სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "გამოცხადდება გარე მობილობა და ბავშვები გადავლენ სხვა უნივერსიტეტებში - ეს არის პოლიტიკა და მეტი არაფერი"
    თამარ შუკვანი
    11.10.2018

     ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, კიდევ ერთ უნივერსიტეტს შეუჩერდა ავტორიზაცია - "თბილისის სასწავლო უნივერსიტეტმა" ავტორიზაცია ვერ მიიღო.

    არაოფიციალური ცნობით, შესაძლოა, ამ გადაწყვეტილების უკან პოლიტიკური ინტერსები იდგეს - ამასთან დაკავშირებით "რეზონანსი" უნივერსიტეტის რექტორ ლევან ჯანგულაშვილს ესაუბრა, რომელმაც პოლიტიკური ინტერესები არ გამორიცხა.

    "ავტორიზაცია ჩამოგვართვეს. ახლა გამოცხადდება გარე მობილობა და ბავშვები გადავლენ სხვა უნივერსიტეტებში. ეს არის პოლიტიკა და მეტი არაფერი", - განაცხადა ლევან ჯანგულაშვილმა.

    განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ავტორიზაციის შეჩერების მიზეზად რამდენიმე სტანდარტის დარღვევას ასახელებენ.

    "ავტორიზაცია შეუჩერდა "თბილისის სასწავლო უნივერსიტეტს", რადგან რამდენიმე სტანდარტი დარღვეული იყო. სტუდენტები, ჩეულებრივ, ისარგებლებენ რიგგარეშე მობილობით, რომელიც უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

    "ოქმი და გადაწყვეტილება კანონის მიხედვით ათ სამუშაო დღეში იქნება საჯარო, რომელიც დაიდება ჩვენს ვებგვერდზე და ზუსტად იქნება აღწერილი, თუ რატომ ეთქვა უარი უნივერსიტეტს ავტორიზაციაზე", - უთხრეს "რეზონანსს" განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში.

    საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი, ტელეჟურნალისტი არჩილ გამზარდია "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ ხელისუფლება "ვერ თანამშრომლობს" როგორც ბიზნესთან, ასევე, განათლების სფეროსთან. დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებაში არსებობობს კონკრეტული პირების ინტერესები და ხშირად ამიტომაც ჩნდება კითხვის ნიშნები, რაც დაუსაბუთებლობიდან გამომდინარეობს, მაგალითად, რატომ არ მიენიჭა უნივერსიტეტს ავტორიზაცია.

    "უნივერსიტეტებთან მიმართებით, იდეაში, ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი მიმდინარეობს, სადაც გარკვეულ სტანდარტებზეა საუბარი და ავტორიზაცია ამის მიხედვით უნდა მიენიჭოს, თუმცა, ზოგადად, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ის ფორმა, რა ფორმითაც დღეს ავტორიზაციის მინიჭება ხდება უნივერსიტეტებისათვის, გადასახედია.

    "ეს არ ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ სწორად მიმდინარეობს უნივერსიტეტებთან ურთიერთობა. კონკრეტული პირების ინტერესებს ვერ გამოვრიცხავთ, რადგან დღეს ხელისუფლება საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე ურთიერთობს ბიზნესთან. ამიტომაც, სამწუხაროდ, ამის გამორიცხვა შეუძლებელია.

    "თეორიულად, შეიძლება მიდიოდეს ჯანსაღი პროცესი, უნივერსიტეტების ნაწილი იღებდეს ავტორიაზაციას და რაღაც ნაწილი ვერ აკმაყოფილებდეს გარკვეულ სტანდარტებს, მაგრამ თუკი გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, ხელისუფლება დღეს როგორ ურთიერთობს ბიზნესთან, განათლებასთან და მათ შორის, კერძო უნივერსიტეტებთანაც, შესაძლოა, ნებისმიერი ქმედების უკან კითხვის ნიშნები და ეჭვი გაჩნდეს", - აღნიშნა გამზარდიამ.

    მან "თავისუფალი უნივერსიტეტისა" და "შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის" ამბები გაიხსენა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების მიმართ ეჭვი პოლიტიკური ინტერესების შესახებ არ არის უსაფუძვლო, რადგან ესა თუ ის გადაწყვეტილება უნივერსიტეტებთან მიმართებით მეტ დასაბუთებას მოითხოვს.

    "უნდა გადაიხედოს ეს საკითხი. კარგად უნდა ჩანდეს გადაწყვეტილებების მოტივაცია, უკეთესად უნდა იყოს დასაბუთებული; მეტად გამჭვირვალე უნდა იყოს პროცესიც, რათა კითხვის ნიშნები არ გაჩნდეს და მეტ-ნაკლებად კვალიფიციური აზრი გაგვიჩნდეს.

    "შეუძლებელია, ყველა უნივერსიტეტი აკმაყოფილებდეს შესაბამის სტანდარტს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში კითხვის ნიშნები ჩნდება, თუ რატომ არ ენიჭება უნივერსიტეტს ავტორიზაცია. თუკი გავიხსენებთ "თავისუფალი უნივერსიტეტის", შემდეგ "შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის" თემას, ისეთ უნივერსიტეტებზე იყო საუბარი, რომ პოლიტიკური ინტერესები ჩანდა.

    "ხელისუფლების პოლიტიკა ასეთი ეჭვის საფუძველს იძლევა ნებისმიერ შემთხვევაში. ასე რომ, მაშინაც როცა რეალობის ადეკვატური პროცესი მიმდინარეობს, შეიძლება ეჭვი გაჩნდეს. ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ კარგად იყოს დასაბუთებული და მოტივირებული გადაწყვეტილებების მიზნობრიობა.

    "შესაძლოა, ეს უნივერსიტეტი არ იმსახურებდეს ავტორიზაციას, თეორიულად, ესეც შესაძლებელია ისევე, როგორც, თეორიულად, შესაძლებელია, რომ კონკრეტული ბიზნესინტერესები, პოლიტიკური ინტერესები ან სხვა ტიპის ინტერესები იკვეთებოდეს ხელისუფლების მხრიდან, რადგან ასეთ მოცემულობაში ვცხოვრობთ დღეს", - განაცხადა არჩილ გამზარდიამ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved