სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ელზა პაპოშვილი
    12.10.2018

     იმ უცხოელს, რომელსაც ქართული ენა არ ეცოდინება, შესაძლოა, ქვეყანაში მუდმივი ცხოვრების ნებართვა აღარ მიეცეს. კანონში ამ ცვლილების შეტანის ინციატივით "ნაციონალური მოძრაობა" გამოდის. საკანონმდებლო ინიციატივა ქვეყანაში შრომითი და მუდმივი ცხოვრების ნებართვის, აგრეთვე არალეგალური იმიგრაციის გამკაცრებას ითვალისწინებს.

    აღსანიშნავია, რომ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კანონპროექტი მოიწონა და მის პრინციპებს მხარი დაუჭირა, კენჭისყრა კი მომდევნო სხდომაზე ჩატარდება.

    კონსტიტუციონალისტები და იურისტები აღნიშნულ კანონპროექტს მიესალმებიან და ამბობენ, რომ მსოფლიოში გეოპოლიტიკის თვალსაზრისით სიტუაცია იცვლება, შესაბამისად, საქართველოს მიმართაც ინტერესი უფრო ბევრ უცხოელს უჩნდება. არსებობს სირიიდან და სხვა კონფლიქტური რეგიონებიდან მასობრივი არალეგალური იმიგრაციის საფრთხეც. ამიტომაც ამ პროცესების სწრაფად განხილვა და კანონის მიღება აუცილებელია. ასევე, მათი აზრით, ენა უნდა ისწავლონ საქართველოს იმ მოქალაქეებმა, რომლებიც, მართალია, ეთნიკურად სხვა ეროვნებისანი არიან, მაგრამ საქართველოში დაიბადნენ, თუმცა ქართულს ვერ ფლობენ.

    "ნაციონალების" მიერ შეტანილი კანონპროექტი კი შემდეგ პირობებს ითვალისწინებს:

    "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონის მე-15 მუხლში ცვლილების შეტანას, კერძოდ, მე-15 მუხლის "ა" ქვეპუნქტში, რომლის მიხედვითაც, დარეგულირდება უცხოელებისათვის შესათავაზებელი სპეციალობების/პროფესიების ნუსხა დასაქმების მიზნით.

    ნუსხას დაამტკიცებს საქართველოს პარლამენტი და მისი შეთავაზება მოხდება იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი შრომითი კონტრაქტის მიღების სურვილს არ გამოთქვამს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე საქართველოს მოქალაქე. ცვლილება შედის "ზ" ქვეპუნქტშიც და მკაცრდება მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის წესი. კერძოდ, მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემა აღარ მოხდება მხოლოდ 6 წლით ცხოვრების დროებითი ნებართვის საფუძველზე.

    დამატებითი მოთხოვნა იქნება სახელმწიფო ენის ცოდნა ელემენტარულ დონეზე, საქართველოში განხორციელებული ინვესტიცია ან საკუთრება, მინიმუმ, 200 ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში. კანონპროექტის მიხედვით, ცვლილება შედის "თ"ქვეპუნქტშიც, რაც ამკაცრებს საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემას.

    კერძოდ, საინვესტიციო ვიზის მიღება შესაძლებელი გახდება შემდეგ ორ შემთხვევაში: თუ ინვესტორი შეიძენს საქართველოს სახელმწიფოს მიერ გამოცემულ არანაკლებ 400 000 აშშ დოლარის ღირებულების ეკვივალენტ ლარში ხუთწლიანი ვადის მქონე სახაზინო ფასიან ქაღალდს და განახორციელებს 100 ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარში ინვესტიციას ან თუ ინვესტორი განახორციელებს არანაკლებ 300 ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარში ინვესტიციას (ეს არ უნდა იყოს საცხოვრებელი სახლის შეძენა) და მუდმივ სამუშაოზე დაასაქმებს საქართველოს არანაკლებ 8 მოქალაქეს.

    ასევე, კანონპროექტი ითვალისწინებს მე-15 მუხლის "კ" ქვეპუნქტის გაუქმებას, რაც გულისხმობს მოკლევადიანი ბინადრობის უფლების ინსტიტუტის გაუქმებას" - აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

    კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ საქართველო ნელ-ნელა მსოფლიოსთვის საინტერესო და მიმზიდველი ქვეყანა ხდება, ამიტომ საიმიგრაციო კანონიც უნდა გამკაცრდეს. აუცილებელია, რომ უცხოელი, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში ცხოვრება სურს, ქართულს ფლობდეს. არც ერთი ევროპული დემოკრატიული ქვეყანა ბინადრობის უფლებას გარკვეული პირობების გარეშე არ გასცემს. ყველაფერი ეს კონსტიტუციაში მკაფიოდ უნდა განისაზღვროს, რათა ორმაგი წაკითხვის საშუალება არ იყოს, რაც პოლიტიკურ და კორუფციის ინტერესებს საფუძველს დაუდებს.

    "ამ კანონპროექტში ადამიანის უფლებების დარღვევის ვერანაირ მიზეზს ვერ ვხედავ. ამიტომ მისი მომხრე ვარ და კარგი იქნება, პარლამენტი თუ მიიღებს. მთავარია, კანონში ზუსტად იყოს განმარტებული პირობები და მას ინტერპრეტაციის საფუძველი არ მიეცეს.

    "მე უფრო შორს წავიდოდი, ორმაგი მოქალაქეობის უფლება, როგორც ვიცით, პრემიერს, პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს არა აქვთ. ამ კანონს როგორც მინისტრებზე, ასევე პარლამენტის თავმჯდომარეებზეც გავავრცელებდი. რა თქმა უნდა, მსოფლიო გამოწვევების ფონზე, არალეგალური იმიგრაციის შესახებ კანონი კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს. მით უმეტეს, ჩვენი ქვეყანა საკმაოდ კონფლიქტურ რეგიონშია და იმიგრაციის კონტროლი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. საუბარი იმაზე, რომ ჩვენი მოქალაქეებიც არალეგალურ იმიგრაციაში მიდიან, არგუმენტი ვერ იქნება, რადგანაც ჩვენ ამის გამო ბარტერს არავინ გვიკეთებს," - აცხადებს ძაბირაძე "რეზონანსთან".

    კონსტიტუციონალისტის აზრით, ასევე, აუცილებელია, საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ეთნიკურად სხვა ეროვნებისანი არიან და ქართულ ენას ვერ ფლობენ, შეიქმნას სპეციალური კურსები, რათა ენა შეისწავლონ. კანონში მკაფიოდ უნდა შევიდეს ცვლილება, რომ ამ ადამიანებს ქართული ენა თუ არ ეცოდინებათ, საჯარო სამსახურში ვერ დასაქმდებიან.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved