სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ეკატერინე ბასილაია
    08.11.2018

     არჩევნების პირველი ტურიდან 10 დღე გავიდა და ამ ხნის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილი არც მედიასთან და არც ამომრჩეველთან არ გამოჩენილა. ოპოზიცია ქილიკით აცხადებს, რომ "ოცნებამ" ის გადამალა.

    პოლიტოლოგების დიდი ნაწილის შეფასებით კი, იმდენად ბევრი შეცდომა დაუშვა ზურაბიშვილმა თავისი სკანდალური განცხადებებით, შესაძლოა, ახლა გადაანალიზება ხდება და მოლოდინია, რომ მისი გამოსვლების ტექსტი წინასწარ იქნება დაწერილი, რათა "სიტყვა არ გაექცეს".

    თავად "ოცნებაში" აანონსებენ, რომ ზურაბიშვილი სულ მალე - დღეს-ხვალ გააქტიურდება და ამის გამო ასეთი ხმაურის ატეხვა არ ღირს.

    პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტების შეკითხვაზე, თუ სად არის სალომე ზურაბიშვილი, რატომ არ ჩანს და სად და რა ფორმით მართავს საარჩევნო კამპანიას, უპასუხა: "ნუ ნერვიულობთ, დამშვიდდით, სალომე ზურაბიშვილი მონაწილეობს საარჩევნო კამპანიაში და კიდევ უფრო გააქტიურდება".

    პარლამენტის მეორე ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ კი განაცხადა, რომ მათი საპრეზიდენტო კანდიდატი სულ მალე დაიწყებს შეხვედრებს და რომ არც მისი კონკურენტი გრიგოლ ვაშაძის სიარულს ხედავს, ვაშაძის სხვა მნიშვნელოვანი შეხვედრა არ ახსოვს, გარდა "როყიო განცხადებებისა".

    სალომე ზურაბიშვილის "ხვალ-ზეგ" გამოჩენა დააანონსა "რეზონანსთან" საუბრისას "ოცნების" დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ. მისი თქმით, არ არის უცნაური, რომ ეს დღეები ზურაბიშვილი არ ჩანდა "იმიტომ, რომ ბრძოლამ უკვე სხვა სიბრტყეში გადაინაცვლა. ამჯერად ყველაფერი გეგმაზომიერად, გეგმის მიხედვით მიმდინარეობს". მისივე თქმით, ახლა განსხვავება იქნება ის, რომ თუ პირველ ტურში ზურაბიშვილის შტაბი გეგმავდა კამპანიას და თავად წყვეტდა, სად რა უნდა ეთქვა, ახლა ყველაფერი მთლიანად "ოცნებამ" გადაიბარა.

    "იცით, რომ მაქსიმალური მობილიზაცია მიმდინარეობს და ასე, რომ ხვალ-ზეგ აუცილებლად გამოჩნდება. აქ ნამდვილად არ არის დამალვის პოლიტიკა. გამოვა იმ დოზით, რა დოზითაც საჭიროდ ვთვლით კამპანიის მეორე ტურის დროს და დამერწმუნეთ, რომ ის ბოლო პერიოდში ძალიან ხშირად გამოჩნდება", - ამბობს ქანთარია და დასძენს: "არ დაგვავიწყდეს, რომ სალომე დამოუკიდებელი კანდიდატი იყო, თავიდან, ბუნებრივია, თვითონ წყვეტდა კამპანიის შინაარსს და "ქართული ოცნება" მხარს უჭერდა, მაგრამ ასეთი მჭიდრო კავშირი იმ დროს არ იყო.

    "ის თვითონ გეგმავდა თავის გამოსვლებს. დღეს ამ ყველაფერმა აბსოლუტრად სხვა სახე მიიღო და აცდა საპრეზიდენტო არჩევნებს. აქ უკვე ბრძოლა მიმდინარეობს სწორედ თავისუფლების დაცვასა და სასტიკ, ბნელ ყოფილ რეჟიმს შორის, სიძულვილს შორის.

    "ახლა, ბუნებრივია, მთლიანად "ქართული ოცნება" და არა მარტო "ქართული ოცნება", საინიციატივო ჯგუფები და საზოგადოებაა ჩართული ამ ამბავში. ვერ ხედავთ, რომ ასეა?!"

    ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, ზოგადად, კანდიდატის მხრიდან 10-დღიანი დუმილი ნორმალური არ არის, მაგრამ ამ სიტუაციაში მთლიანად გუნდის მიერ გადააზრება მიდის, რადგან "ოცნებაში" არავინ ელოდა, რომ პირველ ტურში "ნაციონალებისა" და "ევროპული საქართველოს" ჯამურ ხმებთან წააგებდნენ.

    მისი თქმით, ახალ საარჩევნო კამპანიაში სალომე ზურაბიშვილის შემოსვლა პიარსპეციალისტებმა კარგად უნდა დაგეგმონ, ისე, რომ სიტყვა არ გაექცეს, როგორც პირველ კამპანიაში ხდებოდა და მისი განცხადებები ოპონენტებმა მისსავე წინააღმდე ვერ გამოიყენონ.

    "სალომე ზურაბიშვილს დღეს არა აქვს ისეთი პოზიცია, რომ მედიასთან და გინდაც საზოგადოებასთან იპოზიოროს. 10-დღიანი გაჩუმების შემდეგ უბრალოდ გამოსვლა და განაცხადი, რომ, აი, მე საარჩევნო კამპანიას ვიწყებ, არ ვარგა.

    "მისი გამოსვლა რაღაც ახლის მომტანი უნდა იყოს, რომ ეს 10 დღე კი არ ეძინა, ან ქსოვით კი არ იყო დაკავებული, არამედ რაღაცაზე მუშაობდა. სხვაგვარად ახსნა, რატომ არ ჩნდებოდა 10 დღე, შეუძლებელია. ხომ უნდა აიხსნას, რატომ არ ჩნდებოდა?!

    "მთლიანი სტრატეგია უნდა ჩამოაყალიბოს, ყველა კითხვაზე ზუსტი პასუხი უნდა ჰქონდეს, ისეთი, რომელიც მის საარჩევნო კამპანიას წაადგება და მისივე კონკურენტი მისსავე საწინააღმდეგოდ ვერ გამოიყენებს.

    "ვინც პირველი ტურის წინ ზურაბიშვილის გამოსვლებს გეგმავდა, ეს საკმაოდ უგვანი საარჩევნო კამპანია იყო. თუ უკეთესს დაგეგმავენ, ძალიან კარგი, თუ ვერ დაგეგმავენ, მაშინ პასუხი იქნება ისეთი, როგორც პირველ ტურში.

    "ვფიქრობ, რომ მისი გამოსვლა და პირველი განაცხადი ან მედიასთან უნდა იყოს, ან, მაგალითად, აკადემიურ წრეებთან შეხვედრაზე.

    "მისი გამოსვლა უნდა დაიგეგმოს, ამას პიარის კარგი სპეციალისტი უნდა, რომელიც შეძლებს, ახალ საარჩევნო კამპანიაში მისი შემოსვლა პოზიტიურად წარმოაჩინოს. ღმერთმა ნუ ქნას, ისე შემოვიდეს, როგორც დაიწყო არჩევნები.

    "კარგი იქნება, თუ სიტყვა არ გაექცევა, მისადმი ახლა გაცილებით მეტი კრიტიკული დამოკიდებულება იქნება, ვიდრე პირველ ტურში, ვგულისხმობ როგორც მედიის მხრიდან, ისე ოპოზიციის მხრიდან, ალბათ ჩაერთვება სოციალური ქსელიც. ამას გაძლება და ჩამოყალიბებული სტრატეგიული ხედვა სჭირდება", - ამბობს ძაბირაძე.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    li   (08.11.2018)
    ოცნების მესვეურებო კრიმინალური დაჯგუფების ტიპიურო წარმომადგენლებო,თქვე მათხოვრებო თქვენც გრცხვენიათ ასეთი კანდიდატი, რომ გყავთ, მალავთ, რომ კიდევ მრავალი სისულელე არ წამოროშოს. მაგრამ იმხელა ჩმორები და ქვეყნის მოღალატეები ხართ, რომ თქვენს მამამთავარს ამ ხიხოს წინააღმდეგობას ვერ უწევთ. აბა თქვე ვირთხებო დაირაზმეთ და შეადგინეთ შპარგალკები რა ილაპარაკოს მაგ შვილების ნათლიაზე და ქმრის მეგობარზე გადამხტარმა სამარცხვინო არსებამ. ეკლესიის წარმომადგენლები თუ ასეთ ტიპს მხარს დაუჭერენ მართლაც ჩათვალეთ, რომ ქვეყანა აღარ ვყოფილვართ!


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved