სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამთა ქარჩავა
    (18.11.2009)

    23 ნოემბერს პრეზიდენტი პატიმრებს არ შეიწყალებს. გიორგობის დღესასწაულისა და "ვარდების რევოლუციის" მეექვსე წლისთავისთვის ამნისტია იგეგმება, რომელიც მხოლოდ ნარკომომხმარებლებს შეეხებათ. აქედან გამომდინარე, როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ელენე თევდორაძე "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, შეწყალება აღარ იქნება.
    გიორგობისთვის ნარკომომხმარებლებს დარჩენილი სასჯელის ვადა გაუნახევრდებათ. შესაბამისად, საპატიმროს ერთბაშად, როგორც შეწყალებისას ხდება-ხოლმე, არავინ დატოვებს. "თუ ვინმეს 2 დღე დარჩა სასჯელის მოხდამდე, იმ ორ დღესაც გაუნახევრებენ და ერთი დღის მერე გამოუშვებენ," - ამბობს თევდორაძე.
    ამნისტია სსკ-ს 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 273-ე მუხლით გასამართლებულ პატიმრებს შეეხებათ.
    თევდორაძე ამნისტირებულთა ზუსტ რაოდენობას ვერ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ ამ მუხლებით 3 ათასამდე ადამიანია დაკავებული.
    თუ რა მიზნით არ განხორციელდება წინასწარ გაცხადებული შეწყალება 23 ნოემბერს, ამასთან დაკავშირებით არაფერი იციან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. "რეზონანსის" სატელეფონო ზარს არ უპასუხა შეწყალების კომისიის წევრმა, მარიკა ვერულაშვილმა.
    "ვერაფერს ვერ გეტყვით. საქმის კურსში არ ვარ," - უთხრა "რეზონანსს" პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვანო ნონიაშვილმა.
    წესით, შეწყალების კომისიის სხდომას პრეზიდენტი ნიშნავს. თუმცა, მიხეილ სააკაშვილს სხდომა არ დაუნიშნავს. როგორც თევდორაძე ამბობს, მან პრეზიდენტს გაუგზავნა წერილი თხოვნით, რომ მიეცა ნოემბერში შეწყალების კომისიის სხდომის ჩატარების თანხმობა. რაზეც, როგორც თავად ამბობს, პასუხი დღემდე არ მიუღია.
    "23 ნოემბრამდე არაფერი დარჩა. ყოველთვის ათი დღით ადრე ვიღებდი წერილს პრეზიდენტისგან, რომ ჩამეტარებინა შეწყალების სხდომა. წინა კვირას უნდა მიმეღო პასუხი იმაზე, ჩატარდებოდა თუ არა შეწყალების კომისიის სხდომა. იმიტომ, რომ მერე დრო არ რჩება მუშაობისთვის. მაგრამ, პასუხი არ მიმიღია. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვრჩება დრო საკითხის განხილვისა. რადგანაც ამ დრომდე პრეზიდენტისგან არ მიმიღია პასუხი, ეს იმას ნიშნავს, რომ 23 ნოემბერს პატიმრების შეწყალება არ იქნება," - აცხადებს თევდორაძე.
    მისივე თქმით, შეწყალების მსურველთა განცხადება საკმაოდ ბევრია და მათ შორის ბევრი ქალბატონია. თევდორაძე ამბობს, რომ 23 ნოემბრის შემდეგ ხელახალი წერილით მიმართავს პრეზიდენტს, რომ დეკემბრის ბოლოს შედგეს შეწყალების კომისიის სხდომა და პატიმრების შეწყალება საახალწლოდ მოხდეს.
    "ძალიან ბევრი განცხადება შემოდის პრეზიდენტის სახელზე. 23 ნოემბრის შემდეგ მივმართავ პრეზიდენტს წერილით, რომ ეს მოხდეს დეკემბრის ბოლოსთვის. ვფიქრობთ, ალბათ უფრო დეკემბრისთვის, საახალწლოდ გადაიდება. მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა განცხადების განხილვა მოხერხდება. თქვენ იცით ჩვენი წესი - ვისაც არ ექნება მოხდილი სასჯელის ნახევარი, განხილვაზე მის საკითხს ვერ გავიტანთ, მაგრამ განცხადებაზე რაღაც რეაგირება ალბათ მაინც იქნება," - ამბობს თევდორაძე.
    პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან არავინ დაკავშირებია სახალხო დამცველს. გაიმართება თუ არა შეწყალების კომისიის სხდომა, ამის შესახებ არაფერი იციან კომისიის სხვა წევრებმაც. "არავინ არ შემომხმიანებია პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან და საქმის კურსში არ ვარ. მეც მაინტერესებდა რამე სიახლე ხომ არაა. ვიყავი პარლამენტში, მაგრამ არაფერი არ ისმის," - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას შეწყალების კომისიის წევრმა, პარლამენტარმა როინ მარსაგიშვილმა.
    პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, შეწყალების კომისიის წევრი გია არსენიშვილი ამბობს, რომ შედგება თუ არა შეწყალება, ეს დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ პრეზიდენტის კეთილ ნებაზე.
    "ტრადიციულად ჩამოყალიბდა ისე, რომ წელიწადში ერთი შეწყალება მაინც არის. წელს ერთი შეწყალება უკვე იყო და ახლა არის მოლოდინი, რომ გიორგობისთვის იქნება კიდევ ერთი შეწყალება. საამისოდ ჩვენი მხრიდან დოკუმენტაცია მზად არის, მაგრამ შეწყალებისთვის ეს არ არის საკმარისი და ჯერჯერობით არ ჩანს არაფერი ისეთი, რაც გვათქმევინებს, შეწყალება იქნება თუ არა. ეს არის დამოკიდებული მხოლოდ და მხოლოდ პრეზიდენტის კეთილ ნებაზე," - უთხრა "რეზონანსს" გია არსენიშვილმა.
    ელენე თევდორაძე შეწყალების აქტის გადადების მიზეზად, ამნისტიის აქტს ასახელებს, რომელიც 23 ნოემბრისთვის იქნება განხორციელებული. "ვფიქრობ, რომ ამნისტიის გამო პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ არ ჩაგვეტარებინა შეწყალების კომისიის სხდომა. ის მუხლები, რომლებიც გამოცხადებულია - 260-ე მუხლის პირველი ნაწილი და 273-ე მუხლი, არ ეხებათ ნარკოტიკების გამავრცელებლებს.
    "ამნისტია ითვალისწინებს დარჩენილი სასჯელის განახევრებას. ანუ, 23 ნოემბერს საპატიმროს ვერავინ დატოვებს. თუ ვინმეს 2 დღე დარჩა სასჯელის მოხდამდე, იმ ორ დღესაც გაუნახევრებენ და ერთი დღის მერე გამოუშვებენ. ერთბაშად, როგორც ეს შეწყალების შემთხვევაში არის ხოლმე, ამნისტიის შემთხვევაში ასე არ მოხდება. მაგრამ, ეტაპობრივად ვისაც კი გაუნახევრდება სასჯელი და დაუმთავრდება პატიმრობის ვადა, ისინი პერიოდულად დატოვებენ საპატიმროს," - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ელენე თევდორაძემ.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    კომენტარის დატოვებისათვის უნდა გაიაროთ ავტორიზაცია(თუ ხართ "რეზონანსის web–კლუბის წევრი), ან გაიაროთ რეგისტრაციის უმარტივესი პროცედურა და შემდეგ –– ავტორიზაცია.
          შესაბამის ველები საიტის ზედა ზოლშია

    Copyright © 2006-2010 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter