველაფერი. ეს არის ინტერპრეტაციების საგანი. მე არ ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილის შემთხვევაში ეს განცხადება არის რაღაც საშინელება და უბედურება, რადგან ის გარკვეულ ლოგიკას ამ ყველაფერში დებს.

    გასაგებია, რომ ჯობია, ასეთი განცხადებები არ კეთდებოდეს, მაგრამ არც იმ ინტერპრეტაციებს ვეთანხმები, რომლებზეც მისი ოპონენტები საუბრობდნენ.

    "რ": ოპოზიციის შანსებზეც ვისაუბროთ. თქვენი აზრით, იქნება თუ არა მეორე ტური?

    გ.ხ.: მეორე ტური იქნება იმ შემთხვევაში, თუ სამობილიზაციო რესურსში "ოცნებას" კონკურენტი გაუჩნდება. სამობილიზაციო რესურსში გვყავს არასტაბილური ამომრჩეველი, რომელიც რესურსებზე იყიდება. მიუხედავად იმისა, რომ აქვს უარესი არჩევანიც, სხვა არჩევანს ვერ პოულობს და ასეთ კომპრომისს აკეთებს - ცუდსა და უარესს შორის არჩევანს.

    ეს რესურსი "ოცნებას" შეიძლება, წაართვას მხოლოდ ზეპარტიულმა კანდიდატმა, ისეთმა, როგორებიც არიან ელისაშვილი, მარგველაშვილი. თუ ისინი მონაწილეობას მიიღებენ არჩევნებში, სამობილიზაციო რესურსის გარკვეულ ნაწილს თავისთან გადაქაჩავენ და ამ შემთხვევაში შეიქმნება რისკი იმისა, რომ მეორე ტური გაიმართოს.

    "რ": უნდა ველოდოთ თუ არა ბიძინა ივანიშვილის კანდიდატურას?

    გ.ხ.: ივანიშვილის კანდიდატურის წამოყენება ნაკლებადაა მოსალოდნელი, მაგრამ თუ სალომე ზურაბიშვილის ვარიანტი არ გამოვიდა, ამ შემთხვევაში შეიძლება, საკმაოდ სპეციფიკური სიტუაცია შეიქმნას, როდესაც ეს საკითხი კიდევ დადგება დღის წესრიგში. მგონია, რომ ეს ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ თეორიულად შესაძლებელია.

    "რ": უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ფართო კონსულტაციები დაიწყო. როგორ შეაფასებთ ამ ფაქტს?

    გ.ხ.: არ მგონია, რომ ეს პროცესი რაღაცამდე მიგვიყვანს, რადგან "ქართული ოცნების" პოლიტიკა ამ საკითხთან დაკავშირებით იქნება ასეთი, რომ მათი მოწონებული კანდიდატი იქნება შეთავაზებული პრეზიდენტის მხრიდან. მან თუ არ გააკეთა ეს, პარლამენტში ნებისმიერ კანდიდატს ჩაჩეხავენ. ასე მოხდება, მით უმეტეს, ვადებში შეზღუდული არ არიან.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved