სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რა კორუფციული გარიგებებია ზუგდიდის მერიაში
    ეკატერინე ბასილაია
    14.09.2018

     "ზუგდიდში ბევრი ლაპარაკობდა და ლაპარაკობს სამეგრელოში გამეფებულ კორუფციაზე. ისე ყარს სამეგრელოში ყველაფერი, ბაყაყები ყიყინებენ უკვე, რომ ეს ვერ დაიმალებოდა. მარტო ამ ჩანაწერით, რაც გასაჯაროვდა, შონია, გოგია და გულორდავა პასუხისგებაში უნდა მიეცნენ. დანარჩენები ვნახოთ შემდეგ... ზუგდიდში ახლად დანიშნული გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, რომელიც პირდაპირ გიორგი გახარიას კადრია, წინააღმდეგობაშია ყოფილი გუბერნატორის ჯგუფთან, რომლის რიგებში იყვნენ გოგია, გულორდავა და საბოტაჟის ნიშნებიც იყო. შონიას ე.წ. გუნდიდან მერიაში კიდევ არიან დარჩენილები საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, მერის მოადგილე მაიზერ ნანავა. ახალ გუბერნატორსა და შონიას ე.წ. გუნდს შორის დაპირისპირება აშკარაა," - აცხადებს "დაიცავი საქართველოს" დამფუძნებელი კახა მიქაია.

    "რეზონანსი": ზუგდიდის მერი და ვიცე-მერი თანამდებობიდან წავიდნენ. თქვენი მოსაზრებით, რა გახდა მათი წასვლის მიზეზი? დაკავშირებულია თუ არა იმ სკანდალურ აუდიოჩანაწერთან, რომელიც მათი წასვლის შემდეგ გამოქვეყნდა, სადაც ბიზნესმენი ზურაბ კვირკვია უკვე ყოფილი მერის - ლაშა გოგიასა და ყოფილი ვიცე-მერის - გია გულორდავასგან კონკრეტული მიწის სანაცვლოდ გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას მოითხოვს?

    კახა მიქაია: ხელისუფლება იძულებული იყო, გადაეყენებინა ზუგდიდის მერი ლაშა გოგია და ვიცე-მერი გია გულორდავა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ჩანაწერი იძლევა იმის მტკიცებულებას, რომ ეს ორი ადამიანი და ყოფილი გუბერნატორო ლევან შონიაც პასუხისგებაში მიეცნენ. ეს ჩანაწერი მე თავიდან ბოლომდე მაქვს, 1:57 წუთია. ჩემთან მოვიდა "შაბათის კურიერი" და მათ ჩანაწერის ამონარიდები გადავეცი, შემდეგ ჟურნალისტი დაადგა ვიცე-მერს და ამ ჩანაწერის არსებობის შესახებ ასე გახმოვანდა. ამიტომაც, დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ამ ჩანაწერის გამო ხელისუფლებამ დაასწრო მოვლენებს და გადააყენეს მერი და ვიცე-მერი. ჩანაწერში საუბარია სამეგრელოს ექსგუბერნატორ ლევან შონიაზეც, ქრთამის აღებაზე, წილების გადანაწილებაზე. ბიზნესმენ ზურაბ კვირკვიასთან მოლაპარაკებაზე, წინასწარ საქმის ჩასაწყობად რამდენი უნდა გადაიხადოს და შემდეგ წილებში როგორ უნდა ჩაუსხდნენ მას ხელისუფლების მაღალჩინოსნები. ეს ბიზნესმენი შემდეგ გადააგდეს და ამ ჩანაწერში სწორედ ამ უკმაყოფილების და კორუფციული სქემის მთელი კასკადია. სწორედ ამიტომ გაუშვეს ისინი თანამდებობებიდან.

    "რ": რა კონკრეტული მიწის გადაცემის სანაცვლოდ ითხოვდნენ ზუგდიდის მაღალჩინოსნები კვირკვიასგან წინასწარ ფულს?

    კ.მ: რამდენიმე მიწის ნაკვეთი და ობიექტია - რკინიგზის სადგური, ავტოსადგური, გულიას სახელობის პარკი და ა.შ.

    "რ": ოფიციალური ინფორმაციით, ზუგდიდის უკვე ყოფილი მერი ლაშა გოგია რამდენიმე დღის წინ სუს-ში იყო დაბარებული და ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის საქმეზე გამოიკითხა. ეს კიდევ სხვა საქმეა?

    კ.მ: კი, ეს სხვა საქმეა.

    "რ": გამოდის, გოგიას წინააღმდეგ, შესაძლოა, მინიმუმ, ორი სს საქმე იყოს დაწყებული?

    კ.მ: საერთოდ, სამეგრელოში არსებულ კორუფციაზე მე, დიდი ხანია, ვსაუბრობ. ჩემ მიერ მოპოვებული ეს ჩანაწერი კი ამის უტყუარი ფაქტია, დოკუმენტი აუდიოჩანაწერის სახით და მასში ფიგურირებენ გოგიაც, ყოფილი გუბერნატორი შონიაც და ვიცე-მერი გულორდავაც. აქ არის 2-3 საქმე, თორემ კორუფციულ საქმეებს სამეგრელოში რა გამოლევს?! მინდა, გითხრათ, რომ შონიას გუბერნატორობის დროს ზუგდიდი, მერთან, ვიცე-მერთან და გუბერნატორთან ერთად, ჩაიძირა კორუფციის ჭაობში.

    "რ": ყოფილ გუბერნატორს ახსენებთ და ლევან შონიას კორუფციულ საქმეებზე რა კონკრეტული ინფორმაცია გაქვთ?

    კ.მ: მისი ერთ-ერთი საეჭვო გარიგება სწორედ ამ ჩანაწერში ჩანს, როდესაც ბიზნესმენი მას 10 000 დოლარს აძლევს, რომ საქმე გაუკეთოს, ტენდერი მოაგებინოს. საერთოდ, შონიას გარეშე სამეგრელოში არც ერთი კორუფციული გარიგება არ იდებოდა. მინდა, ასევე, გაგახსენოთ თავად შონიას მიერ ტელევიზიით გაკეთებული განცხადება, აფხაზეთიდან გადმოსული ტვირთი, რუსული აქციზიანი, რატომ არის კონტრაბანდა, აფხაზეთი საქართველო არ არისო? ეს ფრაზა მისი აღიარებითი ჩვენება იყო. ასეთი ადამიანი ნორმალურ ქვეყანაში გუბერნატორად კი არ უნდა დაეტოვებინათ, მის წინააღმდეგ სს საქმე უნდა აღძრულიყო.

    "რ": თქვენი აზრით, ყოფილი გუბერნატორი ან ზუგდიდის ყოფილი მერი აფხაზეთიდან კონტრაბანდის მფარველები, ხელშემწყობები შეიძლება ყოფილიყვნენ?

    კ.მ: შეიძლება? კითხვა ასე არც უნდა დასვათ. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ამ კონტრაბანდას ლობირებდა და აკონტროლებდა შონია.

    "რ": აცხადებთ, რომ ზუგდიდი კორუფციის ჭაობშია ჩაძირული. ამ სამი ადამიანის გარდა, კიდევ არიან სხვები?

    კ.მ: დაველოდები გამოძიებას და დარწმუნებული ვარ, გამოძიების პროცესში სხვა სახელებიც ამოტივტივდებიან. ვარაუდებზე გვარებს ვერ ვიტყვი.

    "რ": ითქვა, რომ ამ ადამიანების კორუფციული საქმიანობა ცნობილი იყო ცენტრალური ხელისუფლებისთვის, მაგრამ მათ ადრე მფარველები ჰყავდათ, ახლა კი მფარველები ხელისუფლებას ჩამოსცილდნენ და შიდა დაპირისპირების გამო გამოაშკარავდა პატრონის გარეშე დარჩენილთა კორუფციაც.

    კ.მ: შიდა დაპირისპირება არსებობს, თუმცა მარტო შიდა დაპირისპირებას არ მივაწერ ამას. მაგალითად, ზუგდიდში ახლად დანიშნული გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, რომელიც პირდაპირ გიორგი გახარიას კადრია, წინააღმდეგობაშია ყოფილი გუბერნატორის ჯგუფთან, რომლის რიგებში იყვნენ გოგია, გულორდავა და საბოტაჟის ნიშნებიც იყო. შონიას ე.წ. გუნდიდან მერიაში კიდევ არიან დარჩენილები, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, მერის მოადგილე მაიზერ ნანავა. გუბერნატორსა და შონიას გუნდს შორის დაპირისპირება აშკარაა.

    "რ": რომ არა ეს შიდა დაპირისპირება, კორუფციაზე საუბარი იქნებოდა?

    კ.მ: ჩემ მიერ წარდგენილმა ჩანაწერმა ძალიან დიდი როლი ითამაშა, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ზუგდიდში ბევრი ლაპარაკობდა და ლაპარაკობს სამეგრელოში გამეფებულ კორუფციაზე. ისე ყარს სამეგრელოში ყველაფერი, ბაყაყები ყიყინებენ უკვე, რომ ეს ვერ დაიმალებოდა. მარტო ამ ჩანაწერით, რაც გასაჯაროვდა, შონია, გოგია და გულორდავა პასუხისგებაში უნდა მიეცნენ. დანარჩენები ვნახოთ შემდეგ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    mzirali   (14.09.2018)
    თე საონჯღორო ხალხი სო ძირ ოცნებაქ ნამ კანოვოს...


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved