სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამარ შუკვანი
    08.11.2018

     „ხელისუფლება ძალიან დელიკატურ სიტუაციაშია; ერთი მხრივ, მან ამ გამოწვევას რაღაცით უნდა უპასუხოს. საზოგადოება აღშფოთებულია იმით, რაც ხდება, - ე.წ. საზღვრის გადმოწევით. თუმცა, მეორე მხრივ, ხელისუფლებას არ აქვს მნიშვნელოვანი ბერკეტები ამ პრობლემის მოსაგვარებლად"

    პოლიტოლოგი და პოლიტიკის ინსტიტუტის დამფუძნებელი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ კიდევ ერთხელ ე.წ. საზღვრის გადმოწევით მოსახლეობა აღშფოთებულია და საჭიროა სწორი რეაგირება, თუმცა, არა ძალისმიერი, რადგან შემდგომში ეს საქართველოზე უარყოფითად აისახება.

    საქართველოს მცოცავი ოკუპაცია გრძელდება - სოფელ ატოცში რუსმა ოკუპანტებმა უკანონო ბორდერიზაცია განახორციელეს, - მათ ერთი კილომეტრის სიგრძის მონაკვეთზე ახალი ე.წ. საზღვარი გაავლეს, რის შედეგადაც 30 ჰექტარი მიწა უკვე არაკონტროლირებად ტერიტორიაზე აღმოჩნდა.

    „ერთადერთი არის ძალისმიერი ბერკეტები, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ძალისმიერი ბერკეტებით ამ პრობლემას ვერ მოაგვარებ. მეორე მხარეს სწორედ ეს უნდა, რომ რაღაც ძალისმიერი ბერკეტი გამოჩნდეს.

    „არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ კონფლიქტის ზონაში იმყოფებიან ევროკავშირის დამკვირვებლები და ამაზე პასუხი მთავრობის მიერ ძალისმიერი ბერკეტებით, საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში არ იქნება სწორი ნაბიჯი," - აღნიშნა მან.

    კაკაჩიამ ჩვენთან საუბრისას დასძინა, რომ „ოქროს შუალედი" ამ საკითხთან დაკავშირებით, არსად მოიპოვება, თავად საერთაშორისო თანამეგობრობის სახელმწიფოებშიც კი, თუმცა აუცილებელია საერთაშორისო ორგანიზაციებთან ამ პრობლემაზე საუბარი.

    მისი თქმით, რუსეთის მიზანი საზოგადოებაში შიშის დანერგვაა და ამით ცდილობს საქართველოს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შეახსენოს ოკუპირებულ ტერიტორიებს თუ ვინ აკონტროლებს.

    „თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მთავრობამ გულზე ხელი უნდა დაიკრიფოს და არაფერი გააკეთოს. მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული როლი შინაგან საქმეთა სამინისტრომაც შეასრულოს; მან თავისი პოზიციები უნდა გააძლიეროს და სხვა გარკვეული ქმედებები განახორციელოს, რომელიც ოკუპანტ ძალებთან პირდაპირ კონფროტაციას არ გამოიწვევს.

    „ქართული მხრიდან, ალბათ, გარკვეული რეაგირებაა საჭირო. ოქროს ფორმულა, როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება, არავის აქვს, მათ შორის არც საერთაშორისო თანამეგობრობას. ერთადერთი, რასაც ხელისუფლება აკეთებს, ეს არის ის, რომ პრობლემა რაც შეიძლება მეტად იყოს გახმოვანებული სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს ფარგლებში.

    „რუსეთს ე.წ. საზღვრის დემარკაცია შეუძლია რამდენიმე თვეში მოამთავროს, მაგრამ მთელი ამ წამოწყების მიზანი ის არის, რომ ზეგავლენა მოახდინოს ქართულ საზოგადოებასა და საქართველოს მთავრობაზე, - რუსებს უნდათ შეგვახსენონ, თუ ვინ აკონრტოლებს ამ ოკუპირებულ ტერიტორიებს.

    „ამ ოკუპაციის ზონის მოსახლეობაში მათ სურთ გარკვეულწილად შიში გამოიწვიონ და საქართველოს არჩეულ გზაზე უარი ათქმევინონ. საუბარია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე," - აღნიშნა მან.

    მისი განცხადებით, ახალი ქმედებით რუსეთი ცდილობს საქართველო გარკვეული წნეხის ქვეშ მოაქციოს და აიძულოს თავისი საგარეო პოლიტიკის კურსიც შეცვალოს.

    „ბუნებრივია, აქედან გამომდინარე, ბორდერიზაციას წელავენ იმისთვის, რომ ამ პროცესებთან დაკავშირებით საზოგადოებაში გარკვეული დისონანსი შეიტანონ და დააშინონ.

    „ახალი პოზიციებიდან ხელისუფლებას მიანიშნონ, რომ საგარეო პოლიტიკური კურსი შეცვალონ და ხელისუფლებამ ფიქრი დაიწყოს ამ ოკუპირებული ტერიტორიების დეფაქტო რეჟიმებთან საუბარზე, რაც ბუნებრივია საქართველოს ხელისუფლებას არ შეუძლია. ამ ბორდერიზაციის პროცესის მიზანი ის არის, რომ საზოგადოება და მთავრობა გარკვეული წნეხის ქვეშ მოაქციონ," - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    მედეა   (08.11.2018)
    რუსეთი გრიგოლ ვაშაძეს ეხმარება ახალი მავთულხლართების გაბმით, აჩვენებს საქართველოს ხელისუფლების უსასოობას, მაგრამ განა რა შეუძლია ხელისუფლებას, ვინც არუნდა იყოს ოცნების ადგილზე? სააკაშვილივით რომ შეებას რუსეთს--იმაზე მეტს დაკარგავს, ვიდრე უმოქმედობით კარგავს. ამას ვაშაძე პროპაგანდისთვის გამოიყენებს და მიამიტ ხალხს დააჯერებს--"აი, რა უსუსური მთავრობა გვყავს , პირდაფჩენილი უყურებს რუსების თავხედობასო". 3 კურდღელს კლავს ამით რუსეთი: 1) აშკარად იღწვის ვაშაძისთვის, მას არაფრით არ უნდა სალომე საქართველოს პრეზიდენტად იხილოს 2) ზრდის მიტაცებულ სავარგულებს 3) ევროპას და ამერიკას ეუბნება---ფეხებსაც ვერ მომჭამთო. რუსეთისთვის მთავარი სწორედაც ეს მესამე გზავნილია -- ჩვენი გულზეგასახეთქი და დასავლეთისთვისაც მწარედ აღსაქმელი, თუმცა ისინი წყენას ძალიან მალე დაივიწყებენ და აპატიებენ რუსებს ფაქტიურად უპატიებელ საქციელს. ასეთია ჩვენი ხვედრი.ვაშაძეც რომ ავირჩიოთ არაფერი შეიცვლება ამ მხრივ, მავთულხლართები გაჭიმულია სწორედ ვაშაძისა და სააკაშვილის დანაშაულის შედეგად.


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved