ელზა პაპოშვილი
07.11.2018

 საქართველოს მცოცავი ოკუპაცია გრძელდება. სოფელ ატოცის მოსახლეობა მიწებს კარგავს. დილიდან რუსი ოკუპანტები ახალ მავრთულხლართებს ავლებენ. 30 ჰექტარი მიწა უკვე საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიაზე აღმოჩნდა. ოკუპანტები ბორდერიზაციას აგრძელებენ.

როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები „რეზონანსთან" ყვებიან , ატოცის მინდვრებში რუსი ოკუპანტები დილიდან გამოჩნდნენ და სოფელთან ერთი კილომეტრის სიგრძის მონაკვეთზე ახალი ბარიერების ინტენსიური გამაგრება დაიწყეს.

სოფლის მცხოვრებლების ინფორმააციით, ოკუპანტები ამონტაჟებენ ბოძებს და რკინის ღობეს. მოსახლეობა ამბობს, რომ მათ საკუთარ მიწის ნაკვეთებზე საშემოდგომო სამუშაოები დასრულებული აქვთ და ოკუპანტების მიერ წართმეულ მიწაზე მოსავალს ვეღარ აიღებენ. ისინი რუსი ოკუპანტების მიერ მათი მიწების მიტაცებას შორიდან უყურებენ და საკუთარ ბაღებში შესვლის უფლება აღარ აქვთ.

„არ ვიცი რა უნდა ვქნათ. სპეციალურად ამთხვევენ მოსავლის აღების დროს. მთელი წელი ვმუშაობდით, ყანა გვაქვს დათესილი. ორი თვის პენსია გამოვიტანე, სახლში 5 სული ოჯახი ვართ, არ ვიცი რა უნდა ვქნათ ამ ზამთარს, ალბათ შიმშილით ამოვწყდებით.

"ჩემს ყანაში ვინღა შემიშვებს, დაგეშილები არიან. ახლა შორიდან უნდა ვუყურო ჩემს ნამუშევარს, როგორ მიითვისებენ. არ ვიცი ამას რა უნდა ვუწოდოთ, პირდაპირ, რომ გვესროლონ და დაგვხოცო არ სჯობია? ახლა ბაღებშიც ჩაგვისაფრდებიაან და გატაცებებსაც დაიწყებენ. ამ ზამთარს ჭამა ხომ უნდათ. თან გატაცების გადასახდელი თანხაც გააძვირეს", - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან".

ატოცელები ამბობენ, რომ ამ დრომდე ოკუპანტებს ატოცში 30 ჰექტარზე მეტი ფართობი ჰქონდათ მითვისებული, თუმცა დღეს დილიდან მათ კუთვნილ მიწის ნაკვეთებზე ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს.

„დილიდან მობილიზებულები არიან, მთელი ტექნიკა მოიყვანეს. ახლოს მისვლას ვერ ვახერხებთ. მივალთ თუ არა დაგვაკავებენ და ცალკე ახლა გამოსასყიდის ფულები უნდა ვუხადოთ. სადაც უნდა იქ ჩაარჭობენ ამ მავთულხლართებს. რომელი ყანა და ბაღიც მოეწონებათ. მაგათი ნება არაა. დილას საწყალმა ხალხმა საკუთარი ადგილებიდან ძლივს გამოასწრეს. ამ ზამთარს სოფლის მცხოვრებლები შიმშილით ამოვწყდებით",-აცხადებს ადგილობრივი.

პარლამენტარები სოფელ ატოცში მიმდინარე მცოცავ ოკუპაციას აფასებენ. მათი თქმით, დაწყებული პროცესი რუსეთის მხრიდან მორიგი პროვოკაცია და უკანონო ქმედებაა. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა საერთშორისო საზოგადოებამ მომხდარს შესაბამისი შეფასება მისცეს.

„არის ცალსახად პროვოკაციული ქმედება რომლის მომსწრენიც პერიოდულად ვხდებით, ეს არის ხალხის მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ მიმართული ქმედება და არის დაუშვებელი.

"ჩვენ ვართ მოწოდებული იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ჩართულობა გვქონდეს, მეტი შესაძლებლობები გავხადოთ ხელმისაწვდომები ჩვენი საზოგადოებისთვის მათ შორის საოკუპაციო ხაზს მიღმა," - ამბობს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა.

ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ უკანონო ბორდერიზაციის განახლების მიზეზი საქართველოს ხელისუფლების რუსეთთან არათანამიმდევრული პოლიტიკის შედეგია, რასაც სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურაც ხელს უწყობს.

„მავრთულხლართების გაბმა, ეს არის პირდაპირი მუქარა საქართველოს მისამართით და გაფრთხილება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის, რომ თუკი არჩეული იქნება ისეთი კანდიდატი, რომელიც არ არის პრორუსულად განწყობილი, საქართველოს შეექმნება პრობლემები", - ამბობს რომან გოცირიძე.

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი სოფელ ატოცში ჩავიდა.

ის სოფელში მიმდინარე ვითარებას პირადად გაეცნო და განაცხადა, რომ ოკუპანტების ეს ქმედება პროვოკაციის მახინჯი ფორმაა. მისი თქმით, ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რათა ეს პროცესი შეჩერდეს.

ციხელაშვილის განცხადებით, ახალი მავრთულხლართების გავლებით, კიდევ უფრო გართულდება ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანთა პრობლემები.

„ჩვენ ამას არ შევეგუებით არ გავტყდებით, კიდევ უფრო გავძლიერდებით და არ შევწყვეტთ ჩვენს მშვიდობიან ბრძოლას, ვიდრე ბოლო მეტრი ამ სამარცხვინო მავრთულხლართების არ დაიშლება ამ ტერიტორიაზე. მე მინდა აქ ყოფნით ატოცის მოსახლეობის მიმართ გამოვხატო მხარდაჭერა.

დღეს რასაც აკეთებენ ესენი, ეს არის რომ შემოსაზღვრონ სამხედრო გეტო, სადაც ცხოვრობს 20-30 ათასი მოსახლე, ფაქტობრივად დაცლილი ცხინვალის იზოლაციას აკეთებენ და მათთვის, ვინც იქ არის დარჩენილი ქმნიან გაუსაძლის პირობებს,"-განაცხადა ციხელაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×