სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "ევროპელებისა" და "ნაციონალების" დაპირისპირება - "მათი მთავარი პრობლემა ახლა სააკაშვილია და არა ხელისუფლება"
    ელზა პაპოშვილი
    11.10.2018

     "ევროპული საქართველო" და "ნაციონალური მოძრაობა" ერთმანეთს უპირისპირდება. პარტიის ლიდერები მიხეილ სააკაშვილი და გიგი უგულავა საზოგადოებისა და ამომრჩევლის იმაში დარწმუნებას ცდილობენ, რომ ერთად აღარ არიან და საერთო აღარაფერი აქვთ.

    მიუხედავად იმისა, რომ ორივე პარტია წინასაარჩევნოდ შეთანხმებული იყო, ერთმანეთს თავს არ დასხმოდნენ, გიგი უგულავას განცხადებით, ეს შეთანხმება მიხეილ სააკაშვილმა დაარღვია.

    უგულავა ამბობს, რომ სააკაშვილი ყველა ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებისა და შეცდომების "ევროპული საქართველოსთვის" გადაბრალებას ცდილობს. არადა, სწორედ ამ პარტიის წევრები იყვნენ "ვარდების რევოლუციისა" და ქვეყანაში ყველა წარმატებული რეფორმის იდეოლოგები. საზოგადოება კი კარგად ხედავს, რომ მაშინაც და ახლაც სააკაშვილს მხოლოდ ძალაუფლება სურდა. იგი ორივე პარტიის წევრებს მოუწოდებს, ერთმანეთისთვის ტალახის შესხმას მოეშვან და ყველა თავისი გზით წავიდეს.

    ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ მათი დაპირისპირების მიზეზი საერთო ამომრჩეველია. ორივე პარტია იმ ჩაკეტილ ელექტორატზე იბრძვის, რომელიც წლებია, "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველია. ორივე მათგანი მათთვის იმის დამტკიცებას ცდილობს, რომ თავად უკეთესია.

    პოლიტოლოგების აზრით, "ევროპული საქართველოსთვის" ახლა ყველაზე დიდი საფრთხე მიხეილ სააკაშვილია და მისგან მაქსიმალურად დისტანცირებას ცდილობს, ხელისუფლებასთან კი თავს უფრო კომფორტულად გრძნობს.

    აყველაფერი კი "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით დაიწყო. საქმე ეხება მარნეულის სოფელ დაშტაფაში მცხოვრებ პარტიულ მხარდამჭერებს - "ევროპული საქართველოს" წევრებს, რომლებსაც 2 წელი ეგონათ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები იყვნენ.

    სააკაშვილმა თავის ფეისბუქზე "იმედის კვირის" სიუჟეტი გააზიარა, რომელიც სოფელ დაშტაფაში პარტიების მხარდამჭერებს შორის მომხდარ ამბავს ეხება, ვიდეოს კი სტატუსად დააწერა: "ევროპული საქართველო" არ წარმომადგენს მე!

    ეს ყოფილი ჩვენი ხალხია (მართალია, დაგვტოვეს, მაგრამ ბევრი სხვა მოგვემატა პრინციპით "იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა). მაგრამ საქმის გაკეთებაზე, აბა, რა გითხრათ - მე მათ ბევრი რამ ვასწავლე, ხეზე ასვლის გარდა... და ხალხს რომ დაეხმარო, ეგეც უნდა იცოდე", - წერს სააკაშვილი პოსტში.

    სააკაშვილის სტატუსს გიგი უგულავა გამოეხმაურა. იგი ყოფილ თანაგუნდელს ეთანხმება, რომ "ევროპული საქართველო ნამდვილად არ წარმოადგენს სააკაშვილს" და პასუხობს: "ხეზე ასვლა რომ გცოდნოდათ, უკვე ჩამოხვიდოდით".

    ქალაქის ყოფილი მერი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა მათზე თავდასხმით შეთანხმება დაარღვია, მაგრამ ოღონდ პასუხისმგებლობა თავზე არ აიღოს და ყველა თანაგუნდელს აჰკიდებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც პრეზიდენტობის დროს ეკისრებოდა.

    უგულავას აზრით, დღეს "ნაციონალური მოძრაობა" გახდა პარტია, რომელსაც ყველასთან გარიგება შეუძლია. განსხვავება მათსა და "ნაციონალებს" შორის კი დიდია, ისინი პოპულიზმისა და ფსკერისკენ წავიდნენ. მას ესმის ადამიანებისა, რომლებიც ამბობენ, რომ ერთი წარსული აქვთ. მათი ნაწილი ფიქრობს, რომ ეს არ არის ღირებულებითი დავა, არამედ პირადი წყენაა. ამიტომ ამ რიტორიკაში ისინი არ ჩაჰყვებიან, რადგანაც ეს ქვეყნის საერთო ინტერესებს აზიანებს.

    "დღეს უკვე ნელ-ნელა საზოგადოებისთვის ნათელი ხდება, რომ "ნაციონალები" პოპულიზმის გზაზე წავიდნენ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ხელისუფლებამ სრულიად იდიოტური ინიციატივები არ გაიტანოს. არ დავუშვებთ, რომ მარიხუანის გამო ადამიანები ციხეში კვლავ მიდიოდნენ. იმას, რასაც გრიგოლ ვაშაძე სთავაზობს ხელისუფლებას, ზუსტად ისევ იქამდე მივალთ.

    "სააკაშვილთან არც მე და არც ჩემს თანაგუნდელებს სადავო არაფერი გვაქვს. ჩვენ თავს არავის არ დავსხმივართ. ამომრჩეველს ეს თავდასხმა არ მოსწონს. მიხეილ სააკაშვილი დავით ბაქრაძეს არ წარმოადგენს, სააკაშვილი ამაზე რაც უფრო მეტს ისაუბრებს, ბაქრაძისთვისაც კარგია.

    "გავიგეთ, წახვედი, შენი გზა გაქვს. ეს გაბუტული ცოლ-ქმრის როლში ყოფნა რა უბედურებაა. იმ რეფორმების მემკვიდრე, რომლითაც დღეს საქართველოს სული უდგას, "ევროპული საქართველოა" ამის რეფორმატორი და მთავარი იდეოლოგი.

    "როდესაც ამ რეფორმების გადაშლას სააკაშვილი ცდილობს, გამოდის, რომ მას არც მაშინ აინტერესებდა ეს რეფორმები და არც ახლა. ამ თვალსაზრისით ამ ხალხს მხოლოდ ძალაუფლება უნდა. დადგა დრო, ერთმანეთს ვუთხრათ ნახვამდის ისე, რომ მეორე ხელით ტალახი არ ვესროლოთ ერთმანეთს.

    "მოვუწოდებ, რომ წყნარად იყვნენ. ძალიან ბევრი პატრიოტია "ნაციონალებში" და კარგად ხვდებიან, რამხელა პრობლემების წინაშე არიან. როდესაც "ნაციონალები" გამოდიან და კეზერაშვილზე საუბრობენ და ჩხარტიშვილს არ ახსენებენ, ესე იგი "რამსები" ძალიან არეული აქვთ", - აღნიშნა უგულავამ.

    ანალიტიკოსი, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი "რეზონანსთან" ამბობს, რომ ორივე პარტიის მხრიდან ერთმანეთზე თითის გაშვერა არასწორია, რადგანაც 9 წლის მმართველობაზე პასუხისმგებლობა ყველა მათგანს ეკისრება.

    ხუხაშვილის აზრით, "ევროპული საქართველოსთვის" სააკაშვილი მეტი საფრთხეა, ვიდრე ხელისუფლება და უკვირს, აქამდე რომ არ აგინეს ერთმანეთს. უგულავას რიტორიკა კი ქართული პოლიტიკისთვის ჩვეულებრივი ამბავია, როდესაც ყველაფერ კარგს საკუთარ თავზე იწერენ. არადა, ისინი ყველაფერზე კოლექტიურად აგებენ პასუხს და ერთმანეთის საკრიტიკო არაფერი აქვთ. ერთმანეთზე თითის გაშვერა მათი ამომრჩევლის განწყობაზე დიდ გავლენას მოახდენს და, საბოლოო ჯამში, ისევ მათ ინტერესებს დააზიანებს.

    "გასაგებია, რომ ბაქრაძესა და ვაშაძეს შორის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა წავა. ორივე მათგანი ჩაკეტილ ამომრჩეველზე მუშაობს. მათ ჰყავთ ერთი ელექტორატი და რომელიც უფრო მეტს გადაიბირებს, რა თქმა უნდა, გამარჯვებულიც ის იქნება.

    "ევროპული საქართველო" ცდილობს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" უფრო მეტი ამომრჩეველი დასცინცლოს და ეს არის ბრძოლის მთავარი ტექნოლოგია. ეს ადამიანები ფიქრობენ, რომ ახლა მათი მთავარი პრობლემა სააკაშვილია და არა ხელისუფლება. ვხედავთ, ბოლო დროს თავს როგორ კომფორტულად გრძნობენ ერთად.

    სააკაშვილი, რა თქმა უნდა, ყვალანაირად ცდილობს, რომ ძველი სახე შეინარჩუნოს. ცხვრის ტყავის მორგება "ევროპულ საქართველოს" რამდენად გამოუვა, გამოჩნდება. ადამიანებს ხომ მახსოვრობა აქვთ და ვინ რისი გამკეთებელია, კარგად იციან", - ამბობს ხუხაშვილი "რეზონანსთან".

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    zaza   (11.10.2018)
    ივანიშვილის რეალური ფავორიტი კანდიდატი არის ბაქრაძე,ხოლო ზურაბიშვილის მხარდაჭერა ბლეფია. ჩავარდება ზურაბიშვილის გასვლა და დარჩება ორი კანდიდატი(ეს ამათი გეგმით)- ბაქრაძე და ვაშაძე და ამ შემთხვევაში ფიქრობენ, რომ საზოგადოება ნაციონალების (ვაშაძე) და ევროპული საქართველოს(ბაქრაძე)(რეალურად იგივე ნაციონალები)შორის არჩევანს ბაქრაძეზე გააკეთებს. აი ეს არის ივანიშვილის მიერ დადებული ფსონი. მერე კი იტყვიან, რომ აი, როგორი დემოკრატიაა საქართველოში და პრეზიდენტად არა ოცნების, არამედ ოპოზიციის კანდიდატი გავიდაო.

    li   (11.10.2018)
    ბაქრაძეს!!! ბუნებით წესიერი კაცი ხარ, მიკვირს როგორ აჰყევი ამ ავანტიურისტებს -ბოკერია-უგულავას, რომლებიც აბსოლუტურად ყველაფერზე წამსვლელები არიან . გახრწნილი ბუნების კაცუნები, სატელიტები ბიძოსი და ვითომ დემოკრატიის მქადაგებლები. ყველამ ყველაფერი იცის, მილიონები ჩაიჯიბეს ამ სულით მათხოვრებმა და უღალატეს მიშას პრინციპებს. ეს სამარცხვინო მოღალატეები, იმის მაგივრად , რომ გაჩერებულიყვნენ, გადავიდნენ აქტიურ ფაზაში - მიშას ლანძღვაში. ვაი თქვე უბედურებო, გახრწნილი ბუნების ფულზე გაყიდულო ტაკიმასხრებო. და ბოლოს, რაც მთავარია გაუფრთხილდით თქვენს მთავარ იდეოლოგს - შიზოფრენიკ ჩორგოლას, ე მანდ ფსიქიატრიულში არ ამოყოს თავი. პატიცისცემით ერთ დროს თვენს გვერდთ მყოფი მართალი ადამიანი!


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved