სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ელზა პაპოშვილი
    11.08.2018

     ქართველებით დასახლებული სოფლების განადგურება 2008 წელს აქტიური საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგაც არ შეჩერებულა. აგვისტოს ომიდან მე-10 წლისთავზე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართული სოფლების დიდი ნაწილი სრულიად განადგურებულია და ქართველების სახლები, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, მიწასთან არის გასწორებული.

    "სამხრეთ ოსეთის" დე ფაქტო რესპუბლიკის მაშინდელმა ე.წ. პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა 2012 წელს ცხინვალის ჩრდილოეთით მდებარე ქართული სოფლების დარჩენილი სახლების დანგრევის ბრძანება გასცა. როგორც თიბილოვმა განაცხადა, სახლების ადგილას სამრეწველო და სოფლის მეურნეობის ობიექტები უნდა განთავსებულიყო, თუმცა ასევე არსებობდა მოსაზრება, რომ იქ აეროპორტის მშენებლობა უნდა მომხდარიყო, მაგრამ, დღეის მონაცემებით, ქართული სოფლების ნასახლარებზე არაფერი აშენებულა.

    ინტერნეტში ვრცელდება ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მდებარე განადგურებული ქართული სოფლების სატელიტური ფოტოები აგვისტოს ომამდე და ომის შემდეგ. ოკუპანტების მიერ მოწყობილი ეთნოწმენდის გამო საქართველოს ძირძველი კუთხე საერთოდ დაიცალა ქართული მოსახლეობისგან და მათი კვალის მოსასპობად მათი სოფლებიც კი გააქრეს. 16-მდე ქართული სოფელი დღეს აღარ არსებობს და სრულად განადგურებულია.

    ფოტოები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომამდე და ომის შემდეგ არის გადაღებული, სადაც ჩანს 12 ქართული სოფელი, რომლებიც დღეს სრულიად განადგურებულია.

    ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე ქართულ სოფლებში დღეს ასეთი მდგომარეობაა:

    - კეხვი - 345 სახლიდან, რომლებშიც 1177 ქართველი ცხოვრობდა, განადგურებულია 340 სახლი;

    - ავნევი - 279 სახლში 1022 ქართველი ცხოვრობდა. განადგურებულია 242 სახლი;

    - ქემარითი - 301 სახლში ცხოვრობდა 1007 ქართველი. განადგურებულია 100%-ით;

    - თამარაშენი - 274 სახლში 960 ქართველი ცხოვრობდა. განადგურებას მხოლოდ 18 სახლი გადაურჩა;

    - ზემო აჩაბეთი - 158 სახლში 860 ქართველი სახლობდა, განადგურებას 2 სახლი გადაურჩა მხოლოდ;

    - ხეითი - 807 ქართველი ცხოვრობდა 204 სახლში. გადარჩა 1 სახლი მხოლოდ;

    - ბერულა - 297 სახლში ცხოვრობდა 795 ქართველი. განადგირებას მხოლოდ 4 სახლი გადაურჩა;

    - ძარწემი - 239 სახლში ცხოვრობდა 650 ქართველი. გადარჩა მხოლოდ 2 სახლი, თავად სოფელი კი რუსეთის საოკუპაციო ჯარის მე-4 ბაზის სამხედრო პოლიგონად იქცა;

    - ქვემო აჩაბეთი - 174 სახლიდან, სადაც 574 ქართველი ცხოვრობდა, განადგურებას გადაურჩა მხოლოდ 5 სახლი;

    - ქურთა - 287 სახლიდან 285 მიწასთან გაასწორეს;

    - ერედვი - 299 სახლიდან მხოლოდ 2 გადარჩა;

    - ნული - 142 სახლიდან მხოლოდ 5 გადაურჩა დანგრევას.

     შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და ექსპერტი კონფლიქტების საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი "რეზონანსთან" ადასტურებს, რომ ცხინვალის რეგიონში ქართული სოფლების დიდი ნაწილი სრულიად განადგურებულია. მისი თქმით, რუსეთი არც მალავს, რომ ორ წელიწადში ქართული სოფლების ნიშანწყალიც აღარ დატოვეს.

    ზაქარეიშვილი ამბობს, რომ, რუსების ინფორმაციით, ისინი ამ სოფლების ნასახლარის ტერიტორიაზე აეროდრომის აშენებას აპირებდნენ, თუმცა იქ დღემდე არაფერი აშენებულა. ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ ეს არის ქართველების ეთნოწმენდის მკაფიო მაგალითი და სოფლების მიწასთან გასწორება მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება - ქართველები უკან, თავის საკუთარ სახლებში ვეღარასდროს დაბრუნდნენ.

    "დღევანდელი მონაცემებით, სავარაუდოდ, 12-დან 16 სოფლამდე განადგურებული იქნება. ეს არის ეთნიკური წმენდა, რომ ქართველბის უკან სწრაფად დაბრუნება არ მომხდარიყო.

    "ეს არის რუსების ჩვეული ტაქტიკა, რომ მათ უკან მოსახლეობის დაბრუნება არავინ მოსთხოვოს. ამ შემთხვევაში იტყვის, სოფელი აღარ არის და ხალხი სად იცხოვრებსო. ეს არის მათი მთავარი მიზანი, რომ იქაურმა ქართველებმა რაც შეიძლება მეტი დრო სხვაგან იცხოვრონ და ის სახლები და სოფლები საერთოდ დაავიწყდეთ, ფესვები სხვაგან გაიდგან და სამშობლოში სულ უფრო ცოტა ადამიანს მოუნდეს დაბრუნება.

    "სამწუხაროდ, ამაში დიდი წვლილი საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამაც შეიტანა. სააკაშვილმა ახალგორიდან ხალხი რატომ გამოიყვანა და წეროვანში რატომ დაასახლა, იქ ხომ ეთნიკური წმენდა არ ჩატარებულა?! ამ ადამიანების ახალგორიდან გამოყვანის რა აუცილებლობა იყო?! კი, მესმის, რომ იქ მხოლოდ 100-მდე ქართული ეროვნების ადამიანიღა ცხოვრობს, მაგრამ ამ ხალხის გამოყვანა დიდი შეცდომა იყო. "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებამ რუსებს ხელი შეუწყო, რომ ეთნიკური წმენდის საშუალება მთელ "სამხრეთ ოსეთზე" ჰქონოდათ", -აცხადებს ზაქარეიშვილი "რეზონანსთან" საუბრისას.

     "სამხრეთ ოსეთის" დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი "რეზონანსთან" ამბობს, რომ 2012 წლიდან ლიახვის ხეობის ქართული სოფლები სრულიად განადგურებულია. სანაკოევის თქმით, ეს სოფლებია: თამარაშენი, აჩაბეთი, კეხვი და ლიახვის მარჯვენა მხარის ყველა სოფელი. ჯამში, სანაკოევი ამბობს, რომ 16-მდე სოფელი გამოდის.

    მისივე ცნობით, ზემო აჩაბეთის ტერიტორიაზე მშენებლობა მიდის, სადაც ოსების დასახლება მოხდა. ასევე კეხვის მარჯვენა მხარეს, გზის პირას კოტეჯები ააშენეს, სადაც ცხინვალში მცხოვრები ოსები დაასახლეს.

    "იყო საუბარი, რომ ამ ნანგრევების ადგილას აეროპორტი უნდა აშენებულიყო, მაგრამ მე მგონი, მაგის საშუალება არ აქვთ, რომ მშენებლობა დაიწყონ, სოფელი ძარწემი კი რუსეთის საოკუპაციო ჯარის მე-4 ბაზის სამხედრო პოლიგონად იქცა. მანდ სახლებიც აიშენეს და ცხოვრობენ.

    "ქართველების ნასახლარი არაფერი აღარ არის დარჩენილი. რუსები ცხინვალში, ცხინვალის რაიონში, ზნაურის რაიონში, ახალგორის რაიონში, ჯავაში - ყველგან გადანაწილებული არიან და სამხედრო ბაზები აქვთ აშენებული.

    "ქართული სოფლებიდან განადგურებულია დიდი და პატარა ლიახვის ყველა ნასახლარი, ასევე - ავნევი და ნული. დაკარგული სოფლებიდან ქართველებით დასახლებული სოფლების დიდი ნაწილი მიწასთან არის გასწორებული", - აცხადებს სანაკოევი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved